ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ესეც ესე #2

თვით მხეცს მძვინვარეს აქვს უნარი გულმოწყალების

მე კი ის არ მაქვს ესეიგი მხეცი არა ვარ

შექსპირი, "რიჩარდ მესამე"

ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი კიდევ ბევრია. მეც ბავშვობიდან რადგან მიყვარს წიგნში ყურება, ლიტერატურა ჩემი აზრით ეს ის ქვევრია, რომელშიც ჩვენი ცნობიერი ჩაიწურება. ამიტომაც ქვეცნობიერად ვეძებდი ავტორს, ვისაც დაველაპარაკებოდი და ვინც დამელაპარაკებოდა ყველაფერზე ჩემთვის გასაგებად. ასე მივადექი შექსპირს. საკმაოდ გვიან. რადგან ის, ვისაც მე შექსპირად აღვიქვამდი, მარშაკი და პასტერნაკი აღმოჩნდნენ. მერე კი მაჩაბელი აღმოვაჩინე და გავჩერდი.

შექსპირის პერსონაჟების ენას რომ დავაკვირდეთ, თუ იმ ტექსტებს გამოვრიცხავთ, რაც მოქმედების განვითარებისთვის არის საჭირო, ვხვდებით მონოლოგებს, სადაც რომელიმე პერსონაჟის ენით თავად შექსპირი ლაპარაკობს.

მე დავიწყე ძებნა ასეთი პერსონაჟების და ასეთი მონოლოგების, რამაც საკმაოდ გამიადვილა ანუ შემიმოკლა დრო მათი მეორედ თუ მესამედ გადაკითხვისა. თანაც ბევრი რამე ზეპირად ვისწავლე.

შექსპირი ხშირად ვერლიბრით ანუ არაგარითმული ენით ლაპარაკობს. მე კი, რადგან რითმას ვერაფრით შეველიე, გარითმული სონეტებით დავიწყე მისი გადმოქართულება.

 

როცა ეძლევათ სიჩუმეში ფიქრებს სისრულე

მე მახსენდება უნებურად წლები წასული

ის ყველაფერი რაც ამ ქვეყნად ვერ შევისრულე

და ძველი სევდით მინახლდება ფუჭი წარსული

ტოლ მეგობრებზეც ვეღარა ვარ თვალის შემვლები

სიკვდილის ღამეს დაუფარავს მათი გზაკვალი

არგამართლებულ სიყვარულზეც მცვივა ცრემლები

და საკუთარი უმწეობის მიწევს თვალთვალი

ბედმა მზაკვარმა ჩემ საცემრად ხელი შემართა

ძველი ჭრილობა თითქოს გულში ისევ განახლდა

და იმ ვალების რაც კი რამე ადრე მემართა

ყველაფრის ერთად ეხლა მიწევს სრულად გადახდა

მაგრამ დავრჩები მტრის ჯინაზე მაინც დღეგრძელი

თუ ამ ტკივილის გადმოცემა ლექსად შევძელი.

 

ამ სონეტში ჩემი დღევანდელი შეხედულება განვლილ ცხოვრებაზე აბსოლუტურად ემთხვევა შექსპირისას, რადგან პოეზიის მთავარი დანიშნულება სწორედ ტკივილის ლექსად გადმოცემაა.

ანდა, მაგალითად, წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება თოთხმეტი სტრიქონით დაიხატოს ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება:

 

66-ე სონეტი

ცხოვრებისგან გადაღლილი მე სიკვდილს ვნატრობ

კეთილშობილის როცა ვხედავ გამათხოვრებას

პატიოსნება ილანძღება როდესაც ვატყობ

ან უვარგისი როგორ იხდენს კარგად ცხოვრებას

სრულყოფილება აღარ ფასობს რადგანაც ახლა

უმანკოება ითელება რადგან უხეშად

არარაობა რადგან ურცხვად მიიწევს მაღლა

და ძლიერებას სიკვდილიღა რჩება ნუგეშად

რადგანაც სიბრძნის სისულელემ მიიღო სახე

პირდაპირობას რადგან თვლიან უბრალოებად

რადგან სიკეთეს ბოროტებამ დაუგო მახე

და ხელოვნება გადაიქცა ამაოებად

ჩემი გონება ასეთ ყოფას მშვიდ სიკვდილს არჩევს

მაგრამ არ მინდა ჩემი სატრფო მარტო რომ დარჩეს.

 

სუფიების აზრით, სიყვარული გონების ანტიპოდია. თუ გონება სიცოცხლისკენ მიისწრაფვის, სიყვარული – სიკვდილისაკენ. გონება სიმდიდრის მოხვეჭას ლამობს, სიყვარული კი მის ხარჯვას. გონება მეფობას და ვეზირობას შენატრის, სიყვარული კი მათხოვრობას. გონება სხეულის სრულყოფილებას ქადაგებს, სიყვარული კი უმწეობას. გონებას დიდება ხიბლავს, სიყვარულს კი დამცირება. გონება მაძღრობას ითხოვს, სიყვარული კი შიმშილს. გონება ამაღლებისკენ ისწრაფვის, სიყვარული კი სიმდაბლისაკენ. ამიტომ ამბობენ სუფიები, რომ სიყვარული გონების ანტიპოდია.

 

130 -ე სონეტი

ჩემ სატრფოს თვალებს ვერ შევადრი ორ ბრწყინავ ვარსკვლავს

არც მარჯანივით უელავენ წითლად ტუჩები

არც გულმკერდს მისას თეთრი ფერი თოვლის არ დაკრავს

და შავ მავთულებს უგავს თმები ნახუჭუჭები

წითლის და თეთრის ფერი ვიცი დამასკოს ვარდის

მაგრამ იმისი სახის კანი სულ სხვა ფერია

სხეულსაც მისას მხოლოდ ქალის სურნელი ასდის

და ამ სურნელში ღვთაებრივი არაფერია

მუსიკის ჰანგებს კაცის სულს რომ ზეცას აერთებს

მის ხმას ვერ ვადრი თუმცა მე ის ტკბობას მანიჭებს

ვიცი ღრუბლებზე სეირნობა უყვართ ქალღმერთებს

ჩემი სატრფო კი დედამიწას მძიმედ აბიჯებს

ვიცი და მაინც ვცდილობ გრძნობა გულით ვატარო

რადგან არავინ მეგულება რომ შევადარო

 

მოკლედ, ყოფნაა თუ არ ყოფნა, 

თან არა არი თან არი, გვმართებს მარად მზად ყოფნა, სიმწიფეა მთავარი.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა