ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ის დანია, ეს დანია | გიო ახვლედიანი

აი, გავიდა თითქმის ოცდაათი წელიწადი და დანიის ნაკრები ისევ უკაკუნებს ევროპის ჩემპიონატის ფინალის კარს. ყველამ იცის, ეს არის ჭკვიანი და კულტურული გუნდი, რომელსაც წლევანდელი  ჩემპიონატის პირველივე თამაშში კინაღამ მოედანზევე მოუკვდა ლიდერი, კრისტიან ერიკსენი და რომელმაც ის პირველი თამაში, იძულებით დაასრულა და თან წაგებით, მაგრამ იმის შემდეგ ფრთა შეისხა და აგე, მოვიდა ნახევარფინალამდე. 

1992 წლის ამბავიც ყველას მოეხსენება: დანია ვერაფერი გუნდი იყო შესარჩევში, ფეხბურთელებს მწვრთნელი რიქარდ მილერ ნილსენი არ უყვარდათ, თავად მწვრთნელს კი, შემოქმედებითი ფეხბურთი, რომელსაც ათ წელიწადზე მეტ ხანს ამკვიდრებდა გუნდში დიადივზეპ პიონტეკი, დანიური დინამიტის შემქმნელი მანამდე უსახელო გერმანელი. მიოლერ ნილსენი მისი თანაშემწე იყო და ზეპირ რომ წავიდა და სხვა მწვრთნელი ვერ იშოვეს, ეროვნული გუნდი მას ჩააბარეს და ამას კი მოჰყვა კონფლიქტი ლაუდრუპებთან და შესარჩევ ეტაპზე წინ იუგოსლავიის გაშვება. 

იუგოსლავია,  ერთაშორისი შინაომების გამო, მოგეხსენებათ,  თამაშიდან მოკვეთეს და დანია ევროპის, მაშინ რვაგუნდიან, ჩემპიონატზე აღმოჩნდა. ნაკრები ჰაიჰარად შეიკრიბა, მწვრთნელმა უმცროსი ლაუდრუპიც კი დაითანხმა, ვარჯიშებითაც არავინ ტანჯა და თუმცა, კი წააგო პირველივე თამაში მასპინძელ შვედებთან, საბოლოოდ დანია ჩემპიონი გახდა: ის მთელი ჰოლადია-გერმანია დაამარცხა და ისტორიაც დაწერა.

იმ თვეს, დანიელებს ეკითხებოდნენ, ასე უვარჯიშებლად, თამაშების შემდეგ შინ წასვლით, მერე მობრუნებით, როგორ იგებთო და ფლემინგ პოულსენმა კი, გადასარევმა ფეხბურთელმა ერთგვარი ჩრდილოური მედიდურობით მოუგო, ბევრი ვარჯიში იმას სჭირდება, ვინც თამაში არ იცისო.

მაშინდელი დანიის ნაკრები მეტად შეაკავშირა  ტრაგედიამ: კიმ ვილფორტის მცირეწლოვანი ქალიშვილი ლეიკემიით ტანჯული და სულთმობრძავი იწვა საავადმყოფოში და ვილფორტი თამაშების შემდეგ შინ საავადმყოფოში მიემგზავრებოდა ხოლმე. მისი გოლი დიდი სიხარული იყო ავადმყოფისთვის, მაგრამ როდესაც გოგონამ გონება დაკარგა, ფეხბურთელი გუნდში აღარ დაბრუნდა. ნაკრები თითქოს პატარა ლინესთვის დიდი სიხარულის მისანიჭებლად გაერთიანდა, კიმის და მისი ოჯახის მხარდასაჭერად. გონს მოსულმა ბავშვმა და მეუღლემ ორჯერ დააბრუნეს ვილფორტი თამაშებზე... ლინე ჩემპიონატის მოგებიდან ათიოდ დღეში გარდაიცვალა.

ეს ისტორია ძველია, ცნობილი და უამრავი სულისშემძვრელი დეტალით სავსე. დღეს რომ მას იხსენებენ, ერთგვარად უკავშირებენ ერიკსენის მინდორზე წაქცევის ამბავს და იმას, რომ დანიის ნაკრებს ჭირსა შიგან გამაგრების განსაკუთრებული უნარი აქვს. ასეთ დროს დანიელებს, ვერც მკვეთრ ემოციურობას შეატყობ, ვერც განცდის ცოდნასა და უნარზე წინ წამოწევას თამაშის დროს, ვერც სხვა ასეთს, მაგრამ აგე, რამდენი გოლი გაიტანეს, რაც ერიკსენი წაიქცა: რა აღარ ქნეს და სადამდე მივიდნენ.

დანია რომ ინგლისს ხვდება ნახევარფინალში და თან უემბლიზე, ესეც გვარიანად სიმბოლური ამბავია. მრავალი წლის წინათ, 1983 წლის სექტემბერში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, დანიელებმა, ალან სიმონსენის პენალტით დაამარცხეს ინგლისი, ამ სტადიონზე და მერე ჯგუფის ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვეს. საბოლოოდ კი, ისტორიაში პირველად მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ალან სიმონსენიო... გასული საუკუნის 70-ინი- 80-იანი წლების ევროპას ორი ზე-ვარსკვლავად აღიარებული ჩრდილოელი ჰყავდა, სიმონსენი და კევინ კიგანი, რომელთაგან პირველმა 1977 წელს მიიღო ოქროს ბურთი, მეორემ კი მომდევნო ორ სეზონში.

იმ ევროპის ჩემპიონატზე,  დანია რომ ისტორიაში პირველად მოხვდა და მთელი მსოფლიოც გააოცა, პირველივე მატჩში, მასპინძელი ფრანგების წინააღმდეგ, ეს ცეროდენა ალან სიმოსნენი, მოედნის შუაგულში მუხლებით შეასკდა ლამის ორმეტრიან ივონ ლე რუს მუხლებს და ფეხი მოიტეხა. ფრანგებმა 1-0 მოიგეს, მანუელ ამორო გააძევეს, დიდად ოხერი თამაში იყო - მომავალი ჩემპიონებისთვის, ფრანგებისთვის, ალბათ ყველაზე ნერვიული, ან რთული მთელს ჩემპიონატში. პორტუგალიასთან ნახევარფინალზე რთულიც კი, რაღაც კუთხით.

მაშინაც, დანიამ, დიდი ლიდერის გარეშე გაიარა ჩემპიონატი და დრამატულად დამარცხდა ესპანელებთან ნახევარფინალში. ფეხბურთი კი, რომელიც აჩვენა იმ თამაშებში, დაუვიწყარი, უცხო, ახალი და განუმეორებელი იყო. ეს იყო პიონტეკის დიდი  გუნდი - ამ კაცმა ჩაყარა საფუძველი. მერე ასეთი დანია აღარ ყოფილა, მაგრამ ეს ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის მუდმივი და სიმპათიური მონაწილე კი შეიქნა.

ამ ამბის უცნაური საფუძველი ის იყო, რომ 1976 წლამდე, დანიაში, პროფესიონალ ფეხბურთელებს, რომლებიც უცხოურ კლუბებში ღვრიდნენ ოფლს,  ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდათ.

მერე კანონი შეიცვალა და შედეგიც გამოჩნდა. ევროპის კაი-კაი გუნდებში მოთამაშე ბიჭები და დიდი ჭკუის კაცი, რომელმაც საოცნებო იდეები განახორციელა, გაერთიანდნენ.

სხვათა შორის, დანიელთა ამჟამინდელი მწვრთნელი, კასპერ ჰიუმლანდიც დანიური ფეხბურთის დიდი რეფორმატორია. ბავშვთა ფეხბურთის ახლებური სისტემა, რომლითაც ახლა დანიაში ავარჯიშებენ, მისი მოგონილია: ყველა ასაკს თავისი ზომის მოედანი, თავისი წონის ბურთი, ბავშვობაში ტაბლოს არარსებობა, მხოლოდ ნიჭით და უნარებით კმაყოფილება და არა შედეგებით და უამრავი სხვა რამ...

მოკლედ, გრძელი ისტორიაა. მის უკან კი კარგი ფეხბურთია.

და, აბა, ინგლისი-დანია. ალან სიმონსენის აჩრდილი ძველი უემბლიდან, ახალ უემბლიზე.