გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Event Cinema – „ჰამლეტი“

მაყურებელთა თხოვნით Event Cinema და კინოთეატრი „ამირანი” შექსპირის ტრაგედიის  „ჰამლეტის“ განმეორებით კინოჩვენებას წარმოგიდგენთ. სპექტაკლის დიდ ეკრანზე ნახვა მაყურებელს 26 ივნისს, შეეძლება.

„ჰამლეტი” და ზოგადად, შექსპირის პიესები ალბათ ყველაზე ხშირად იდგმება როგორც ბრიტანეთის, ისე მთელი მოფლიოს თეატრებში. თუმცა, რეჟისორ, ლინდსი თერნერის სპექტაკლმა, რომელიც 2015 წელს ლონდონის ბარბიქენის თეატრში დაიდგა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და პოპულარობით ბევრი რეკორდი უკან ჩამოიტოვა. მაყურებელთა არნახული რიცხვი ყველა დადგმაზე და ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა კინოთეატრებში  ასეთი იყო წარმოდგენის შედეგი პირველივე თვეებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მთავარ როლში ბენედიქტ ქამბერბეჩის მონაწილეობა იყო. ჰამლეტად ტრანსფორმირებულმა „შერლოკმა“ ისე მოხიბლა მაყურებელი, რომ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების კინოთეატრებმა ხელმეორედ აჩვენეს სპექტაკლი. შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ, პოპულარობის ზენიტში მყოფ კინო და ტელევარსკვლავს თეატრში კიდევ უფრო დიდი გამოცდილება აქვს. პირველი როლი მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში ითამაშა, ასევე შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „ზაფხულის ღამის სიზმარი“. მოგვიანებით კი, როცა უკვე პროფესიონალი მსახიობი გახდა, ლონდონის თითქმის ყველა ცნობილ თეატრში ითამაშა მნიშვნელოვანი როლები. წარმატებული კინოკარიერის შემდეგ, როგორც ჩანს ქამბერბეჩი ისევ შინაურად გრძნობს თავს თეატრში, თანაც იმდენად, რომ შექსპირის ჰამლეტსაც კი შეეჭიდა.

სამსაათნახევრიან კლასიკურ ტრაგედიაში მაყურებელი ახლებურად დაინახავს ჰამლეტს და მის ეგზისტენციონალურ ბრძოლას საკუთარ თავთან. ქამბერბეჩის ჰამლეტსაც იდენტობის კრიზისი აქვს, თუმცა ამას სხვა ასპექტებში ავლენს და მისი ფიქრები და განცდებიც უფრო თანამედროვე დისკურსშია  განხილული. განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგოა დანიის პრინცის ვიზუალური მხარეც, ის  ხან დევიდ ბოუვის მაისურით გვევლინება სცენაზე, ხან კი ჯარისკაცის უნიფორმით. მისი შინაგანი შფოთვები ერთნაირად ემუქრება როგორც ომის პირას მყოფ ქვეყანას, ისე კრიზისში მყოფ დანიის სამეფო ოჯახს.

„ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის“  სპექტაკლში გვეძლევა შანსი, ამ სიტყვების ახალ მნიშვნელობას ჩავწვდეთ და შესაძლოა, პასუხებსაც კი“  დაწერა წარმოდგენის ნახვის შემდეგ Variety-ის მიმომხილველმა, მეთ თრუმანმა.

ჩვენება გაიმართება 26 ივნისს, 19:30 წუთზე

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა