ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Don't Cry For Me Argentina | ნიკოლოზ ტაბატაძე

არგენტინა ეგეთი ქვეყანაა, თავისიანებს უანგაროდ იყვარებს, საკუთარ ნაწილად აქცევს და სულს ბოლო ამოსუნთქვამდე უბერავს. ასე შეიყვარა საშუალოდ ნიჭიერი მსახიობი, ევა დუარტე, რომლისთვისაც ბევრი წლის მერე „ქვეყნის დედის“ სტატუსიც გაიმეტა.

შეიყვარა მადონა და გააღმერთა მარადონა. არგენტინა ცხარე ცრემლით ორივემ ატირა – პირველმა ევიტა პერონი განასახიერა და კულმინაციურ სცენაში შესრულებული სიმღერით რიო დელ პლატა ცრემლებით აავსო, მეორემ კი ყველა ის ემოცია დაიტია, რასაც არგენტინელები სიტყვა ფეხბურთს უკავშირებდნენ.

ხუნიორსებიდან დაწყებულ მარადონას მარათონს ფინიშის ხაზი 2020 წლის 25 ნოემბერს გაევლო. იმის შეხსენებაც უხერხულია, რომ ტრაგიზმის მორევში ჩაძირული არგენტინა ტირილის ხილულმა ძაფმა გააერთიანა, ამჯერად უკვე საბოლოოდ.

არადა, გვაფრთხილებდა ევიტა პერონ დუარტე მადონას ვოკალით: Don’t cry for me, Argentina.

ამ ქვეყანაში ყველაზე მეტს ფეხბურთის გამო ტირიან.

ისე მოხდა, რომ ვერცხლის სამშობლოში სულ ორჯერ იტირეს ოქროს ცრემლებით, სრულიად კონტრასტულ გარემოებებში:

78-ის ტრიუმფს დენთის და ტერორის სუნი შერჩა – ვიდელას ხუნტამ არასრულფასოვანი წარმატების გემო დატოვა და მომდევნო თაობებისთვის ამოუხსნელი კითხვა დასვა: ტურნირი კემპესის გაპარსულმა ულვაშებმა მოიგო თუ რეჟიმის მიერ სხვებისთვის მიშვერილმა დამბაჩებმა?

იქაური ფეხბურთის გენეალოგიური ხე რომ ჩავშალოთ, პირველ ცრუ ცხრიანად მონათლულ ადოლფო პედერნერათი დავიწყებთ, დონ ალფრედოს მადრიდულ მემკვიდრეობამდე მივალთ, ომარ სივორის ორიუნდობაზე დავიწუწუნებთ და მარადონასთან შევჩერდებით.

1986 წლის მექსიკური სიცხე და სომბრერო საკუთარ თავზე ყველაზე კომფორტულად ხომ El Pibe De Oro-მ მოირგო. ფოლკლენდის წყენებმა მარადონას ფრთები შეასხა და ინგლისელთა კარისკენ მიმავალი კუნძულოვანი გზა ფარფატით გაატარა. ამ გოლს მემატიანედ ვიქტორ ჰიუგოს ხმა გაჰყვა. სიმბოლოურია, რომ მარადონას გენიალურობის ყველაზე ცხად მტკიცებულებას ასეთი სახელ-გვარის კაცის ყვირილი აფორმებდა. Genio, Genio, Genio – მონუმენტური მნიშვნელობის კლასიკოსის მანტია ურუგვაელმა კომენტატორმა, ვიქტორ ჰიუგო მორალესმა მოირგო. ესეც მარტო მარადონას შეეძლო, ჭკუიდან შეეშალა ყველა, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. ამ ჰიუგომაც გვაჩუქა კლასიკური სტროფები:

„მადლობა, ღმერთო, ფეხბურთისთვის, მადლობა მარადონასთვის“.

მანამდე კი, მუნდიალების ისტორიაში ყველაზე რეზონანსული გოლი ხელით გაიტანა და პაოლო სორენტინოს ბოლო ფილმის სახელწოდების შთაგონებაც გახდა. სორენტინო და მარადონა თხრობის ცალკე ჟანრია. ხუმრობა საქმე ხომ არაა, კამპანიურ აქცენტზე ინგლისურად მოსაუბრე რეჟისორი საკუთარ სიცოცხლეს სწორედ დიეგოს რომ უმადლის.

როგორ არ გაჰყვა მშობლებს აგარაკზე, როგორ არჩია დიეგოს თამაშზე წასვლა და გაზით გაჯერებულმა ჰაერმაც სამის ნაცვლად, ორი ადამიანის სიცოცხლე დაასრულა...

86-ის მერე არგენტინულ ფეხბურთში სიჩუმეა და მხოლოდ ძველი დიდების ანარეკლები ჩანს. 36-წლიან გვალვაში არგენტინელთა იმედით ანთებული თვალები ხან ვინ ჩააქრო და ხანაც ვინ: ინჩადასთვის დანავსულ მოგზაურობაში ბრემეს საფინალო პენალტი, დოპინგზე ჩავარდნილი დიეგოს თვალები, დენის ბერხკამპის პირველი შეხების ხელოვნება, მარსელო ბიელსას ავანტიურული პროექტი, პეკერმანის მიერ ნაადრევად შეცვლილი რიკელმე, მარადონას გაადამიანების, საკრალურობისგან დაცლის აქტი და სამპაოლის რუსული „რულეტკა“ – ყველაფერი ვნახეთ.

და იყო 2014, როცა 1950-ის შემდეგ პირველად, ფეხბურთი აღმზრდელის ხელში დაბრუნდა და ბრაზილიას ჩააკითხა. იყო გესტაპოსნაირი გერმანია, რომლის სადამსჯელო ღონისძიებები ფეხბურთსაც გადასწვდა, ლეო მესიც კი არ დაინდო და არგენტინულ სახეებს ცრემლის კვალი კიდევ ერთხელ დაამჩნია. საფეხბურთო მექაში, თვით მარაკანაზე შესაძლოა ღმერთის კორონაცია გვენახა, მაგრამ იმ დღეს რაღაც ძალას ეს არ სურდა. რამდენჯერ შეუსრულებია ასეთი დარტყმა სკურპულოზური სიზუსტით, სიზმარსა თუ ცხადში, საკუთარ ეზოსა თუ მსოფლიოს წამყვან სტადიონებზე, რამდენჯერ ჩაუსვამს ბურთი სასურველ კუთხეში, მაგრამ არა იმ დღეს, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ნოიერის კარისკენ მიმავალ ბურთს თითქოს ვიღაცამ სული შეუბერა, კარს დააშორა და დიდი ტკივილისკენ წაიყვანა. ალბათ, იმ დღეს გაიაზრა ლეომ, რომ ფეხბურთი მხოლოდ მას არ ეკუთვნის. ჯერ არა.

messivsgermany

გავა 5 წელი და მესი მარაკანას ჭრილობებს მოიშუშებს. შედარებით უფრო მომცრო მასშტაბის, თუმცა არგენტინელ ხალხს პირველ სანაკრები ტიტულს ჩაუტანს. უცნაური ამბავი კია, კოპა ამერიკას ფინალამდე ბრაზილიელი ხალხის ნაწილი მესის წარმატებას რომ ქომაგობდა, თან ვისთან, თან რა მატჩში და რა სტადიონზე? რიოში გასამართი ფინალის წინ, ბრაზილიელი სპორტული ჟურნალისტების ნაწილი და „ჯინგას“ მოყვარული უბრალო ხალხის გულები მოსისხლე მტრის, არგენტინელთა ნაკრების სასიკეთედ განეწყო.

კოპაკაბანასა და იპანემაზე შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთი ვალში არავისთან არ უნდა დარჩეს და „ლა პულგასაც“ ეკუთვნის ერთი სანაკრებო ზეიმი.

ფეხბურთის არაოფიცალურ სამშობლოში გამოჩენილმა სიკეთემ გაჭრა, არგენტინამ ბრაზილია მისსავე სახლში დაამარცხა, მესიმ მეშვიდე ოქროს ბურთი მოიგო და პარიზული თავის ინტროვერტულ ნაწილთან შესახვედრად გაემართა.

მესიმ დიეგოს მიერ გაკვალული გზა არ გაიმეორა, მისგან განსხვავებით, არავისთვის უთხოვია, მოდით და თქვენი ნაკრების წინააღმდეგ მხარი მე დამიჭირეთო. ეს ყველაფერი თავისით მოხდა, მიმართვების და პომპეზურობის გარეშე. მარადონას თუ სიტყვა დასჭირდა, ლეომ „ფილოსოფიური მტრების“ გულები უთქმელად დაიპყრო, მომაჯადოებლად და თავისით.

მისი ხასიათიც ასე იწრთობოდა პატარა ასაკიდან და შესაძლოა ამაში მთავარი დამნაშავე მშობლიური ქალაქია. ქალაქი, სადაც სწორი პასიც თავისით კეთდება და კულტურაც ყველასგან განსხვავებულია; ქალაქი, სადაც ქუჩის ფეხბურთმა განვითარების უმაღლეს წერტილს უწია.

თუ არგენტინა ფეხბურთის ხალხის სამჭედლოა, როსარიო ნამდვილი საბადო გამოდის: გაბრიელ ომარ ბატისტუტა, მარიო კემპესი, ანხელ დი მარია, მარსელო ბიელსა, მაურისიო პოჩეტინო და ტანგოს მთავარი იდეოლოგი, „ფეხბურთის ფილოსოფოსად“ წოდებული, ხორხე ვალდანო – იმ სახელების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ფეხი სწორედ როსარიოს წიაღში აიდგეს და საფეხბურთო ანბანსაც იქ დაეუფლნენ.

საკამათო საკითხია, „მთავარი სპორტის მთავარი ფილოსოფისის“ სტატუსი ვალდანოს უფრო ეკუთვნის თუ იოჰან კრუიფს. აი, სადაც კამათი სრულიად უადგილოა, ამ ხალხის მესისადმი მამობრივი მზრუნველობა და მისი ნიჭის მოკრძალებული თაყვნისცემაა – კრუიფმა ლეოს პირად მუზეუმში დასვენებული ოქროს ბურთების რაოდენობა მათემატიკური სიზუსტით იწინასწარმეტყველა, ვალდანო კი მესის პერსონას საუკეთესო ციტატით აღწერს:

„მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არის მესი და მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი არის ტრავმირებული მესი“

ალბათ, ამ ნათქვამში როსარიოული სოლიდარობაც იკითხება, მაგრამ მარადონას თანაგუნდელისგან „რწყილისთვის“ შეთხზული დითირამბები ლამის უცვლელ კანონზომიერებად იქცა.

ჰოდა, ამ მუნდიალის წინ მესი ინტერვიუზე ვალდანოს დაუჯდა. ბევრ რამეზე იჭორავეს, როსარიოში გატარებული ბავშვობით დაიწყეს, გაიხსენეს, რომ ქუჩის ფეხბურთში ვინმეს 15 სანტიმეტრით მცდარი პასი თუ გაუკეთე, ცერა თითს არავინ აგიწევს მოწონების, ანდაც მადლიერების ნიშნად. რთულია, გაიზარდო იმ ქალაქში, რომელმაც ფეხბურთს ამდენი იდეა მიაწოდა და მემარცხენე კულტურას ჩე გევარა აჩუქა.

კიდევ უფრო რთულია შენი ორგანიზმი ზრდის ჰორმონს დეფიციტურად გამოიმუშავებდეს და მაინც მესი იყო.

ლუის სესარ მენოტიმ ცრემლი ჯერ კიდევ ნორჩ მარადონას ადინა, როცა 1978-ის ტრიუმფის მონაწილედ არ აქცია. გალანტურად გამოწყობილმა, მოდურმა და სიგარეტიანმა კაცმა დიეგო სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვა და მიზნად უმძიმესი გზის გავლა დაისახა. სესარს ყველაფერი ჩინებულად გამოუვიდა.

8 წლის შემდეგ, ბილარდომ მენოტის ყველა იდეა დაგმო, მთელი არგენტინა მარადონას გარშემო ატრიალა და 86-ში ამან ძალიან გაჭრა. კაცობრიობამ ყველაზე სრულყოფილი ინდივიდუალური ტურნირი იხილა.

მერე ისე მოხდა, რომ არგენტინელი მწვრთნელების მომდევნო თაობები მენოტი-ბილარდოს განხეთქილებაში დაიკარგნენ. ყველა, ვინც ამ ორი კაცის კონსპეტქების გავლენის ქვეშ მოექცა, ხელმოცარულ ფავორიტად დარჩა.

ალბისელესტეს ამჟამინდელ დამრიგებელსა და მუნდიალის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელს, სკალონის თავისი ხედვები და ფეხბურთის ახლებური გააზრება აქვს. არც მენოტისტაა, არც ბილარდისტა. მის თამაშს უკვე უწოდებენ სახელს – „ლა სკალონეტა“. მას არც წარსულის აჩრდილებთან გარიგება უყვარს და არც უსახელო მემკვიდრეობის შიში ადარდებს. აღარ. იმ კოპას მერე. და მართლაც, ეს ნორჩი საფეხბურთო სცენარისტია მესის მთავარი იმედი.

კატარი 2022 ბევრის ბავშვობას დაასრულებს. სხვანაირად წარმოუდგენელია – ბოლო საფეხბურთო ცეკვას კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ასრულებენ.

თანამედროვე სამყაროს მოცარტი და სალიერი, რომელთაც საკუთარი მუსიკა მწვანე მინდორზე გადმოიტანეს და ღირსეული მეტოქეობის მრავალწლიანი ისტორია შექმნეს. არის შანსი, მსოფლიომ ღვთაებრივი ფინალი იხილოს და 18 დეკემბერს ლუსაილის სტადიონზე ასეთი ფინალი დაჯდეს. და ვინ იტყვის უარს?!

არგენტინა დღეს იმედით ცოცხლობს. სანამ მესის თეთრ-ცისფერი მაისური აცვია, სანამ ადიდასი მისთვის ვინტაჟური ბუცების დამზადებითაა დაკავებული და სანამ მისი ცაცია როსარიოს ქუჩების მაგიას იტევს, ევიტა პერონის ქვეყანა ოცნებებით იკვებება.

მესი გენიაა, რომლის შემდეგაც ფეხბურთი უარესი გახდება და არგენტინა მისთვის აუცილებლად იტირებს.


ავტორი: ნიკოლოზ ტაბატაძე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა