ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ანეკდოტი შრომის მორალის დაცემის შესახებ | ჰაინრიხ ბიოლი

ევროპის სამხრეთ სანაპიროს ერთ ნავსადგურში, ღარიბულად ჩაცმული მეთევზე თავის ნავში წევს და თვლემს. კოხტად გამოწყობილი ტურისტი ახალ ფერად ფირს დებს ფოტოაპარატში და მის თვალწინ გადაშლილი იდილიური სურათის გადაღებას აპირებს – ლურჯი ცა, მწვანე ზღვა და თეთრარშიიანი მშვიდი ტალღები, შავი ნავი, მეთევზის წითელი ქუდი. ჩხაკ. კიდევ ერთხელ: ჩხუკ, და რადგან ღმერთი სამობითაა და სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მესამედაც: ჩხაკ. ფოტოაპარატის შემაწუხებელი, ლამის მტრული ჩხაკუნი ნავში მთვლემარეს აღვიძებს. მეთევზე ზანტად წამოიწევა, ხელის ფათურით ეძებს სიგარეტს; მაგრამ სანამ იპოვის, რასაც ეძებს, მონდომებული ტურისტი ცხვირთან მიუტანს კოლოფს და, მართალია, პირში არ ურჭობს, მაგრამ ხელში კი აჩეჩებს სიგარეტს; მეოთხედ გაისმის ჩხაკუნი, ამჯერად კვესისა. უცნობის ოდნავ გადაჭარბებული, ძნელად ასახსნელი თავაზიანობა, აშკარად იწვევს უხერხულ გაღიზიანებას, რომლის გაფანტვასაც ტურისტი – ფლობს რა იმ ქვეყნის ენას – საუბრით ცდილობს:

– დღეს ალბათ გაგიმართლათ, კარგად ითევზავეთ.

მეთევზე თავს უქნევს.

– ამბობენ, ამინდი მშვენიერი იყოო.

მეთევზე თავს უქნევს.

– ზღვაში გასვლას აღარ აპირებთ?

მეთევზე თავს აქნევს. ტურისტი ცმუკავს. მართლა ეცოდება ღარიბულად ჩაცმული მეთევზე, გაშვებული შესაძლებლობის შემხედვარეს, გული სწყდება. 

– თავს ცუდად ხომ არ გრძნობთ?

როგორც იქნა, მეთევზე ჟესტებით საუბრიდან ლაპარაკზე გადადის.

– გადასარევად ვგრძნობ თავს, ეუბნება ტურისტს. – ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ! დგება, იზმორება, თითქოს უნდა უჩვენოს, აი, როგორი ათლეტური აღნაგობა მაქვსო. – ფანტასტიკურად ვარ.

ტურისტს სახე ეცვლება, ვეღარ მალავს უკმაყოფილებას და ენის წვერზე ადგას კითხვა, ლამისაა, გული გაუსკდეს:

– კი მაგრამ, რატომ არ გადიხართ ზღვაში?

ლაკონიური პასუხი არ დაახანებს: – იმიტომ, რომ დღეს უკვე ვიყავი გასული.

– ბლომად დაიჭირეთ?

– საკმარისი, ოთხი ასთაკვი გაება ბადეში, და უამრავი ქაშაყი...

მეთევზე, როგორც იქნა, გამოფხიზლდა, მოლბა და ტურისტს მხარზე მოუთათუნა ხელი დასამშვიდებლად. მისი შეწუხებული გამომეტყველება უადგილო, მაგრამ გულისამაჩუყებელი ზრუნვის ნიშნად მიიჩნია.

– იმდენი დავიჭირე, ხვალაც და ზეგაც მეყოფა, ეუბნება ტურისტს, ეგებ გულზე მოეშვასო.

– მოსწევთ ჩემს სიგარეტს?

– დიახ, გმადლობთ.

სიგარეტს პირში იჩრიან, მეხუთედ გაისმის ჩხაკუნი, უცნობი თავს აქნევს და ნავის კიდეზე ჯდება, ფოტოაპარატს ძირს დებს, რადგან ახლა ორივე ხელი სჭირდება, რომ სათქმელს მეტი მნიშვნელობა შესძინოს.

– თქვენს საქმეში ჩარევას არ ვაპირებ, ამბობს, – მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დღეს მეორედ, მესამედ, ან სულაც მეოთხედ გახვიდეთ ზღვაში და სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ ან ათჯერ მეტი ქაშაყი დაიჭიროთ! აბა, წარმოიდგინეთ!

მეთევზე თავს უქნევს.

ტურისტი განაგრძობს: – არა მხოლოდ დღეს, არამედ ხვალ, ზეგ, ყოველდღე, როცა ამინდი ხელს შეგიწყობთ, ორჯერ, სამჯერ, ხანდახან ოთხჯერაც რომ გახვიდეთ ზღვაში – იცით, მერე რა მოხდებოდა?

მეთევზე თავს აქნევს.

– სულ რაღაც ერთ წელიწადში ძრავიან ნავს იყიდდით, ორ წელიწადში კიდევ ერთ ნავს, სამ ან ოთხ წელიწადში კი ალბათ პატარა კატარღასაც შესწვდებოდით, ორი ნავით ან ერთი კატარღით კი, რასაკვირველია, ბევრად მეტს დაიჭერდით – ერთ მშვენიერ დღეს ორი კატარღა გეყოლებოდათ, მერე კი... აღფრთოვანებისგან სუნთქვა ეკვრის და ხმა უწყდება, – შემდეგ პატარა მაცივარს ააშენებდით, თევზის შესაბოლ დანადგარსაც შეიძენდით, მერე საკონსერვო ქარხანასაც, საკუთარი ვერტმფრენით მოივლიდით ზღვას და იპოვიდით სათევზაოდ ხელსაყრელ ადგილებს და თქვენს მეთევზეებს რაციით გადასცემდით, სად გადაეგდოთ ბადე. შემდეგ ორაგულის ჭერის უფლებას შეიძენდით, თევზის რესტორანს გახსნიდით, შუამავლის გარეშე შეიტანდით ასთაკვებს პირდაპირ პარიზში – და მერე... უცნობს ისევ უწყდება ხმა აღფრთოვანებისგან. თავს აქნევს, ნაღველი აწვება, თითქოს წყალში ჩაეყარა დასვენებით მიღებული სიამოვნებაო, უყურებს წყნარ ზღვას, რომელშიც მხიარულად დახტიან დაუჭერელი თევზები, – და შემდეგ, – განაგრძობს, მაგრამ გულაჩქროლებულს ისევ უწყდება ხმა. მეთევზე ზურგზე ხელს არტყამს, ბავშვებს რომ ურტყამენ, ლუკმა რომ გადასცდებათ, ისე.

– და მერე? ეკითხება ჩუმად.

– მერე, განაგრძობს უცნობი უკვე მშვიდი აღტაცებით, – მერე შეგიძლიათ მშვიდად წამოწვეთ ნავსადგურში, მზეს მიეფიცხოთ და დატკბეთ ზღვის მშვენიერი ხედით. 

– ამას ხომ ახლაც ვშვრები, პასუხობს მეთევზე. – მშვიდად ვზივარ ნავსადგურში და ვთვლემ, მხოლოდ შენი ჩხაკუნი მაწუხებს.

ამგვარად ჭკუანასწავლი ტურისტი ჩაფიქრებული გაეცალა იქაურობას. ადრე მასაც სჯეროდა, იმისთვის ვშრომობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მუშაობა აღარ დამჭირდესო, მაგრამ ღარიბულად ჩაცმული მეთევზის მიმართ სულ აღარ შერჩენოდა თანაგრძნობა, მხოლოდ ოდნავი შური. 



თარგმნა მაია ფანჯიკიძემ