ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დემონტაჟის ეთიკა: მონტაჟი და კრიტიკული ფოტოგრაფია

ავაშენეთ ეს ქოხები და კი არ ვიცით, ღმერთი
როგორ მოგვხედავსო;  აქეთ-იქიდან გვეუბნებიან, 
რომ ეს  ალაგი ქალაქისააო,  და შეიძლება
ქალაქმა აგყაროთო“

ეკატერინე გაბაშვილი; „მშიერაძის ოჯახი“

ურბანულ სივრცეებში ხშირად გვხვდება არქიტექტურული ფრაგმენტები: ესაა დაუმთავრებელი მატერიალური ნარჩენები, რომელიც ქალაქის სხვადასხვა წერტილებში ამოიზრდებიან და ყვირიან: ეს ურბანული ჭრილობებია - პოლისის განგრენული კერები. მათი უყურადღებოდ დატოვება კი ადრე თუ გვიან ქალაქის ძლივძლივობით შეკოწიწებულ სხეულს დაალპობს. 

ფრაგმენტებს ახასიათებთ ნაკლულობა - რაღაც ისეთი ელემენტის ან ელემენტების არარსებობა, რაც ამ ურბანულ ფენომენს დაუსრულებელ მდგომარეობაში აფიქსირებს და უკმარისობის აურას აწარმოებს: რაღაც აკლია - უსახურია (Hsiao, 2009; Amin, 2013 & 2014; McFarlane, 2018,). ასეთია, მაგალითად, ნაგებობები ფანჯრების გარეშე, კანალიზაციის გარეშე, ელექტროენერგიის გარეშე, ან მიწის რეგისტრაციის გარეშე, სადაც ბავშვები ცალფეხა თოჯინებით თამაშობენ. 

მატერიალური ფრაგმენტები თავისი დაუსრულებელი სახით ქმნიან ურბანული სივრცის მარგინალიზებულ ფორმებს: გეტოებს, შეტეხილ ჩიხებს, მიტოვებულ ინფრასტრუქტურას, უფუნქციო ნაგებობებსა თუ ფუნქცია შეცვლილ ბარაკებს. ფრაგმენტები განახლებულ დიზაინში შეფუთულ ქალაქის ნაწილთან კონტრასტში წარმოჩინდება მიუღებლად, მოსაშორებლად, სახიფათოდ, კრიმინალურად, ან უბრალოდ ქალაქის სახის წახდენად: საცოდავად, საწყლად და სასირცხვილოდ. 

ეს აზრის ის ტრაექტორიაა, რომლის გაჭრასაც დომინანტი დისკურსი ცდილობს. თუმცა შესაძლებელია მოვლენების სხვაგვარი თარგმნაც. მაკფარლენის აზრით, ქალაქის ცხოვრებაში ფრაგმენტი თავს იჩენს, როგორც არსებითი სახელი და როგორც ზმნა: როგორც არსებითი სახელი, ფრაგმენტი აღნიშნავს ურბანულ ლანდშაფტში არსებულ დაუსრულებელ მატერიალურ ფორმას. ხოლო, როგორც ზმნა, ეს არის პროცესი რომელიც სხვადასხვა ურთიერთობასა და მზერის წერტილში იჭრება (McFarlane, 2018, p. 11) – ანუ ფრაგმენტი, როგორც ზმნა ქალაქის თარგმნის სამუშაოს ასრულებს და მას განსხვავებული პერსპექტივებით განმარტავს. 

მატერიალური ფრაგმენტები ასე თუ ისე შესამჩნევია, თუმცა ფრაგმენტი როგორც ზმნა, იმალება. ვერაგია. ფრაგმენტი, როგორც ზმნა ერთცვლადიან მატერიალურ არქიტექტურულ ფორმებამდე არ დაიყვანება, რომელიც დაექვემდებარება ესთეტიკის, თუ ორგანული კანონის სახელით კრიტიკას: დაიცინება, როგორც უსახური ან დაინგრევა, როგორც უკანონო. 

 

ფრაგმენტი, როგორც არსებითი სახელი და როგორც ზმნა

„ცხოვრება სიტყვაა. ეთამაშე. 
ლექსს ნაკლები მოეკითხება,
თუ მას სიზმრის აღწერად ასაღებ“.

ზვიად რატიანი „ცხოვრება სიტყვაა“

ის თუ ვის აქვს წვდომა ფრაგმენტებზე, ვინ სარგებლობს ფრაგმენტებით, ვინ ცხოვრობს ფრაგმენტებში და ვის ეკუთვნის ფრაგმენტები ხშირად გადაჯაჭვულია იმგვარ ცვლადებთან, როგორიცაა კლასი, გენდერი, ეთნიკურობა, რასა, რელიგია და მათი გადაჯვარედინებული ვარიაციები (McFarlane, 2018, p. 5). ამიტომაც, ფრაგმენტების გარეშე თითქმის შეუძლებელია, რომ ურბანული სეგრეგაციის, ან თუნდაც ჯენთრიფიკაციის პროცესი გავიგოთ.  

ერთი შეხედვით ურბანული სივრცის მატერიალური ფრაგმენტები ქმნის ქალაქიდან ამოვარდნილ ელემენტებს, რომლებიც თითქოს ქალაქს არ ეკუთვნის - მისგან განყენებული და უცხოა. თუმცა, სწორედ ქალაქის „კეთების“ პროცესის ნარჩენებია ფრაგმენტებიც. თითქოს, ფრაგმენტებს წესრიგი და რეგულაცია აკლიათ - მათთან „პროგრესმა“ დააგვიანა. მაგრამ, სინამდვილეში ფრაგმენტი სწორედ ისაა, რაც ქალაქმა თავისი ხელებით გამოძერწა და ჩვენი ქალაქიც ისაა, რაც ფრაგმენტულად პროგრესირებს და რაც ფრაგმენტებით იკვებება. 

ამიტომაც, ფრაგმენტი პოლიტიკურია, რადგან მიუთითებს, რომ ქალაქი არ არის ის, რაც უნდოდა რომ ყოფილიყო. ფრაგმენტი ნაწამები ობიექტია [განსაკუთრებით ეპიდემიის ფონზე], რომელიც ქალაქს, როგორც ზმნას, ქალაქს, როგორც კეთებას და განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს (McFarlane, 2018, p. 5).

მოკლედ, ფრაგმენტი გამოჩენისთანავე, თავისივე თავის რეპრეზენტაციით პოლისის პოლიტიკურ, ეთიკურ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებას აკრიტიკებს. აი, ისე, როგორც „აფრიკის“ ბარაკები აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ისეთ „ევროპულ კუნძულებს“, როგორიცაა ლისი, მზიური, მარჯანიშვილი, განახლებული ვაკე და სხვა დრო/სივრცული სპექტაკლები.

როდესაც პოლიტიკა ვერ ახერხებს, რომ ფრაგმენტი დაასრულოს, ფრაგმენტი გააუმჯობესოს, შეკრას და დახვეწოს, ის იწყებს ფრაგმენტის, როგორც მატერიალური ფორმის მოშორებასა და რღვევას - დემონტაჟს. ხოლო, როდესაც პოლიტიკა მატერიალურ ფრაგმენტს ისე ექცევა, როგორც ლამაზი მის სახეზე ამოსულ მუწუკებს, ესაა ნიშანი, რომ ფრაგმენტი, როგორც პროცესი ძლიერდება - ფრაგმენტი, როგორც ზმნა ძალას იკრებს და დღის წესრიგში დგება თარგმნის სამუშაო - ისმება კითხვა: „როგორ მუშაობს ქალაქი ფრაგმენტებთან დაკავშირებით?“

და ბოლოს, როდესაც აფრიკაში ტრაქტორები ფრაგმენტებს მიწასთან ასწორებენ, იერუსალიმის ქუჩიდან ტაბიძისკენ გენმოდიფიცირებული ბოოს გასეირნება ბარბაროსობაა. 

სახე და კრიტიკული ფოტოგრაფია

„წერე. ვწერ. წერე.
ვერც იქნებოდა ცხოვრება სავსე. 
მხოლოდ უკეთესი წარსულის იმედით,
მხოლოდ დილის ადამიანებით“.

ზვიად რატიანი „ცხოვრება სიტყვაა“

ფრაგმენტს ქალაქის ოცნებაში ადგილი არ აქვს. პირიქით, ქალაქის სურვილი მას გეოგრაფიულ „არაცნობიერში“ განდევნის და იქიდან თავს მხოლოდ კოშმარებში შეახსენებს ხოლმე. ისიც ბუნდოვნად, რადგან კოშმარებში სახის დამახსოვრება ჭირს. ასეთი კოშმარების გარდა ფრაგმენტის რეპრეზენტაციას ვერსად ვხვდებით, მედიაშიც არ ჩანს, და თუ მაინც ჩანს გამონაკლის შემთხვევებში ან რომანტიზირებულია, ან მონტაჟის გავლით პროგრესულ კონტექსტში იფუთება - პარალელურად წინასაარჩევნო დაპირებაც ისმის, ან ვხედავთ იქვე, როგორ გაჰყავთ წყალი.  

აფრიკის ბარაკების კოშმარულმა დემონტაჟმა, როგორც ზმნამ, არაერთი კითხვა დასვა. ჩეხური კორპუსებიდან, ხრუშჩოვკებიდან, იაფფასიანი ცათამბჯენებიდან (რომლებსაც ფრაგმენტებამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ) ადამიანებმა გამოყვეს თავები და იკითხეს, თუ რა კავშირშია ეკონომიკა და ფრაგმენტი: დემონტაჟის მიზეზი კაპიტალის ინტერესი ხომ არაა? კორუფციულ გარიგებასთან ხომ არ გვაქვს საქმე? 

ამ კითხვაზე ბევრი თავი მუშაობს და საკადრისი პასუხიც ეცემა. ამიტომაც პირდაპირ შემდეგ კითხვაზე გადავალთ: როგორ ბედავენ? ამ ზამთარში, ამ სიცივეში, ამ ეპიდემიის პიკში, ხალხს ასე როგორ ექცევიან? მართლა როგორ ბედავენ აქ და ახლა - ისტორიის პიკში? 

პარალელურად, ჟურნალისტებიც სვამენ კითხვებს, თუ ვინ გასცა დემონტაჟის ბრძანება. დერიდა ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ხელმოწერაა, რომელიც თავის მხრივ ეთიკის განზომილებაა (დერიდა, 2013). ანუ ჟურნალისტებს ასევე უნდა აინტერესებდეთ, როგორ მუშაობს ის ეთიკა, რომელიც ფრაგმენტების მიწასთან გასწორებას ხელს აწერს? ანუ როგორ მუშაობს დემონტაჟის ეთიკა? 

იმისთვის, რომ ხელმომწერმა დემონტაჟს ეთიკური გამართლება მოუძებნოს, იძულებულია, რომ ტერიტორია სუბიექტებისგან დაცალოს. ამისათვის, პასუხისმგებელ პირს, რომელიც არსობრივად უპასუხისმგებლოდ იქცევა, რამდენიმე ოპერაციის ჩატარება უწევს: პირველ რიგში, ფრაგმენტების შიგნით სახე უნდა წაიშალოს - სახე არ უნდა გამოჩნდეს. 

ლევინას ეთიკის ფუნდამენტური პრინციპი სწორედ სახეა (Levinas, 1979; Davy, 2007; Kenaan, 2011). ჩვენ პასუხისმგებელი ვართ სხვაზე, რამდენადაც ჩვენ ვეჯახებით სხვის სახეს, რომელიც მეტყველია და გვიბიძგებს ინტუიციური დასკვნებისკენ: მაგალითად, არა კაც კლა, არ დაჩაგრო, არ გადაუარო! თუმცა, ის რაც უსახურია, ლევინას აზრით, მის მიმართ ჩემი ეთიკური პასუხისმგებლობა არც ვრცელდება. (Levinas, 1990)

დომინანტურ აზრში დემონტაჟი უსახოდ წარმოჩინდება, ამით ეთიკური პასუხისმგებლობაც ქრება - შენობების ნგრევა  უსახური ბიუროკრატიული მოთხოვნების (მაგალითად, ორგანული კანონის ამ და ამ მუხლის) აღსრულებად წარმოჩინდება. 

კახი კალაძის მთავარი არგუმენტიც ესაა?! მერი ამბობს: „დემონტაჟის ქვეშ სახე არ მოყოლილა - მიწასთან გასწორებულ ბარაკებში ადამიანის შვილი არ ცხოვრობდა“. 

მერი დემონტაჟის მოვლენის აღწერისას ხალხს, რომელიც ჩაგვრის ობიექტია სახის გარეშე ტოვებს. „სანამ სახლში სახე შევიდოდა, სანამ სახლი ადამიანურ აურას მიიკრავდა და ეთიკური განსჯის საგანი გახდებოდა, სახლის დემონტაჟი უკვე დასრულებული იყო“. აღნიშნული, მერისვე  აზრით, ეთიკური გადაწყვეტილებაა. 

თუ ოპერაცია წარმატებით ჩატარდება და ობიექტიდან სახეების კონცეპტუალურ ევაკუაციას მოახერხებენ, მაშინ დემონტაჟი აღიქმება, როგორც ქალაქის განვითარება: ეთიკური, კანონიერი და სამართლიანი კოსმეტიკური ჩარევა. თუმცა, თუ პროექტი ჩავარდება და დემონტაჟის მიღმა დავინახავთ ადამიანის სახეს, მაშინ პრობლემებით შევიჭრებით ეთიკის ველშიც. 

ასეც მოხდა. დემონტაჟის გაშუქებისას გავრცელდა ფოტოსურათი, რაც მოვლენას ანიჭებდა ადამიანურ სახეს: დემონტაჟის მიღმა გამოჩნდა სახე მამისა და შვილის და ეს სახეები იყვნენ შემზარავნი! სახეს ჰქონდა გამოკვეთილი ნაკვთები და წყლიანი მზერა: იქ იყო ტანჯვა და მოთმინება, იყო სირცხვილიც და იყო უმწეობაც. 

ამის შემდეგ დემონტაჟი იქცა ეთიკურ დილემად.

მამა-შვილის სახემ მაყურებელი აიძულა, რომ ბიუროკრატიული საკითხი ეთიკის ანათემისთვის გადაეცა.

ასე შევყავით ცხვირი დემონტაჟის ეთიკაში და დაგვხვდა კოშმარული ზმანებები: შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეები. და ახლა ვინ იცნობს მათ სახეს? ან ვინ იტყვის მათ სახელს? 

ამ ჯუნგლებში ეკონომიკური და ორგანული კანონების ლოგიკა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აი, რა არის ფილოსოფიის ამოცანაც - ანუ ის რომ პრობლემური დიალოგი გადაიტანოს მეტა-დიალოგში: მაგალითად, დაუსვას კითხვის ნიშანი აზრის გზატკეცილებს, რომლებიც ეთიკიდან ფონს გასვლას ბიუროკრატიის ხავსზე ჩამოკიდებით ცდილობენ.

დღის ბოლოსთვის მამა-შვილის ხატი, როგორც იმიჯი უფრო მეტი იყო, ვიდრე კონკრეტული მამა-შვილის ფოტო: ის მიუთითებდა სხვებზეც და სხვა საკითხებზეც - უცხოზეც და უცხო საკითხებზეც. ამიტომაც, ის დადიოდა გვერდიდან გვერდზე, პროფილიდან პროფილზე, მედიიდან მედიაში და შეაღწია აზრთა იმგვარ იზოლირებულ ქსელებში, სადაც გაზიარებული იმიჯები უმეტესად ერთმანეთისგან განსხვავებულია ხოლმე. სხვადასხვაგვარი იმიჯებით მაძღარმა მედიამ ახლა ერთი ჯამიდან დაიწყო ჭამა. ანუ მამა-შვილის იმიჯმა თავისებური მედიაივენთი წარმოქმნა: მართალია, ჯერჯერობით მიკრო, თუმცა მაინც აღსანიშნავი. 

ფოტოგრაფიის შესაძლებლობების შესახებ ბოლო დროს არაერთი კითხვის ნიშანი დაისვა და სხვა მედიებთან მიმართებაში ხშირად ის სუსტად და მეორადად მოჩანდა კიდეც. მედიის უნარი, რომ იმიჯები გადაარჩიოს და ფილტრაციის სამუშაო შეასრულოს, ჩანდა უფრო ძლიერი, ვიდრე ცალკე აღებული ნებისმიერი იმიჯი. 

დაწვრილებით

თუმცა, ახლა ვხედავთ, რომ მამა-შვილის ფოტო ტრიალებს სხვადასხვა ურბანული ტომების ორბიტაზე, თუ მედია პლატფორმებზე. მაშინაც კი, როდესაც მედიუმი სურათის გავრცელებულ ინტერპრეტაციას - ანუ დომინანტი ძალის მიერ ოჯახების ჩაგვრის ინტერპრეტაციას - გაურბოდა და ცდილობდა სხვაგვარად აღეწერა სურათი, ხატის ძალაუფლება ამგვარი ინტერპრეტაციის გზებს ხერგავდა. მამა-შვილის ფოტო-ხატი საკუთარი ძალაუფლებით თავის სახის რეპრეზენტაციას ახერხებდა, როგორც - სახე ჩაგრულთა და სახე ჯვარცმულთა. 

სოციალური ქსელებისა და ტრადიციული მედიის გავლით ფოტო-ხატმა გაიარა სხეულების მნიშვნელოვან ნაწილზე და ააღელვა. გამოიწვია განმარტებისა და ინტერპრეტაციის აუცილებლობა და ამასობაში, თავისივე რეპრეზენტაციით იყო კრიტიკულიც. ამიტომაც, ესაა კრიტიკული ფოტოგრაფიის რევანში მედია დომინაციაზე. 

დემონტაჟის ეთიკა და მონტაჟი

„წერე. ვწერ. არ წერ! 
რომელი აწმყო მოგითმენდა 
ან რომელი მომავალი გაპატიებდა
გამუდმებით წარსულთან ღალატს.

ზვიად რატიანი „ცხოვრება სიტყვაა“

როდესაც ჩვენ მოვლენის სოციოლოგიურ ინტერპრეტაციას ვცდილობთ, პირველ რიგში ვსვამთ კითხვას: „როგორ გახდა მოვლენა შესაძლებელი?“, „როგორ განხორციელდა მოვლენა?“, ან პირდაპირ - „როგორ მუშაობს მოვლენა, როგორც ზმნა?“

აქამდე ვეცადეთ გვეჩვენებინა, რომ დემონტაჟი მოვლენად აღვიქვით  ფოტოგრაფიის საშუალებით. თუმცა, შედევრები იზოლაციაში არ იქმნება და მითუმეტეს ისეთი შედევრები, როგორიცაა კონკრეტული ივენთის დრო/სივრცული მოხელთების მცდელობით მიღებული ფოტო-ხატი. მამა-შვილი იქცა უსამართლობის სახედ, ფოტომ ძალაუფლება მოიპოვა, არა როგორც იზოლირებულმა ხატმა, არამედ ის გაძლიერდა და კონტექსტები, სხვა აღმნიშვნელებიც მოიცვა. 

ამგვარად, ვისაც მოვლენის სოციოლოგიური ინტერპრეტაცია გვაინტერესებს, აუცილებელია, რომ მოვლენა განვიხილოთ სხვა მოვლენებთან მიმართებაში: ამ დროს სურათი სხვა სურათთან კავშირდება, ხატი - სხვა ხატთან და ამას ჰქვია მონტაჟიც. დემონტაჟის მონტაჟით ვიღებთ რამდენიმე ვიზუალურ ნაწარმოებს, რომლებიც თავისთავად იჭრებიან ეთიკის პარადიგმაში და ისევ წინ წამოწევენ ჩაგრულთა სახეს. 

ასე, სახის შემოსვლით შეიქმნა დემონტაჟის ეთიკა, რომელიც დამონტაჟდა სხვადასხვა აღმნიშვნელებით: ტრაქტორი, მამა, ბარაკი, შვილი, ბულდოზერი, მერი და სხვები... ამასთან, მონტაჟმა მოითხოვა დეფინიცია, ყურადღება, განმარტება და ინტერპრეტაცია: რა არის დემონტაჟის ეთიკა? ვინ არის ჩვენში უსახური? ვინ არის ჩვენში კრიმინალი? ამ მონტაჟით, რომლის შუაგულშიც კრიტიკული ფოტოგრაფია აღმოჩნდა, გამოიკვეთა სახე, რომელიც ლაპარაკობს - სახე, რომელიც გვიპირისპირდება თავისი სიცხადით. დისკურსს მიენიჭა მზერა, ნაკვთები, ტუჩ-პირი და სახე გვერდზე მყოფისა, სახე მეზობლისა, სახე თანამაცხოვრებლისა რომელიც თავის რეპრეზენტაციაში ‘ჩემს’ [ჩვენს] მიმართ მომთხოვნია. 

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, როგორი საჩუქრებით საჩუქრდებიან დემონტაჟის გმირები - არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად გულწრფელი ან ანგარებიანია საჩუქარი: აქ მთავარია, რომ მოსახდენი მოხდა და მერის მცდელობა,  ამ ფოტოს საკუთარი განმარტება აქციოს მოვლენის დომინანტურ ახსნად, კრახით სრულდება: ის ცდილობს, რომ ჩაგრული ადამიანის სახე  უცებ დასაჩუქრდეს და გადაიქცეს იღბლიანად -  როგორც კონკია ტრანსფორმირებს წვეულებებზე. ამიტომაც ის ხდება ბინის მფლობელი და აზრის დომინანტური ინტერპრეტაცია ამბობს: „ფრაგმენტებში ცხოვრობთ, მაგრამ წინ შეიძლება მშვენიერი ცხოვრება გელოდებათ“, „ფრაგმენტებში ცხოვრობთ, მაგრამ ცხოვრება შეიძლება სიურპრიზს გიმზადებდეთ“. დომინანტურ ინტერპრეტაციაში მამა-შვილის ფოტოს ამაღელვებელი სიურპრიზის სახე აქვს. 

თუმცა, ჩაგრული სახე არსად გამქრალა. მამა-შვილის სახე იქცა სრულიად დემონტაჟის მსხვერპლთა ხატად - სახედ ეთიკური კოლაფსის. ესაა ფოტო-ხატი განდევნილთა, რომლებიც ფრაგმენტებიდან შეჰყურებენ ქალაქს, ფრაგმენტებიდან გვაკვირდებიან და უნდათ თუ არ უნდათ, მაინც იწყევლებიან: ის ამბობს: „წყეულიმც იყოს სახე, რომელიც რომ თვალებს გვარიდებს და ფალიაშვილის კუთხეში გენმოდიფიცირებულ ბოოს დაასეირნებს!“ 

დემონტაჟის მეტაფორები 

„უთხარი. ესმის. მოუყევი. 
ვეუბნები. სულ ვუყვები.
მხოლოდ კარგ ამბებს. 
ზოგი სიზმარია“.

ზვიად რატიანი „ცხოვრება სიტყვაა“

„მეტაფორები, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ“ წიგნია ლაკოფისა და ჯონსონის ხელმოწერით, სადაც ავტორები პასუხისმგებლობას იღებენ მტკიცებაზე: „მეტაფორა გარდაუვალია“ (Lakoff & Johnson, 2008). 

ანუ, ავტორები ცდილობენ უჩვენონ, რომ ენა გარდაუვლად მეტაფორულია და განსაზღვრულია ისეთი მეტა-მეტაფორებით, როგორიცაა ზევით (კარგი), ქვევით (ცუდი): ან ჩვენი ენით რომ ვთქვათ: ააშენა (კარგი), დაანგრია (ცუდი) და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს ესაა გრამატიკული, კინო თუ ფოტოენა - ის ყოველთვის შეიცავს მეტაფორებს. 

დემონტაჟის გაშუქებამ რამდენიმე ასეთი მეტაფორა გააცოცხლა. ფოტო-ხატი და მისი მონტაჟი მოწყდა თავდაპირველ აღმნიშვნელს და ბიძგი მისცა კრიტიკულ ინტერპრეტაციებს: მან აღნიშნა ჩაგვრა აქ და ახლა, ეპიდემიის პარალელურად, ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად და სხვა იმგვარ დისკურსებთან სინქრონში, რომლებიც აზრის დომინანტურ კატეგორიებს კრიტიკული ჩაქუჩებით ლეწავენ: ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური და კრიტიკული ჯგუფების ქცევაც კი სინქრონში მოდის და კრიტიკული ენერგია აკუმულირდება - კრიტიკის სინერგია ხდება. ამიტომაც, სახეების ფოტოსურათი ჩვენი დროის, ჩვენი თანამედროვეობის კრიტიკული მეტაფორაა. 

პარალელურად, ფრაგმენტებში ბავშვები ცალფეხა თოჯინებით თამაშს აგრძელებენ; და შეიძლება მათმა თვალებმა ვერასდროს წაიკითხონ ის, რასაც მხოლოდ შენ გეუბნები. ასევე შესაძლებელია, ვერასოდეს დავინახოთ მათი სახეები, რომლებიც იტანჯებიან აქ და ახლა - ისტორიის პიკში. ფრაგმენტებს თუ ცოტა ყურადღებას მაინც მივაქცევთ, მხოლოდ მაშინ გავიგონებთ ფოტო-ხატების კრულვა-ვედრებას. ფრაგმენტის მეტაფორა ამბობს: „წყეულიმც იყოს სახე, რომელიც ღვინის აღმართზე გენმოდიფიცირებულ ბოოს მიასეირნებს“.  

ფოტო: ნათია შარმიაშვილი