ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დეფრაგმენტატორის ჩანაწერი 02 | ზურა ჯიშკარიანი

გუგულის ხმა მონიტორინგს ახდენს ტყის ნარჩენების. “ადრე აქ ტყე იყო” - ამბობს ანა და მაჩვენებს სახლებს, ჟეშტებს, ასფალტს.

ნალა ფანჯარასთან ზის და ეზოს უყურებს, ამ კატას ბავშვობიდან არ უნახავს ტყეები და მიწაზე, ნამდვილ მიწაზე ფეხიც არ დაუდგამს. მთელი მისი ჯუნგლები - კორპუსის ოთახები იყო, ეხლა რაც ანასთან ვართ სახლში - უკვე სახლის ოთახები. შესაძლოა გარეთაც გავიდეს. საინტერესოა, როგორ ნაწილდება გენეტიკური მოთხოვნილებები, როცა მილიონობით წლების განმავლობაში გამომუშავებული ინსტინქტები არსებულ გარემოს ცდებიან.

თითქოს გამზადებდნენ ყოველდღიურად ჯარისკაცების უმკაცრესი წესით, ყოველ დილას, ყოველ დღე გამზადებდნენ საომრად, თავის დასაცავად, მოსაკლავად  და უცებ დეკორაციები შეიცვალა და ეს გენეტიკური ქილერი აღმოჩნდი ბამბის ბაღებში, სადაც არავინ დაგდევს მოსაკლავად და არც შენ გჭირდება საჭმლის მოსაპოვებლად კილომეტრების დაფარვა, არც ვინმეს შეჭმა. ყველაფერი თეფშზე გაქვს.

რას აკეთებს ამ დროს შენი გენერალი? შენი გენეტიკური მწვრთნელი? სად მიდის შენი მომზადება?

ვგრძნობ როგორ იწვის ასიათასობით კილომეტრის იქით ჯუჯა ვარსკვლავი "მზე" და ამიტომ ნალას, ჩვენს კატას ეცემა შუქი, მზის სხივი, მე კი ვგრძნობ სითბოს ორგანიზმში. სითბოს ძვლებში, რომელიც ყოველივეს აწაღმართებს.

სითბო ძვლებში - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ითქვას ამაზე დგას გარესამყაროს აღქმის უდიდესი ნაწილი - ბავშვობაში ჩვენ გვტეხდა ძვლებში, სიცივე ესე ღრმად ატანდა და ეხლა საკმარისია იგივე იგრძნო - რომ გგონია თითქოს მზე ისევ გამორთეს - გამორთული მზის ქვეშ კი რთულია თამაში ან სიყვარული. უფრო სწორედ იმდენად რთული არაა, რამდენადაც - სხვანაირია. აბსოლუტურად განსხვავებული.

გამორთული მზის ქვეშ სხვანაირი თამაშები ითამაშება, სხვანაირი სიყვარულებია, სხვანაირი აკრძალვები აქვთ ამ სიყვარულებს და თუ სისხლი იღვრება, ისიც სხვანაირია ვიდრე სითბოში, თითქოს სისხლის ნაცვლად ღამდე გდის. გამორთული მზისას დაღვრილი სისხლი მალე ხმება და შრება, არ მოდის მდინარესავით როგორც ტროპიკული სისხლი, არც ვარსკვლავებს იმოწმებს სასამართლო დარბაზში. კონკრეტული, პირქუში და საშინლად მტკივნეულია – გაჩირაღდნებული სიკვდილმორეულ ძილის შორისში.

ხმები კიბეებზე... შეგიძლია ნაბიჯების ინტენსივობით, ტემბრის ექოთი, ტემპით  გაარკვიო ვინ არის კიბეზე? შეგრძნება თითქოს ვიღაც დგას კართან, მაგრამ კაკუნი არ ისმის.

მოგზაურობა გენეტიკური მეხსიერების პორტალებში - ამისთვის საჭიროა გონების ძალა, ტვინის მიერ დაარქივებული ფოლდერების განარქივება თუ რამე სპეციფიკური, ახალი ტიპის ტექნოლოგია? ნეიროჩიპები, რომლებიც დეენემის მოლეკულებს კითხულობს და ბიოსოფტი, რომელსაც ინფორმაცია ეკრანზე ამოყავს?

თავდაპირველად გენეტიკური მეხსიერების აღდგენა, ალბათ, იქნება ტექსტური შეტყობინებების სახით - “მოკვდა”, “ხიფათი”, “სიამოვნება”, “ვაშაა”. შემდეგ დაბალი რეზოლუციის კადრები, ამოღებული რნმ-დნმ-ს "სთრინგებიდან", შემდგომში კი ოთხი კა გაფართოების გამოსახულება - კადრები დანახული შენი იქს წინაპრის მიერ... გამოსახულება არ დარჩება მხოლოდ გამოსახულებად, მას "შეგრძნებების აპლიკაციაც" გამოყვება, რაც ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია შეიგრძნო ის, რასაც შენი იქს წინაპარი გრძნობდა, თუნდაც მაშინ, როცა ცნობიერებით დაინფიცირდა და როდესაც დაიწყო დრო.

და თუ ეს ტექნოლოგია უკვე არსებობს მომავალში, ნიშნავს, რომ ვიღაცა მომავლიდანაც ერთვება უკვე შენს მოგონებაშიც, შენც ერთ-ერთი მისი იქს წინაპარი ხარ. ხომ გქონია შეგრძნება თითქოს შენში ვიღაც შემოვიდა? უცნაური დეჟავიუ, ვიღაცის "presence" - ადრე ამას მფრაველ ანგელოზებს ან დემონებს ეძახდნენ, ზოგან - სულებს. და რაღაც გაგებით, ეს გამოთქმა სწორია, ოღონდ ვერ გაიგებ, შენ ხარ სული თუ ის, ვინც შენში შემოვიდა - იმიტომ, რომ ორივენი მომავლისთვის უკვე გარდაცვლილები ხართ, თუმცა აგრძელებთ მარადიულ ცხოვრებას გენეტიკურ მარადიულ აწმყოში, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ნიშნავს თუ არა ერთხელ გაჩენა ფიზიკურად იმას, რომ შემდეგ მარადიულად არსებობ იმ ცხოვრებაში, რომელიც განნვლე? ნიცშეს "მარადიული დაბრუნების მითი", რომელსაც რაღაც გაგებით "მარადიული დაბრუნების კოშმარიც" შეიძლება ეწოდოს - ამ გადმოსახედიდან ახალ სიცოცხლეს იძენს:

ჩაკეტილი საკუთარ ცხოვრება-gif-ში - რომელიც მუდმივად მეორდება, ჩაკაფსულებული გენეტიკურ მეხსიერებაში სხვა ცხოვრება-gif-ების გვერდით და ასე უსასრულოდ, უკანასკნელ ადამიანამდე, ან უკანასკნელი ადამიანების მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზის ღრუბლებამდე, სადაც ატვირთული იქნება მთელი ეს ბიორობოტიკული ევოლუციური კოშმარები და სიხარულები, წრფივები და მრუდეები. ვისთვის? არავინ იცის. შეიძლება მათთვის, ვინც ბიორობოტების შემდეგ მოვა, შეიძლება უცხოპლანეტელებისთვის - სასკოლო პროგრამაში შესასწავლად, შესაძლოა სულაც მომავლის კინოფილმებისთვის - "დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე" ეწერება VR-ის ეკრანზე და მთელი ევოლუციური სამკაულიდან აქტიურდება ერთ-ერთი, რათა თავიდან იცხოვროს საკუთარი სიცოცხლე - ოღონდ უკვე სხვების სანახავად, უკვე პუბლიკისთვის. შეიძლება აქედან მოდის კარმის ცნებაც. ევოლუციური კინოფილმების IMDB, მაყურებელთა რეიტინგები, ოსკარი სისხლისა და ოფლისათვის.

უკვე მერამდენედ ვცხოვრობ ამ მომენტს? ვკრეფ ტექსტს ლეპტოპის კლავიატურაზე და შიგადაშიგ ვიხედები სარკეში, რომელიც ჩემს წინაა. დიდი სარკე, ვუყურებ საკუთარ მზერას - ცოტა დაისის სუსტი შუქი, ცოტა ლეპტოპის ეკრანის სინათლე ირეკლება თვალის გუგაში. ეს სახე - კიდევ რამდენს ქონდა ასეთი სახე? ასეთი გამომეტყველება? ტუჩები? ოღონდ ის ტუჩები სხვას კოცნიდნენ.

როცა მილენიუმების პერსპექტივით ცდილობ შეხედო შენს არსებობას, ნევროტული ეგო სადღაც ქრება - ჩნდება შეგრძნება რაღაც უცნაური მარადისობის, მარადისობის ლანდის, შანსის, რომელსაც შეგიძლია ჩაეჭიდო და თქვა - მე ვარ, მე ვიყავი, მე ვიქნები, იყვნენ სხვებიც და ისინი და მე - ერთი მდინარე ვართ, ერთი დინება. იმათაც და შენც იცით რომელი თევზები დაიარებიან ამ წყლებში და სად ჩაედინება ეს ყველაფერი.

მზე ისევ ტოვებს პლანეტას. ყოველ დაისზე არქაული ინსტინქტი თითქოს ღელავს, აქტიურდება და ფიქრობ: იქნებ მზე წავა და აღარ დაბრუნდება? რა ვაკეთოთ მაშინ ღამეში? ვინ გაათბობს ჩვენს ძვლებს? ვინ გაათბობს მიცვალებულებს საფლავებში? რომელი ჯადო-გალობა?

ნუთუ ამიერიდან მხოლოდ ღამე და სიცივე უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს? და მერე დადგება დრო, როცა დაიბადება ვიღაც, ვისაც არ ეცოდინება როგორი იყო ვარსკვლავი, რომელიც იწვოდა, იწვოდა ატომური ბომბების მილიარდიანი აფეთქებებით და ეს მისი თვითგანადგურება - ათასობით კილომეტრს იქეთ მცენარეებს ეხმარებოდა მიწა გაერღვიათ და თავები გაეშალათ.

მზე აუცილებლად შესანახია გენეტიკაში, ან რამე ლაბორატორიაში მაინც - ჩვენ გვჭირდება ეს მარადიულად ცეცხლმოკიდებული ვარსკვლავი. ეს ჩვენ ვართ, ეს ჩვენი დროშაა, ჩვენი რეინკარნაციაა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ციური სხეული ვიქნებოდით.