გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფილმი

დიდი ბოროტება პატარა ქალაქებში ბუდობს ანუ „ბასრი საგნები“

ყოველდღიური რუტინისგან დაღლილები სხვისი უჩვეულო ისტორიებითა და ჩახლართული, არცთუ ისე ბედნიერი ცხოვრების განხილვით ვიქცევთ ხოლმე თავს.

შემაძრწუნებელი, ბუნდოვანი ისტორიების მოსმენა „გვიყვარს“, თუმცა მათ საკუთარ თავზე არასდროს გამოვცდიდით.  ფსიქოლოგიური თრილერი, როგორც ლიტერატურული ჟანრი, ალბათ,  ამიტომაც გახდა პოპულარული. ვერ ვიტყოდით, რომ ართურ კონან დოილის, აგათა კრისტის ან თუნდაც ჟორჟ სიმენონის შემდეგ დეტექტივმა საკუთარი თავი ამოწურა. ისინი არა მხოლოდ ჩვენს თაროებზე, მეხსიერებაშიც ცოცხლობენ და ხშირად კინოთეატრების ეკრანებზეც გვახსენებენ, ვინ წერდა კლასიკას, თუმცა თუ დეტექტივს ერთ წვეთ მისტიკას დაამატებ, დიდი ალბათობით, ყოველდღიური რუტინითა და კლასიკური ლიტერატურით დაღლილი მკითხველი დღეს, შენს შემოქმედებას მიეძალება.

რამდენად სამართლიანები ვიქნებით, მისტიკურ თრილერზე საუბრისას მე-19 საუკუნის ბრწყინვალე ნოველისტი ედგარ ალან პო რომ არ ვახსენოთ, რომლის საშინელებათა ისტორიებიც ბავშვობაში მოსვენებას არ გვაძლევდა? დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის „მამა“, ფსიქოლოგიურ თრილერშიც კარგად იყო გამოწრთობილი, ამიტომ მის ნოველებში მკვლელობა მხოლოდ მკვლელობა არ იყო და კატა მხოლოდ უწყინარი შინაური ცხოველი არ ჩანდა. ედგარ პოს მიერ მოთხრობილი ფაქტების ერთიანობა კი ყველაზე უშიშარ და გულქვა ადამიანსაც შეაძრწუნებდა (ცოტათი მაინც).

ედგარი წავიდა, მისი ნაწერები კი ისევ ცოცხალია და ბევრი თანამედროვე მწერლის შთაგონების წყაროდაც ქცეულა, თუმცა რა ხდება დღეს, ფსიქოლოგიური თრილერის მიმართულებით? – ბევრი თქვენგანი ახლა სტივენ კინგს გაიხსენებდა. დიახ, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია ამ ჟანრში, ოსტატურადაც იყენებს კალამს თუ კომპიუტერის კლავიატურას და „მისტიკის წვეთებიც“ ჯერ კიდევ არ გამოლევია, თუმცა, მასთან ერთად, გილიან ფლინიც უნდა ვახსენოთ, რომლის თრილერის – „ბასრი საგნების“ მიხედვით გადაღებული სერიალი HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ნამუშევრად იქცა. ეს მინისერიალში ემი ადამსის მონაწილეობამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, წიგნმა სერიალი და სერიალმა წიგნი კიდევ უფრო პოპულარული გახადა და სხვადასხვა ენაზეც ითარგმნა, მათ შორის, ქართულადაც.

„მძაფრი, პირქუში და საუცხოო... რამდენიმე ღამის განმავლობაში თვალი არ მომახუჭვინა – მაშინაც კი, როცა კითხვას მოვრჩი“, – ასეთი შეფასება დაიწერა ამერიკულ გამოცემა Tulsa World-ში „ბასრი საგნების“ შესახებ.

„ბასრი საგნები“ ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის გილიან ფლინის ერთადერთი ლიტერატურული ნაწარმოები არ არის. მწერლის ნაწარმოების მიხედვით ამავე სახელწოდებით ცნობილი ფილმი – „გაუჩინარებული ქალი“ (Gone Girl)  გადაიღეს. მისი წიგნები 40 ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა კონტინენტზე ვირუსივით გავრცელდა.

„ბასრი საგნების“ მთავარი გმირი ჩიკაგოს ერთ-ერთი რიგითი გაზეთის არც ისე მოწინავე რეპორტიორი, ბრწყინვალე კარიერასა და მაღალ ხელფასზე მეოცნებე კამილ პრიკერია. ვერ ვიტყოდით, რომ კამილი კარიერისტულმა ზრახვებმა დაღუპა, თუმცა მისი ცხოვრება ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორც აქამდე. იქნებ ისეთი ცხოვრებისეული რუტინა ერჩივნა, ჩვენ რომ გვაქვს?

კამილმა შეიტყო, რომ ერთ პატარა ქალაქში ვიღაც მანიაკი პატარა გოგონებს ხოცავს (დევიდ ლინჩის „ტვინ პიქსის“ სცენარი გაგახსენდათ?! თავდაპირველად, მეც ლორა პალმერი წარმოვიდგინე, მაგრამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე). კამილმა გადაწყვიტა, მკითხველს სენსაციური ამბები პირდაპირ დანაშაულის ადგილიდან შეატყობინოს. თანაც, ახალგაზრდა, პერსპექტიული (?) ჟურნალისტი ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, ამიტომ ფიქრობს, რომ კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია. კამილი მკვლელობების დეტალების გამოქექვას შეუდგება და ერთ დიდ კოშმარში აღმოჩნდება, რომელიც სიზმარივით კი არ სრულდება, უფრო და უფრო ხანგრძლივი ხდება, უფრო მძიმდება და ითრევს მას... ვინ იცის, დააღწევს კამილი თავს ამ კოშმარს?

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი გიორგი კიკაბიძე გვეუბნება, რომ კამილის ბედსა და მკვლელის ვინაობას, წიგნის ბოლო გვერდამდე ვერ შევიტყობთ. ასევე გვიხსნის, რომ რამდენადაც მძიმე ფსიქოლოგიურ განწყობასაც არ უნდა გვიქმნიდეს ნაწარმოები, იმდენად ვერ შევძლებთ, მისი კითხვა შევწყვიტოთ და გაცხოველებული ცნობისმოყვარეობა არ დავიკმაყოფილოთ.

კონსტანტინე შარვაშიძის თარგმანი სრულად უნარჩუნებს წიგნს იმ „შემაძრწუნებელ ხასიათს“, რასაც ის ინგლისურ ვერსიაში ატარებს. პროექტის მენეჯერი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ფსიქოლოგიური თრილერების თარგმანებით განებივრებულები არ ვართ, ეს წიგნი კი იქნება სერიის დასაწყისი, რომელიც სწორედ მისტიკურ კრიმინალურ ისტორიებს მოიცავს.

„ჟანრი ჩვენთვის მაინც ახალია. თანაც გილიან ფლინის ნაწარმოებები ქართულ ენაზე არ გამოსულა. „ბასრი საგნები“ რამდენიმე მიზეზის გამო ძალიან საინტერესოა: აქვს თანმიმდევრული თხრობის სტილი, მთავარი პერსონაჟი ბოლომდე იხსნება მკითხველთან და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა დეტალებს. სტივენ კინგის ნაწარმოებების მსგავსად, გილიან ფლინის „ბასრ საგნებშიც“, ბოროტება პატარა, მივარდნილ ქალაქში ბუდობს და არა დიდ მეგაპოლისებში, სადაც ამისთვის თითქოს ყველა პირობაა შექმნილი“, – გვიხსნის გიორგი კიკაბიძე.

„ბასრი საგნები“ ფსიქოლოგიური თრილერით დაინტერესებულ მკითხველს მაღაზიების თაროებზე უკვე ელოდება. მის კითხვას რომ დაიწყებთ, არ დაგავიწყდეთ თეთრი, პრიალა იატაკის არსებობის შესახებ, რომელიც შეიძლება, საბედისწერო, შემაძრწუნებელ ფაქტს უსვამდეს ხაზს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა