ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჭავჭავაძის #183-185-ის ამბავი | ანა მარგველაშვილი

ჭავჭავაძის #185-ში, სართულ-ნახევრიანი სახლი, ნელ-ნელა მეხსნებოდა და მეცნობოდა; მეც ნელ-ნელა მიყვარდებოდა. ოდესღაც ერთ სახლად  აშენებული, დღეს ორ ნაწილადაა გაყოფილი და სხვადასხვა ნომრები აქვს მინიჭებული - ჭავჭავაძის #183 და # 185. ორივეს ცალ-ცალკე ისტორია აქვს, თუმცა, დასაწყისი - საერთო და ჩემთვის უცნობი.

ჭავჭავაძის ქუჩა, თელავის ერთ-ერთი უძველესი, მაწანწრის უბნის მთავარი არტერიაა. ძველად, ორი ხევით შემორაგულ ამ ისტორიულ უბანში, სავაჭრო-საქარავნე გზა გადიოდა და ძირითადად ხელოსნებს, მედუქნეებს და ვაჭრებს დაედოთ ბინა; რა ხელობის ადამიანს არ შეხვდებოდით თურმე აქ: მჭედლებს, ნალბანდებს (ნალების მჭედელი), ქვის მთლელებს, დურგლებს, მეაკვნეებს, მეწაღეებს, მეკირეებს, მეთუნე-მეჭურჭლეებს, დაბაღებს (ტყავის გამოყვანის და დამუშავების ოსტატები), ფარდაგების ან სათევზაო ბადეების მქსოველებს და სხვა. დღეს მათი კვალი სრულად გამქრალია და მხოლოდ ძირძველი მაწანწრელი ოჯახების მეხსიერებაშია შემორჩენილი. აქაურობასაც მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციაღა შერჩენია - ეს არის პირველი ქუჩა, რომელსაც გომბორის მხრიდან ქალაქში შემოსული მგზავრი გაივლის. თელავის აღქმაც წესით სწორედ აქედან იწყება.

2010 წელს, მეც ჭავჭავაძის ქუჩით გავიცანი და სამუდამოდ შევიყვარე თელავი.  აქ, მაწანწრის უბნის შუაგულში მდებარეობდა იმხანად ლამის ერთადერთი სასტუმრო „რჩეული“. პირველივე საღამოს, ცენტრისკენ ფეხით მივსეირნეობდით და ქუჩის ძველ, აგურით ნაშენ სახლებს ფოტოებს ვუღებდი. ჭავჭავაძის #185-ში მდებარე სახლი იმხნად ჩემს ობიექტივში ვერ მოხვდა და მას მოგვიანებით, 2019 წელს შევხვდი. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს,  მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმას“ ვსტუმრობდი და ფანჯრიდან ატყევებული, სუროთი დაბურული ეზო დავინახე; სახლი არ ჩანდა, ჭიშკარზე კი, იყიდებაო, ეწერა. იმხანად სამუშაო სივრცეს ვეძებდით და სანახავად გადავედით.

მოგრძო სახლი და მისი ეზო შუაზე გაეყოთ და იყიდებოდა მხოლოდ ერთი ნაწილი, ანუ #185. ფასადზე წითელი, ხვიარა, ნახევრად გაველურებული ვარდი ყვაოდა. აქ, 30 წლის განმავლობაში არავის ეცხოვრა და სუროს მთელი ეზო-კარი ჰქონდა მიტაცებული, ხეებიც კი შთაენთქა, ძლივსღა ესხათ ფოთოლი. იატაკი და ჭერიც  გაეხვრიტა ალაგ-ალაგ, ოთახებში გაწოლილიყო და გაფოთლილიყო. ვიდექი და მარკესის ცნობილი რომანის დასასრული მედგა თვალწინ. ოდესღაც აქ ხალხი ცხოვრობდა. ნეტავ ვინ იყვნენ?

მეგობარმა, ეს სახლი წლებია, ასეა და არავინ ყიდულობსო. გასაგები იყო რატომაც. მაინც დავრეკეთ და მიუხედავად ნაცნობ-მეგობრების სკეპტიკური დამოკიდებულებისა, რომ აქაურობას არაფერი ეშველებოდა დანგრევის გარდა, მაინც შევიძინეთ.

მამაჩემი ამბობდა, სახლები ადამიანებივით არიან, დროთა განმავლობაში იცვლებიან და შეიძლება ვერც კი იცნოო.  ასეთი აღმოჩნდა სახლი #185-იც და  რომ არა ჩემი და თელაველი მშენებელ-არქიტექტორის, ბიძინა ვახვახიშვილის დაჟინება - ყველგან ჩამოგვეხსნა ძველი ნალესობა, სახლის ნამდვილ სახეს ვერასოდეს აღმოვაჩენდით.

ნალესობის ჩამოხსნა მას მერე გადავწყვიტეთ, რაც ნახევარსარდაფი ნაგვისგან გამოვასუფთავეთ, გავანათეთ და იქ ტრადიციული კახური, თახჩებითა და ბუხრით დამშვენებული მარანი დაგვიხვდა, ათამდე პატარა ქოცოთი. სახლი, გარეგნულად ისე საფუძვლიანად იყო შეცვლილი,  ვერაფრით ვიფიქრებდით, რომ ის ძველი კახური წყობის, დიდი ალბათობით მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე აშენებული ნაგებობა იქნებოდა. ისედაც მაინტერესებდა, ვისეულ სახლში ვიწყებდი იდეების ხორცშესხმას და ახლა, ნაცრისფერი, უხეში ცემენტის უკან აგურისა და რიყის ქვით ნაშენი კედლების პოვნამ კიდევ უფრო გამიმძაფრა ცნობისმოყვარეობა.

წლების განმავლობაში კლიტედადებულ ჭიშკარს ღიას რომ ხედავდნენ, მეზობლებიც შემოივლიდნენ ხოლმე. ვისი სახლი იყო, ვინ ააშენა, ვინ ცხოვრობდა, რა ხალხი იყო? ვეკითხებოდი ყველას; მათ შორის სახლის მეორე ნაწილში (#183) მცხოვრებლებს. მეზობლებისა და დროის მოწმეების მონაყოლს, მოგონებებსა  და ამბებს კი, მძივივით ვკინძავდი და ნელ-ნელა სახლის ბიოგრაფიის ფერმკთალი კონტურები უფრო და უფრო იკვეთებოდა. მეც მას უკვე მაწანწრის უბნის მთლიან კონტექსტში ვხედავდი, როგორც ერთიანი სოციალური, სახელოსნო ქსელის ნაწილს და ასეც იყო.

მე-19 საუკუნის მიწურულს, როცა ქალაქი იზრდებოდა, მაწანწრელმა ხელოსნებმა და ვაჭრებმა ფარდულების და ფიცრულების გარდა, ნელ-ნელა უფრო მედიდური, იმ დროისთვის დამახასიათებელი სახლების შენება დაიწყეს ქვითა და აგურით. ზოგს შუშაბანდი ამშვენებდა და ზოგს ხის მაქმანებიანი აივანი. გარე ფასადებზე მოლურჯო და მომწვანო ფერი ალაგ-ალაგ ახლაც იკითხება. ორსართულიანებს იტყვიან, მაგრამ სართულ-ნახევრიანებიც ბევრი იყო. თუკი მეორეზე ოჯახი ცხოვრობდა, პირველზე ან დაბალჭერიან ნახევარ-სარდაფებში სამეურნეო ფუსფუსი იყო გაჩაღებული.  სწორედ იმ პერიოდში, მე-19 საუკუნის ბოლოს, უნდა იყოს აშენებული ეს ახლა უკვე ორ ნომრად გაყოფილი სახლიც.

ერთი ვერსიით ის ძმებმა სარქისოვებმა ააშენეს და სახლი თავიდანვე ორად გაყოფილი რომ არ იყო, ამას დიდ ოთახებს შორის მოგვიანებით, ქვითა და კირით ამოგმანული კარიც მოწმობს, რომელიც ახლაც შემორჩენილია, როგორც ზღვარი და ფაქტი ოჯახის და შენობის გაყოფისა.  როდის და რატომ გაიმიჯნა ორ ნაწილად სახლი, რთული დასადგენია. ის კი ვიცით, რომ ბოლოს, ერთი ნაწილი (#185) ჭიჭიკოშვილებს ეკავათ, ხოლო მეორე (# 183) - ყურაშვილებს.

ყურაშვილები მეწაღე ალექსა ფარნაოზოვის შთამომავლები არიან. ალექსა კი ის კაცია, სახლის ნაწილი 1931 წელს რომ შეისყიდა ვინმე  მაშო არუთინას ასული ფათალოვისგან.

ეს ამბავი ალექსას შვილიშვილის, საოჯახო არქივში დაცულმა რამდენიმე დოკუმენტმა შემოგვინახა, რომელიც გარდა ნასყიდობის ხელწერილებისა, შენობის 1954 და 1967 წლების ნახაზებს და ალექსას მიერ, შვილისთვის სახლის ჩუქების დოკუმენტსაც ინახავს. შეკითხვებით რომ მივმართე, მეზობელმა ოჯახში შემონახული დოკუმენტები გადმომცა, ეგებ აქ უფრო მეტი პასუხი იპოვოო. კვლევა-ძიებაზე ლამის ხელი რომ გაქვს ჩაქნეული, ასეთი საოჯახო არქივები ნამდვილ ხსნად შეიძლება იქცეს და  მოულოდნელად დაგეხმაროს აკვიატებულ კითხვებზე პასუხების გაცემაში, ნაწილობრივ მაინც. სახლის ისტორიის გამორკვევა კი, ნამდვილ აკვიატებად მექცა.  



ვინ იყო მაშო ფათალოვი, უცნობია. ალბათ ჩვენს ერთ-ერთ წყაროს გვარი ერევა და სახლი თავის დროზე ძმებმა ფათალოვებმა ააშენეს და არა სარქისოვებმა. მერე თვითონვე გაიყვეს, მაშო კი ერთ-ერთის ქალიშვილი იყო(?). არ მტოვებს განცდა, რომ მაშო მარტოხელა ქალი იყო, ან უფრო - მარტო დარჩენილი. განცდებს ვერ დავეყრდნობი, სხვა კი არ ვიცი. კვლევამ მხოლოდ მეორე თაობს მაცხოვრებლების ისტორიის აღდგენა გახადა შესაძებელი.

მაშ ასე, 1931 წელს, როცა მაშო ფათალოვმა სახლის კუთვნილი ნაწილი ალექსი გიორგის ძე ფარნაოზოვს მიყიდა, დასავლეთის მხარეს (დღევანდელი # 185-ში) უკვე ცხოვრობდა მეზობლად დათა ჭიჭიკოშვილი. ჭიჭიკოშვილები თავის დროზე ვარდისუბნიდან მოსულან და როგორც შთამომავალი, გ.ჯ. იხსენებს - პაპა ანუ დათა, ტყავის ოსტატი ყოფილა.  დათას მეუღლე მარია ჩანგაშვილი კი, ფარდაგებს ქსოვდა და მისეული ფარდაგი, დედისგან სახსოვრად ახლაც ჰქონია სათუთად შემონახული ერთ-ერთ ქალიშვილს -  ზედ „1941“ აწერიაო, ჩემი სახლის ძველმა პატრონმა მითხრა.

ალექსი ფარნაოზოვმა კი სახლში, რომელიც ორი საძინებლისაგან, სამზარეულოსა და ეზოსგან შედგებოდა, 1931 წლის მკათათვის 30-ში - 3100 მანეთი გადაიხადა და ნასყიდობა მაშო ფათალოვთან ხელწერილით დაამოწმა. მეწაღე ყოფილა ალექსა ფარნაოზოვი. ალბათ იქვე, სამეურნეო ნახევარსარდაფში ჰქონდა მოწყობილი თავისი სახელოსნო.

2020 წელს, როცა გვერდითა, ანუ ჭიჭიკოშვილებისეული ეზო-კარის რემონტი დავიწყეთ, მიწაში ღრმად ჩამარხული ძველი და უცნაური, ქალის ფეხსაცმლის რკინის ქუსლი ვიპოვეთ და ყოველი შემთხვევისთვის შევინახეთ კიდეც. ალექსას მეწაღეობის ამბავი იმხანად არ ვიცოდით. ახლა კი, ყოველ ჯერზე, როცა რკინის ქუსლს დავხედავ, მაწანწარაზე მოფუსფუსე ხელოსნებზე ვფიქრობ. დაბაღ დათა ჭიჭიკოშვილზე და მეწაღე ალექსა ფარნაოზოვზე, მეზობლებზე, რომლებმაც ერთი ძველი სახლის სხვადასხვა ნაწილი შეისყიდეს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.

მიწას ქუსლის გარდა, დოქის ყურები, ქვევრის ყელის, მოჭიქული სამაწვნეებისა და სამწნილეების ნატეხები ამოჰყვა. მოგვიანებით ისიც დავადგინეთ, რომ მეზობელ სახლში, ანუ ამჟამინდელი ჭავჭავაძის # 181-ში მეთუნე გიორგი (გრიგოლ) ახპატელოვი ცხოვრობდა, რომლესაც ღონის და გამორჩეული აღნაგობის გამო, ბელტიყლაპიას ეძახდნენ. გრიგოლი ომში გაიწვიეს, საიდანაც არ დაბრუნებულა. ფარნაოზოვებმა მაშო ფათალოვისგან სახლი რომ იყიდეს, აღმოსავლეთით ახპატელოვები უკვე სახლობდნენ და ალბათ მეთუნეობასაც მისდევდნენ. შთამომავლებისგან ვიცით, რომ სახლის პირველ სართულზე კერამიკის ღუმელი იყო გამართული.

ქუსლის და თიხის ნამტვრევების  გარდა, #185-ის რემონტის დროს სხვა არაერთი აღმოჩენაც გვქონდა, მაგალითად ქვით ამოვსებულ-ამოგმანული და სქლად გადალესისლი ბუხრები, თითქოს საგულდაგულოდ დამალესო. მე-19 საუკუნის ბოლოს ხომ სწორედ ბუხრებით თბებოდნენ და რა გასაკვირია, რომ აქაც თითქმის ყველა ოთახში ჩაეშენებინათ კედელში. დაბლა, სამეურნეო ნაწილში უფრო პატარები და საცხოვრებელ ოთახებში კი - დიდი და დიდებული. სხვადასხვა ზომისა და ფორმის, მაგრამ ყველა ბრტყელი, ქართული აგურით ნაშენი.

პირველი ასეთი ბუხარი მარანში გავხსენით, თავის დროზე ალბათ სანიავო მიზნით იყო აშენებული და შემდეგ გაუქმებული.   მარნის გვერდით, პატარა სამეურნეო ოთახში მეორე გამოჩნდა მოულოდნელად. ბიძინა ვახვახიშვილმა დამირეკა, ჩამოდი, ნახე, რა ვიპოვეთ, ვიცი, გაგეხარდებაო.

ეს მოსამსახურის ოთახი იქნებოდაო, ქვითხურო გოგიტამ.  ვიკითხე, ნეტა ამ სარდაფში რაღათ უნდოდათ ბუხარი მეთქი და ვახ, მაშ გათბობა არ უნდოდა, ვისაც აქ ეძინაო? ახლა კი, ვფიქრობ ამ პატარა ოთახში, სადაც სამომავლოდ მინანქრის სახელოსნომ მინდა, რომ დაიდოს ბინა, ვინძლო დათა ჭიჭიკოშვილის ტყავის საამქრო იყო განთავსებული? მეტყავე რომ იყო, ხომ ვიცი შვილიშვილისგან. სახლი ხომ მართლაც დაბახნების, ანუ მეტყავეების უბნის დასაწყისში დგას და ვფიქრობ, იქნებ, იქვე ხევში მოწანწკარე წყალზე ტყავს რეცხავდნენ და მერე თავ-თავიანთ სახელოსნოში აგრძელებდნენ დამუშავებას? ვინ იცის, ეგებ მეზობელი ალექსა ფარნაოზოვი, სწორედ დაბაღი დათას გამოყვანილი ტყავით კერავდა ფეხსაცმელებს?

მესამე ბუხარი საცხოვრებელ ოთახში აღმოჩნდა, აი, იქ, სახლის მეორე ნაწილთან დამაკავშირებელი კარი რომ არის ამოგმანული. ეს ბუხარიც  ქვით ამოეშენებინათ და და სქლად გადაელესათ. გამორჩეულად დიდებული ფორმის ბუხრის გარდა, ოთახში თაღოვანი ფანჯრები და კარებიც ამოქოლილი იყო. ყველაფერი გავხსენით, აღვადგინეთ და თვალსაჩინოდ დავტოვეთ. ახლა სახლში შესული, თითქოს მის ისტორიასაც კითხულობ, სხვადასხვა ეპოქას და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ სამშენებლო ტენდენციებს, რაც აქაურობის იერ-სახეს ნიშნად დაედო კიდეც.

არ ვიცი, რატომ ამოაშენეს ასე პირწმინდად ბუხრები ან თაღოვან-ფანჯრიანი კარები. საერთოდ, რა მოხდა ჭიჭიკოშვილებამდე? არ მტოვებს განცდა, რომ რაღაც მოხდა - გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი. სხვა შემთხვევაში, უკვე მოგვიანებით, ალბათ, ასე 1960-იან წლებში, ჭიჭკოშვილები ხის იატაკის გამოცვლისას, ფიცრებს ქვეშ დამალულ, აწ უკვე გაცუდებულ ნიკოლოზის ფულს ხომ ვერ იპოვიდნენ?  მეზობელმა, ძია ვალიკო კობიაშვილმა მითხრა, მაგ ფულით მერე ბალღები ვთამაშობდითო. აუჰ, ნეტავ, მე მეპოვნა, როგორ ვოცნებობ ბავშვობიდან დამალული განძის პოვნაზე-მეთქი და გაეცინა, აბა, ეგ რა განძი იყო, გამოუსადეგარი ფულიო. ძია ვალიკომ ჯერ არ იცის, რომ ჩემთვის ფეხსაცმლის ძველი, ჟანგიანი ქუსლიც კი განძიც შეიძლება იყოს და შთაგონების წყაროც.

ჰოდა, იატაკში ნაპოვნი ფულის ამბავი მაფიქრებს - რაღაც მოულოდნელი და არც თუ ისე კარგი რომ არ მომხდარიყო, ასე ფულს ვინ დატოვებდა? ეგებ სულაც ისე გარდაიცვალა ოჯახის უფროსი, რომ თქმა ვერ მოასწრო შთამომავლებისთვის, იმათ კი ბინა გაყიდეს, ვინ იცის გაჭირვების გამოც? ან ეგებ რევოლუციის მერე, უცებ შეშინდა და დამალა ფული, ამასობაში კი ბოლშევიკები მოშავდნენ  და აბა, იმ ფულის გამოჩენა ხო აღარც იქნებოდა?  არ ვიცი და დიდი ალბათობით ამ ისტორიას ვეღარც აღვადგენ.

დღეს ალექსა ფარნაოზოვის ნაწილში (#183), მისი შვილიშვილის ოჯახი ცხოვრობს, ჭიჭიკოშვილებისაში კი (#185) მალე „საამქრო ურემი“ დაიდებს ბინას, სათემო და სოციალური პროექტებით. სახელოსნოებზეც ვფიქრობთ - აბა, ხელოსნების უბანში, სახელოსნოს მოწყობა მცდელობად ხომ მაინც ღირს?