ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

აურა, მინერვა, აი ჯი ეი, ევრო მიქსი, სოჰო და სხვა | ნაჯა ორაშვილი

ნაჯა ორაშვილი, ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პაატა საბელაშვილი, თავისუფალი მოცეკვავე

ჰეტეროსექსუალმა ადამიანებმა არა მხოლოდ დაიკავეს საცეკვაო მოედნები, არამედ თანამედროვე საკლუბო კულტურის ისტორიის მთავარი შემოქმედები გახდნენ.

ნელ-ნელა უჩინარდება ის ისტორიული ცოდნა და კულტურული გამოცდილება, რომელსაც ქვიარ ადამიანებმა საკლუბო კულტურის შექმნის პირველ ეტაპზე ჩაუყარეს საფუძველი. მრავალფეროვნებისა და თანასწორობის სახელით სულ უფრო მეტი ღამის კლუბი თუ წვეულება ცდილობს შექმნას უსაფრთხო სივრცე ქვიარ ადამიანებისთვის და ყველას ავიწყდება, რომ ამ ჯადოსნურ სამყაროში სწორედ მარგინალიზებულმა ჯგუფებმა გაგვიღეს კარი, რომ ჩვენ ვართ მათი სტუმრები და არა პირიქით. ქვიარ ადამიანებმა საცეკვაო მოედნები დაუთმეს მათ, ვინც მიიტაცეს ეს კულტურა და მიისაკუთრეს კონტექსტიც. ნიუ-იორკის გეი ბარში წამოწყებულ ქვიარ განმათავისუფლებელი მოძრაობა სტოუნვოლის აჯანყებით დასრულდა.

საინტერესოა, როდის ჩნდება თბილისში უსაფრთხო, ძალადობისა და კონფლიქტებისგან დაცლილი სივრცეები, სადაც ქვიარ ადამიანებს კონსოლიდაციის და საკუთარი სექსუალობის გამოხატვის თავისუფლება ეძლევათ.

ნაჯა: პანდემიამ განსაკუთრებით გაამძაფრა წარსულში, ჩვენს საკრალურ მოგონებებსა და ისტორიებში მოგზაურობა.

პაკო: მე 1978 წელს დავიბადე, 80-იანი წლების სკოლაში დავდიოდი. რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას შემდეგ სრულფასოვანი გეი სქესობრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. პირველი ორგაზმის დროს მივხვდი, რომ ღმერთმა დამასაჩუქრა, იმისთვის რომ არ გავგიჟებულიყავი. გადარჩენაც და ერთადერთი „ბრეიქი” ცხოვრებისგან ეგ არის. როდესაც ჰეტერონორმატიულად იზრდები, ცდილობ, მაგრამ შენი არსებობის გამართლება გიჭირს, გგონია, ყოველი შენი ორგაზმი ჭრილობაა პატრიარქის სხეულზე. უცებ ჩნდება ფანჯარა, ეძებ, ეძებ, ეძებ, ხან მეტროში, ხან ქუჩაში, თვალებით, გეი რადარით, აი, ასე ანტენასავით იჭერ ადამიანს და უცებ ხვდები, რომ შენ გარდა სხვებიც არსებობენ.

მაგ პერიოდში „გლასნოსწის” და „პერესტროიკის” ნაკვალევზე აღმოცენდა პატარა, ლიბერალური ტალღის გაზეთები, სექსუალურად თავისუფალი კონტენტით. მახსოვს, იყო ეგეთი გაზეთი „სპიდ ინფო”, რომელშიც ქვეყნდებოდა გაცნობის განცხადებები, და ერთხელ მანდ ვიღაცას ეწერა: „იუნნი გეი ვსტრეწიტსა”, მაშინ გეი მეგონა რაღაც მითიური არსება, ბერძნული მითოლოგიიდან, ნახევრად ღმერთი, ნახევრად ადამიანი?! თან ვფიქრობდი, გეოსი ხომ არ არის-მეთქი ქართულად გეი...

თავიდანვე „აუთ” არ ვიყავი, მაშინ ქვიარ სასტავი აბსოლუტურად იზოლირებული იყო, რაღაც კასტასავით. მარტო კი არა, ყველა ერთად დადიოდა, სუბსისტემასავით იყო – დიდი კულტურიდან განდევნილი, მაგრამ სუბკულტურებშიც ჯერ არმიღებული, სადღაც შუაში გაჩხერილი… არც შუაში – გვერდით. და აი, ზუსტად მაგ დროს გავიგე, რომ რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშ, მინუს მესამე სართულზე არსებობს კლუბი „აურა”. ეს ის დრო იყო, როდესაც თბილისში საკლუბო ცხოვრება, თუ ასე შეიძლება დავარქვათ, ყვაოდა, ერთდროულად რამდენიმე კლუბი მუშაობდა და ყოველღამე წვეულება იმართებოდა.

ნაჯა: ეს უნიკალური ღამის კლუბი ჩნდება მაშინ, როდესაც თბილისი ომით მიყენებულ ჭრილობებს იშუშებს. როდესაც ქუჩებს საძმოები აკონტროლებენ, იატაკქვეშ კი ავანგარდული მოძრაობები იკრებს ძალას. „აურას” კედლებიც ზედმიწევნით ასახავს იმჟამინდელ ქართულ რეალობას.

პაკო: „აურაში” ყველას შეხვდებოდი: ძველ ბიჭებს, მუსიკოსებს, მხატვრებს, პანკებს. მახსოვს, „ამორალის” სოლისტს ბესო რაზმაძეს, იგივე ბესელას ხუთშაბათობით ჰქონდა ხოლმე როკკონცერტი. ბესალინას, იგივე ბესარიონ რაზმაძეს ოთხშაბათობით ფეშენ წვეულებები, რამაზ შამანაურის შოუსთან ერთად კომბინაციაში, ამ დღეს აურა განსაკუთრებულად გეი ხდებოდა ხოლმე... კლუბის კარში ხან ბესელას კითხულობდნენ, ხან ბესალინას, რაც დიდ უხერხულობას იწვევდა... ორი განსხვავებული ადამიანი, ორივე ძაან მაგარი ტიპი.

ნაჯა: როდესაც პირველად მოვხვდი რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა კატაკომბებში, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი იქ თავმოყრილ ადამიანებს. ისინი ერთდროულად გამოხატავდნენ ქაოსსა და ბრაზს, ეს სივრცე ჩემთვის დღემდე დარჩა იდუმალ სამყაროდ, რომელმაც, გარკვეულწილად, ჩემი მომავალიც განსაზღვრა.

პაკო: ჩემი პირველი „აურაში” მოხვედრა იყო სრული ტრანსგრესია, რადგან კლუბში, ყველა სტუმარს საპირისპირო სქესის სამოსი ეცვა – გოგოებს ბიჭის ულვაშები ეკეთათ ან კაცის სამოსი, ბიჭებს პირიქით – ქალის სამოსი ან პარიკი. კლუბში ძველი ბიჭებიც გადაცმულები იყვნენ. ფოსფორამ გააკეთა ეს წვეულება 1996 წელს. ეს ყველაფერი გვქონდა 96-ში „აურაში”. კიდევ ძალიან ბევრი კლუბი იყო. ახლანდელი კინო „რუსთაველის“ ფოიეში „ევრო მიქსი”, მერე „მინერვა”, „აი ჯი ეი”, „სოჰო” კორტებთან – პრე და აფთერ ფართები მანდ მიდიოდა.

ნაჯა: გახსოვს, „მინერვას“ მაშინ რას ეძახდნენ?

პაკო: „მინეტშიცა სწერვა”.

ნაჯა: ამ ზედმეტი სახელის გამო მშობლები მიკრძალავდნენ „მინერვაში“ სიარულს, მაგრამ მაინც დავდიოდი. სინამდვილეში, მაგ პერიოდის ღამის კლუბებიდან, ყველაზე სევდიან სივრცედ დამამახსოვრდა. დარბაზი მთლიანად სარკეებში იყო. საცეკვაო მოედანზე კანტიკუნტად დადიოდნენ ადამიანები, მახსოვს, სარკის წინ საკუთარ თავებს ვეცეკვებოდით, თან თავგანწირვით ვმღეროდით გლორია გეინორის – I will survive-ს. ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდით, მაშინ სახლში მშვიდობით დაბრუნებაც პატარა გამარჯვებას ჰგავდა. აი, „ჯი ეი“-ში მთაწმინდელები ჩაცხრილეს, დათოს ჯაზკლუბში ავტომატებს და სკამებს ჰაერში ატრიალებდნენ. კლუბში მყოფებს ხშირად მაგიდის ქვეშ გვიწევდა დამალვა და უკანა კარიდან ჩუმად გაპარვა. როგორი იყო ეს სოციალური გარემო შენთვის, იყო თუ არა მეგობრული და მიმღებლური?

პაკო: ძალიან ლამაზი მეგობარი გოგო გვყავდა, ამ გოგოს ვიღაც ბიჭები გვტაცებდნენ ხოლმე, მერე ჩვენ, გეები მივდიოდით, რომ აღგზნებული მამრებისგან გამოგვეხსნა. თან ეს ყველაფერი სასაცილოდ ხდებოდა, საერთოდ არ იყო ტრაგიკული. თვითონ ის ფაქტი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ საერთოდ ვსუნთქავდით და სახლის გარეთ ვარსებობდით, უკვე ამას რაც არ უნდა მოჰყოლოდა, ყველაფერი „ოქეიდ” გეჩვენებოდა რა, ეგეც აღარ?!. პირველად მაგ დროს გაჩნდა ეს, რაღაცნაირი მიმღებლობა. ამიტომაც აღარ გამიკვირდა Bassiani, პირიქით, თითქოს ველოდი კიდეც. ყველას ვუყვებოდი, როგორი იყო საკლუბო ცხოვრება ადრე, რამდენად ნამდვილი იყო, რამდენად მართალი – პუბლიკა მაინც, ძალიან მხარდამჭერი და აბსოლუტურად შეკრული. მაშინ, როდესაც ქუჩაში ომები მიდიოდა. მუტანტებს ვეძახდით ძველ ბიჭებს და ისინი რას აღარ გვეძახდნენ. პანკებს და როკერებსაც არანორმატიული ჩაცმულობის გამო ჩვენს ქვაბში ხარშავდნენ. იმათაც ძალიან ბევრი რამის გადატანა უწევდათ ჰომოფობიურ ნიადაგზე, მაგრამ ამით სოლიდარობას კი არ იძენდნენ, პირიქით, თითქოს წარმოსახვითი ინტერნალიზებული ჰომოფობია ემართებოდათ.

ნაჯა: სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში მდებარეობდა ღამის კლუბი, სადაც ხშირად ეწყობოდა კოსტიუმირებული კარნავალები, 90-იან წლებში მაია დარსმელიძის კონცერტზე მოვხვდი, სადაც სტეფანე მღებრიშვილის სიმღერაზე „ფეთხუმი ქალი” რამაზ შამანაური ძალიან ლამაზად ცეკვავდა. ეს კონცერტი ყველაზე მეტად იმით დამამახსოვრდა, რომ მე და ჩემს მეგობარს უცხო ბიჭები აგვეკიდნენ, იმდენად შეგვაწუხეს, რომ ახლობელ ადამიანს ვთხოვეთ დახმარება, რომელმაც „გოგოებს თავი დაანებე, ლესბოსელები არიან” – ამ სიტყვებით მოგვაშორა, მაშინ ეს სიტყვა არც კი ვიცოდი რას ნიშნავდა, კითხვაც კი შემრცხვა, თუმცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ ფრაზას, როგორც ჯადოსნურ ჯოხს, ისე ვიყენებდი. ზოგადად, ღამით ქუჩაში გასვლა განსაკუთრებით საფრთხის შემცველი იყო ქალებისთვის, არანორმატიული გარეგნობის მქონე ან განსხვავებულად ჩაცმული ადამიანებისთვის. შენ როგორ ართმევდი თავს?

პაკო: აბსოლუტურად ყველას ეშინოდა ღამით ქუჩაში გასვლა, მე პირიქით, ღამით ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. იმიტომ რომ დღის მაგ მონაკვეთში, გაცილებით ცოტა ადამიანი, ანუ სტატისტიკურად ბევრად ნაკლები პოტენციური მოძალადე თავდამსხმელი დადიოდა. ამ დროს, ალბათობა იმისა, რომ სახლიდან გამოსულ გეი ადამიანს ცოცხალს მიეღწია დანიშნულების პუნქტამდე ისე, რომ გზად პრობლემები არ შექმნოდა, ძალიან დაბალი იყო. ნელ-ნელა იაზრებდი, რომ ეს შენი არსებობაა, რაც მოძალადეს აღიზიანებს. ეს უნდა, რომ ჩაკლას შენში და შენც ამიტომ აკეთებ აქცენტს საკუთარ განსხვავებულობაზე, რომელიც ბოლოს უბრალოდ პროტესტის ენად იქცევა.

ხშირად მესმის ხოლმე, რატომ გამოხატავთ თავს? რატომ პოლარიზდებით საზოგადოებიდან? – თითქოს ჩვენ ვპოლარიზდებით, კი არ გვაპოლარიზებენ, თვითონ კი არ გვეუბნებიან – „გააჯვით” ამ საზოგადოებიდან.

ნაჯა: რას უსმენდნენ ამ დროს თბილისის კლუბებში? რომელი მუსიკალური მიმართულება ან ჟღერადობა იყო დომინანტური?

aura

პაკო: 90-იან წლებში ბრიტანული კულტურა ძალიან დიდ გავლენას ახდენდა თბილისზე. სიტყვა „რეივი” უკვე ვიცოდით, თან მაგ დროს Prodigy წამოგვესწრო, „პერესტროიკიდან“ მოყოლებული, როდესაც თბილისი და ბრისტოლი დაძმობილდნენ, უამრავი არტისტული მოძრაობები და წვეულებები ჩნდებოდა. აქეთ ჯაფარა, ნიკო ცეცხლაძე, დათო ჩიხლაძე, იქით ანთეა ნიკოლსონი, ბრუს ალანი, ძალიან მაგარი არტისტები ორივე მხრიდან. მერე იყო Mother On Mondays.

00-იანებში უკვე ძირითადად 80-იანების და 70-იანების მუსიკა იკვრებოდა, გლორია გეინორი, მადონა და მერე იყო ხოლმე ცოტა ელექტრონული, სერიალ “Queer As Folk”-ის საუნდტრეკები. კიკი ბერაძე მღეროდა ხოლმე, დიჯეი ლადო უკრავდა. მოკლედ, არავინ წუხდა, ვინ რაზე იცეკვებდა, მთავარია, რომ ყველას ერთად ეცეკვა.

ნაჯა: თბილისში პირველი ღამის კლუბი „ყაზბეგი” ვაკეში, აბაშიძეზე მდებარეობდა, აბრეშუმის ფაბრიკის საამქროს დარბაზში 1992 წელს ლადო ბურდულმა დააარსა ღამის კლუბი, რომელიც შემდეგ მის სახლში მოწყობილი წვეულებების სერიით გაგრძელდა, სადაც ხშირად სანთლის შუქზე ეწყობოდა მოდის ჩვენებები, ელექტრონული მუსიკის საღამოები. ქარვასლაშიც იყო ღამის კლუბი. „ივერიის“ ქვეშ Garden Hall, გმირთა მოედანზე „ოსკარი”, ფილარმონიაში „ლაგიბასი“, ვერის ბაღში კლუბი „ელიტა”, ეს სივრცეები ძირითადად ცენტრში იყო თავმოყრილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კულტურას ცენტრი ქმნიდა და არა პერიფერია?

პაკო: იმ დროს განდობილი უნდა ყოფილიყავი, რაღაც რომ გცოდნოდა – ვიღაცას წიგნი უნდა ჩამოეტანა, ან კანდიდ ჩარკვიანი უნდა ყოფილიყო ბაბუაშენი, ან მსგავსი წვდომები უნდა გქონოდა. მაშინ პირადი კავშირები და ვიღაცის ოჯახის შვილობა ბევრს ნიშნავდა. ეს კულტურა ბეტონებიდან და გეტოებიდან არ დაწყებულა საქართველოში, ცენტრიდან დაიწყო, ვაკიდან, ფიქრის გორიდან დაიწყო და დაახლოებით არის ისეთი, როგორც უგულავას სკეიტბორდები დღეს. ერთადერთი, თავისუფალი ბინები და დასარჩენი ადგილები იყო პერიფერიებში, გეტოებში.

party

ნაჯა: პრინციპში, ასეც გაგრძელდა. ზოგადად, თბილისში უსაფრთხო ფიზიკური სივრცეების დიდი დანაკლისია, რომელი საჯარო ადგილები გახსენდება გეი გაცნობებისა და შეხვედრებისთვის? მახსოვს, 90-იან წლებში დღისით სპორტის სასახლესთან მზეჭაბუკის ძეგლი იყო და ღამით ჩემი სახლის წინ, პეკინის ქუჩაზე იყო ცნობილი „პლეშკა”.

პაკო: პეკინი ჩემთვის აუთვისებელი ტერიტორია იყო, იმიტომ რომ ვერაზე ვცხოვრობდი და აქეთ იმდენი „პლეშკა” მქონდა – ცირკი, ბარათაშვილის ხიდის ქვედა სართული, აბანოები, რომელიც ყოველთვის იყო თბილისური კულტურის ნაწილი, აღმოსავლური კულტურის გამოვლინება საქართველოში. საერთოდ, მადათოვის კუნძულს თუ არ ჩავთვლით, პრეისტორიულ „პლეშკად” პუშკინის სკვერი და ალექსანდროვის ბაღი ითვლებოდა, რომლის საპირფარეშოებს ჭაბუკიანის ტუალეტებს ეძახდნენ. პუშკინის სკვერში ფასიანი ტელეფონების გრძელი რიგი იყო, ხშირად ეს იყო საბაბი, რომ დიდხანს მდგარიყავი, ვითომ ვიღაცას ელაპარაკები და ამ დროს ტიპებს ათვალიერებ. ჩაკეტილ ნარიყალაზე პატარა ორგიებსაც ჰქონდა ხოლმე ადგილი, ამ წმინდა მიწაზე.

ნაჯა: 90-იანების ბოლოს თანდათან იწყება ინტერნეტის აქტიური მოხმარება და ფიზიკური შეკრების სივრცეებს ვირტუალური სივრცეები ემატება. როგორ იცვლება ამ დროს გაცნობისა და სოციალიზაციის კულტურა?

პაკო: 98-ში უკვე ინტერნეტში მირკი იყო. მაგ დროს მე და ჩემმა ორმა მეგობარმა „გეი თბილისის” სერვერი გავაკეთეთ, Gay.com, Gaydar, Gayromeo-ზე და ყველა მსგავს საიტზე საქართველო მე დავამატებინე, მე ვიყავი ხოლმე პირველი იუზერი. აღარ შემეძლო – თან ნახევრად პატრიოტიზმს ვაკეთებდი, თან ნახევრად ანტიეროვნულს.

დრო შეიცვალა, კომუნიკაციები შეიცვალა, თაობები შეიცვალა, ზოგადად სექსუალობის როლი და ადგილი შეიცვალა ადამიანის ცხოვრებაში, იდენტობაში, ნელ-ნელა ყველამ იპოვა რაღაც თავისი ცხოვრებისეული გზა, ძალიან ბევრი წავიდა. მეც სწავლა გავაგრძელე, ვიღაცეები გაქრნენ, ვიღაცეები დარჩნენ, მერე დაბრუნდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ხალხმა ისევ დავიწყეთ ერთმანეთის აღმოჩენა, თითქოს უკვე გაზრდილებმა, ცოტა დასერიოზულებულებმა. რამდენიმე წელი ფაქტობრივად არაფერი აღარ ხდებოდა, მხოლოდ საკლუბო კულტურის მაზალო მცდელობები.

ერთადერთი, რაც მუდმივად იყო, იყო „საქსესი“.

ნაჯა: 2000-იან წლებში თბილისის საკლუბო სცენამ სრულად დაკარგა შინაარსი, მუსიკალური თვალსაზრისით გახდა ამორფული. ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ ელექტრონული მუსიკის ახალი ტალღის არტისტებმა ელბაქიძის დაღმართზე ახალ მოძრაობას ჩაუყარეს საფუძველი და ყოფილი კატაკომბების ადგილას გახსნეს „ბერლინი“, რომელმაც თბილისის ტექნო სცენაზე ნამდვილად გარდამტეხი მომენტი შექმნა, ამ პერიოდშივე პერიფერიაში, გლდანში ჩნდება კლუბი „დალოოდი”, გაიხსნა Ajara Music hall, Night Office, „ნოა-ნოა“, კლუბი „გვირაბი“, ამას მოჰყვა საკულტო ჯგუფის Kung Fu Junkies გამოჩენა და გეი ჰიმნის დაბადება – Go boyz. მანამდე კი, Success Bar-ში 2005 წლის 5 აპრილს პირველი გეი წვეულება მოეწყო. როგორია მაშინდელი ქვიარ თემის ყოფა?

პაკო: თბილისში კლუბი „ბერლინის” პერიოდში გაჩნდა უკვე ღიად სახელდებული ქვიარ წვეულებები, რომელიც Success Bar-ში გაიმართა. მაშინ „საქსესში“ რომ დადიოდი, მარტო იმ შემთხვევაში ესაუბრებოდი ვინმეს, თუკი ფიზიკურად გაინტერესებდა, სხვა შემთხვევაში არ იხარჯებოდი. და თუკი „ნი დაი ბოგ” და სადმე შეგხვდებოდა ადამიანი, რომელიც „საქსესში” გყავდა ნანახი, ვინმეს ეჭვი რომ არ გაჩენოდა შენს ორიენტაციასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი კოდექსი მოქმედებდა – ერთმანეთს არ უნდა მისალმებოდით. რატომღაც მივიჩნიე, რომ ეს არ იყო სწორი, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა წვეულება „თაიმაუთ” ანუ „time to be out”, დავბეჭდე ბილეთები ცისარტყელას დროშით და მთელი კვირა, ვინც ვიცოდი, რომ თემის წევრი იყო, ვეუბნებოდი, რომ ამ შაბათს იქნებოდა „The Gay Party”. მაშინ ძალიან პატარა იყო „Success”, მაგიდების აღება მოგვიწია. წვეულებისთვის 69 ბილეთი გავეცი, სტუმრების უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ წვეულებაზე, Queer As Folk-იც კი არ ჰქონდათ ნანახი და უცებ ყველამ წელს ზემოთ გახდილმა ცეკვა დაიწყო. დაუჯერებელი საღამო გამოვიდა, რაც გახდა მიზეზი, რომ კლუბ „იზიდაში” ათზე მეტი წვეულება გავმართეთ. ბოლო წვეულება ფაქტობრივად ორგანიზაციის [„ინკლუზივი”] დაფუძნება გამოვიდა. ორგანიზაციის პირველ შეხვედრებს ვინც ესწრებოდა, ამ ხალხმა შექმნა თემი. მანამდე არათუ თემის განცდა, საერთოდ ერთმანეთის აღქმა არ ჰქონდათ. სწორედ ამის დასამარცხებლად გავმართე პირველი წვეულება. ერთად ყოფნა გვჭირდებოდა, ყველას მინდოდა გაეგო, რომ თუ ერთად არ ვიქნებოდით, დაგვერხეოდა.

ნაჯა: იმ პერიოდის თბილისში ქვიარმეგობრული სოციალიზაციის კერების ნაკლებობა იყო, საინტერესოა, შენ როგორ ან სად ეძებდი უსაფრთხო სივრცეებს?

პაკო: ძირითადად ვქმნიდი, ან იმ დროს იქმნებოდა, როდესაც მივდიოდი, ან თავად ვაორგანიზებდი. ყველას სათითაოდ ვურეკავდით ტელეფონზე, მეტსახელებით გვეწერა სტუმრები, ეს სია შემთხვევით ვინმეს რომ ჩავარდნოდა ხელში. დიდ კონსპირაციებს მივმართავდით, ყველა მომსვლელი გადამოწმებული გვყავდა; არავინ უნდა ყოფილიყო ისეთი, ორი ადამიანიდან, რომ ერთმანეთის გეი წვეულებაზე ნახვით პრობლემა ან უხერხულობა შექმნოდათ.

„ინკლუზივის“ დროს აღარ მქონდა იმის რესურსი, რომ „ტუსოვკებიც“ მეკეთებინა და როგორც მახსოვს, არც აღარავინ აკეთებდა. ბოლო წვეულება 2010 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებების დღეს გავაკეთეთ კლუბში „კუბიკი”.

თუმცა პატარა შეკრებები გვქონდა ხოლმე „ინკლუზივში“, სადაც ჰეტეროსექსუალებიც დადიოდნენ, რადგან მჯერა, ინტეგრაცია ორმხრივი პროცესია, თუ იხოდები, არ შეიძლება იმისთვის მოიხოდო, რომ ცალკე იყო. ცალკე იმიტომ კი არ ხარ, რომ კარგად ხარ, იმიტომ, რომ ცუდად ხარ. როდესაც კარგად ხარ, საერთოდ არ უნდა გჭირდებოდეს ცალკე ყოფნა, ხომ?! არც გეი ბარი არ უნდა გჭირდებოდეს. საზოგადოებაში უნდა შეგეძლოს უსაფრთხოდ ყოფნა. გეი ბარების საჭიროება იმიტომ გაჩნდა, რომ სან-ფრანცისკოში ბარებიდან ყრიდნენ ხალხს. ჩვენთან არ ყოფილა ხალხი „აუთ”, რომ გეი ბარების საჭიროება დღის წესრიგში დამდგარიყო. ახლა უფრო არის, მაგრამ უკვე სხვა საუკუნეა, სხვა დროა და სხვა გამოცდილებები გვაქვს და ასეთი ადგილები აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ეს ადგილებიც უკვე ტურისტული ატრაქციაა, ყველგან ეგრეა, არავინ აღარ დადის.

ნაჯა: რა წინაღობებს აწყდებოდით ასეთ რთულ დროს, ეკონომიკურ კრიზისსა და ჰომოფობიურ გარემოში ქვიარ წვეულებების გამართვისას?

soho

პაკო: მაშინ ყველა მოხალისეობრივად მუშაობდა. დეკორაციის ფული არ გვქონდა, ფინანსები ყოველთვის პრობლემა იყო, კომერციული გათვლა არც არასდროს გვქონია. სასაცილო იყო ხოლმე, როდესაც სხვადასხვა კლუბის მფლობელები მიკავშირდებოდნენ და ქვიარ წვეულების მოწყობას მთავაზობდნენ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქვიარ თემში ფული ტრიალებს, არადა, თემის წევრები, რომლებსაც ფული ჰქონდათ, სახლიდან არ გამოდიოდნენ და სახლში ალაგებდნენ საკუთარ პრობლემებს, რადგან ბევრი ჰქონდათ დასაკარგი, ხოლო ვისაც დასამალიც არაფერი ჰქონდა და, შესაბამისად, აღარც დასაკარგი, იმას ფული არ ჰქონდა. შენი ოჯახი იმ სასტარტო პირობებს არ გაძლევს, რასაც ჰეტეროსექსუალ შვილს აძლევენ, ქვიარ ადამიანის ეკონომიკური დამოუკიდებლობაც ძალიან დიდი შრომის ფასად მოიპოვება. რთულია სამსახურის პოვნა, სადაც იმავე ხელფასს გადაგიხდიან, იმავე თანამდებობას მოგცემენ, უამრავი უხილავი ჭერია... ამიტომ ჩვენს წვეულებებზე ბილეთის ფასი მინიმალური იყო, ისიც იმიტომ, რომ დაცვის და პერსონალის ხელფასები გადაგვეხადა. ბევრჯერ მე და კიკი ბერაძეს საკუთარი ჯიბიდან გვიწევდა თანხის გაცემა. თუმცა საკმაოდ კარგ ფულს ვუხდიდით „იზიდას”, „Success”-ს და ყოველთვის მოგებული იყვნენ ქვიარ თემით. მქონდა ხოლმე შეგრძნება, რომ ჩვენგან უფრო ფული უნდოდათ და დანარჩენი ეკიდათ.

მერე, იქ უბრალოდ აღარ დავდიოდი. ზუსტად იმიტომ, რომ შენ უნდა ყოფილიყავი გეი იმ ფარგლებში, რაც მათთვის იყო მისაღები. იმის იქით უკვე მიუღებელი იყო მათთვის.

ნაჯა: და რა იყო ეს ლიმიტები?

პაკო: სისულელე. მაგალითად, კლუბიდან ჰომოფობი უნდა გაუშვა, რადგან ვერ მოქცეულხარ თავისუფლად და ხელს გიშლის, გაწუხებს, რაღაცეებს გეუბნება, მაგრამ ბარს არ აინტერესებს ეგ ამბავი. „ოჰ, შენი მოსაწონი ხომ ვერ შემოვიდა ვერავინ” – არგუმენტად ამას გეუბნებიან.

როდესაც ქვიარ თემისთვის რაღაცას აკეთებ, რაც არ უნდა სოლიდარული იყო მათ მიმართ, აუცილებლად თანასწორ პარტნიორად უნდა დაიყენო ქვიარ ადამიანი. ამის გარეშე გამორიცხულია, რაიმე ღირებული შექმნა. ქვიარ თემმა, ცხადია, მეტად უნდა იაქტიუროს. პირველი სივრცე, ვინც გვისმენდა, იყო MTKVARZE და მერე BASSIANI.

ნაჯა: HOROOM NIGHTS. KIKI, BALLROOM, განახლებული Success Bar, უსაფრთხო სივრცეები ძირითადად 2013 წლის 17 მაისის შემდეგ პერიოდში ჩნდება, როდესაც რელიგიური და პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ ღია დევნაა გამოცხადებული ქვიარ მოძრაობების წინააღმდეგ, რომელიც დომინანტურმა კულტურამ საფრთხის შემცველად მონიშნა. ადამიანებს ქუჩაში არბევენ და თავს ესხმიან. ქვიარ ჯგუფები და აქტივისტები გაათმაგებული ძალებით იწყებენ ბრძოლას თანასწორი გარემოს შესაქმნელად, თუმცა, ეს მოძრაობები ჯერ კიდევ ფრაგმენტულია. სწორედ ამ დროს ჩნდება HOROOM NIGHTS-ის შექმნის იდეა, რათა მომხდარიყო საერთო ღირებულებებისა და მიზნების გარშემო გაერთიანება. ასეც მოხდა, პირველ წვეულებას 1000-ზე მეტი სტუმარი ეწვია და საკლუბო სივრცეში თავისუფლად გამოჩნდნენ ტრანსგენდერი ადამიანები. მოკლედ, Horoom Nights გაჩნდა იმ დროს…

პაკო: ...უიმედო დროს. „HOROOM NIGHTS” იყო პირველი წვეულება, რომელმაც ჩემს კისერზე არ გადაიარა, სადაც სტუმრად მივედი, თან ჩემი ოცნება ახდა. მართლა არ ვიცოდი, როგორ შეხვდებოდა ამ გარემოს თემი, რომელსაც დაკარგული ჰქონდა კავშირი მუსიკალურ სივრცესთან და აბსოლუტურად ანტიმუსიკალურ ტყვეობაში იყო. ხო და ეგ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვუყურებდი და ალბათ ამიტომაც მომდიოდა ცრემლები. ვხედავდი ამ ყველაფერს, აქამდე ასე მოსულს, ასეთი მასშტაბით, მრავალფეროვნებით, გამოხატულებით. მართლა ყველა ჩემი გაბრძოლება უკვე აზრს იძენდა. თუმცა, ლეგენდა რომ არ ყოფილიყო იმ ძველ 90-იან წლებზე, როდესაც ყველა ასე ერთად ვიყავით, ეგ ოცნება ვერ იარსებებდა, შესაბამისად, ვერც ასრულდებოდა.

ნაჯა: წლების შემდეგ რა არის ამ სივრცეებში ყველაზე ღირებული, რისი დათმობაც არ შეგიძლია?

პაკო: ყველაზე ღირებული არის ნებისმიერი საბაბი ერთად ყოფნისთვის. არ გვინდა მარტო ყოფნა. კი ვცეკვავთ მარტო, მაგრამ ვცეკვავთ ერთად, იმისათვის, რომ ჩვენი ძალები გაერთიანდეს. ამ სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ შენს საძინებელში ვერ დარჩები. ყველგან უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის გამოხატვა, მაგრამ რაკიღა ამის ფუფუნება არ არის, უსაფრთხო სივრცეები ხომ მაინც უნდა იყოს?! ახლა მთავარია, პანდემია საით წაგვიყვანს. რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ეს კრიზისი აღმოჩნდეს სასიკეთო ჩვენთვის, რომ ისევ ჰომოფობიურ გარემოში არ დაგვაბრუნოს. ძალები ამ სივრცეებში უნდა მოიკრიბო. საწყენი რაღაცეებიც არის ხოლმე ამ ძალიან ლამაზ სილუეტებსა და ფასადებს მიღმა. ხშირად თემის ერთიანობის განცდა არ არის, ალბათ, იმდენად თავისუფლად იგრძნეს თავი, რომ ამ სივრცეებშივე დაიწყეს მტრის ძიება. დაპირისპირება ნებისმიერ თემაზე, სისტემის წისქვილზე ასხამს წყალს და სისტემაც ყოველთვის იყენებს ამას.

ნაჯა: თან შენ ხარ თბილისის კლუბში დარქ რუმების ინიციატორი...

პაკო: საქართველოში და ესტონეთში, ორ ქვეყანაში…

ნაჯა: გაამართლა?

პაკო: გაამართლა. თან არ მეგონა, თუ ასე გაამართლებდა, იმიტომ რომ არ იყო კლასიკური გაგებით დარქ რუმი, სადაც იმისთვის შედიხარ, რომ დაღვარო რაც „დენსფლორზე” ვერ დაღვარე... ბევრისთვის მართლა ერთადერთი სივრცეა, სადაც შეიძლება საერთოდ სექსი გქონდეს.

_________________________
ტექსტი: ნაჯა ორაშვილი

ფოტო: პაატა საბელაშვილის პირადი არქივი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა