გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ირაკლი ბოჭორიშვილი
თეგები: #ინდიგო N11

ფეხსაცმლით გაფრენა

ბევრი შოტლანდიური ვისკი არსებობს და ასევე ბევრნაირია მათი წარმოების საშუალება. მათგან მხოლოდ The Balvenie-ა ერთადერთი, რომელიც ტრადიციულად დღემდე ხელით იქმნება. The Balvenie-ს ქარხანაში მიაჩნიათ, რომ თავიანთი ვისკისთვის ქერი თავადვე უნდა მოიყვანონ, მიუხედავად იმისა, რომ მაღალხარისხიანი ნედლეულის მომწოდებლის პოვნა სულაც არ არის ძნელი. მდიდარი ბუკეტით გამორჩეული სკოჩის მისაღებ პროცესებში ადამიანი ბოლომდე მთავარ როლში რჩება. სწორედ ამიტომაა The Balvenie ერთადერთი ხელით შექმნილი ვისკი. კომპანია, რომელიც თავის პროდუქტს ხელით ქმნის, "კოლეგებსაც" აფასებს და სპეციალური პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ "შუზოფრენიის" დამფუძნებელ ირაკლი ბოჭორიშვილს, რომელიც ხელით ფეხსაცმელს ქმნის.

სახელოსნო შუა ვაკეშია, მაგრამ ისეთ მშვიდ და მწვანე ადგილას, თავი აგარაკზე გეგონება. ყველა თავისი საქმითაა დაკავებული და სიჩუმეში აქა-იქ მხოლოდ კაკუნისა და ჩარხის ხმა გაისმის. ფუნქციები გადანაწილებულია – ყველაფერი ირაკლის ჯადოსნური ბლოკნოტით იწყება – აქ იქმნება მოდელი, შემდეგ კალაპოტი, გოგოები ამ მოდელს ათარგებენ, შემდეგ ხელოსნები ამუშავებენ ტყავს და სხვადასხვა დეტალს, ძირითადად 100-წლოვან „ზინგერებს“ იყენებენ. ჰყავთ ერთი ლამაზი, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლე გოგოც, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მათთანაა და დამუშავების ყველა ეტაპში პირდაპირი მნიშვნელობით ბოლომდეა ჩაფლული.

არ არსებობს, „შუზოფრენიაში“ შექმნილ ფეხსაცმელს რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში გადააწყდე და უყურადღებოდ დაგრჩეს. ფორმას, ფერებს, ხარისხს – ყველაფერს ცალ-ცალკე და ერთად გრძნობ, ხვდები, რომ ეს ის არ არის, რაც ბევრგან შეგიძლია ნახო. შეიძლება, შენი სტილი არც კი იყოს, მაგრამ მაინც აღგაფრთოვანებს. ბოლო კოლექცია „კენია“ ხომ სულ მთლად საოცრებაა, შეხედავ და იმ შორეულ ქვეყანაში გაგაფრენს.

ინდიგო: ეს თქვენი პირველადი საქმიანობაა თუ შემდეგ შეძენილი ჰობი? როგორ დაიწყეთ „შუზოფრენია“?

ირაკლი: უფრო შეძენილია. აკადემია დავამთავრე, მხატვარი ვარ. 1998 წელს „ქართუმ“ ფეხსაცმლის ფაბრიკა „ისანი“ იყიდა და იქ შეკრიბეს ადამიანები, რომლებიც ფეხსაცმლის დიზაინს აკეთებდნენ. ამ ჯგუფში 90 პროცენტი აკადემიის მხატვრები იყვნენ. იქ შევხვდი პირველად ფეხსაცმელს. გვყავდა 1 იტალიელი და 2 ქართველი მასწავლებელი. რაც ყველაზე მთავარია, თეორიასთან ერთად დიდი პრაქტიკაც გვქონდა. ყოველდღიურად რომ ხედავ, შენი ნაფიქრი როგორ ისხამს ხორცს, ძალიან მაგარია.

შემდეგ იქაურობა დაიშალა. რამდენიმე ადამიანმა გავაკეთეთ „სანდალი“, იქიდანაც წამოვედი და მარტომ დავიწყე „შუზოფრენია“.

ინდიგო: როგორ იწყება და იქცევა იდეა ფეხსაცმლად?

ირაკლი: ჯერ კეთდება ჩანახატი. შემდეგ ვთლი კალაპოტის პირველ დიზაინს. შემდეგ ეს კალაპოტი მრავლდება ზომებში. 1000-ზე მეტი კალაპოტი გვაქვს, ყველა ზომა, ყველა ფორმა, სიმაღლე. შემდეგ მოდელი კალაპოტზე იხატება – ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ყველაფერი. ფეხსაცმელი პატარა შეცდომასაც არ გპატიობს, მილიმეტრსაც კი. შემდეგ ეს ნახატი იქცევა თარგად, რომლის მიხედვითაც გამოიჭრება ტყავი და მიდის სახელოსნოში დასამუშავებლად. სახელოსნოში პროფესიონალები ხელით და 100-წლოვანი „ზინგერებით“ მუშაობენ. თანამედროვე მანქანებიც კი გვაქვს, მაგრამ, მგონია, რომ ხელით შექმნილს ძველი უფრო უხდება.

მშვიდად და გულიანად რომ იმუშაო, ერთი ფეხსაცმლის შექმნას 2 კვირა, მინიმუმ 10 დღე მაინც სჭირდება.

ინდიგო: ყოველთვის ისეთი გამოდის ფეხსაცმელი, როგორიც თქვენს ესკიზში იყო თუ მუშაობის პროცესში იცვლება?

ირაკლი: რა თქმა უნდა, იცვლება კიდეც. ხანდახან გაფუჭებულა ფეხსაცმელი და გამოსწორების მცდელობაში სულ ახალი რაღაცისთვის მიმიგნია.

ინდიგო: თუ დაკვირვებიხართ და შეგიძლიათ განსაზღვროთ, თქვენი ფეხსაცმლის პატრონი ვინ ხდება?

ირაკლი: უმრავლესობა ქალია, თითქმის 80 პროცენტი – უცხოელი. შარდენზე ნახულობენ მაღაზიაში და იქიდან გვიცნობენ. ასევე – უცხოეთში მცხოვრები ქართველები. აქაურებს მოსწონთ, მაგრამ ნაკლებად ყიდულობენ.

ინდიგო: თქვენი დაკვირვებით, დროთა განმავლობაში, ფეხსაცმლის შერჩევასთან მომხმარებლის დამოკიდებულება თუ იცვლება საქართველოში?

ირაკლი: კი, ბოლო 10 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. ადრე თუ ითხოვდნენ, მხოლოდ მისთვის ყოფილიყო ის ერთადერთი მოდელი შექმნილი, ახლა პირიქით, ყველას ერთნაირი უნდა. რატომ მოხდა ეს, ვერ ვხვდები. შეიძლება იმ ხალხს ფული აღარ აქვს?

ინდიგო: არ გიჭირთ განშორება თქვენს შემოქმედებასთან?

ირაკლი: ერთი ჩექმა მაქვს, რომელსაც ვერ შეველიე. ძალიან ბევრი ვიმუშავე, თან გადავყევი, შიგნით რა არ მაქვს ჩასმული, გიტარის სიმები თუ ბინოკლის ლინზები. ჰოდა, დავიტოვე.

ინდიგო: ძველ მოდელებს თუ მიბრუნებიხართ?

ირაკლი: 5B გვქონდა ასეთი კოლექცია, გაცრეცილი, დაძველებული მოდელებით. ბოლო დროს უფრო მოთხოვნადი გახდა, ვიდრე თავიდან იყო. უკვე 4 წელია პოპულარულია. ვუბრუნდები ხოლმე და რაღაც დეტალებს ვუცვლით.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა