ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პროზა

დღის ლამაზმანი | ჟოზეფ კესელი

- ვირენის ქუჩაზე გამიყვანეთ, გეთაყვა - უთხრა, 
- იქ კი ქუჩა თავიდან ბოლომდე ნელი სვლით გაიარეთ.

კენტი ნომრების მხარე გეჭიროთ. სახლის ნომერი ვერაფრით გამიხსენებია, მაგრამ ფასადით უეჭველად ვიცნობ... ერთი ფასადი... მეორე... სანამ მანქანა წინ ჩაუვლიდა, სეველინმა უკვე იცნო სახლი, რომელსაც ეძებდა. ჩვეულებრივი ნაგებობა იყო, სხვებისაგან არაფრით გამორჩეული, მაგრამ მის ღია სადარბაზოში ეს-ეს არის მამაკაცი შეიძურწა.

მართალია, მხოლოდ მისი კეფის დანახვა მოასწრო, მაგრამ მაინც ეცნო მასიური აღნაგობა. ხმარებისგან გაცვეთილი ქურთუკი, მხრები... ოჰ, ეს ვულგარული კეფა... არა, ნამდვილად ის იყო და მორჩილ ქალებთან მიდიოდა... 

სხვაგან სიარული მას არ შეეძლო. სევერინი თავს დადებდა, იმდენად იყო დარწმუნებული. ბუნდოვანმა და არეულმა ინტუიციამ აიძულა ფიქრებში გაეაზრებინა მამაკაცის ჩქარი ნაბიჯების მიზეზი, ასევე მისი ხელების უნებლიე უხერხულობა და ის დაუოკებელი ვნება, რომელიც ამ სახლისკენ მიაქანებდა.

მანქანა მოკლე ქუჩის ბოლოში გავიდა. მძღოლმა ამის შესახებ აუწყა მგზავრს, რომელმაც მოულოდნელად შინ დაბრუნება გადაწყვიტა. ახლა, სევერინის აკვიატებას ნამდვილად მიეცა საკვები. მამაკაცი, რომელიც ვირენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მალულად შეიძურწა და მამაკაცი, რომელმაც ის ჩიხში ვერაფრით დაიჭირა ერთმანეთს შეერწყნენ და ერთ მთლიანობად იქცნენ. საკმარისი იყო, იმ კაცზე ფიქრი გაევლო თავში, რომელიც იმ საძრახისი სახლის სადარბაზოში გაუჩინარდა, რომ გულის ცემა მყისიერად უნელდებოდა. სევერინი წარმოისახავდა ხოლმე მის დაბალ შუბლს, ხორციან და ბალნიან ხელებს, უხეშ სამოსს. აი, ის უკვე კიბეზე ადის, რეკავს კარზე, შედის ოთახში. ქალები მასთან შესახვედრად გამორბიან. ბუზებივით ეხვევიან. აქ სევერინის ფიქრი წყდებოდა, რადგან ის, რაც მერე ხდებოდა, მისთვის მხოლოდ ახურებულ სხეულთა როკვა, ნეტარი სულების კვნესა და გმინვა, ბუნდოვანი ჩრდილების ფანტასმაგორიული ქორეოგრაფია იყო.

თავიდან ეს ხილვები სევერინისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ხშირი განმეორებასა და ინტენსივობის გამო, თანდათანობით მიუნელდა. ისევ სძლია სახლის ხელმეორედ ნახვის სურვილმა. პირველ უცხო მძღოლს სთხოვა იქ წაყვანა, მეორედ კი ფეხით წასვლა გადაწყვიტა. სევერინს ისე ეშინოდა, რომ წამით შეყოვნებაც კი ვერ გაბედა, რათა ფასადზე მიკრულ ფირფიტაზე წარწერა წაეკითხა.

მხოლოდ ძველ შეეხო კიბეებზე სიარულისას, თითქოს ისინიც იმ ნაღვლიანი და თან აღვირახსნილი გარყვნილობით იყო გაჟღენთილი, ძველისძველმა შენობამ რომ უბოძა თავშესაფრად. მესამე ლაშქრობისას წვრილად ნაწერის წაკითხვა მაინც მოახერხა: "მადამ ანაისი - მარცხენა ანტრესოლი". მეოთხედ სევერინი შენობაში შევიდა. ვერც კი გააცნობიერა, როგორ აირბინა კიბე, როგორ გაიღო კარი და ბოლოს როგორ აღმოჩნდა მაღალი, პირმშვენიერი ახალგაზრდა ქერა ქალბატონის პირისპირ. სუნთქვა შეეკრა. გაქცევაც კი დააპირა, მაგრამ არც გამბედაობა ეყო და არც ძალა. 

- რა გნებავთ, მადმუაზელ? - მოესმა.
სევერინმა გაურკვევლად ჩაილუღლუღა: 

- თქვენ ხართ ხომ... ამით...
არ ვიცი, როგორ ვთქვა... იმ რაღაცით დაკავებული?
- მადამ ანაისი ვარ.
- მაშინ ჩემი სურვილი იქნებოდა... სევერინმა მისაღებს გზააბნეული ცხოველის მზერა მოავლო.
- შემობრძანდით და მშვიდად ვისაუბროთ... შესთავაზა, მადამ ანაისმა.

მასპინძელი პატარა ოთახში შეუძღვა, რომლის კედლებზეც იაფფასიანი მუქი ფერის შპალერი გაეკრათ. უზარმაზარ საწოლზე კი წითელი პლედი გადაეფარებინათ. 
- აბა, გისმენთ. - წამოიწყო მშვენიერ გუნებაზე მყოფმა ანაისმა,
- როგორც ვხედავ, პურის ნაჭერზე ცოტაოდენი კარაქის წასმა გადაწყვიტეთ.
მზად ვარ, დაგეხმაროთ. თავაზიანი და ახალგაზრდული ენერგიით სავსე ჩანხართ, ჯერ კიდევ სრულიად ქორფა. თქვენნაირ გოგონებზე აქ ჭკუას კარგავენ. ნახევარი თქვენ, ნახევარი მე, სხვა ხარჯებს მე დავფარავ.

სევერინს ენა დაება და ვერ უპასუხა. თანხმობის ნიშნად მხოლოს თავის დაქნევა შეძლო. მადამ ანაისი მიუახლოვდა და მხურვალედ გადაეხვია. 
- ვხედავ, ცოტათი ღელავთ, უთხრა მასპინძელმა
- პირველად მობრძანდით, არა?
ნახავთ, რომ საშინელი და შემაძრწუნებელი აქ არაფერია. ჯერჯერობით ძალიან ადრეა, თქვენი მომავალი ამხანაგები ჯერ არ გამოცხადებულან, თორემ ისინიც დაადასტურებდნენ. და როდის აპირებთ დაწყებას?

- არ ვიცი... მოკლედ... ვნახავ
უცებ სევერინს ისეთი განცდა დაეუფლა, რომ აქედან ვერასდროს გააღწევდა, დამფრთხალმა ხმამაღლა წამოიძახა: 
- ყოველ შემთხვევაში, ხუთ საათზე აქედან უნდა წავიდე, ასეა საჭირო.
- როგორც ინებებთ, ძვირფასო. ორიდან ხუთამდე შესანიშნავი დროა. 
თქვენ იქნებით დღის ლამაზმანი, არა?
მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, ძალიან პუნქტუალური უნდა იყოთ, თორემ გამაბრაზებთ და ვიჩხუბებთ. ხუთზე თავისუფალი იქნებით. მეგობარი მამაკაცი გელოდებათ, არა? თუ საყვარელი ქმარი?

თარგმნა მერაბ ფიფიამ