გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #გამოფენა, #SOLO

ART-ის სუნთქვა ორი საუკუნის მიჯნაზე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება


წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან  მოყოლებული, პოლიტიკურმა მოვლენებმა ჩვენი ყოფიერების, ფსიქოლოგიის და კულტურული ცხოვრების ველი რადიკალურად შეცვალა. მძაფრი წინააღმდეგობებით სავსე ცვლილებები მტკივნეული და დამანგრეველი აღმოჩნდა. თუმცა, დიდი სირთულეების მიუხედავად, ამ დრამატულმა ტრანსფორმაციამ მაინც დადებითი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, თუნდაც ისტორიის ხელახლა გააზრებისა და გადაფასების თვალსაზრისით.

თანამედროვე არტი და მხატვრობა, ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილა. უკვე „საბჭოთა პერესტროიკის“ ეპოქაში (80-იანი წლების ბოლოს) ცხადად იგრძნობოდა რადიკალური ცვლილებების სურვილი და სუნთქვა, რომელიც ინერციით, ძიებებით თუ  თვითრეფლექსიით XXI საუკუნეშიც გაგრძელდა. ახალი თაობის არტისტთა და მხატვართა სათქმელის სიმძაფრე ფორმების მუდმივ ძიებებსა და ახალი დროის გააზრებასაც გულისხმობს.

 მასშტაბური და კონცეპტუალური გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, სახელწოდებით - „ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან“ - სწორედ ვიზუალური ხელოვნების განახლებულ დანახვასა და გააზრების მცდელობასაც ნიშნავს; თანაც მეოცე და ოცდამეერთე სააუკუნის ხელოვნების ნიმუშების ერთად თავმოყრით. გამოფენა, რომელიც ლამის მთელ სამუზეუმო სივრცეს მოიცავს, 27 აპრილს გაიხსნა და 22 მაისამდე გაგრძელდება.

gamofena


SOLO-სა და საქართველოს ბანკის ინიციატივა მიზნად ისახავს ქართველი მხატვრების უნიკალური, ან ნაკლებად ცნობილი ნამუშევრების ერთად თავმოყრასა და მნახველისთვის გაცნობას; XX საუკუნით დაწყებული, ლამის დღევანდელი ნამუშევრებით დამთავრებელი. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრები ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა კერძო კოლექციაშია დაცული და მათი დიდი უმრავლესობა პირველადაა გამოფენილი. კურატორ ლიკა ჭკუასელის თქმით, „გამოფენაზე ქართველი ხელოვანების ის უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სხვადასხვა კერძო კოლექციაში დაიდო ბინა. მათ შორის, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას, კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, დათო მესხის თუ სხვა გამორჩეული არტისტების  ნამუშევრები“.

ფაქტობრივად, ეს გამოფენა არის მცდელობა თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნება განვითარებისა და ინტროსპექციის თვალსაზრისით დავინახოთ. მთლიანად ექსპოზიცია (როგორი ჭრელი, ფრაგმენტული და თუნდაც დამაბნეველიც უნდა მოგვეჩვენოს), განსხვავებული მედიუმების, ესთეტიკის, იდეოლოგიისა, ფილოსოფიის მქონე  ნამუშევრებს აერთიანებს. ეს მრავალფეროვნება მთლიანობაში ქმნის სახელოვნებო სივრცე-დროით კოორდინატებს. ამ კოორდინატების საშუალებით კი არტ-ლაბირინთში გზის გაგნება ცოტათი მაინც გაიოლდება.

 მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებს შორის დამაკავშირებელ ლაბირინთში „ხეტიალი“ ალბათ, სამხატვრო აკადემიაში დაფუძნებული „მეათე სართულით“ უნდა დავიწყოთ. სწორედ მეათე სართულზე, მხატვარ მამუკა ცეცხლაძისთვის გამოყოფილ სახელოსნოში დაიწყეს მუშაობა რამდენიმე სტუდენტმა: მამუკა ცეცხლაძემ, ნიკო ცეცხლაძემ, ოლეგ ტიმჩენკომ, მამუკა ჯაფარიძემ, გია ლორიამ, კარლო კაჭარავამ, გოგა მაღლაკელიძემ. აქედან გამომდინარეობს ჯგუფის სახელწოდებაც - “მეათე სართული“.

gamofena


gamofena


ეს ლამის პირველი შემთხვევა იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების არტ რეალობაში, როდესაც რამდენიმე მხატვარი ერთი იდეით გაერთიანდა. ჯგუფი განსხვავებული შემოქმედებითი იმპულსის შეტანას ჯერ კიდევ მშვიდობის პირას მყოფი სოციალზმის არტისტულ გარემოში შეეცადა, თუმცა ეს უფრო მშფოთვარე ტრანსფორმაციასა და ამბოხს  ჰგავდა, ვიდრე მხოლოდ იმპულსების ძიებას.

სწორედ მეათე სართულზე მდებარე სახელოსნოში მუშაობის დროს ჩამოყალიბდა არტ-ურთიერთობები კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან, მხატვარ გია ბუღაძესთან, ირაკლი ფარჯიანთან, გალერისტ არჩილ დარჩიასთან... მეათე სართული“ იყო ასევე პირველი, რომელმაც აქციებისა და ჰეფენინგების მოწყობა დაიწყო მთელს თბილისში. ჯგუფი ზოგჯერ საკმაოდ უჩვეულო ადგილებში მართავდა გამოფენებს, მაგალითად, აბანოთბანში, ან რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც მხატვრებმა კედლები მთლიანად მოხატეს.

გამოფენაზე ამ ჯგუფის რამდენიმე ნამუშევარი უდავოდ მიიქცევს ყურადღებას: მამუკა ცეცხლაძის მსუყე ფერწერითა და ირონიით გამორჩეული „ამერიკა“; კარლო კაჭარავას ბოლო ნამუშევარი - „სიბნელის ხელოვნება“, რომელსაც ორი კვირის განმავლობაში სიბნელეში, სანთლის შუქზე ხატავდა (აქედან მოდის მისი სახელწოდებაც); გია რიგვავას ტილოზე შესრულებული „დახვრეტილი მაკაროვით“, რომელიც სრულიად ცხად და გასაგებ პოლიტიკურ გზავნილს შეიცავს; გიორგი ოქროპირიძის „ქაღალდის თვითმფრინავები“, რომელიც სინამდვილეში მეტალისგან არის გაკეთებული; ლია შველიძის შერეული ტექნიკით შესრულებული „Santa Lousia”; ან თუნდაც ნიკო ცეცხლაძის ნეოექსპრესიონისტული ფერწერით შთაგონებული „უსათაურო“.

gamofena


ძალიან შთამბეჭდავია ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის გიგანტური ზომის შვიდი აბსტრაქციული ტილო, რომლებსაც ცალკე დარბაზი ეთმობა. ჯერ კიდევ სათანადოდ შუფასებელი ქართველი ნონკონფორმისტი-მხატვრის ეს ნამუშვრები ერთად პირველად არის გამოფენილი სამუზეუმო სივრცეში. ის იყო წიგნის ილუსტრატორი, ფერმწერი და გრაფიკოსი. მიჩნეულია, რომ დავით კაკაბაძის შემდეგ სწორედ ალექსანდრე ბანძელაძემ დაამკვიდრა საქართველოში აბსტრაქციონისტული მხატვრობა. მან არაერთი ილუსტრაცია მიუძღვნა ,,ვეფხისტყაოსნის’’ თემას და მასზე მუშაობას სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა.

 მისი შემოქმედებითი ძიებები განსაკუთრებულია, რადგან  გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა ფერს, ფორმას და აბსტრაქციას. 70-იან წლებში ალექსანდრე ბანძელაძე ფორმალისტ მხატვრად შერაცხეს, რაც ფაქტობრივად განაჩენი იყო. მისთვის დაიკეტა  საგამოფენო დარბაზები, ხოლო ნამუშევრები დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო ხელოვნებით დაინტერესებულთათვისაც კი. გაბატონებული საბჭოთა იდეოლოგიის ფონზე ბანძელაძე ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომელიც აბსტრაქტულ  მიმდინარეობაში საკუთარ ხელწერას, იდენტობას ინარჩუნებს და სრულიად განსხვავდება ამერიკული აბსტრაქტული ფერწერისა და ევროპული ტაშიზმის მიმდინარეობისგან.

ალექსანდრე ბანძელაძის ერთგვარ რითმად ან ანტირითმად შეიძლება განვიხილოთ საფრანგეთში, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ვერა ფაღავა. ბევრი მისი ნამუშევრები ასევე პირველადაა წარმოდგენილი ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში.

ვერა ფაღავა ფრანგულ საზოგადოებას ცნობილმა გალერისტმა ჟან ბიუშემ გააცნო, რომელმაც 1930-იან წლებში არაერთ ცნობილ  შემოქმედსა და მხატვარს შეუქმნა ბრწყინვალე კარიერა. იგი აღფრთოვანებული იყო ფაღავას შემოქმედებით და დიდი წვლილი მიუძღვის მისი შემოქმედების პოპულარიზაციაში. ვერა ფაღავას დახვეწილი მინიმალიზმითა და ცოტათი კუბიზმითაც წახალისებული „პეიზაჟი“ და „მირაჟი“, შეიძლება ითქვას, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენის ნამდვილი მშვენებაა.

gamofena

იმავე დარბაზში, ვერა ფაღავას ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილია დროისა და სტილის მიხედვით ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი და „აცდენილი“ სამი ხელოვანი - დავით მესხი (რომლის ფოტოგრაფია „ტანმოვარჯიშენი“ ფიგურები აშკარად სცდება კლასიკურ ფოტოგრაფიულ ჩარჩოებს და უწონადობის, ჰაეროვნების შეგრძნებას იწვევს); გიორგი ხანიაშვილი (მისი „მჯდომარე ეგვიპტური ფიგურა“ სრულად არღვევს რეალისტური პლასტიკის პრინციპებს და დასახიჩრების, დეფორმაციის გამო სხეული თითქოს წონას კარგავს) და ნინო ქვრივიშვილი (შავი ტექსტილი სერიიდან „ნაქსოვი ამბავი“, რომელიც თითქმის ებმის ვერა ფაღავას შავ გეომეტრულ ლაქებს).

რადიკალურად განსხვავებული ამ ოთხი ხელოვანის შერწყმა ერთ საგამოფენო დარბაზში, კურატორის თამამ და გამორჩეულ ხედვად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს თითქოს მოდერნ-არტთან ახალ ენაზე გასაუბრებაა, ან თუ გნებავთ, „ახალი თარგმანის“ მოძიება, დამთვალიერებამდე მიტანა.  ეს კავშირი გამოფენასა და პუბლიკას შორის, გარკვეულ საგანმანათლებლო მიზანსაც ემსახურება, რადგან ქართული თანამედროვე ხელოვნება საგამოფენო სივრცეებში არცთუ ხშირადაა ასეთი დოზით წარმოდგენილი. მითუმეტეს, კერძო კოლექციებიდან.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა