გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ანაკლია
თეგები: #ფესტივალი

ექო ანაკლიიდან

ECHOWAVES ახალი ტალღაა. ახალი მუსიკალური ტალღა. ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ნანახი, განცდილი და მოსმენილი ფესტივალების ექოა, რომლის ხმასაც აგვისტოს ბოლოს ანაკლიაში გავიგონებთ. 

23-დან 26 აგვისტომდე ანაკლია მასშტაბურ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს, რომლის ორგანიზატორებიც მუსიკალურ ინდუსტრიაში მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბალკანელი მენეჯერები არიან. პროექტი Check in Georgia-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

ECHOWAVES-ს აქვს ამბიცია, საერთაშორისო მასშტაბის კონკურენტუნარიან ფესტივალად იქცეს, ამიტომ სტუმრებისთვის კომფორტული და საინტერესო გარემოს შექმნა პრიორიტეტია:

„მთავარია, ადამიანებს ბედნიერად აგრძნობინო თავი. თუ ამას მხოლოდ როგორც ბიზნესს, ისე უყურებ, მაშინ ეს აზარტულ თამაშს ემსგავსება. ბოლომდე უნდა იყო ჩართული, ძალიან უნდა გაინტერესებდეს და გიყვარდეს, რასაც აკეთებ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ასევე მნიშვნელოვანია, სწორად დაგეგმო, რომ ვალებში არ გადავარდე და მუშაობის გაგრძელება შეძლო“, – ამბობს ბრანე კოსტადინოვი, EEMM (Eastern European Music Management) ჯგუფის დამფუძნებელი და ANAKLIA ENTERTEINMENT GROUP-ის ხელმძღვანელი. 

ბრანე სფეროში 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩაერთო, როცა ბალკანეთი ელექტრონული მუსიკის ბუმმა მოიცვა. სლოვენიაში საკუთარი კლუბისა და ონლაინდაჯავშნის სააგენტოს დაარსების შემდეგ მან მენეჯერული კომპანიაც შექმნა და თანდათან მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბზე გავიდა. 10 წელზე მეტია, ცნობილ სერბულ ფესტივალთან, EXIT-თან თანამშრომლობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენაა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. Exit თავიდან ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა იყო და ფესტივალს საფუძვლად სწორედ მათი იდეები დაედო.

„საქართველოშიც, როგორც ვხედავთ, საკლუბო ცხოვრება და ელექტრონული მუსიკა ერთგვარ მოძრაობად ჩამოყალიბდა. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა Exit-თან მისი დაკავშირება“, – ამბობს ბრანე. 

ECHOWAVES-ის მენეჯერი ლანა პაჰიჩი ამბობს, რომ პირველი, რის გამოც ანაკლიამ დააინტერესა, ამ ადგილის პოტენციალი იყო. „მივხვდით, რომ უნდა ჩაგვერთო საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორები და დაგვეწყო ახალი ისტორია, რომელიც  ათწლეულებს გასტანს“, – დასძენს პაჰიჩი. მისი თქმით, ECHOWAVES-ს აქვს პერსპექტივა, მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ფესტივალი გახდეს. 

ფესტივალებზე ათასობით და ათიათასობით ადამიანი იკრიბება. ამიტომ, ორგანიზატორებს მუსიკალური პროგრამისა და მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, უსაფრთხო  გარემოს შექმნაზეც აქვთ პასუხისმგებლობა. ევროპის დიდ ფესტივალებზე უკვე ორი ათეული წელია გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ვიწრო პროფილით მუშაობენ და ფესტივალის სტუმრებს უსაფრთხო გართობაში ეხმარებიან. წელს პირველად, ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება. ამისთვის ECHOWAVES-ზე სლოვენიური DrogArt-ის წარმომადგენლები ჩამოვლენ და ქართულ SAFEWAVES-თან ერთად იმუშავებენ. 

DrogArt 1999 წელს დაარსდა და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზიანის შემცირების მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. SAFEWAVES კი სულ ახლახან, 2018 წლის ივნისში შეიქმნა საქართველოში. მისი მიზანი საფესტივალო კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდა და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ზრუნვაა. ორგანიზაცია SAFEWAVES-ში გაერთიანებული პროფესიონალები (ფსიქოლოგები, ექიმები თუ დატრენინგებული მოხალისეები) 4 მიმართულებით იმუშავებენ: 1. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზიანის შემცირების კამპანია; 2. ფესტივალზე მოქცევის წესები; 3. ზოგადი რეკომენდაციები საფესტივალო კულტურაზე; 4. გარემოს დაცვა.

ფესტივალის ღირებულებითი ორიენტაცია, რომელიც მრავალფეროვნებას და განსხვავებების პატივისცემას გულისხმობს, კარგად აისახება მუსიკალურ პროგრამაშიც. 4 საფესტივალო დღის განმავლობაში რამდენიმე სცენაზე 150-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, რომლებიც განსხვავებული მუსიკალური გემოვნებით და სტილით გამოირჩევიან.

ფესტივალზე 4 სცენა იქნება: Main Stage, Eye Stage, Khidi Stage და Taiyo Stage.

Khidi-ის სცენა ფესტივალზე კლუბ „ბერგჰაინის“ რეზიდენტებს და თანამედროვე ტექნოს სცენის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დიჯეებს, Ben Klock-სა და Marcel Dettmann-ს უმასპინძლებს. ამის გარდა, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, Claro Intelecto-ს ცოცხალ შესრულებას, ასევე Anetha-ს, Antigone-ს, Shlømo-ს, François X-ისა და სხვა აქტუალური არტისტების დიჯეი-სეტებსაც მოუსმინოს.

ანაკლიაში წარმოდგენილი იქნება კიდევ ერთი, ყველასთვის კარგად ცნობილი Eye Stage, რომელიც უკვე მეორე წელია ფესტივალებზე წარმატებით ფუნქციონირებს. სცენის იდეის ავტორების თქმით, Eye Stage-ის შექმნისას მთავარი იდეა იყო, გაჩენილიყო სივრცე, სადაც ადამიანი სიმყუდროვესა და კომფორტში შეძლებდა მუსიკის მოსმენას. ამ სცენის მთავარი პლუსი მრავალფეროვნებაა, რომელიც როგორც სასცენო დეკორაციებში, ასევე მუსიკაში გამოიხატება. 

Echowaves-თან ერთად კიდევ ერთი ახალი სცენა იბადება – Taiyō. სხვა სცენებისგან განსხვავებით, აქ მუსიკას დილის 6-დან საღამოს 10 საათამდე მოუსმენენ. კონცეფციის ავტორები აცხადებენ, რომ მზესთან სიახლოვე და მისგან მიღებული ენერგია სცენის მთავარი ელემენტი იქნება. სითბო და მზე სწორედ ისაა, რაც ანაკლიაში მყოფ მსმენელს განსაკუთრებით სჭირდება. ამის მიღებას კი, კარგი მუსიკის თანხლებით, ბამბუკებისგან აგებულ Taiyō-ზე შეძლებს.

ფესტივალის მთავარი სტუმარი თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული პროექტი Die Antwoord იქნება. სამხრეთაფრიკული ელექტრონული რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუეტი ყოველთვის გამორჩეულ, ექსტრაორდინარულ პერფორმანსებს გვთავაზობს. კიდევ ერთი ჰედლაინერი იქნება ტრიპ-ჰოპ მუსიკის საკულტო ფიგურა Tricky.

მუსიკალური პროგრამის განსაკუთრებული ნაწილია დეტროიტ-ტექნოს პიონერის, Juan Atkins-ის და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ერთობლივი პროექტიც, რომელიც Echowaves-ს ოფიციალურად გახსნის. 

ანაკლიას ეწვევა ფსიქოდელიური ელექტრონული მუსიკის ლეგენდა Shpongle, პიანისტი Francesco Tristano, რომელიც მსმენელის წინაშე Guti-სთან ერთად, პროექტით Another Paradise წარდგება. 

საინტერესო თავგადასავალი ელით ტექნო-მუსიკის მოყვარულებსაც – საქართველოში პირველად, Echowaves-ზე ტექნო-სცენის ყველაზე გავლენიანი დიჯეები, Ben Klock და Marcel Dettmann, ე.წ. B2B სეტს დაუკრავენ. 

სცენაზე გამოვა Solomun-იც, ბოლო წლების ყველაზე პოპულარული დიჯეი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალის ჰედლაინერი და სასურველი სტუმარია. 

სოლიდურია ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაც, რომელიც Echowaves-ის იდეის მთავარი და საკვანძო ელემენტია. მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს Vodkast Records-ის დამფუძნებლებს Zurkin-ს და Vakho-ს, Zeinkl-ს, ქართველ ტექნო-ვეტერანებს Greenbeam & Leon-ს, გიო შენგელიას, Stimmhalt-ს, ASH-ს, Bero-ს და სხვებსაც. 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა