ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ეს ნუში მკვახეა | ნესტან ნენე კვინიკაძე

ზუმი - ჩვენი დამარცხების სარკე


ვიცოდი, რეგიონებსა და ცენტრებში მცხოვრები სხვისი შვილები, ვირტუალურ გაკვეთილებზე დასასწრებად, სახლების აივნებიდან ახლომდებარე სასტუმროების ინტერნეტს ეძებდნენ.

ისიც ვიცოდი, არაერთი კეთილი მასწავლებელი დისტანციურ გაკვეთილებს ბავშვებს საღამოს რომ უტარებდა, რადგან უკომპიუტერო ოჯახებში ზუმში ჩართვის ერთადერთი საშუალება დღის ბოლოს სამსახურიდან დაბრუნებული დედის, ან მამის სმარტფონი იყო.

ცხადად წარმოვიდგენდი თბილისური საცხოვრებელი სახლების ბინებს, სადაც მარტოხელა დედა სამზარეულოში ფეხაკრეფით ამზადებდა სადილს, მოუწყობელ მისაღებ ოთახში კი ერთ კომპიუტერთან ორი მოსწავლე ერთმანეთს ენაცვლებოდა. 

ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ამის მიუხედავად, საკუთარი უპირატესობის დაფასება და ტკბობა ვერ შევძელი. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად განსხვავებულია ჩვენი ინტერიერები და შემოსავლები, მომავლის ბუნდოვანება, ყველას თანაბრად ასუსტებს და ამარცხებს. 

პირველკლასელ ტყუპებს ავუხსენით თუ რატომ გვიწევდა სწავლის ასეთ უცნაურ ფორმატში დაწყება. ტექნიკურ წესებში ისინი მეექვსე კლასელმა უფროსმა ძმამ გაარკვია.

და დაიწყო: პირველი ასოების საწერ ბადეში მოხაზვა. ა-ზე ამერიკის დროშის, ო-ზე ომლეტის, ხ-ზე ხომალდის ხატვა. დაიწყო პირველი ასოების და პირველი აბზაცების კითხვა "ეს ნუში მკვახეა”, “აი სესეს სახე”, ზოგჯერ სისინით, ზოგჯერ შიშინით, ზოგჯერ ზეპირად… 

დაიწყო სრულიად გროტესკული მუსიკის გაკვეთილები; დილიდან იავნანას და გუდასტვირის სავალდებულო სმენა. პირველკლასელების ამოძახილები: მას, დღეს ბებოს დაბადების დღეა. ქაღალდის ლოკოკინების ჭრა-კერვა, ორნამენტის გამოყვანა, ჟოან მიროს ფორმების გაფერადება. შემდეგ ნატურალურ რიცხვებზე ვარჯიში. მერე ბუნების მოსწავლის რვეულში ვახარისხეთ ზამთრის და ზაფხულის სამოსი, სასკოლო და სახლის ნივთები, ჩვენი ეზოც დავხატეთ, შემოდგომის მოწყენილი პეიზაჟი. მერე წაკითხულს ვყვებოდით.

დღის ბოლოს კი, მეექვსე კლასის დავალებების ჩაბარება, სახელმძღვანელოში ეპითეტის და მეტაფორის ბუნდოვანი განსაზღვრების გამოსარკვევად ირაკლი ჩარკვიანის ლირიკის მოხმობა. ივანე მაჩაბლით დასაინტერესებლად დიდი სასიყვარულო საიდუმლოების გათქმა. ისტორიაში სვანური კოშკის შენება, პრეზენტაციისთვის - ვაშლოვანის ნაკრძალის ილუსტრირება.

შემდეგ დავალებების სქულბუქში ატვირთვა. 

შუალედებში ქაოსი, სადილი, ვახშამი. 

ძილის წინ ტყუპებს “ბაყაყუნას და გომბეშიკოს” ვუკითხავ. უფროსს მოკლე ლექციას, - რომ ახლა ამ ჩაკეტილ წრეში ყველაზე კარგს და სასარგებლოს რასაც გავაკეთებთ, სწავლაა. მართალია, სამყარო დიდია, მაგრამ მნიშვნელოვან რაღაცებს, მაგალითად ვაქცინას, რამდენიმე ადამიანი იგონებს, ის, ვინც მთელი ცხოვრება სწავლობდა და მუშაობდა. შენც შეგიძლია შეცვლა!

ხვალ ისევ ონლაინ გაკვეთილები დაიწყება და ყველა ოთახში ხმაური იქნება. ამ დროს ვერ დავწერ, რადგან ტყუპისცალი კიტა ჩემი კომპიუტერით შედის ზუმში. ამ დროს ვერც იოგას ვივარჯიშებ, იმიტომ, რომ არ ვიცი სად ვივარჯიშო. წიგნის კითხვა ყველა მოცემულობაში  შემიძლია, ვკითხულობ, მაგრამ უცებ  ან ერთი, ან მეორე, ან მესამე დამიძახებს - ფიფქის გამოჭრაში, ან პაბლო პიკასოს ნიმუშის გაფერადებაში დამიხმარენ. არ ჩერდება ტელეფონში ვაიბერ ჯგუფები: მას, გამომაგდო, - წერენ ბავშვები. 

დიასახლისობა და პროფესიული საქმე ერთმანეთს ახრჩობს. ავეჯს ყოველ დღე ვუცვლი ადგილს. სადილს ვამზადებ და მოგონებებს დამამშვიდებელი აბებივით ვიყრი პირში. ყველაზე ბურჟუაზიულ, ყველაზე გამომწვევ მოგონებებს ვექაჩები. სტოკჰოლმი, ნობელის მუზეუმი მახსენდება – ჩერჩილის ფერწერა ჰქონდათ გამოფენილი. 

კაბებს ვაშტერდები. ტანის კარაქს ვყნოსავ.

მგონია, რომ ვიღაც ბოდიშს მომიხდის.

შემდეგ, სრულიად დამარცხებული, ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვის შვილებს არც ხილი და არც ონლაინ სწავლის რესურსი აქვთ, მშობლებს - არც საინტერესო მოგონებები. საკუთარი თავის ზიზღს ვგრძნობ. მაგრამ მალევე ვტყდები. 

ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ბავშვისთვისაც ყოველდღიურობაა ნორმა. ზუმში ადაპტირებულები, შემდეგ საკლასო ოთახებში ნიღბებით ბრუნდებიან. გვიხარია და მეგობრებს ვეუბნებით, რომ არაფერია საინტერესო ზუმის არქიტექტონიკაში. ის ჩვენი დამარცხების სარკეა.

ბავშვები თვალსა და ხელს შუა, რამდენიმე თვეში იცვლებიან.

ერთ დღეს, სკოლის შესასვლელში დამონტაჟებული სიცხის საზომი ტყუპის ცალი კიტას საეჭვო ტემპერატურას აფიქსირებს. საჭირო ხდება მისი დაყოვნება და ტემპერატურის ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით გადამოწმება. ამასობაში, ძმები თავიანთ კლასებში მიჰყავთ. 

გადამოწმებით საფრთხე არ დასტურდება და კიტა საკლასო ოთახში შედის.

რამდენიმე წუთში უფროსი ძმა - ნიკიტა სკოლიდან მირეკავს, ცუდად ვარ, სახლში წამოვალო. (არ იტყუება, ისტის გაკვეთილის დღე მისი საყვარელი დღეა).

სახლში მოსული ამბობს, რომ კიტას სავარაუდო სიცხის გამო ინერვიულა, ცუდად გახდა, - უცნაურად ვარ, გული მიფრიალებსო.

ვკითხე, თვითონ კიტა შეშინდა? - არ ვიცი, პირბადეში სახეს ვერ ვხედავდიო.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა