ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბოლო ჟამის კალიები

ჩემმა ნათესავებმა იმაზე დიდი ხნით ადრე მასწავლეს, თუ როგორ გვეპოვა ერთმანეთი, ვიდრე ფიჭური კავშირგაბმულობის თუ ინტერნეტკომუნიკაციების წესებს მთელი ქვეყანა აითვისებდა.

ერთადერთი ორიენტირი არსებობს – გზა, რომელსაც დევნილთა დასახლებამდე მიჰყავხარ. არ გჭირდება იცოდე ქუჩის დასახელება, კორპუსის ან ბინის ნომერი, მხოლოდ კოდური სიტყვების კომბინაცია: „ლტოლვილების საცხოვრებელს ვეძებ“ და ყველა უპრობლემოდ გაძლევს ზუსტ მისამართს. მთელი ჩვენი გენეალოგია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე ასეთი კორპუსების კედლებში ეტევა. ზუგდიდში ასეთ დასახლებას „ფაიფური“ ჰქვია, ფოთში – „შმო“, ქუთაისში – „გუმათჰესი“, თბილისში – „აიეტი“. ჩვენ ყველგან ვართ. არ არსებობს ქალაქი, რომელშიც თითო დევნილთა კორპუსი არ იდგეს, სადაც მე თითო ნათესავს ვერ ვიპოვი. დევნილთა სამინისტროს თუ რამე შეუძლია, კვალის მცირედით არევაა. განსახლების საინიციატივო პროგრამაში თუ რომელიმე ძველი კორპუსი მოხვდა, შეიძლება მისი ბინადარი დევნილები სხვაგან გადაასახლონ, მაგალითად – „შმო“-დან – „ახალ რაიონში“, „კოლხეთიდან“ – „ჩინელების ოლიმპიურ ქალაქში“, მაგრამ რაც არ იცვლება, შემადგენლობაა – სტრატა, საერთო შთამომავლობით გაერთიანებული ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო მუდამ ისე უყურებდა, როგორც ცალკე ჯგუფს – როგორც ბოლო ჟამის კალიებს. ამ ჯგუფს მარტივად შეეძლო სახელმწიფო ქონების ძარცვა, ყოფილ ბაღებზე, სკოლებზე, ქარხნებზე, სასტუმროებზე მოულოდნელი იერიშის მიტანა, აღებულ კორპუსებზე კონტროლის დამყარება, ოთახების მონიშვნა და გრძელი და ბნელი კორიდორების გამოვსება ომს გამოგლეჯილი უამრავი პირადი ნივთით. დევნილების ამ თვითგადარჩენით მოტივირებულ დივერსიულ აქტებს დაემატა საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მათდამი დამოკიდებულება და წარმოიქმნა განსხვავებული სუბკულტურა – კორპუსების სიმრავლეში ჩაკარგული მიკროზონები, რომელიც საერთო ურბანულ გარემოში ვერასდროს ჩაჯდა.

იმ დასახლებათაგან, რომელშიც სტუმრად ვყოფილვარ, ან მიცხოვრია, ერთ დროს შედარებით ნაკლებად კონტრასტულ სურათს ქმნიდა ყოფილი სასტუმროს, „კოლხეთის“ დიზაინი, რომელიც ძალდაუტანებლად ერწყმოდა ვაგზლის მოედნის ორომტრიალს, მანქანების სიგნალების, გარემოვაჭრეების, სხეულით მოვაჭრეების, აგრესიული მთვრალების ხმებს. ამ სასტუმროს ყველა სართულზე ჰქონდა სამყაროში უგრძესი და უბინძურესი დერეფანი. დერეფნის ჩაყოლებაზე, ყოველ სამ-ოთხ მეტრში ეკიდა კარი და ამ კარის მიღმა, თხუთმეტკვადრატიან ოთახებში ცხოვრობდნენ ცხინვალიდან ან სოხუმიდან დევნილი სამ-, ოთხწევრიანი ოჯახები. ჩემი ნათესავი და უახლოესი მეგობარი უკანასკნელ ოთახში ცხოვრობდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მის სანახავად სამყაროში უგრძესი დერეფნის ბოლომდე გავლა იყო აუცილებელი. ეს თავისთავად გულისხმობდა კიდევ უფრო ნაკლებ იღბალს ამ ისედაც ბუნებრივ უიმედობაში. დერეფანში თაგვის და ნესტის გამაბრუებელი სურნელი იდგა, გვირაბის ბოლოს კი მოჩანდა დღის სინათლის ნაგლეჯი, ერთადერთი ნიშანწყალი იმისა, რომ გარეთ არსებული რეალური სამყარო კვლავაც არსებობს და აქ შემოსვლის წამიდან არ გაქრა.

მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვიდექით ამ თხუთმეტკვადრატიანი ბინის უფრო პატარა აივანზე, რომელზეც იმდენი საყოფაცხოვრებო ნივთი იყო დახვავებული, მოსაბრუნებელი ადგილი აღარ რჩებოდა, ჩვენ კი მაინც ვიდექით და ხალხით გადაჭედილ მოედანს გადავყურებდით. ამ ხედის და ქვევიდან ამომავალი ისტერიკული ხმაურის ატანა რამდენიმე საათით კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ რადგან არ ჩანდა ჰორიზონტი, ჩემს მეგობარს ვაგზლის სურათებისგან დასვენების ერთადერთი შანსი რჩებოდა – მაღლა აეხედა ხოლმე, ცისკენ. თუ კორპუსის სხვა მცხოვრებლები გალოთდნენ, ჩემი მეგობარი ამ ესკაპიზმით გამოწვეულმა მდგომარეობამ და ცაზე ხანგრძლივმა თვალთვალმა ასტროფიზიკით გაიტაცა. კოსმოსზე ხშირად მიყვებოდა ისეთ საინტერესო ისტორიებს, რაც არასდროს მომესმინა. მოსაღამოებულზე მოედანი ადამიანებისგან და ხმაურისგან იცლებოდა, რჩებოდა მათგან დატოვებული ნაგავი, რომლის გარშემოც პოლიეთილენის ფერადი პარკები მშვიდად დაცურავდა. ლტოლვილების დანგრეულფასადიანი კორპუსიდან დანახული ეს სურათი ძალიან ჰგავდა The Book Of Eli-ს კინოპავილიონს და ისეთ შეგრძნებას ტოვებდა, რომ სულ მალე გვერდზე ქუჩიდან მხარზე მაჩეტეგადაკიდებული დენზელ ვაშინგტონი შემოუხვევდა და სოხუმის დასაბრუნებლად გაგვიძღვებოდა. სავარაუდოდ, ახლა ჩვენ უკვე აღარ, მაგრამ დევნილები თავიანთი დევნილობის პირველ ეტაპზე უკან გაჰყვებოდნენ.

იმ გაუსაძლის ყოფაში, როცა ქვეყანა დაუბრუნდა თავის პრეისტორიულ წარსულს, იყო დრო, როცა თბილისის სხვადასხვა რაიონის სკოლებსა და ბაღებში შეხიზნული ბოლო ჟამის კალიები თითქოს განგაშის ხმას ელოდნენ გარეთ გამოსაცვენად, გზადაგზა გორის, ქუთაისის, სამტრედიის, სენაკის, ფოთის დევნილთა კორპუსებიდან თავიანთი თანამოძმეების გამოსახმობად და ასე, დემონსტრაციულად გადასაკვეთად ენგურთან მდებარე „საზღვრის“. მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან დროულად ვერავინ მოახერხა, დაბრუნებაზე გულუბრყვილოდ შეთხზული ზღაპრებისგან დაეღწია თავი; ვერ მოახერხა, დევნილთა კორპუსების ეზოებში წიხლით ამოეტრიალებინა დომინოს ქვებით და ნარდის კამათლებით გაწყობილი მაგიდები და დანარჩენებისთვის ეთქვა – გვატყუებენ, 18 სექტემბერს არავინ დაგვაბრუნებს, არც 3 დეკემბერს დაგვაბრუნებს არავინ და არც 30 ივნისს.

თუმცა ნაწილმა დაბრუნება შეძლო. შეძლო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების ერთმა განსხვავებულმა ჯგუფმა, რომელსაც დღემდე განიხილავენ სხვა სტრატად. ვაღიარებ, „დოლჩე და გაბანას“ აბრევიატურის უამრავი ინტერპრეტაციიდან, რაც ოდესმე მსმენია, ყველაზე ორიგინალური ეს იყო: D&G – „დევნილები გალიდან“. მართალია, დისონანსი სიცილს იწვევს, მაგრამ D&G, რომელთაც ცხოვრების მანძილზე იმდენი განსაცდელი აქვთ ნანახი, რამდენიც არცერთ ტრილერის ჟანრის კინორეჟისორს არ დაესიზმრება, თავისუფლად იპოვიან კავშირს თუ მოდის სახლთან არა, ამერიკულ კინოინდუსტრიასთან მაინც. D&G თავისუფლად გაუძღვებიან ჰოლივუდის ნებისმიერი ბლოკბასტერის კინოპერსონაჟს და ასწავლიან გადარჩენას.

ასწავლიან, როგორ დააღწიოს 15 მეტრის სიღრმის ორმოებს თავი, როგორ აუაროს გვერდი შეუმჩნევლად უზარმაზარ რუსულ სამხედრო ბაზას, სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდოს რუსი ჯარისკაცები და „საზღვარი“ გადაკვეთოს.

როგორ გამოიყენოს „სასაზღვრო“ სასაფლაო საკუთარი ვინაობის შესანიღბად და გადაიქცეს ჭირისუფლად, საფლავის ქვად, ხედ, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში კი – გვამად.

მათი წინაღობების დაძლევაში წრთობა იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ომი ჯერ კიდევ ახალი დამთავრებული იყო და ერთმა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა კონფლიქტის ზონასთან დარჩენა და ზუგდიდში, დევნილთა დასახლება „ფაიფურში“ დისლოკაცია არჩია. თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება თავისიანების საფლავებთან სიახლოვით და მკვდრების მიმართ თავიანთი განსხვავებული ფსიქო-ემოციური დამოკიდებულებით ახსნეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მკვდრებს დაცვა არ სჭირდებათ, ფოთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 80 წლის ბებიაჩემის აზრის მოსმენას ვურჩევ. ის იქამდე ინარჩუნებდა კავშირს ენგურსგაღმა და გამოღმა საქართველოს შორის, სანამ ეგზისტენციური არჩევანის წინაშე არ დადგა: ან თავისი ქმრის საფლავი აერჩია, ან შვილის. საბოლოოდ არჩევანი შვილის საფლავსა და ცოცხალ შთამომავლებზე გააკეთა, მაგრამ მისი გადაწყვეტილების სიმტკიცეში დარწმუნებული დღემდე არ ვარ. სულ მგონია, რომ ერთხელაც მის ნომერზე ზარი არ გავა და ასეთ შემთხვევაში, მისი კვალი ენგურსგაღმა უნდა ვეძებო.

მას შემდეგ, რაც საკუთარი ოჯახის წევრების საფლავებთან დაბრუნება შეძლეს, „სასაზღვრო კონტროლი“ რუსულმა ჯარმა გადაიბარა და „საზღვარზე“ უზარმაზარი სამხედრო ბაზა ააშენეს. დღეს გამშვებ პუნქტზევე, მთელი სამყაროს თვალწინ კლავენ გიგა ოთხოზორიას, ენგურში ახრჩობენ უსაბუთოდ დარჩენილ ადგილობრივებს, რომლებიც „სასაზღვრო კონტროლის“ გვერდის ავლით ცდილობენ ზუგდიდამდე გამოღწევას, მაგრამ D&G-ს – ამ თავზეხელაღებულთა თავისუფალ ნაკადს ვეღარც ეს სადამსჯელო სისასტიკე შველის. მათ შეკრებებს დევნილთა შმორიან თუ ახალაშენებულ დასახლებებში ყოველთვის უდის ტოტალური შეთქმულების სუნი. ყავა ისე არ ისმევა, აფხაზეთი არ ახსენონ, ლიბერთის ბანკომატებთან რიგში ისე არ დგებიან, მორიგი დივერსია არ დაგეგმონ და რადგან მათი პროგნოზირება შეუძლებელია, ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლება დავიჭიროთ თადარიგი და ეროვნული უსაფრთხოების გეგმაში ჩავწეროთ, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში კიდევ მოხდება ომი, მაშინ D&G ჩვენი გიდები გახდებიან. ბოლოს და ბოლოს, ამ ნაციონალური რესურსის გამოუყენებლობა დიდი წინდაუხედაობა იქნებოდა იმ მთავრობების მხრიდან, რომლებიც 30 წელია ყოველდღიურ ბრძოლას ისედაც აგებენ ნებისმიერ დღემდე ბინით დაუკმაყოფილებელ დევნილთან, ან კომპაქტურად ჩასახლებულ ოჯახთან, რომელსაც ამ დრომდე გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. ბრძოლას აგებენ ყველა იმ ადამიანთან, ვინც დროდადრო ითხოვს ყურადღებას, საშველად რეგიონალურ ტელევიზიებს ეძახის და მათ მიერ მომზადებული და ინტერნეტში განთავსებული სიუჟეტების იმედადაა, რადგან საბედნიეროდ, ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი სამყაროში, დღეს უკვე ჩვენც ვიგუგლებით.

ვიგუგლებით ამ საპროტესტო თავყრილობებით ჩვენს ახალაშენებული თუ ჩამონგრეული დასახლებების ეზოებში, ხელში აყვანილი ბავშვებით, კედელზე წარწერებით: „მომავალ წელს სოხუმში!“, 45-ლარიანი ყოველთვიური შემწეობის ასაღებად მოწყობილი გრძელი რიგებით და ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოებზე დატოვებული კომენტარებით, თუ რით ვერ დამთავრდა ჩვენი დევნილობა.

ვიგუგლებით ერთ დროს ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები წარსულში ჩარჩენილი მცხოვრებლებით და აფხაზური გვარის მქონე დევნილებით, რომლებიც დღეს ჩვენს ბედს იზიარებენ.

ვერაფრით ვხვდებოდი, თუ საიდან მოხვდა დათო ხაჯიმბა ფოთის დევნილთა საერთო საცხოვრებელში, სანამ არ გავიზარდე. მისი ფოთში ყოფნა კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ომი ყველამ წააგო, გვარები და ეთნიკურობა კი კონფლიქტის გამომწვევი მხოლოდ ყალბი დასაბუთება იყო. სოხუმში ჩამოყალიბებული ინტერნაციონალური ცნობიერება იმდენად მტკიცეა, რომ მეტყველების ფორმებშიც კი გამოიხატება. – „ია კარენნოი სუხუმჩან ვასია“... – მთვრალი ბიძაჩემი დღესაც ხშირად იყენებს სიტყვების ამ სტანდარტულ კომბინაციას იმაზე ხაზგასასმელად, რომ სოხუმელობა ნებისმიერ მიკრონაციონალურ იდეაზე მაღლა იდგა და დგას.

გამოდის, რომ უთვალავი სასაფლაო და დევნილთა დასახლებები ენგურსგამოღმა, ხოლო ენგურსგაღმა ომისგან დანახშირებული ინფრასტრუქტურა ჩვენით არ დაგვიგეგმავს. ამიტომ სრულიად კანონზომიერია, თუ ვინმე ბაძაღუა და პაპასქუა დღეს გაგრის და ბიჭვინთის განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობენ, ხაჯიმბა და არშბა კი დევნილთა 45-ლარიანი ყოველთვიური შემწეობის გრძელ რიგში დგანან ლიბერთი ბანკის ბანკომატთან. გულის სიღრმეში მაინც ყველამ იცის, რომ ვიდრე ერთმანეთამდე არ მივალთ, არც იმ ინფრასტრუქტურას ეშველება და არც 45-ლარიანი შემწეობა იქნება საკმარისი.

ყველამ იცის იმ მეზობლის ჩათვლით, რომელმაც დევნილთა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ ჩემს ძმაკაცს, ერთხელ, დილის 7 საათზე, ბრახუნით კინაღამ კარი ჩამოუღო და იმისთვის გააღვიძა, რომ ეკითხა:

„აიღე ტოლვილების ფული?“

და როცა დასტური მიიღო, მრავალგზის გადამოწმებული ჭეშმარიტება აუწყა:

„ჩემ *ლეს გეყოფა!“...

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა