გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

ეს ბინძური წმინდა სინოდი

1.

შენ არაფერი გამოგრჩება

და მეუბნები:

რა უცნაური ვინმე ხარ,

ქუჩაში დადიხარ,

ხალათის მაგივრად

ამოჩაჩული ლექსი რომ გაცვია,

ეგ მაინც ჩაიტანეო;

ხან მონაჩმახი გეჩახმახება,

ხან რომ მოჟონავს,

ის გაჩუმება თუ გეტრიგეროს.

მოდი, თამამად შემომხედე,

ჩემი მშობლების შვილიც კი არ ვარ,

გერი ვარო მათი.

შენ მართალი ხარ,

კაცებს გვაშინებს

ქალის ტერფები,

სიარულიანი ეგ ორი საზღვარი

მიწასა და ქალს შორის.

სწორედ ამ შიშის გამო

კაცმა, მასპინძელმა,

დაპატიჟებული

გამოატარა სარკის ბილიკზე

სტუმარი ქალი, ბილქისი,

და არა იმ ვაზის დასანახად,

რომელიც ბოქვენის ბორცვს შეჰფენია

და, მერე რომელსაც მეორე მეფემ უმღერა

„შენ ხარ ვენახი“.

ო, არა, არა!

შენი ტერფი, შენი საზღვარი და დასაწყისი

ხომ ამავე დროს

მიწისთვის დადგმული ჯებირია,

რომელიც ხარბი მე ტალახისგან მიცავს.

ისევ კორონავირუსი,

გვირგვინოსანი ეს ჩოჩორი

თუ გაიმეტებს ჩემთვის გვირგვინს,

ზემოხსენებულ ორს რომ

მოკრძალებულად ვემესამეო.

თუ შიშველი ხარ, ეგეც გაიძრე,

რატომ გაცვია მაღალი გეტრი, გერო.

 

 

 

2.

მსგავსების მთაზე

განსხვავების ლოდს ის,

ისევ და ისევ, მიეზიდება

და მას მწვერვალის სიახლოვეს,

მოგეხსენება,

ლოდი ხელიდან უსხლტება

და თავქვე მიექანება.

სიზიფოსი თავიდან იწყებს

და ყოველ ჯერზე ყველაფერი კი მეორდება,

მაგრამ ცოტა რამ მაინც იცვლება.

თანდათან ემატება

სიზიფოსს ღონე,

ლოდს - წონა,

მთას კი - სიმაღლე.

ისე ახლოს არაფერი გეხება,

როგორც გეხება ხოლმე

შენი სახელი,

რადგან გესმის ის

შენი ტანის გონიერ ჩარჩოში ჩასმული.

ადამიანების და, განსაკუთრებით,

ღმერთების სახელებს

ამიტომ თუ ედო ამდენი ტაბუ;

და ღმერთის ნამდვილ სახელს

საიდუმლოდ ინახავდა

ერთი-ორი რჩეული

და თუ ოდესმე წარმოთქვამდა,

უფრო ჩურჩულით,

დაუკითხავად ღრმად რომ არ

ჩაძირულიყო, ვინ იცის, ვის და სარჩულში.

მე აფროდიტეს ვიტყვი,

ქაფივით ცვალებად ანადიომენეს,

შენ შეგიძლია, ცადო ადონაი ნაირ-ნაირი.

თავსაც ვეუბნები, შენ კი თუ სიზიფოსი ხარ,

ქუსლიდან მთლიანად იომე ნესტომდე.

 

 

 

3.

თქვენ შეუდექით თქვენს ქეიფს,

ღვინით სავსე ამისთანა რქიანს.

მე კი დამანებეთ

ჩემი უკეთესად

მთვრალი ანარქია;

ხომ ნათქვამია,

რომ არარსებულს არარსებულის,

კეისარს კეისრის ებას.

ზოგი ახალი აზრი,

როგორც ძველად სიგარეტი - ხელით,

და, როგორც მდორე ანარეკლით -

კიდევ უფრო ძველი სარკე,

ისრისება;

მავანს კი ეგონა,

რომ სახელმწიფო იყო არსება,

რომელსაც მრავალი ება ასო.

ჰქონდა ყელ-ყურიც,

რომ დადგე და ებაასო.

 

 

 

4.

მოითხოვს უცებ ურთიერთობას

აღმაახედული თვალების კვანძი,

ჩვენი თითებით ბურთი ერთობა.

სიზმრები ძილის თითებია,

ჰაერში დროის არშიას

ეგ ზამბარები ამისხლეტენ

ძილიდან ძილამდე.

მე ველოდები, რომელს მობეზრდება,

რომ მიწას მიმცეს და ძირს დამაგდოს,

მათგან თუ რომელ სიკვდილის აკვან ძილს.

ჭეშმარიტება არ ჰქვია თვალით უნახავს,

ასე თვალის არიდებით

ღამე დღეს ნამუსს უნახავს.

ვიდრე ვარ, დამიგდე ყური,

კვლავ გაგონების, ხმა მაქვს მე რეფრენის.

თუმცა, ვინ იცის, სიტყვა

პირგამოცლილი უფრო ისმოდეს,

ჯანიც ჰქონდეს მერე ფრენის.

მიწა რისთვის დავამძიმო,

სიცოცხლესთან გამოვება ტოლობას,

ჩემს ნათქვამსაც ჩემი თუ

კარგად ვერ გაუგია

და ამის გამო ვებალასტები.

 

 

 

5.

ცხოვრება თუ პირბრანწია,

თავს ნუ გაიუჟმურებ,

დრო მოვა, შემოგიძღვება,

შემოგაგებებს მოწყვეტილ ვარსკვლავს,

მადნეულიანს გადაგიშლის ან წიაღს.

წარსულის ჩაქუჩით ჩაჭედებული

აწმყოს ლურსმანი მომავლის ფიცარშია.

საქმე არც ასე მარტივადაა,

ახლა კალენდრით დათქმული

მორიგი მარტი ვადაა.

ვადა გავა და გამოვა

და ისევ შემომარტდება.

ორწამიანი სამყარო

გახედავ უფლისწულია,

და გამოხედავ - ჩამოფლეთილი მათხოვარი.

ზოგი რამ ნათელი გახდება,

გაიმეტა რა გეომეტრია.

თავის თავზეა გადანასკვული

დაუდეგარი რვიანი.

ერთიდან ათესვა

მეორის მოვლით

ისევ იმავეში, ოღონდ სხვა მხრიდან,

უმეტესობის შემობრუნებას ნიშნავს.

დაბრუნებული თუმცა ბრუნდება,

მაინც ბრუნდება ცოტა სხვაგან კი,

რადგან პირველად აწყდება

იქ დატოვებულ თავისივე

ბოლო ნაკვალევს.

ასე ბრუნდება იქ სადაც,

უმრავლესობა კარგად ნაცნობია

და ზოგი ხვდება უცნობ იქსადაც.

მე მეწაღესთან დატოვებულის წავედი წამოსაღებად,

იმათ იკითხონ,

ვინც თავისი ლანჩების

არმენს არმია არ მიანდეს.

ამწამიერში იმწამიერის დასტური,

გრძნობა მსგავსებას გამოარჩევს,

აქაურობის ბილეთი, დრო - განსხვავებას.

ერთით მეორე არ იზომება,

ამიტომ თუა რომ,

ათას სარფიან დიახს მირჩევნიხარ,

ერთხელ სათქმელო უარო.

 

 

 

6.

ეს ქვეყანა

მართლა განა შენია,

იგი გარშემო, მჭიდროდაც, განაშენია.

ჩაგებული ხარ შენ მის ქარქაშში,

ქარქაში ქერქი და ქერცლია.

სამყარო არის სასმისი,

რომელსაც ხალხები ვერ ცლიან.

ზედ პირზე თვრება ხალხებიანი ადამიანი.

ქალებს და კაცებს სხვა რა უნდა უნდოდეთ

იმის გარდა, რომ

მეტი მოიგონ კანი.

ცოდნის წყალი არ შეწყდება, წამოვა,

შენ ოღონდ მოუშვი ეგ ონკანი.

ეგ მართლა შენი კი ნუ გგონია,

თვითონ ხარ მისთვის სარჩულზე,

როგორც მთელი სამყარო

მისი ტანსაცმელია,

პირმშო მეორადების.

და საიახლოვეს, სიმჭიდროვეს დახარბებული -

პოეტი ამბობს -

ძმა ვიქნებოდი მეო რა დების.

ცოდნის ქმარი ვარ და მთელი სამყარო მეჰარამხანება.

წარსულ-მომავლის ბნელი ისტორიაც

კანზე მელნით მაწერია

წინასწარ გასულ ყავლადაც,

გაიაფებულ კი ყადრად,

თუნდაც იყოფოდეს

იმ ეპოქებად და ამ ხანებად;

ბუკლე უკლებლივ უკუღმაზე

ვარ გამოკერებულ

მეც ლოყებდაბერილ მაცნე მესაყვირედ

და იარლიყად რა.

 

 

 

7.

საჭეს დრო უზის

და ვეუბნები:

მიდი, მიატაკე,

ხალხი რომ ჰქვია,

ფეხზე წამომდგარ, მოსიარულე ამ იატაკებს!

შენ რომ ამას შესწრებოდი

და რომ გეკითხა ჩემთვის:

სიკვდილი ეგრე თუ გევასება,

რატომ თვითონ არ ჩაძაღლდები?

გიპასუხებდი მთელი ჩემი გულწრფელობის

ბნელი ღამიდან,

რომ ეგ მე არ შემეშლებოდა;

რომ ვიხანგრძლივებ

მოლოდინის სიამოვნებას.

ზარი მე არ მაქვს.

წარმოიდგინე,

კარზე კაკუნით როგორ მაღვიძებს

უბერებელი შიშველი ქალი

და მის ზურგსუკან

არც კიბე ყოფილა

და არც ქალაქი.

სახელად თორემი

გვარად თურმეა.

 

 

 

8.

თეთრად დაღრუბლული ცა-მეთქი

მე მეჩვენება უნატიფესი

ქალების მეგა გავებად.

სული მქონოდა, ამოვიხდიდი,

და მე მათ მაღლა ავუვარდებოდი.

ახლა რაღა ვქნა, რა ვიღონო

სულმთლად მოკვდავმა,

მე მათ მახეში როგორ გავება.

ქარს გაებლანდა თმა ხეში,

ავმა მწევრებმა მიუსწრეს,

ყეფით მიიხმეს მონადირეები

და უფლისწული,

უღრანი მუხნარის ბინდო,

მდევრებისათვის

ქორბუდა ირმად დასახე.

ის ასი ბასრი ისრით დასერეს.

გადაწყვიტე შენ კი, კაცმა,

რომ მით უფრო მაგარი ხარ,

როგორც ლურსმანს განჯინაში

ნივრის აცმას,

სიკვდილს რაც უფრო

მრავალნაირ მადას ახევ.

თვითონ წვეთი და ნამცეცი,

ხამხამი ხამის გამხდარხარ.

ის კი, სიკვდილი,

შენზე ამას ამბობს, რომ

თუ კი კაცს ჰგონია,

რომ ეჟვანი შემაბა

და ვარ თანახმა,

რომ ცის დავჯერდე ძონძებს,

ათასი ქარის ხელით გაცვეთილს,

ცუდად თან  ნახმარს,

რატომ ჩქარობდა,

თავს გავართმევდი ჩემს საქმეს,

ცოტა დრო მოეცა და მოეცადა.

 

 

 

9.

სიტვა-პასუხი

- შენ მაინც, თუმცა ყელზე დაგადგა, ეპოტინები.

- სარეველაც მინახავს, კლდის რომ გაეპო ტინები.

 

 

 

10.

ჩრდილი დილიდან

ქუჩის იკრიბება.

საით მე წავედი?

აქვეა: თუთუნი,

ხე და მაღაზია,

მათხოვრიანი კიოსკი,

აფთიაქის გარდა ბანკი.

ჯერ მხოლოდ ცრის და

ისმის თუების ბნელი თუთუნი.

აი, წყალი და თუნგი,

აი, თახჩა და თულუხჩა.

როგორ თუ რად გინდა,

სტუმარს რომ დახვდები,

ხელს არ დაბან კი?

სხვაგან დაბრუნების ფუჭი ეშხით

სად არ დავდიოდი,

როგორც მთვრალი პიტიახში,

სულ რომ ეთრიაქება.

დაძველდა და აღმა-დაღმა სიარულით

ჩემი შენთვის მოკითხული

ასე გზაში შეილანძღა.

სანამ მოგაგნებდა,

სად არ ეთრია ქება.

 

 

 

11.

ნომერი, ნომერი, ნომერი, მერანო!

მთავარი რა არის, მთავარი?

სამყარო რა არის, სამყარო?

მე ვინ ვარ, მე, მე, მე?

- მთავარი რა არის? მთავარი არის ნომერი!

- სამყარო რა არის? სამყარო, სამყარო,

ყოველი წამის უწამესს

სამყარო არის ნომერი

თავისი მერამდენეობის

და სხვა არაფერი.

ამ ერთმანეთის სწრაფზე უსწრაფესად,

თანმიმდევრობით ჩამნაცვლებელი

სამყაროების ყოველი ცალისთვის

არსებობს მხოლოდ თავისი

ნომერ-და-მერამდენეობა.

და ამ უთხელეს სამყაროებს

ერთმანეთისგან განასხვავებს

მხოლოდ რიგითი ნომერი.

ახლის ნომერი ყოველთვის

ერთით მეტია წინამორბედზე,

მომდევნოზეა ერთით ნაკლები.

მთავარი ნომერია, რადგან მის გარდა

სხვა ყველაფერი სიზმრებია, სიზმრებია:

წყალმა თავისი გამჭრიახობა მოგცეს,

ნომერმა თავისი ძალა მოგცეს და

მესაზღვრეობას თვითონ ისწავლი.

მერანო, მერანო, მერანო, ნომერი!

 

 

 

12.

იგივენი

მთავარი სამყაროში მისი ნომერია,

მისი მერამდენეობის

ზუსტი ნომერია მთავარი,

მისი რიცხვი, რიგობითი,

რიცხვი, რიგობითი.

და ეს ნომერი უსწრაფესად იცვლება,

იზრდება რა მოკრძალებულად თითო-თითოთი.

თვითონ სამყარო ციფრია, ციფრი,

რომელიც ყოველ წამის-უწამესს

აღნიშნავს თავის

ნომერ-და-მერამდენეობას.

თითქოს მათ შორის უმცირესი თუნდაც ღრიჭო იყოს,

ადამიანია სამყაროს რიცხვსა და სამყარო ციფრს შორის.

ციფრი იფრინე, რიცხვიც გაქრება

და არც ურიცხვებო ცხვებოდეს

ციფრებად სამყაროები.

გაქრეს და მოისრას ის, რასაც

ერთადერთობის გარდა

სხვა გზა არ გააჩნია.

ადამიანის მეანეა მანია...

რომელმაც როგორ გინდა, რომ

არ შეგიპყროს

ასეთ არც არსებულ

და მაინც სივიწროვეში.

და ამრეზილმა

დღემ დაიხურაც, ჩარგოც,

როგორც ზღვაში შავი არგო,

უშნო ნიკაპი კაპიუშონში.

 

 

 

13.

ვერ ავუდივად სიარულიან

გზებს და გშორდებიც, გიახლოვდებიც.

ქუჩა ქუჩას წელზე კბენს და

ავკარგიანი ეს ქალაქი როდის ყოფილა,

რომ არ უგავდეს საღამოები მირკან-მარტიდან,

რომლებსაც უთმობს ამ თვის კავალერს,

ერთმანეთისკენ ქუჩების გამრეკ, ავალერსიან სეანსებს.

ჩემს ეზოში, რომელიც

სარჩულია პეკინის,

ფიჭვი ეჭვით იწვის და

თუთამ - „თეთრად ვათენებ!“.

მე არ მინახავს პარიზები, იტალიები

და ვერ ვნახავ ათენებს.

ორმოცდღიანის მაგივრად

სამოცწლიანი ჩემითაც მოვიწყვე,

მარტო თავისით კი არ მომეკარა,

ახლა რას გინდა, რომ დარჩენილი

კიდევ დავუთმო მე კარანტინი.

ეს განტევების ვაცები, წლები,

ხომ საკმარისზე მეტიც დაიკლა.

და მაინც კიდევ რომ გრძელდება.

ზოგი რა უცბად გაუშვეს და უვნებლობაც

მათი რა მალე დამტკიცდა.

 

 

 

14.

ამოიარა მრავალი ბორცვიც და ორმოც ორმოცფეხამ,

აციებულზე იგი თაკარა კარანტინია

და იხურება კაფე-ბარები,

როგორც რომ შეუშინებია

ნაპირზე ყურმოკრულ

კაპიბარები ჭორს.

ვირის ყბა თუ იარაღად

გამოსდგომია სამსონ ბიბლიელს,

აი, მიწა და შენ შენი ნიკაპი, ბარე, ბიჭო!

კი ნუ გძაგს და გულში კი ნუ გაკრთობს,

ეგ რაც თეთრია, სულ ალებასტრია.

ბიჭი კი არა, ქარი ყოფილხარ

და უდაბნოში შეუდექი

შენით მოგონილ

დავალებას - ტრიალს.

თავს ვეღარ ვცნობ,

უცნაური კაცია,

აღარც ღვინო დალია,

არ მიიღო მან არც კარგი ნარკოტიკი.

მე აქ სიზმრების მუხნარს,

თქვა, გავახარებო,

და ზურგიდან ჩამოდგა,

მოიტანა რკო ტიკით.

 

 

 

15.

სიტყვა იზიდავს დაგრეხილ ამბავს,

რომ მასში თვითონ

ისე გაზავდეს და დაიკარგოს,

როგორც სიზმარი - ცხადში

და როგორც ბეწვი - ბაწარში.

ვითომც აქ არაფერიო,

ქვეყნიერება ძევს ფანჯრის რაფაზე,

უღიმღამო ღამე ღამობს.

თუმცა აცალე, რა იცი, უკუნეთისკენ

იგი გაივლის გზაზე რა ფაზებს.

ქუჩის გადაღმა მაღაზიას ჰქვია „კენარი“,

დრო თან ტანკია, თან - ტანკენარი.

შენ კი, გამოღმავ, თუ არ იცოდი,

რა გაწერია შუბლივით აბრაზე,

ბედ-იღბალი აბა, რაზე აბრაზე.

გონებამ საქმედ იქცია იმის რკვევა, თუ

როდის და რამდენად ვინ ვისკენ არის,

და ამ დრეკადმა რუკამ როგორმე

რომ არ დაგკარგოს ისე,

როგორც ვინმე კაპასმა - ტელეფონის დამტენი,

არამედ ისე გამოგიზოგოს

თავი შენ და შენ თავისთვის,

როგორც სექსის დამ - ტენი.

 

 

 

16.

აბა, თუ ისტორია დაფენილია ბუსტროფედონით,

წინ და უკან მიმომავლით. მას არ გააჩნია ტრაექტორია,

რომ გაუადვილოს არიფებს ეფექტური დასკვნების გამოტანა.

სამაგიეროდ ბუსტროფედონით იწერება ზოგი კაცის ცხოვრება,

მისი საქმე ჯერ სულ წინ მიდის, ბოლოს მაინც უკან-უკან მიდის.

ეგეთი რამე მე არ მემუქრება, რადგან თავიდანვე პირიქით ვიყავი.

არც ადრე მიდიოდა წინ ჩემი საქმე და არც ახლა მიდის იგი უკან.

არ დადის ისტორია ბუსტროფედონით, არც ყველას ცხოვრებაა

ავკარგიანი ბუტერბროდი, რომელსაც ხოლმე ილუკმებოდეს.

ზოგს კიდევ შია, ზოგი შიმშილს გადაეჩვია, ზოგს ეზარება.

 

 

 

17.

ხელმოცარული აქ თუ ვარ,

იქ კი ქურუმი ვიქნები.

ნავარსკვლავარი შავი ვარსკვლავის მიერ

უძლიერესად მიზიდული

სხვა, უფრო მსუბუქი ვარსკვლავების

აირების აუარება მორევი

ბრუნავს უსწრაფესი

და თავის კალთებზე თავისივე კალთების

მჭიდრო ხახუნით გავარვარებული

სულთმობრძაობის ბრწყინვალე გვირგვინად

შავი ვარსკვლავის იგი გარშემო ინთება,

ვიდრე ოდესმე მასში ჩაიკარგებოდეს.

ეგრეთ წოდებულ ამ აკრეციულ დისკოს,

რომელიც ბრწყინავს განწირულ მორევად,

აქ იმეორებს, ამ კლდის ნატეხზე,

სიკვდილის ირგვლივ მოცეკვავე

და მოკვდავობით მოხაზული ჩვენი სიცოცხლე.

თითებიანი ვართ ხელისგული,

ვიდრე სიკვდილში მეტ-ნაკლები თანდათანობით

და მეტ-ნაკლები სიერთბაშით

ჩვენ ჩავინთქმებით.

ეს ხელი სიკვდილს ისე ეხლება,

რომ მის უხილავ სიცარიელეს,

ადრე თუ გვიან, ნაგულისხმევსაც მიუხვდება,

როგორც შავში ეჩვენება ჩემს თვალს ხოლმე

ლურჯი, ფერი მუქთაშუა.

თუმცა პოეტი მაინც მუქთახორის ერთია,

ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ,

რომელზეც შავად და მერამდენედ

ბრიალებს ბრაილის შრიფტი,

რომელიც ვითომ თვინიერი ჩვენ გველოდება,

როდის მის სიცარიელეს

ამოვიკითხავთ და გაირკვევა

თუ ვინ - უთქმელად,

დარჩა ვინ თქმებით.

ისედაც ასეთ უამინდობაში

უქმად დგომით, რომ

მე ბედისწერის

არ მოვალპო ეტლი,

ამ უმაქნისი სიტყვების

მღვრიე ბინდიდან გამოღწეული

მე არეული სინათლის სხივად ჩავუვარდები,

შენი ლაჯების ატმის უატმეს ხაოს,

მას, მოხამხამე ციკლოპივით

ცალთვალცრემლიანს.

მე მოვალ პოეტ ლიტერატორად.

ჩემს მუხლებიან ხმას ვერ უძლებს

ამ ქართველების ქართული ენა,

ასე ქვეშიდან გამოდიან,

ამიტომ თუა რომ.

აი, დარდი და

თვითონ თუ უნდა,

გამოიძიოს ვინმე პუარომ.

 

 

 

18

რას არ დასჯერდი,

როგორ არ დაჯერიანდი,

და შორიდანვე უგზო-უკვლოდ მობარბაცებ,

თუ თითქმის თავიდანვე თავი დააღწიე

მკაფიო ფერის მგმობარ ბაცებს.

რადგან ჯონკების ფლოტის ხათრით

მოკრძალებით დაშვებული აფრა დაგმე

და - ბრბოების ხარბი ბორიალიც ან ტაციაობაც,

აი, ასეა გაფანტული,

ვინც კი იწვნია ფრაგმენტაცია.

როგორც უწინ დედაკაცმა

მომსხვილებულ თეძოზე,

თუკი ჯიუტად არ ამოიცვი

ხალხის ბანდაჟი ნებით,

თვითონ ამ ხალხს

ვინმე ვერაგი პილატესავით

თვითონ შენი

ხელებს დაბან დაჟინებით.

პილატე იცავდა პირად ჰიგიენას,

რომ პანდემიას გამკლავებოდა,

კი ქნა უარესი.

ესე იგი

გაიმეტა ერთი და

მერე უთვალავებიც;

მერე რაა, რომ მხოლოდ წიგნის გმირია,

მაინც ცოდოა, ის ერთი გადაერჩინა,

ეს მაინც არ იარსებებდა,

ეს ბინძური წმინდა სინოდი.

სად ის ტირილი, იგია

მხოლოდ წიგნიერი,

ცარიელ ცამდე ეს ადის ტირილი, იგია

უკვე მერამდენე არაწიგნიერი.

ცოტა ინგლისურად რომ გამომეთქვა,

არის სადისტი რილიგია.

ზუსტად ამიტომ რელიგიაში გულწრფელია

ხალხი, ჯონკების ფლოტი.

მზე ჩადის,

თუ რა წითელი ფერი დაჰკრავს

ზღვას, რომელშიც ლივლივებენ, ლაღობენ?

ის ბერიო, რაც ერი!

თუმცა რა ნეკი ან რა ცერი,

როცა უმანკოდ უწიგნოები,

ნოე ბითური და ძმანი მისნი,

ნათქვამს მისდევენ ყველა რა ჯურის

მკითხავისა და მისნის,

ავანტურებით მას ტორავენ,

იმის მაგივრად,

რომ ისტორიას

ადვილად კრეფდე

და იოლად ჩაასწორებდე,

როგორც ვორდის ფაილებს.

და კიდევ, ნოეს კიდობანში

ბიბლიოთეკის თაობაზე

შემთხვევით რამე ხომ არ გსმენიათ?

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა