ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დუმილი | თამარა მეარაყიშვილი

რა ხდება ახალგორში?

მაკა აგვისტოში წავიდა თბილისში სამშობიაროდ და უკან ვეღარ დაბრუნდა. გზა ჩაიკეტა. ქმარი აქეთ დარჩა. 

ვერ გადადის ვლადიკავკაზიდან, ოსური პასპორტით არ უშვებენ. იქ რუსული სჭირდება, ან ქართული, რომელსაც ვერ აჩვენებს, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა არ უფიქსირდება. ორმაგი მოქალაქეობა კიდე არაა დაშვებული. 

დევნილის შემწეობით ცხოვრობენ.  

მეოთხე შვილი გაუჩნდათ. ჯერ არ უნახავს ბავშვი. ოთხი თვისაა უკვე. 

მარგო მარტიაშვილს ინსულტი რომ დაუდგინეს, იქვე უთხრეს, თბილისი სჭირდებაო. მაგრამ არ გამოუშვეს. ცხინვალში გადაიყვანეს. არც რეანომობილი ჰყავთ აქ. მეორე დღეს რეანიმაციაში გარდაიცვალა. სახელმწიფო რო არსებობდეს, მარგო მარტიაშვილზე უკვე სარჩელი იქნებოდა გაგზავნილი სტრასბურგში. 

ასეთი სიტუაციებით მანიპულირებენ. ჯერ საშვი იყო საჭირო პასპორტამდე, ახლა პასპორტს რომ აიღებ, მერე ისევ უნდა მოითხოვო საშვი. ამას ელოდო კიდევ. არ იცი, რა მომენტში მოგთხოვენ საგუშაგოზე. ასე ქმნიან ხელოვნურად პრობლემებს, რომ ხალხისთვის ამ ხაზის გადაკვეთა გადაულახავი დაბრკოლება იყოს.

კვირას იყო დაკრძალვა. გზის დაკეტვამდე თბილისში გაუკეთეს ოპერაცია. სეფსისი განუვითარდა, მაგრამ უმკურნალეს და გამოწერეს. უბრალოდ, გააფრთხილეს, განმეორებითი პროცედურისთვის უნდა ჩამოხვიდე სექტემბერშიო. 4-ში ჩაიკეტა გზა. რამდენ მაღალი თანამდებობის პირს სთხოვეს, გაუშვითო, მაგრამ იმათ - სეფსისს ჩვენც ვუმკურნალებთო. 

ცხინვალის საავადმყოფოდან უკვე მომაკვდავი გამოწერეს. თბილისში იმ დღესვე  გარდაიცვალა. 72 წლის იყო შოთა დრიაევი. 

სახელმწიფო რომ იყოს, შოთა დრიაევზეც გაგზავნიდა სარჩელს.

ბიძაჩემს იანვარში დაუდგინეს სიმსივნე. ოპერაცია გაიკეთა თბილისში, დაიწყო მკურნალობა, კარგად მიდის ყველაფერიო, რამდენიმე გადასხმა მოუწია და მერე აღარ გამოუშვეს. ცხინვალში ამ წამალს ვერ უსხამენ. განხილვის სიაში ჩაგსვესო, ეუბნებიან, მაგრამ საშვი არ აქვს. ოთხი თვე დააგვიანა უკვე. 

თამრიკო გიგაურს ისევ ბინაზე მკურნალობენ. სითხე უგროვდებაო გვერდებში. აქაური ექიმი უტარებს პროცედურებს, მაგრამ გადაყვანაზე არაფერს ამბობენ. ჯერ საბუთიც არ მიუციათ. 

აგვისტოს მერე მოხუცებს პენსია არ აუღიათ, პურსაც ვეღარ ყიდულობენ. ვერ თბებიან. ერთი ქალია, მაგის შვილი წეროვანში ცხოვრობს. სულ არ მჭირდება ამათი პასპორტი, ავდგები და მივცემ უკანო. წასვლა მინდა, მენატრებიანო. გაიხედე-გამოიხედეო, აბა, ეს სახლები უკვე საფლავებსა ჰგავსო. 

პაატა ზაქარეიშვილი

ახლა ყველაფერი გაჩერებულია. იქით გაჩერდა გალის შეხვედრები, აქეთ გაჩერდა ერგნეთის შეხვედრები. 

ანატოლი ბიბილოვი ღიად ამბობს, რომ ყველაფერი ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს გამო ხდება. 

სამი თვეა იმართება მხოლოდ ტექნიკური შეხვედრები, სადაც არ არსებობს პროტოკოლი, არაფერია წინასწარ დაგეგმილი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრება და არავინ იცის, რაზე ისაუბრეს. ძირითადად ძალოვანი სტრუქტურები ესწრებიან. არც შერიგების სამინისტრო, არც სხვა სახელმწიფო უწყება არ მონაწილეობს. 

წნელისის საპასუხოდ, ოსებმა სამი ახალი საგუშაგო დააყენეს. რატომღაც ამაზე არ საუბრობენ. შემდეგ ყველაფერი გადაფარა ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებამ. და ძალიან მალე, სამწუხაროდ, მისი საკითხიც გაიჭედა. სასამართლოზე ყველაზე უარესი შედეგი დადგა: ყველაზე მკაცრი განაჩენი გამოუტანეს. რა შეიძლებოდა ამაზე მძიმე შედეგი ყოფილიყო? არაფერი რომ არ გაკეთებინა ხელისუფლებას, ალბათ, ეს იქნებოდა შედეგი. თუ გააკეთა, რა გამოდის. 

ჩავარდნილია საგუშაგოების თემა - კაციშვილი ხმას არ იღებს. ჩავარდნილია გამყოფი ხაზის თემა, რომელზეც გზა ჩაკეტა ცხინვალმა. ახლა უკვე ჩავარდნილია გაფრინდაშვილის თემაც. ყველაზე დრამატული ვითარებაა.როგორც ჩანს, ოჯახი ფიქრობს, რა ქნას. დუმილი ფიქრის დროს კარგია, რომ საქმე არ გავაფუჭოთ, მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება. ალბათ ოჯახი  მიხვდა, რომ შესაძლებლიდან ყველაზე უარესი რამ მოხდა და ახლა სხვა სტრატეგიაზე გადავიდა. სრული კოლაფსია. ცხინვალის მიმართულებით და გალის მიმართულებით - პროცესი ახლა არის ნული. 

ჩამოდიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ხვდებიან თბილისში ოფიციალურ პირებს, მიდიან სოხუმში და ხვდებიან ოფიციალურ პირებს. სოხუმმა ახლახან შემოიღო რაღაც უაზრო წესი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების პასპორტებში აკრავენ შტამპებს, ამიტომ, საერთაშორისო ექსპერტები და დიპლომატები ერიდებიან იქ შესვლას, თუმცა ჩადიან ცხინვალში და ბრუნდებიან უკან. ჟენევაში კი, ჰუმანიტარული საკითხების განხილვას არ ესწრებიან აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. ამ დროს ჰუმანიტარული საკითხებია სასწრაფოდ გადასაჭრელი. 

ყველა ხვრელი ამოვსებულია. 

ქართულ-ოსური გამყოფი ხაზის გასწვრივ, ორივე მხრიდან, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, ბევრი საგუშაგო გაიხსნა. ახლები დაემატა 2008 წლის ომის შემდეგ. ყველა საგუშაგო განიხილებოდა და თანხმდებოდა ქართულ-ოსურ-რუსულ მხარეებს შორის. 2008 წლამდე ხელისუფლება იქცეოდა უკიდურესად თვითნებურად და თავნებურად, მათი ეს ავანტიურისტული და ვოლუნტარისტული პოლიტიკა ყოველთვის ართულებდა სიტუაციას, მაგრამ „ქართული ოცნების“ დროს ეს პირველად ხდება. ვერაფრით ამიხსნია, მაინც რატომ დასჭირდა ქართულ მხარეს ასე ვოლუნტარისტულად საგუშაგოს წნელისთან განთავსება. რა სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რაც თავის დროზე ვერცერთმა მთავრობამ ვერ განსაზღვრა, რატომ გახდა დღეს, ახლა, ამ ადგილას ეს ასეთი მნიშვნელოვანი? საპასუხოდ მივიღეთ სამი საგუშაგო მეორე მხრიდან. არცერთი მხარე არ იხევს უკან. რთულია ახლა უკან დახევა, მით უფრო - წინასაარჩევნოდ. 

იქ ბიბილოვს აუჯანყდა საზოგადოება, ქართველები არ სცემენ პატივს შეთანხმებასო. საპასუხოდ მანაც საკუთარი ხალხი, ახალგორის მოსახლეობა, აიყვანა მძევლად. ჩაუკეტა გზა, ტოვებს მხოლოდ სინაგურის გამშვებ პუნქტს, მაგრამ ის მოუხერხებელია, შორსაა. უგუნურების მწვერვალია. ადამიანები ავად არიან, ვერ გადმოდიან, ორი დაიღუპა ავადმყოფობის გამო. ჭაში ჩავარდნილ პაციენტთან წასულ ექიმს იჭერენ. სრულ აბსურდამდე მიდის საქმე. 

ჩემთვის ისიც პასუხი იქნებოდა, ვინმეს რომ ეთქვა: წნელისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ვერ ვამხელთ ჯერ, რატომ. კი, ბატონო, მაგრამ არც ამას გვეუბნებიან. 

თუმცა, გზა ყოველთვის არსებობს, ომიდანაც არსებობს გამოსავალი. ვისაც ოსური მხარე ენდობა, მან უნდა ილაპარაკოს მთავრობიდან. კომუნიკაცია, მოლაპარაკება უნდა დაიწყოს. ასეთი რამეები ხდება. როდესაც ტყვეთა გაცვლა ჩამივარდა ერთხელ, გავედი აფხაზებზეთან და ვუთხარი, ბოდიში, ჩვენი ბრალია, და თუ გამიგებთ, მოდით, გადავდოთ 2-3 თვით-მეთქი. ამ დროს მოსულა გულახდილი საუბრები. 

აქ კი სრული დუმილია. „ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას დე ფაქტო ხელისუფლებებთან“ - ეს მიდგომა უგუნურებაა. „ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვაქვს პოლიტიკურ ფიგურებთან“ - მაშინ როგორ აგვარებ კონფლიქტს? როგორ გადაჭრი ჰუმანიტარულ საკითხებს, თუ არ არსებობს კომუნიკაცია? 

მეორე მხრივ, ეს ოპოზიციის დაკვეთაა. ახლა არავინ ფიქრობს კონფლიქტებზე. ახლა ყველა ფიქრობს არჩევნებზე. „ქართული ოცნება“ მძიმე მდგომარეობაშია. მთელ პოლიტიკურ დღის წესრიგს მთავრობას ერთიანი ოპოზიცია უდგენს. მმართველ პარტიაში კონფლიქტების მიმართულებით კომპეტენტური არავინ დარჩა. სამაგიეროდ, განსაკუთრებით, „ევროპულ საქართველოში“ ბევრია, ვინც ეს თემა კარგად იცის, ვინც იცის, რა დაუტოვეს „ქართულ ოცნებას“ მემკვიდრეობად, რა ფორმატებია, რას როგორ გამოიყენებ. მუდამ ჩასაფრებულები არიან და შეიძლება კარგი საქმეც გაუფუჭონ, თუ ეს მათ პოლიტიკურ მიზნებს დასჭირდა. 

ამიტომ იმარჯვებს ეს განწყობა „ოცნებაში“: მოდი, არაფერი გავაკეთოთ და ვერც დაგვარტყამენ. 

ვიდრე მთავრობაში წავიდოდი, მეგონა, ქართული პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ნაციონალიზმი იყო. აღმოჩნდა, რომ ნაციონალიზმი არის მხოლოდ შირმა, რომლითაც არაკომპეტენტურობა იფარება. როცა არ იცი, რა აკეთო, ნაციონალიზმი ყველაზე კარგი რამაა, დასამალად. 

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა