ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დედა მუმინის დღიურებიდან

ჩემი შვილი უკვე 6 თვის გახდა და როგორც ბრძენი ნათესავები მაფრთხილებდნენ, მეექვსე თვიდან ზნეც შეიცვალა: ახლა ღამე სამჯერ იღვიძებს, ანუ არასდროს იძინებს, დილის ცხრა საათამდე მღერის, თამაშობს და ხანდახან როგორც ბებიაჩემი იტყოდა, დასჭყივლებს-ხოლმე.

მოკლედ, ალექსანდრემ მიიძინა და იმის მაგივრად, რომ მეც ვდურთო ლოგინში თავი, თავისუფალი წუთებით ვტკბები, გვერდით შეფერადებული, მეობადაკარგული ყავა მიდგას და უზარმაზარი საწოლის შუაგულში ხელებგაშლილ ბავშვს ამაყად დავცქერი კუთხიდან.

იმ იშვიათ საათებში როდესაც მძინავს კოშმარები მესიზმრება. მაგალითად, 2 საათის წინ, უდისციპლინოდ მიმთვლიმა. მესიზმრა, რომ დეიდაჩემთან ვიყავით სტუმრად, მერე მე გასაუბრებაზე წავედი და  ნახევარ გზაზე აღმოვაჩინე, რომ ბავშვი დეიდასთან დამრჩა!

სირცხვილისგან და შიშისგან წამისუსწრაფესად გამომეღვიძა,გაციებული ხელებით ჩემს გვერდით ეს თბილი არსება მოვძებნე, როგორც კი მისი ხვნეშა გავიგე, გულზე მომეშვა და მგონი ახლა ბედნიერებისგან ვერ ვიძინებ, მართლა რომ არ დამავიწყდა დედაჩემთან.

შარშან ამ დროს, კვირადღეს ან ყაზბეგში ვიქნებოდი,რასაც მეორე დღეს კახეთის ღვინის ტურით დავასრულებდი, ან ლევანი და მე ზურგჩანთებს ჩავალაგებდი, კარავს გავანიავებდით და იმაზე ვიმსჯელებდით ჭაჭა და ყველი თელავის ბაზარში გვეყიდა, თუ სახლიდან წაგვეღო.

ახლა ეს ყველაფერი ტკბილ მოგონებად დამრჩა, მაგრამ სულაც არ ვიდარდებ, თუ წელსაც ვერ წავალ და დავიკარგები არხოტში, მთავარია ალექსანდრე ნაჭამია და დღეში სამჯერ კაკავს.

ხანდახან პრიორიტეტების შეცვლა უბრალოდ გარდაუვალი და საჭირო ხდება!

მართალია, ახლა ინგლისურს მარტო სერიალებიდან ვისმენ და რუსულად ჩემს მეზობელ ვერაჩკა ბებიას ვესაუბრები მის სამ კატაზე, სამაგიეროდ ბევრი ახალი რამე ვისწავლე და აღმოვაჩინე. მაგალითად, შევნიშნე სრულიად უსარგებლო და ჩემთვის გამოუსადეგარი, მაგრამ არამზადა მძღოლებისთვის მისწრება პანდუსები და ზებრები, უპანდუსო მაღალი კიბეები, უხეებო პარკები და მეტისმეტი უჰაერობა. იმდენად მეტისმეტი, რომ ზოგჯერ გულისმოწურვამდე მეცოდება ჩემი და ყველას შვილი, რომ ამ ნაცრისფერ ქალაქში უნდა გაიზარდონ და ჰაერის ნარჩენები გამოაცალონ ერთმანეთს.

ადრე კვლიავს თუ მარტო კულინარიული დანიშნულებით ვიყენებდი, ახლა გავარკვიე, რომ კვლიავის სანთლები ტაკოში მუცლის ტკივილს შველის, ზეპირად ვისწავლე ქალაქის საუკეთესო პედიატრების და ნევროლოგების სახელები, შეუცდომლად მოვყვები ვაქცინაციის ცხრილს, ვიცი ფასდაკლების დღეები აფთიაქებში და როგორ კეთდება ყაბაყის პიურე ბავშვებისთვის.

ვისწავლე ცალი ხელით ბავშვის ჭერა და მეორეთი ქვაბის მორევა, ან სარეცხის მანქანიდან თეთრეულის შეყრა-გამოყრა. ვიცი ჩვენს უბანში ვის რამდენი შვილი ჰყავს, რამდენია ხელოვნურზე და რამდენი ძუძუზე, რომელი თვიდან უნდა მივცე მყარი საჭმელი და როგორ გავარკვიო, აქვს თუ არა ჩემს შვილს დისპლაზიის ნიშნები. ეს ყველაფერი გარკვეულწილად სიამოვნებასაც კი მანიჭებს, იმიტომ რომ ვერბალური კომუნიკაცია მონოლოგის რეჟიმში ექვსი თვის შვილთან და კატასთან ზოგჯერ ყოფიერებას აუტანელს ხდის.

ადრე პოპულარული სერიალების ახალი ეპიზოდების დადებას ველოდებოდი youtube-ზე, ახლა ექიმ კომაროვსკის ახალ სეზონებს ველოდები და ვცდილობ არ შევიმჩნიო, სტუმრად მოსული დედაჩემის შეცხადება: “ბავშვს სიცივით კლავ!” და არ გავბრაზდე, როდესაც ორ შარვალში, სამ "ბოდეში", ხელთათმანსა და ქუდში გამოწყობილ ალექსანდრეს დამატებით ფულეს პლედში გადაახვევს და სიმწრით ოფლმოდენილ ბავშვისთვის "ეს საწყალი კურდღელის" დანანავებას იწყებს.

ახლა ალექსანდრე საღამოს რვაზე იძინებს და სიქაგამძვრალი მე და ლევანიც მასთან ერთად. შვიდი თვის წინ კი ამ დროს სამსახურში ვიყავი და ჩემი ცვლა იწყდებოდა. ეხ, უკვე გრძელი შვიდი თვეა აღარ ვმუშაობ. უფრო სწორად დეკრეტულ შვებულებაში ვარ.

დეკრეტი, ესაა პერიოდი  6-დან 12 თვემდე, რომლის განმავლობაშიც სახლში ზიხარ და დედად მუშაობ. "დეკრეტი" ძალიან მრავლისმომცველი სიტყვაა და თავის თავში ბევრ რამეს აერთიანებს: მაგალითად, როცა მეკითხებიან რას შვები, არ მუშაობ? მე ვპასუხობ, - დეკრეტში ვარ - და მრავალმნიშვნელოვნად ვდუმდები. მერე, ჩემს თანამოსაუბრეს თვალებში ჩავხედავ და თუ იგი დაკვირვებული ადამიანია, იქ, თვალების სიღრმეში დაინახავს სარეცხით სავსე თოკებს, 2 თავ სადილს, აქვითინებულ ალექსანდრეს (ალექსანდრე ჩემი შვილია) რომელსაც 6 თვე ახლა შეუსრულდა და უკვე პირში ფეხს იდებს. მშიერ და დასაბან კატას, ასევე მშიერ, მაგრამ დაბანილ ქმარს-შვილს და ა.შ. "დეკრეტი", ზოგ შემთხვევაში, ფიზიკური და სულიერი გამძლეობის და შესაძლებლობების გაფართოებასაც ნიშნავს. მაგალითად, შეგიძლია მშვიდად დაეუფლო ძილის სახეობას - გეძინოს ისე, რომ არ გეძინოს. "დეკრეტი" ასევე ახალი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებასაც გულისხმობს. ადრე თუ ჩვენს ფირსაკრავზე დილაობით ჯონ ლენონი კვნესოდა, ან ბენი გუდმენი სჭექდა, ახლა მშრალ ხიდზე ნაყიდი "მოდი, ვნახოთ ვენახი" ტრიალებს, "გზაზე მირბის კურდღელი" კი იმდენად გულში ჩამწვდომი სიმღერაა და ისე მოსწონს ალექსანდრეს, რომ შეუმჩნევლად აბაზანაშიც გადაინაცვლა.

ისე, მედეკრეტეებს ამ სიტყვის დამსაქმებლებთან საუბარში გამოყენებას არ გირჩევთ. მე პირადად ასაკის და დეკრეტის გამო რამდენჯერმე უკვე დამბლოკეს. ოცდარაღაცა წლის და შვილიანი ჩვენი პრიორიტეტი არ არისო...

დეკრეტი ზოგჯერ საშინელ, სისხლისმსმელ სიტყვადაც იქცევა-ხოლმე. განსაკუთრებით დილით, როცა ძილი მინდა, ალექსანდრეს კი თამაში, ან მე მშია, ალექსანდრეს კი ეძინება, ან პირიქით; როცა მზად ვარ ყველა ჩემი გასტრონომიული ოცნება ერთ მოგზაურობაში გავცვალო, ან ერთსაათიან მარტოობასა და დასვენებაში. მერე უცებ შემრცხვება ხოლმე და პირღია მძინარე ჩემს შვილს რომ გადავხედავ, ახალი ენერგიით ვივსები და სამზარეულოში მივრბივარ ახალ-ახალი გასტრონომიული აღმოჩენების გასაკეთებლად.

ადრე, შორეულ წარსულში, ასე 7 თვის წინ, განტვირთვის საუკეთესო საშუალება მოგზაურობა იყო. ეხლა კი, იმ ენერგიას, რაც ალექსანდრეს შემდეგ მრჩება, როგორც ელენე უწოდებს, "სურნელოვანი პურების" ცხობას და მზაკვრული მურაბების ხარშვას ვახმარ. როცა გავიზრდები და ნამდვილი დედა მუმინი ვიქნები, ავადმყოფ მამა მუმინს გემრიელ მურაბიან ჩაის ავუტან სხვენში და მემუარების წერისას გავამხნევებ.

მოკლედ, ამ ეტაპზე ჩემი პრიორიტეტები გადავაწყვე და როგორც ჭეშმარიტი დიასახლისი, გეტყვით, რომ ბედნიერებაა, როცა შვილი, ქმარი და კატა დაპურებული და კმაყოფილია და ჩემს პირწიგნაკზე "ჩვენი კულინარიის" ჯგუფში ახლადდაპოსტილი კრემიანი ნამცხვრის რეცეპტი მეგულება ხვალისთვის. 

ავტორი :ნინო ცქიმანაური
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა