გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ქვიარი

არც იმედი და არც შიში

იდენტობების მიხედვით ადამიანების გაერთიანება თემურ-ტომურ წყობილებასთან მიბრუნების გაუცნობიერებელი ვნება მგონია. მგონია, რომ ასე ადამიანი სამყაროს აიძულებს, ჭუჭრუტანიდან უყურონ მას, ამიტომ სულ გავურბი გაერთიანებებს. შეყვარებულთან ექვსწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, ერთმანეთისთვის ჯერ არ გვითქვამს, რომ რაიმე ჰქვია ჩვენს ერთად ყოფნას, რადგან სიტყვები მხოლოდ ასონიშნები არ არიან. სიტყვები, სახელები და სტატუსები თითქმის ყოველთვის უსიამოვნო მოვალეობებად იქცევიან, თავისი არსის იზოლირებული ბუნების გამო. ყველა იდენტობა რეპრესიულ, ავტორიტარულ ჩარჩოშია მოქცეული, სხვადასხვა სიტუაციაში ყალბი მორალურ-ეთიკური და ესთეტიური კატეგორიები განსაზღვრავს ქცევის ლეგიტიმურობას. 

გააზრებული მაქვს ასეთი ერთობების მავნებლობა, მაგრამ ვფიქრობ, წლევანდელ „თბილისი პრაიდს“ მაინც შევუერთდები. ამ დროს, უამრავი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა მაქვს. პრაიდის ორგანიზატორებთან მენტალური და ესთეტიკური აცდენის მიუხედავად, ვაპირებ დროებით გვერდით გადავდო ჩემი მოსაზრებები. ამას გავაკეთებ თუნდაც იმიტომ, რომ იქ ერთი ადამიანით მეტი იყოს იმ დღეს - ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის მხარეს, სადაც არაფერს შეიძლება წარმოვადგენდე ''+1''-ის გარდა.

მეორე საკითხია, შეცვლის რაიმეს თუ უბრალოდ მიზნობრივად გახარჯულ გრანტად ჩაითვლება ეს მსვლელობა?

მესამე: ვინ მოგვიწოდებს გამოსვლისკენ? 

მეოთხე: რამე რომ მოხდეს, როგორც არ უნდა იქცეოდნენ ჩემი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები, მათ გვერდით არდგომას და სახლში ყავით და სიგარეტით ლაივების ყურებას თავს ვერ ვაპატიებ.

იმ პრაიდის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომელმაც დასავლეთში კოსტუმირებული კარნავალის სახე მიიღო. თუმცა, ვერც წელს და ვერც სამი წლის შემდეგ, საქართველოში ეს ვერ მოხერხდება, საბოლოოდ კი აუცილებლად იმ ფორმამდე მივა ეს მსვლელობები. ალბათ გაიმართება საჯარო პერფორმანსები. „ტაბურეტკაზე“ თავდადებულ დამარცხებულ მღვდელს - ბოროტების სიმბოლოს, გამარჯვებული ერთნაირსქესიანი წყვილი, ჩოხებით ან ჩიხტიკოპებით, ზურგზე დაადგამენ ფეხს, წმინდა გიორგის მსგავსად და ჩაივლიან ქუჩაზე. ან რამე კიდევ უფრო პათეტიკური და ზედაპირული სისულელე. ჩვენ ხომ ხშირად ცუდი ქსეროასლები გამოგვდის?!

რა უნდა ვქნა მერე, როცა სუბკულტურის ნაწილად იქცევა ეს ქუჩის კარნავალი, კომპანიებისთვის კი გასაღების ბაზრად? მაშინ კი აუცილებლად გავერიდები იმ ტინგიცს, მაგრამ გვიან არ იქნება?!

ამასწინ მეგობართან ვთქვი, იმ პრაიდს რაც ევროპაშია, მიჯობს ''ბერიკაობა'' აღდგეს და ჩვენი საუკუნის „ბერიკაობა“ არსებობდეს-მეთქი. მას გაეცინა, არადა სულ არ მგონია სასაცილო. „ღირსების მარშზე“ გასვლა ჰომოსექსუალობის ნიშნით გაერთიანებულ ადამიანებთან, ჭკუათხელობის ნიშანი მგონია - არაჰომოფობიურ გარემოში. ჰომოსექსუალობა საბაზისო რამაა ჩემი პიროვნების შესაფასებლად, ჩემს ღირსებას კი, ჩემი შეკოწიწებული ყოველდღიური შრომა განსაზღრავს. და თუკი ჰომოსექსუალობაა ღირსება, მაშინ ის ჩემი კი არა, ბუნების სიამაყეა. 

რაში ვლინდება უუფლებობა? 

თავისუფლებაწართმეულ ადამიანში მოსპობილია ის ნიადაგი, სადაც შეიძლება ნებისმიერი სხვა რამ ღირსეული და ღირებული წარმოიქმნას, ადამიანები ფიზიკურ სიკვდილამდე გრძნობენ სიკვდილს და აზრს კარგავს სიცოცხლის, როგორც მატერიის მნიშვნელობა. დღეს ასეთ ცოცხალმკვდარ, უამრავ ღირსებააყრილ ჰომოსექსუალს ვხედავ, რომლებმაც ამ წნეხს ვერ გაუძლეს. „ღირსების მარში“ არ არის მხოლოდ საკუთარი თავით ბედნიერი ადამიანების მსვლელობა, ცხოვრებასთან დამარცხებული ადამიანების სამგლოვიარო მარშიცაა ჩემთვის ეს პრაიდი და ივნისში მათი მწუხარების გასაზიარებლადაც გავალ.

ჩემს ირგვლივ ბევრმა ადამიანმა დაკარგა თავი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჰომოსექსუალია და ამ ქვეყანაში გაჩნდა. ვის ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, მშობლებს, რომლებმაც არ დალიეს აბები ჩასახვისას, რომ ჰომოსექსუალი შვილი არ გასჩენოდათ? თუ შვილებს, რომლებმაც ვერ შესძლეს სხვა ადამიანებად დაბადებულიყვნენ? ვინაა ის, ვინც უნდა ისმინოს „რუპორებით“ გახმოვანებული სათქმელი, ვინ უნდა ნახოს ჩვენი პლაკატები? საზოგადოებამ, სახელმწიფომ, რომელმაც ბევრჯერ დაიცო ყურები მაშინ, როდესაც ზიზღით მოკლეს საბი, ზვიადი, ზიზი,  გიორგი და მეორე გიორგი. ოჯახებმა, რომლებმაც მათი შვილების ჰომოსექსუალობის გამჟღავნებას ამჯობინეს ჩაფარცხულიყო საქმეები. ეს მსვლელობა ერთადერთი შესაძლებლობაა ბოდიშის მოსახდელად საზოგადოებისგან მომავალზე. მომავალზე, რადგან ჩვენ რამდენი ბოდიშიც არ უნდა გვიხადონ, ის დღეები ჩვენი ცნობიერებიდან და ფსიქიკიდან ვეღარაფრით ამოიშლება. 

ბარიკადებით შემოსაზღრული აქცია, პროგრესულობის და „ნათლით მოსილების“ მოძრაობა კი არაა „ბნელების“ წინააღმდეგ, ჩემთვის ესაა სიცოცხლის ფასად, რისკზე წამსვლელთა გულწრფელობის, თანადგომისა და სიყვარულის მარში. იმათი მსვლელობაა, ვინც არასოდეს დამარხავდა გზაჯვარედინზე განსხვავებულს. 17 მაისზე უარის თქმა, დანებება და სოციალურ სივრცეში საკუთარ როლზე უარის თქმა კი არა, გონივრული ნაბიჯია ქვიარ ადამიანების მხრიდან, რითაც დანარჩენ საზოგადოებას დაუმსახურებელ პატივისცემას ვუდასტურებთ. ივნისის პრაიდი ჩემთვის შუღლზე, დაპირისპირებაზე და მტრობაზე ამაღლების აქციაა. 

სათნოება ცოდნაა

წლევანდელი პრაიდისგან ახლო მომავალში კარგის არაფრის მოლოდინი მაქვს (შეიძლება პირიქითაც), რადგან ქვიარ ადამიანებშიც არ არის ჯერ ამ მსვლელობის აუცილებლობა ბოლომდე გაცნობიერებული. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მნიშვნელოვან მოვლენად მეჩვენება - ქვიარები, როგორც პრობლემების გადაფარვის პოლიტიკური ინსტრუმენტი დაბლაგვდება. სხვა საჯარო პრობლემებზე ჩვენს ხმას მეტი ძალა ექნება და ადამიანის მნიშვნელობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა ახალ საფეხურზე გადავა. 

მომხმარებლურად რომ მივუდგეთ, გონიერი სახელმწიფოსთვის ჩვენი თანასწორობა, მხოლოდ მომგებიანია. შეიძლება ყველა მოქალაქის რესურსი მის განვითარება-გაჯანსაღებას მოახმაროს, ჩვენს რეალობაში კი პირიქითაა, მაგალითად: ტრანსსექსუალი ქალების 98 პროცენტი მეძავად მუშაობს, სხვა არაფრის, არც საბაზისო განათლების მიღების საშუალებას არ აძლევს ეს გარემო.

სახელმწიფო ადამიანების არაღიარებით, ავტოიმუნურად, საკუთარ ორგანიზმში გამანაგდურებელ ელემენტებს ქმნის. 

ახლა როცა საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, როცა სამთავრობო გუნდს წინმსწრებ გამოცდილებად სამარცხვინოდ მოგებული არჩევნები აქვს, საინტერესოა რა პოზიციას დაიჭერს ის ივნისში. კიდევ ერთხელ დადუმდება და ენიგმატურ პოზიციაში ჩაიგდებს თავს, თუ დადგება იქ, სადაც დადგებოდა სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლიანობის ქალღმერთი და ყველა ღმერთი, რომელიც სიყვარულისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა?!

რადგან ჩვენს ქვეყანაში პროგნოზირებადი არაფერია, რადგან თავისთავად დამდგარი ცვლილებების არ მჯერა, ვუერთდები ადამიანების თანასწორობისთვის გამართულ აქცია-მსვლელობას. იმისთვის, რომ ოდესმე შევძლო მშვიდად დაველოდო სახლში ჩემს ფემინურ შეყვარებულს, არ ვიყო დაძაბული მანამ, სანამ არ დააკაკუნებს და მერე სამჯერ არ გადავკეტავთ რკინის კარს - ზღვარს ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა