ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Event Cinema – „ანტონიუსი და კლეოპატრა“

კინოთეატრი „ამირანი“ შექსპირის კიდევ ერთ ტრაგედიას წარმოგიდგენთ დიდ ეკრანზე. 29 იანვარს, Event Cinemas  ფარგლებში, სპექტაკლის  „ანტონიუსი და კლეოპატრა“ კინოჩვენება გაიმართება.

წარმოდგენის პრემიერა ლონდონის ნაციონალურ თეატრში გასული წლის სექტემბერში გაიმართა. რეჟისორ, საიმონ გოდვინის დადგმაში მთავარ როლებს ბრიტანელი კინოვარსკვლავები რეიფ ფაინსი და სოფი ოკონედო თამაშობენ, რამაც სპექტაკლისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ძველი რომაელი გენერლისა და ეგვიპტელი დედოფლის ტრაგიკულ და დრამატულ ისტორიას, ცნობილმა მსახიობებმა დამატებითი ხიბლი შესძინეს და უფრო ფართო აუდიტორია დააინტერესეს წარმოდგენით. წარმატებული პრემიერისა და დადგმების შემდეგ, 2018 წლის ბოლოს „ანტონიუსი და კლეოპატრა“ კინოთეატრებისთვისაც გადაიღეს და ამჟამად მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აჩვენებენ.

სპექტაკლს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსების მხრიდანაც: „რეიფ ფაინსი და სოფი ოკანედო, როგორც საკუთარ ტყულებში გახლართული საყვარლები, მოწოდების სიმაღლეზე არიან. რეჟისორი, საიმონ გოდვინი კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მას არაჩვეულებრივად შეუძლია გააერთიანოს თანამედროვე ხედვა მახვილ სმენასთან, რომელსაც კარგად ესმის შექსპირის ენა“.  წერს Guardian-ის თეატრის კრიტიკოსი, მაიკლ ბილინგტონი.

ჩვენება გაიმართება 29 იანვარს 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა