გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დრო და კორძი

“დროსა“ და „კორძის“ ქართული რეპი

(გასული საუკუნის რეცენზირების რესტავრაციის მცდელობა)

„ყველა საუკუნეს თავისი მუსიკა აქვს და აუცილებელია, მუსიკა ის იყოს, რაც ამ საუკუნისაა. ამიტომ ჩემ ფიქრებს მნიშვნელობა არა აქვს“ - მითქვამს, როდესაც ალექსანდრე კორძაიას („კორძის“) პირველი რეპი მოვისმინე სანდრო ფოფხაძესთან („დრო“) დუეტში. მაშინ ეს ნათქვამი ფირზე ჩაუწერიათ და ახლა, როდესაც კორძის გამოგზავნილ ბოლო ტრეკებს ვისმენდი ახალი ალბომისათვის, ფინალში, მოულოდნელად ეს ფრაზა გაისმა და იქცა კიდეც ამ სტატიის ინსპირაციად; დამაფიქრა, რა შეცვალა ამ სამიოდ წელმა. გატაცებისა და აღფრთოვანების თვალსაზრისით თითქოს დიდი არაფერი, თუმც, აღმოჩნდა რომ უკვალოდ არ ჩაუვლია. დროს ხომ თავისი თვისებები აქვს და ერთ-ერთია შეჩვევა. ჰო და, ეს ჩემზეც გავრცელდა.. ჯერ იყო მაქსიმე მაჩაიძე, ახლა „კაია კატად“ რომ იცნობენ, მერე ალექსანდრე და სანდრო - ახლობლები არიან და იძულებული ვიყავი მომესმინა. თანდათან შევეჩვიე და ფიქრიც კი დავიწყე - რადგან არსებობს, რადგან ახლგაზრდობა დიდი ინტერესით უსმენს და თვით დიდი რიუიჩი საკამოტოს რეაქციაც მოჰყვა, ესე იგი არის ამაში რაღაც, რასაც ჩემი ასაკი და ამ სფეროში უკიდურესად მწირი განსწავლულობა არ ყოფნის. ამიტომ უნდა შევეცადო, იქნებ აღმოვაჩინო კიდეც ის „რაღაც“.

ვაღიარებ, რომ ეს ჩემი მუსიკა არ არის. მე ალექსანდრეს აკადემიური თხზულებები გაცილებით უფრო მომწონს. იქ ვხედავ როგორ იხვეწება ფორმა, როგორ ღრმავდება მუსიკალური აზრის ლოგიკურობა, როგორ მდიდრდება აკუსტიკური მიგნებებით, აზრის სიღრმით და იბადება მისი ინდივიდუალური მუსიკალური ენა. და თუ აღტაცებაზეა ლაპარაკი, ეს გრძნობა გამიჩინა მისმა ბოლო თხზულებამ - ტექნიკურად ურთულესმა და კონცეპტუალურად ღრმა, რაფინირებულმა ჩელოს კონცერტმა კამერული ორკესტრის თანხლებით, რომელიც დაიწერა სპეციალურად ჰოლანდიის შეკვეთით, ფესტივალისათვის “CHELLO BIENALLE, AMSTERDAM’. აქ არ მიშლის ხელს არც უჩვეულო აკუსტიკური წყობა, არც უჩვეულო ტექნიკური პასაჟები და არც სხვაგვარი სიახლეები, რომელიც ამ კომპოზიციაში უხვადაა.

ეს ჩანართის სახით, ახლა კი ისევ ძირითადი - რეპი და „კორძი - დროს“ ახალი ალბომი.

რეპი, ჩემი აზრით, როგორც ყველაფერი ამქვეყნად, კარგად დავიწყებული ძველია.

რეპი რეჩიტატივს, ანუ მეტყველებაში მახვილ რიტმულ ჩქარსათქმელებზე ორიენტირებულ სტრუქტურულ კომპოზიციას უწოდეს საკრავთა თანხლებით. არის კი ეს ახალი? თავი რომ დავანებოთ ფოლკლორს და ავიღოთ ფრაგმენტები მოცარტის ლეპორელოს არიიდან „დონ ჯიოვანი“ (მე-18 საუკუნე), ფიგაროს არია როსინის „სევილელი დალაქიდან“ (მე-19 საუკუნე), აშკარად შევიგრძნობთ დღევანდელი რეპის ნიშნებს, ანუ მათში გაცხადებული თვისებები მომღერლისაგან, ვოკალთან ერთად, სიტყვადწარმოქმნის უმაღლესი ტექნიკის ფლობას მოითხოვს ჩქარი ტემპისა და არაერთგვაროვანი რიტმის ფონზე, რაც არსობრივად აახლოვებს რეპთან. ასეთი მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება ფოლკლორული (და არა მარტო ქართული) და კლასიკური საოპერო თუ კამერული მუსიკიდანაც. ეს ჟანრები ახლოს არიან ტექსტურადაც - ორივე შემთხვევაში ხაზგასმულია არა ლირიკა, არამედ სოციალური, ხშირად კომიქსში გადასული სატირა, რაც შესამჩნევადაა გამძაფრებული რეპში. რეპის ამგვარმა რეტროსპექტულმა გააზრებამ ერთგავარი სიმშვიდეც კი მომგვარა და მიმახვედრა, რომ თანამედროვე ახალგაზრდა რიტმულ, თუ ტექსტურ იმპულსებს თანამედროვე ტემპო-რიტმული დინამიკიდან აიღებს და არ და ვერ წაყვება ტრადიციულს. ეს განაპირობებს, ჩემი აზრით, ეპოქის კვალდაკვალ არააკადემიური მუსიკის (რომელსაც ცოტა ხნის წინ საესტრადო მუსიკად მოვიხსენიებდით) განახლების პროცესს.

როდესაც პირველად მოვხვდი ქართველ რეპერთა კონცერტზე, შესასვლელში რეპერის დაბეჭდილ ტექსტებს არიგებდნენ. მსვლელობისას აღმოვაჩინე, რომ სულ ორიოდ ჩემი ასაკის მსმენელი ვიხედებოდით ამ ფურცელში, რადგან ახალგაზრდებმა, უბრალოდ, ზეპირად იცოდნენ და აჰყვებოდნენ ხოლმე რეპერს. მაშინ ყველაფერი უჩვეულო და გამაღიზიანებელიც კი იყო ჩემთვის. ისიც, რომ ახალგაზრდა შემოქმედნი თავიანთ ნამუშევრებს „ვეშჩებს“ (რუსული სიტყვა) უწოდებენ, რომ ლექსიკონიდან ამოაგდეს „დავწერე“, „შევქმენი“ და ჩაანაცვლეს ტერმინით „ვაკეთებ“. ისე სწორია - თუ „ვეშჩია“, ვერ მიუსადაგებ შექმნას. ამასაც შევეჩვიე. ისიც აღმოვაჩინე, რომ უძველეს პოეზიაშიც არის ამგვარი რიტმული ბლოკები, რომლის მახასიათებელი რომელიმე მარცვალია. თუნდაც ბესიკის (გაბაშვილის) „ტანო ტატანო“. დასაწყისის ეს რიტმული მარცვალი „ტა“ მერე ცვალებადი ხდება - „ტანო ტატანო, გულწამტანო,უცხოდმარებო!ზილფო, კავებო, მომკლავებო,ვერსაკარებო,წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,შემაზარებო,ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,სულთწამარები.“ თუ ამ სიტყვებს რეპის მახასიათებელ ჩქარ ტემპში წაიკითხავთ და პერკუსიას დაუმატებთ,ნამდვილი რეპი გამოვა. განსხვავება იმაშია, რომ ეს ლექსია, თავისი წყობით, რასაც ვერ ვიტყვი რეპერების ტექსტებზე.

ასეა თუ ისე, უკვე მშვიდად ველოდი ამ ახალ ალბომს.

პირველივე კომპოზიციაში ვიგრძენი, რომ სანდროს ლექსიკა ბუნებრივად, ორგანულად ედება კონტრასტულ მუსიკალურ ველს. „ლექსიკას“ იმიტომ ვამბობ, რომ ვფიქრობ, აქ არა ლექსთწყობა, სიტვათწყობაა მთავარი.

მათში არის სიტყვები, რომელიც პერიოდული სიხშირით მეორდება და ისმის მკვეთრად, სავარაუდოდ, იმის ხაზგასასმელად, რომ დანარჩენს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ არ რჩება ლექსის პოეტური განცდა, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს არა პოეტური, არამედ ფონეტიკური ბლოკებია, კომპოზიციის განვითარების მანძილზე გარკვეული აზრის მატარებელი ფორმულის სახეს რომ იძენს და ემოციურად უკვე მუსიკის რიტმი ავსებს. მაგლითად: „დიდი გოგოები,“ „ნუ მეკამათები რა ბიძია“, „მე შენ გაჩუქებ“, „გზაში“ „ორი ცა არის“, „სასწრაფო“, „გზაში ვარ“, „მე სიზმარში არ ვარ“, „წარმატება“ და სხვა. უნდა ითქვას, რომ სანდროს თუმც მეტყველების სკოლა არ გაუვლია, ძალიან კარგად ფლობს ამგვარი სირთულეებისათვის აუცილებელ მეტყველების ტექნიკას, კულტურას, სადაც სიტყვის მარცვალი უფრო მუსიკალური კატოგორიის მატარებელია და კრებითად შეკრული, სოციუმის მახასიათებელ ლექსიკას აქცევს ხელოვნების ფორმად.

ბევრს მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც მე ქართული თუ უცხოური რეპერები მომისმენია, მუსიკალურ თანხლებაში ძირითადია რიტმული საფუძველი, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, წამყვანია პერკუსია, ანუ დასარტყამების ჯგუფი. ვფიქრობ, ალექსანდრე და სანდრო სხვა გზით წავიდნენ, რაც უფრო მუსიკალურ მხარეს შეეხო. „კორძი-დროს“ ექვსივე კომპოზიცია ელექტრონიკისა (კომპიუტერული ტექნოლოგიები) და live კლავიშის სინთეზია, შერწყმული remake ჩანართებთან. ეს თემატური რიმეიკები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მუსიკალური თუ ლექსიკური აზროვნების ეპოქალური ჯაჭვის უწყვეტობას.

თუ მუსიკის ქმნადობის ზოგად პროცესებს გადავხედავთ, ნათელი გახდება, რომ ერთი და იგივე თემაზე ნაწარმოებების შექმნა უცხო არ იყო ძველი დროებიდან მოყოლებული. საერთო თემებს აღმოვაჩენთ ბახის, ჰენდელის ვივალდისა და სხვათა ნაწარმოებებში, თუმც ისინი ინდივიდუალობას კომპოზიტორის ხელწერითა და გააზრებით მოიპოვებენ. ასეა ქართულ მუსიკაშიც - უამრავი ფოლკლორული თემა ხან სიმფონიაში გაიჟღერებს, ხან კვარტეტში და ხან კინომუსიკაში, მაგრამ მკვეთად განსხვავებული აზრით, ენითა და ხელწერით. ამდენად, აღშფოთება - როგორ გაბედა კომპოზიტორმა, რომ თავის კომპოზიციში შეეხო ბახს, ჩაიკოვსკისა თუ მოცარტს - არ ღირს. მთავარია, შედეგი - როგორ შეეხო მათ და შესძლო თუ არა ლოგიკურად გაეთავისებინა ისე, როგორც, მაგალითად. ალფრედ შნიტკემ შეძლო ტრიოში “MOC-ART”. ვფიქრობ, ალექსანდრემ კონცეპტუალურად გაიაზრა ეს პრობლემა არა მარტო რეპში, არამედ აკადემიურ მუსიკაშიც.

ახალი ალბომი 6 კომპოზიციას მოიცავს სანდროს ტექსტებზე: 1. დიდი გოგოები; 2. Skeet; 3 სკეიტბორდ დრო; 4. ქებებ რექვიემი; 5. გზაში ვარ; 6. წარმატება. ექვსივეს, რიმეიკის პრინციპით, თავისი წინაპარი ჰყავს. პირველშია ბოროდინის ყივჩაღ ქალთა გუნდი, მესამეში მაილს დევისი და მისი Birth of the cool, მეოთხეში ჯონ უილიამსის ულამაზესი ლირიკული ფრაგმენტი ფილმიდან „შინდლერის სია“, მეხუთეში ბახი და მეექვსეში მოცარტი.


გარედან შემოჭრილი სხვადასხვა დროისა და სტილის ეს ინტონაციები ლოგიკურად ერთვის კორძის კომპოზიციების მთავარ აზრს და შინაგან კონტრასტულ დინამიკას განაპირობებენ. ამასთან, ალექსანდრე ფაქიზად და ზომიერად ეკიდება ელექტრონულ ფაქტურას და არ ძალადობს მასზე. მიზეზი უდაოდ არის მისი მუსიკალური განათლება (ციურიხის, ბაზელის, ჰააგის უმაღლესი მუსიკალური სკოლები) და კარგი გემოვნება. მის კომპოზიციებში ელექტრონული აკუსტიკა არ არის აღმოჩენების დემონსტრირების საშუალება, ყველა მიგნებული სიახლე მუსიკალური აზრის განვითარების კანონზომიერებას ემორჩილება და არა ეფექტს. აქ არის მინიმალიზმიც და გაშლილი საორკესტრო ფაქტურაც, მელოდიურობაც, უჩვეულო ჰარმონიული სვლები და ცვლადი ტემპო-რიტმული ბლოკები, რაც, ერთი მხრივ, ინდივიდუალობას სძენს ცალკეულ კომპოზიციას და, მეორე მხრივ, გამოკვეთს გამაერთიანებელ ძარღვსაც, რომელიც ციკლურობის ფორმას სძენს ალბომს. ამასთან, ლოგიკურად უხამებს სანდროს ლექსიკურ ფორმებს, რაც ორგანულ დუეტს ბადებს.

და მაინც, მე, როგორც ძველმოდურ ადამიანს, ამ ციკლშიც ვცდილობ ვიპოვნო აზრობრივი ღერძი, როგორც ტექსტში, ასევე მუსიკაში. თუმც ჩემი ეს აკვიატებული იდეა ხელოვნების ეპოქათა ერთიანობის და ევოლუციის შესახებ, უფრო მუსიკაში იგრძნობა; ეს არის გზა ბახიდან მაილს დევისამდე და შემდგომ. ამიტომაც ჩემეულად დავალაგე ჩემთვის ეს კომპოზიციები და საერთო სახელად „გზა“ შევარქვი: ვიწყებ ბახიდან - გზა, რომელსაც სასრული არ აქვს. ამ გზას მივყევართ ალექსანდრე ბოროდინამდე, შემდგომ ჯონ უილიამსთან, მაილს დევისთან, სტეფანესთან და ბოლოს მოცარტათან. რატომ ბოლოს მოცარტი? რადგან იგი დღეს ყველაზე მძაფრად ზემოქმედებს არა მარტო მუსიკოსებზე, არამედ ზოგადად ხელოვნებაზე. მისი იმპულსები გასცდა ხელოვნებას და თავი იჩინა ფსიქოლოგიურ მეცნიერებასა და მედიცინაშიც კი. შეიძლება ამიტომაც, სწორედ მას დავუტოვე ბოლო სიტყვა. იქნებ ალექსანდრემაც! აქ მას გამოყენებული აქვს ლეპორელოს რეჩიტატიული ტიპის არია „სიით“, რომელიც დასაწყისშიც ვახსენე, როგორც რეპის წინაპარი და აი, წინ დამხვდა კიდეც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ასე ვთქვათ „მესამე ხელი“ ყოფილა. ამდენს მე ვერ მივხვდებოდი, თამრიკო კორძაიას რომ არ ეთქვა, ეს არის მიხაილ ნაიმანის რიმეიკის რიმეიკიო და ლინკიც გამომიგზავნა. ამ ინფორმაციათა შემყურეს აუცილებლად უნდა მომესმინა ნაცნობებთან ერთად, ეს ჩემთვის უცნობი მუსიკაც.

ჰო და, იქნებ ცოტა ხანში ამ ჟანრის „ფანიც“ გავხდე. ვნახოთ.


ტექსტი: მანანა კორძაია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა