ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გელა ჩარკვიანის გამოსვლა ბრისტოლის უნივერსიტეტში | 2008 წლის 15 ნოემბერი

საქართველოს ელჩის სიტყვა საქართველოს დღეებთან დაკავშირებულ 21-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე

ბრისტოლის უნივერსიტეტი

2008 წლის 15 ნოემბერი

თითქოს ყველაფერი მეტნაკლებად ნორმალურად მიდიოდა, გარდა ერთი გამუდმებული, გულის გამაწვრილებელი დაბრკოლებისა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ 2008 წელს ნამდვილ საფრთხედ იქცა. ეს რუსეთის მიერ საქართველოში სეპარატისტების მხარდაჭერის პოლიტიკა იყო. ჟურნალისტების, ბიუროკრატებისა და პოლიტიკური მიმომხილველების პერიოდული კომენტარებიდან ნათლად ჩანდა, რომ რუსეთს საქართველოში კონფლიქტის მოგვარების არც მზაობა ჰქონდა და არც სურვილი. აშკარა იყო, რომ რუსეთი ელოდებოდა ხელსაყრელ დროს, როდესაც გარემოებები საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შესაძლებლობას მისცემდა. რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დსთ-ის დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრ სკაკოვმა შემდეგი რამ აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნომინალურად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სინამდვილეში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არის სრულიად მიუღებელი. ეს რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიის დატოვების და შემდეგ უკვე, ჩრდილოეთ კავკასიიდან მისი გასვლის დასაწყისის მანიშნებელი იქნება“ – რაც რუსეთს მისი ერთიანობისთვის ეგზისტენციურ საფრთხედ მიაჩნია.

დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისთანავე და სინამდვილეში, ამ ფაქტის დადგომამდე, რუსულმა პროპაგანდამ კოსოვოსა და საქართველოს რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პარალელების გავლება დაიწყო. ყველა საგაზეთო სტატია და სატელევიზიო პროგრამა, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, სრულდებოდა შემდეგი შეკითხვით: „თუკი კოსოვოს დამოუკიდებლობის უფლება აქვს, რატომ არ აქვთ იგივე უფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?“ ამ ოპუსების ავტორებს, გასაგები მიზეზების გამო, არასოდეს მოჰყავდათ დემოგრაფიის, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის, ამ რეგიონების უახლესი ისტორიის, მათ შორის, კონფლიქტების დარეგულირების საერთაშორისო ძალისხმევის შესახებ ფაქტობრივი მასალა. აგიტაცია-პროპაგანდის ეს საბჭოური სტილი, მუდმივ შეურაცხმყოფელ რიტორიკის ნაკადთან ერთად, რომელიც გამიზნული იყო საქართველოს ხელმძღვანელობის რეპუტაციის შებღალვისკენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, მოასწავებდა, რომ რუსეთი რაღაცას გეგმავდა.

ადამიანები, ვისაც ჩემს მსგავსად, წინა ხელისუფლებებთან მოუწია მუშაობა, თავიდანვე ხვდებოდნენ, რომ რუსეთი თავის სამეზობლოში სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა მაშინვე, როგორც კი დასავლეთის ბერკეტებისგან თავისუფლად იგრძნობდა თავს და შესაბამისად, დაუსჯელობის მოლოდინით იმოქმედებდა. 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, რუსეთის იმჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ავიაციის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ალექსანდრ რუცკოიმ დაიმუქრა სამხედრო თვითმფრინავის საქართველოში გაგზავნით, ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის დასაბომბად. წლების შემდეგ რუსეთის სატელევიზო მიმომხილველმა, მიხეილ ლეონტიევმა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის პოლიტიკური ისთებლიშმენთის უმაღლესი ეშელონების ყველაზე რეაქციულ ძალებთან, თავის ყოველკვირეულ პროგრამაში, „ოდნაკო“, რომელიც ეთერში საუკეთესო დროს გადიოდა, შემდეგი კომენტარი გააკეთა: „რუსეთის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება გარდაუვალია. ბოლშევიკებმაც კი შეძლეს და დაიბრუნეს მიწები, რომლებიც ადრე იმპერიის საკუთრებაში იყო. სახელმწიფო საზღვრები დონეცკსა და ვორონეჟს, ან ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის – ეს ხომ წარმოუდგენელი უაზრობაა. თქვენ კითხულობთ, როდის?“ – განაგრძობდა ის, – როგორც კი მოგვინდება მაშინ და სრულიად არ უნდა გვაღელვებდეს რას იტყვის ამერიკა“.

როგორც შეიძლება იცოდეთ, რუსმა ბოლშევიკებმა, რომელსაც ბატონი ლეონტიევი ახსენებს, უმაღლეს დონეზე  ხელმოწერილი თავდაუსხმელობის სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვიეს და შემოუძღვნენ მეთერთმეტე არმიას საქართველოში, მისი დამოუკიდებლობის დასამხობად. ამ ორ ერთმორწმუნე ერს შორის თანამშრომლობის  მაგალითებთან ერთად, შემიძლია სხვადასხვა სფეროში ღალატისა და ძალადობის არაერთი ეპიზოდი შეგახსენოთ წარსულიდან, მაგრამ თავს შევიკავებ, ისტორიით მეტისმეტად რომ არ დაგღალოთ.

თავდაპირველი კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის ესკალაციის კუთხით რუსეთმა 2008 წლის მარტში გადადგა. მან დაარღვია დსთ-ის შეთანხმება, რომელიც სეპარატისტებთან ვაჭრობასა და სხვა სახის ურთიერთობებს დაუშვებლად სცნობდა. ქართულმა მხარემ მაშინვე გაამახვილა ყურადღება ამ ნაბიჯის მიღმა რუსეთის ჭეშმარიტ განზრახვებზე. უფრო ზუსტად, ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთს ცალმხრივი მოქმედებებისთვის ხელებს გაუხსნიდა და მიუხედავად მისი მშვიდობისმყოფელის როლისა, იგი ახლა შეძლებდა აფხაზი სეპარატისტებისთვის სამხედო მხარდაჭერა აღმოეჩინა - მძიმე ტექნიკა შეეყვანა აფხაზეთში. სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან გამოთქმულ შეშფოთებას ყური არავინ უგდო.

არავინ მიიჩნია საქართველოს არგუმენტები ყურადსაღებად მაშინაც, როდესაც რუსეთმა თავისი სარკინიგზო ძალები აფხაზეთში გადაიყვანა, ვითომდა მკაცრად განსაზღვრული სამოქალაქო მიზნებით.  როგორც შემდეგში გაირკვა, რუსეთმა ამ მანევრის საშუალებით მძიმე სამხედრო ტექნიკა გადაიტანა მდინარე ენგურთან, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. კრემლის შემდეგი ნაბიჯი ისეთი თავზეხელაღებული იყო, რომ სკეპტიკოსებსაც კი ევროპის დედაქალაქებში რუსეთის მიმართ უპირობო ნდობის სურვილი აღარ ჰქონდათ. პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის სააგენტოებს იურიდიული კავშირების დამყარების უფლებამოსილება მიეცათ თავიანთ კოლეგებთან სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ეს ნაბიჯი სწორად შეფასდა, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის დე ფაქტო ანექსია და მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ბევრმა საერთაშორისო აქტორმა სთხოვა კრემლს შეეცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ უშედეგოდ.

ასევე, პროვოკაციების სერია მიმდინარეობდა ადგილზე: რუსეთის საჰაერო ძალების რეაქტიულმა თვითმფრინავმა აფხაზეთის თავზე ჩამოაგდო ქართული დრონი. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და წარსულში განხორციელებული მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, რუსეთს არამხოლოდ არ უარუყვია კანონდარღვევა, არამედ ამაყად განაცხადა, რომ  სამხედრო საჰაერო ძალების ხომალდებს უბრძანეს საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შეჭრილიყვნენ, დედაქალაქთან ახლოს. ალექსანდრე რუცკოის მიერ გამოთქმული ჰიპოთეტური მუქარა ახლა სისრულეში მოდიოდა.

მიჩნეულია, რომ პუტინის მიერ 2007 წლის 10 თებერვალს მიუნხენში გაკეთებული მოხსენება, რუსეთის თვითაღქმის ევოლუციის პროცესში გარდამტეხი მომენტია. ევროპული დემოკრატიული ქვეყანის მშენებლობის თავდაპირველი მცდელობებიდან, რუსეთი იქცა ავტორიტარულ, იმპერიალისტურ ბუად, რომელსაც თითქოსდა რაღაც ღვთაებრივი მისიის შესრულება ჰქონდა დაკისრებული, რომლის რეცეპტებიც დღევანდელ რუსეთში მრავლადაა. ეგრეთწოდებული ევრაზიელების გურუ, ალექსანდრ დუგინი, რომლის თითქოს არაფორმალური განცხადებები იდუმალი გზებით მატერიალიზდება რუსეთის რეალურ პოლიტიკად, მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან წყნარ ოკეანემდე გადაჭიმულ დიად რუსეთს, იმპერიის ზომისას, ევრაზიის გიგანტს, გეოპოლიტიკურად ბედისწერამ არგუნა დაუპირისპირდეს დასავლეთის სამყაროს და საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვიდეს. მეორე ევრაზიელი, ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც მოსკოვში მცხოვრები ეთნიკური ქართველია, რუსეთს ახალ გლობალურ როლს სთავაზობს.  მართლმადიდებლური ქრისტიანობის დამცველს, მესამე რომს და მოგვიანებით, კომუნისტურ ზესახელმწიფოს, რომელიც მარქსისტული იდეებით შთაგონებული გადატრიალებების წამქეზებელი იყო მსოფლიოში, ახლა შეუძლია ევრაზიული ხალხების ეროვნული იდენტობის ქომაგის როლი  იტვირთოს. მისი რწმენით, ამ ხალხების კულტურას უკონტროლო გლობალიზაციის გამო სერიოზული საფრთხე ემუქრება და რუსეთის ამ ნაბიჯით, ის დაუპირისპირდება აშშ-ის მცდელობებს, გადააქციოს მსოფლიოს მოსახლეობა უფერულ, ერთფეროვან ბრბოდ.

არსებობს სხვა თეორიებიც და უმეტესობა მათგანი ერთნაირად კონფრონტაციულია.

ამ დროისთვის  მედიაში უკვე კლიშედ იქცა რუსეთის ძალისმიერი ქცევის ახსნა ვითომდა 1990-იან წლებში განცდილი დამცირების მიზეზით, თითქოს დასავლეთმა ბოროტად ისარგებლა რუსეთის სისუსტით. მას შემდეგ, რაც მსგავსი კლიშეები იქმნება, ისინი განაგრძობენ არსებობას და რაც არ უნდა მოკლებული იყვნენ საღ აზრს, ისინი აბინძურებენ და ახშობენ რაციონალურად განსჯის პროცესს, რადგან ადამიანების უმეტესობა არასდროს აყენებს ეჭვქვეშ  მათ სისწორეს და ავტომატურად ითვალისწინებს, როდესაც ცდილობს ჩაწვდეს პრობლემის არსს.

რატომ უნდა გრძნობდეს რუსეთი დამცირებულად თავს? თუ იგი არ აიგივებს თავს საბჭოთა კომუნიზმთან, შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, რომ რუსეთმა წააგო ცივი ომი. სინამდვილეში, სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. რუსეთმა გაიმარჯვა, როდესაც დაამტკიცა, რომ სისხლისღვრის გარეშე შეეძლო გათავისუფლება ირაციონალური, უაზრო  დოგმების ტყვეობიდან, რაც მოვლენების განვითარების შესაძლო ნეგატიური სცენარების გათვალისწინებით რთული ამოცანა იყო. საერთაშორისო არენაზე, ცივი ომის შემდგომი რუსეთი უფრო დიდი პატივისცემით სარგებლობდა ვიდრე ოდესმე. მას პატივს სცემდნენ არა შიშის გამო, როგორც აქამდე ხდებოდა, არამედ, გულწრფელად. რუსეთმა შეინარჩუნა მუდმივი წევრის ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე უფრო ადრე შეუერთდა ევროპის საბჭოს; აშშ-სთან, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად ჩართულია ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების ჯგუფში, მონაწილეობს ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე ექვსი ერის მოლაპარაკებებში. უფრო მეტიც, რუსეთმა საკმაოდ დაუმსახურებლად მიიღო ყველაზე განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოების ექსკლუზიურ კლუბში წევრობის უფლება, მაშინ, როდესაც რუსეთი არც განვითარებული იყო და არც დემოკრატიული. შედარებისათვის, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე პორტუგალიის მხოლოდ 40%-ს შეადგენდა; დემოკრატიის მაჩვენებლები კი დამაკმაყოფილებლისგან ძალიან შორს იყო. მას შემდეგ, რაც კლუბს რუსეთი შეუერთდა, მას მალევე უწოდეს G8.

 „წყეულ“ 90-იანებში სწრაფად დაგროვებული სიმდიდრის წყალობით, ქვეყანაში მცხოვრები მილიარდერების რაოდენობით რუსეთი გახდა ამერიკის შემდგომ მეორე სახელმწიფო. თითქმის საუკუნის შემდეგ პირველად, უამრავი ახლად გამდიდრებული რუსი ფუტკარივით შეესია ევროპის დედაქალაქებს, მოდურ კურორტებს და სხვა მდიდრულ ადგილებს. ისინი ნაკლებად ჰგავდნენ დამცირებული ქვეყნის მოქალაქეებს.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი რა მწარე დამცირება განიცადა რუსეთმა არაგულწრფელი, არაკეთილმოსურნე დასავლეთელი პარტნიორებისგან? ყველაზე ხშირად გაგონილი არგუმენტია ნატოს გაფართოება, რომელსაც რუსეთი აღიქვამს როგორც რაღაც ვერაგ გეგმას მის ალყაში მოსაქცევად და მისი ტრადიციული სფეროდან, ან კიდევ, ასე ვთქვათ, მისი ჰაბიტატის ნაწილიდან გასაძევებლად. ნატალია ნაროჩნიცკაია, ყოფილი პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის გამოძევებას თბილი კლიმატის მქონე ტერიტორიებიდან: შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ევრაზიისკენ, სადაც გათბობის სეზონი გრძელდება ცხრა თვეს და შესაბამისად, იქ ცხოვრების ღირებულება ბევრად უფრო მაღალია.

გასაკვირი არაა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აღმოსავლეთ ევროპიდან ახალი წევრების მიღებას რუსეთში წარმოაჩენენ, როგორც ამერიკის მიერ ინიცირებულ და აღსრულებულ იძულებით აქტს, რომელიც ახლა ცდილობს უკრაინის და საქართველოს იმავე მიმართულებით წაყვანას. თუმცა, უფრო მართებული იქნებოდა, რუსეთს თავისი აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლებისათვის შეკითხვა დაესვა, რატომ იყვნენ ისინი ასე მოწადინებულები ვარშავის პაქტი მიეტოვებინათ  და შესაძლებლობის გაჩენისთანავე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსიტიტუციებს მიერთებოდნენ. ახლა, 2008 წლის მოვლენების კვალდაკვალ,  მათი სიჩქარე სავსებით გამართლებული ჩანს. რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანების სურვილს, პოსტსაბჭოთა მთავრობებთან ჩემი მუშაობის გამოცდილების და იმ პირველწყარო ინფორმაციის გათვალისწინებით, რასაც ვფლობ, გულწრფელად მოგახსენებთ: არავინ ცდილობდა საქართველოს ნატოში შეყვანას. საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანების გადაწყვეტილება დაფუძნებულია მთელი პოლიტიკური კლასის მტკიცე გადაწყვეტილებასა და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილზე, რომელიც 2008 წლის იანვრის პლებისციტით გამოვლინდა. საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ალიანსის წევრი არაფერი აქვს საერთო რუსეთის ალყაში მოქცევის სურვილთან და გაწევრიანების შემთხვევაში, ის არ შეუქმნის საფრთხეს მის მეზობლებს, რომლებიც, სხვათა შორის, არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებენ ნატოს წევრობის მიმართ.  არასდროს გამიგია რომელიმე მათგანს ეწუწუნოს, რომ რაღაც ბოროტი ძალები  ალიანსში მათ გაწევრიანებისკენ უბიძგებენ.

საქართველო ნატოს წევრობას, უპირველეს ყოვლისა, თავისი უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს.  ნათელია, რომ ამ ეტაპზე ალიანსში გაწევრიანების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს და შესაბამისად, ახლა მხოლოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) ვითხოვთ. სამოქმედო გეგმა არ უნდა გავუთანაბროთ ნატოს სრულფასოვან წევრობას, მე-5 თავის ვალდებულების ჩათვლით; ზუსტად ამას აკეთებს ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი. ვერ ვხსნი, ეს არაკომპეტენტურობითა და გაუფრთხილებლობით ხდება, თუ მიზანმიმართულად, არაინფორმირებული მოსახლეობის შეშინებისთვის. რა მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, ამგვარი დამაბნეველი სიტუაციების შექმნა მიუტევებელია, რადგან ისინი ნამდვილ სურათს ბუნდოვანს ხდიან.

ნატოს წევრობა საქართველოსთვის გარე საფრთხეებისგან დაცვის გარდა, ბევრ სხვა რამეს ნიშნავს. თანამოაზრე სახელმწიფოების კლუბში ყოფნა მოტივაციას მოგვცემს გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ცივილიზებული საზოგადოების სხვა მახასიათებლების თვალსაზრისით დავემსგავსოთ მათ და ამავდროულად, შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული იდენტობა. ამგვარად, რუსეთის მიერ გამოთქმული წუხილი მის ალყაში მოქცევასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან, უბრალოდ სასაცილოა.

შეიძლება მოისმინოთ „დამცირების“ მორიგი, კიდევ უფრო აბსურდული არგუმენტი რომელიც დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებებს ეხება. ამ არგუმენტის მიხედვით, რუსეთის გვერდის ავლით კასპიის ზღვიდან მილსადენებით ნახშირწყალბადების ევროპაში გატანა წარმოდგენილია დანაშაულის ტოლფასად. ამ კონტექსტში, ხშირად მოჰყავთ მთავარი ნავთობსადენის (BTC) მაგალითი, რომელიც აზერბაიჯანულ ნავთობს აწვდის თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტს, ჯეიჰანს. ხშირად დარწმუნებით აცხადებენ, რომ თითქოს, რომ არა რუსეთის სისუსტე იმ პერიოდში, როდესაც BTC-ის ნავთობსადენის გაყვანა დაიგეგმა, დასავლეთი და აშშ ვერ გასწვდებოდა ამ საქმეს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს აბსურდული მოსაზრებები მხოლოდ რუსეთისგან მოდის, განსაკუთრებით კი მისი ნაციონალისტური, რადიკალური ჯგუფებისგან და ამ მოსაზრებებს დასავლეთის ყველაზე არამყარი მიმომხილველებიც კი არ იზიარებენ. შეიძლება, რუსეთმა შეურაცხყოფად აღიქვა ის, რომ იგი არ მონაწილეობდა პროექტში. მაგრამ რუსეთი ნებაყოფლობით მოიქცა ასე. პროექტში ჩართვა მას შესთავაზეს; მან კი უარი თქვა, რათა ეჩვენებინა, რომ მისთვის მიუღებელი იყო მილსადენები, სატრანსპორტო დერეფნები და რკინიგზები, რომლებიც მის ტერიტორიას არ ჰკვეთდა.

შემდეგი გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომელსაც რუსეთი არამარტო აშკარა შეურაცხყოფად, არამედ სერიოზულ საფრთხედაც კი მიიჩნევდა, არისე გრეთ წოდებული ფერადი რევოლუციები. მათ შედეგად გაჩნდა ქვეყნები, რომლებმაც ლიბერალური დემოკრატია წარმმართველ პოლიტიკურ ფილოსოფიად აქციეს და სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში დასავლეთს მიმართავდნენ რჩევისა და დახმარებისათვის. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სრული დამოუკიდებლობის იდეაც კი, განსაკუთრებით თუ ისინი „უცხო“ პოლიტიკურ სისტემას დაამკვიდრებენ და ამგვარად, დამაზიანებელ პრეცედენტს შექმნიან, სრულიად მიუღებელია რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური კლასისათვის, რომელიც ნებისმიერ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში დემოკრატიის გამარჯვებას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევს.

კრემლის ყოფილმა ინსაიდერმა და ოდესღაც ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, ანდრეი ილარიონოვმა EU Observer-ს ახლახან მისცა საინტერესო ინტერვიუ, რომელშიც არაერთი ძალიან ყურადსაღები კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე: „ქართული დემოკრატია ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის რუსეთის რეჟიმს. ის აჩვენებს, რომ მსგავსი მახასიათებლების მქონე კულტურა შეიძლება რეფორმირდეს და ინტეგრირდეს დასავლეთთან. მსოფლიოსთან ინტეგრირების მოდელი, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მოდერნიზებას და გახსნას, ანგარიშვალდებულ მთავრობას საკმაოდ განსხვავდება იმ მოდელისგან, რომელიც იქმნება მოსკოვში“. საქართველო და უკრაინა, როგორც ქვეყნები და საზოგადოებები, განსაკუთრებულ როლს თამაშობენ რუსეთის შიდა დებატებში, ვინაიდან მათ აქვთ მსგავსი კულტურული მახასიათებლები. ორივე მართლმადიდებელი ქრისტიანი ერია, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. როდესაც მიმომხილველები განიხილავენ განსხვავებული რელიგიური ტრადიციების მქონე ქვეყნებს, მაგალითად, პოლონეთსა და ესტონეთს და მათ არჩევანს ჭეშმარიტი დემოკრატიის, ანგარიშვალდებული მთავრობისა და დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით, ისინი ყოველთვის ამ ქვეყნების განსხვავებულობაზე ამახვილებენ ყურაღებას, მათი არჩევანის ახსნისას.

კვლავ რომ დავუბრუნდეთ დამცირების საკითხს, ვერავინ მოუძებნის რაციონალურ ახსნას, რატომ უნდა იგრძნოს რუსეთმა შეურაცხყოფილად ან დამცირებულად თავი, რა თქმა უნდა, თუკი შეურაცხყოფად არ აღიქვამს იმ ფაქტს რომ ყოფილ კოლონიებზე მბრძანებლობის შესაძლებლობა აღარ აქვს. თუ ესაა მიზეზი, ნათელია, რომ რუსეთის ფანტომური ტკივილები არ იმსახურებს თანაგრძნობას; მაგრამ ისევ და ისევ, ასეთ საკითხებში ბევრი რამ დამოკიდებულია აღქმებზე, რომლებიც შეიძლება ყოველთვის არ იყვნენ რაციონალურ მსჯელობაზე დაფუძნებული. ყოველ შემთხვევაში, ვერავინ უარყოფს, რომ დღევანდელ რუსეთში შესაძლო დამცირების შესახებ აკვიატება არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დუმა არ გასწევდა ამხელა ძალისხმევას იმ კანონის მისაღებად, რომელიც  „ეროვნული სიამაყის შეურაცხყოფას“ სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს.

რუსი პროპაგანდისტები და ზოგჯერ  დასავლელი მიმომხილველებიც წუხან, რომ რუსეთის ხედვა გათვალისწინებული არ არის, როდესაც მის მეზობლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. ისინი დაჟინებით ითხოვენ ცივი ომის შემდგომი მოვლენების რუსეთის თვალით შეფასებას. თუკი ზედაპირულად შევხედავთ, ეს შენიშვნა შეიძლება სამართლიანიც კი ჩანდეს. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მას მერე, რაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთმა მოკვეთა, მისი ხედვის გათვალისწინება ემსგავსება ეზოპეს იგავში „მგელი და კრავი“ რეალობის გათვალისწინებას მგლის გადმოსახედიდან და მტაცებლის ქცევის გამართლებას იმ საფუძველზე, რომ მას შია.

შეშფოთებას იწვევს სიტყვა „რევანშის“ ხშირი გამოყენება რუსეთის აღორძინების მცდელობებთან მიმართებით. ისტორიული ასოციაციების გარდა, რომელსაც ეს სიტყვა იწვევს, ის უცილობლად გულისხმობს შურისძიებას წარსულში განცდილი დანაკარგების გამო. თუკი რამდენიმე თვის წინ ადამიანებს შეეძლოთ მხოლოდ ევარაუდათ ვინ იქნებოდა შურისძიების მსხვერპლი, ახლა, პირველი მათგანი უკვე ცნობილია და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ჩემი ქვეყანა, საქართველოა.

რატომ საქართველო? – იკითხავთ.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებით შეიძლება, საქართველო უფრო ადვილი სამიზნე იყო, რადგან მარტივად შეიძლებოდა ქვეყანაში შემოჭრის საბაბის პოვნა. ასევე, საქართველოსთან მიმართებით, რუსეთს ამ დროისათვის უკვე ამოწურული ჰქონდა სადამსჯელო ღონისძიებების მთელი არსენალი და ერთადერთი შემდგომი ვარიანტი ურჩი, ნატოსაკენ აღებული კურსის მქონე მეზობლის პოლიტიკური ქცევის შესაცვლელად ძალის გამოყენებაღა რჩებოდა.

მართლაც, პოსტსაბჭოთა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში განვითარებული მოვლენების მოკლე სია ძალიან პირქუშ სურათს ქმნის.

1992-93 წლებში რუსეთის სამხედროები დაეხმარნენ აფხაზ სეპარატისტებს 300,000 ეთნიკური ქართველის აფხაზეთიდან განდევნაში.

1994 წელს, თბილისში სტუმრობისას, პრეზიდენტმა ელცინმა საქართველოს მოუბოდიშა კონფლიქტში რუსეთის შეუფერებელი როლისათვის. სხვათა შორის, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ეწვია მეზობელ საქართველოს.

ჩარჩო ხელშეკრულება მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ამ ვიზიტის დროს მოეწერა ხელი ორ სახელმწიფოს შორის, არ იქნა რატიფიცირებული რუსეთის პარლამენტის მიერ.

2001 წელს რუსეთმა დსთ-ის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს დისკრიმინაციული სავიზო რეჟიმი დაუწესა მაშინ, როდესაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონები სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლებული იყვნენ. უფრო მეტიც, ამ რეგიონებში მოსახლეობის უმეტესობას რუსეთის პასპორტები დაურიგეს.

2005-2006 წლებში რუსეთმა აკრძალა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი საქართველოდან, აბსურდული მიზეზებით. შემდეგ საჰაერო და საფოსტო კავშირები გამკაცრდა; საქართველოს მოქალაქეებს მასობრივად უარს ეუბნებოდნენ რუსეთის ვიზებზე, რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ავიწროვებდნენ და მათ დეპორტაციას ახდენდნენ. ეს ზომები მიმართული იყო საქართველოსათვის მისი საექსპორტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის წართმევისკენ, კერძოდ, რუსეთიდან ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირებისა და პოტენციური ინვესტორების დაფრთხობისკენ. რუსეთს მიაჩნდა,  რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შექმნით და ადგილობრივი ვალუტის კოლაფსით გაბრაზებული ხალხის მასები მთავრობას დაამხობდნენ.

თუმცა რევოლუცია არ მომხდარა. შესაბამისად, ერთადერთ საშუალებად ომი რჩებოდა.

რუსეთს რამდენიმე კონკრეტული ამოცანის მიღწევა სურდა, თუ ყველაფერი მისი გეგმისამებრ განვითარდებოდა.

გარდა პრაქტიკული გეოპოლიტიკური მიზნებისა, ეს მიზნები ასევე ირეკლავდა რუსეთის მიერ აღქმული დამცირების სხვადასხვა ასპექტსაც, რომელსაც უკვე ვრცლად შევეხე. საქართველო უნდა დასჯილიყო მისი დასავლური მიდრეკილებებისა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების გამო. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნებოდა შეტევის მიმართ საერთაშორისო რეაგირება და თავად საქართველოს შიგნით მოსახლეობის ერთიანობა, დამსჯელი ღონისძიება შეიძლება ყოფილიყო თბილისზე კონტროლის ხელში ჩაგდება, არჩეული ხელისუფლების განდევნა და საგანგებო რეჟიმის პერიოდის შემდეგ, პრორუსული ხელისუფლების ძალაუფლებაში მოყვანა, რომელიც არამარტო ნატოს იდეას უგულებელყოფდა, არამედ რუსეთის სამხედო ძალების განთავსებასაც დაუშვებდა მის ტერიტორიაზე; ასევე, სამხრეთ კავკასიის გავლით კასპიური ნახშირწყალბადების დასავლეთში ტრანსპორტირების სრულ კონტროლს ჩაიგდებდა ხელში. აღნიშნულმა სცენარმა არ იმუშავა ორი ცვლადის გამო, რომელზეც გეგმის წარმატება იყო დამოკიდებული. რუსეთის მოლოდინი არ გამართლდა. საერთაშორისო თანამეგობრობამ, უფრო ზუსტად, დასავლეთის სამყარომ ნელა, მაგრამ მაინც გაბედა და აჩვენა უჩვეულო ერთობა და სიმტკიცე. რუსეთის აგრესიის დროს, ქვეყნის შიგნით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მუდმივი დაპირისპირება დროებით შეწყდა, ერი გაერთიანდა და საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ არსებული სერიოზული საფრთხის დროს, 200 000 ადამიანი შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა ქვეყნის მმართველობის მიმართ სოლიდარობა გამოეხატათ.

შემდგომ განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთს ჰქონდა ნაკლებად ამბიციური, მაგრამ ასევე ძალიან დამაზიანებელი სათადარიგო გეგმა, რომელშიც არ შედიოდა მთელი ქვეყნისა და მისი დედაქალაქის აშკარა ოკუპაცია, მაგრამ მიმართული იყო საქართველოს მთავრობის დამხობისკენ სხვა ხერხებით. გეგმა ითვალისწინებდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის საჰაერო დაბომბვებს, სახმელეთო ძალების ე. წ. ბუფერულ ზონაში შეყვანას, ყველზე მნიშვნელოვანი გზებისა და პორტების გაკონტროლებას და ამგვარად, მთავრობის დამცირებას, ინვესტორების დაფრთხობას და შედეგად, ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო სისტემის განადგურებას. რუსეთი იმედოვნებდა, რომ შექმნილი მდგომარეობა პოლიტიკური ოპოზიციისთვის გახდებოდა ერთგვარი იარაღი ხალხის მასების გამოყვანისა და ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებისთვის; ასევე, რეგიონის სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს გაუგზავნიდა სიგნალს, რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონოდათ, თუკი რუსეთის პოლიტიკას არ დაემორჩილებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმის მნიშვნელოვანი ელემენტები თავდაპირველად განხორციელდა, სასურველი შედეგები არ მოიტანა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში მოიტანოს.

უპირველეს ყოვლისა, ეს ევროკავშირის მიერ მომზადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ის მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, შეთანხმებამ უზრუნველყო რუსული სამხედრო ძალების გაყვანა თვითაღიარებული ბუფერული ზონებიდან, რამაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნორმალური ფუნქციონირება შესაძლებელი გახადა. ამან, კი, თავის მხრივ, ეკონომიკას სიცოცხლე შთაჰბერა.

ათი დღის წინ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია სტუმრობდა. ფონდის ანგარიშში აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა, თავისი ფუნდამენტური ძლიერების წყალობით, შეძლებს აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგები დაძლიოს. IMF-მა სექტემბერში საქართველოს დაუმტკიცა 750 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სარეზერვო კრედიტი, რომელიც 18 თვეზეა გაწერილი. მისიამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩაატარა პირველი შეფასება. მისიის დასკვნაში ნათქვამია შემდეგი - „ხელისუფლებამ სათანადო ღონისძიებები განახორციელა კონფლიქტის უშუალო შედეგების აღმოსაფხვრელად და საბანკო სექტორმა კრიზისს გაუძლო“.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლების რეპუტაცია დიდად არ დაზარალებულა, მოქალაქეებმა, აგრესიის საპასუხოდ, ერთიანობა აჩვენეს და ერი კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირებული გახდა, ვიდრე ომამდე იყო.

ეს მოსალოდნელიც იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძვირფასია საქართველოსათვის მისი დამოუკიდებლობა და როგორ ამაყობს ქართველი ერი თავისი ისტორიითა და კულტურული ტრადიციებით, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. საქართველო ხომ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციაა დედამიწაზე და მიუხედავად მის ისტორიაში არსებული მძიმე პერიოდებისა, როდესაც ის უნდა შეჰგუებოდა სახელმწიფოებრიობის დროებით დაკარგვას, ამას არ და ვერ დაუშვებს 21-ე საუკუნეში. ქართულ საზოგადოებას სჯერა, რომ ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანი, როგორც უსაფრთხოების, ისე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით, არის დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრაცია.

რუსული პროპაგანდა კი საქართველოს პრეფერენციების სრულიად სხვა სურათს ხატავს; შესაბამისად, რუსების უმეტესობას სერიოზულად სჯერა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის ძალიან ვიწრო წრის გარდა, რომლებიც, მათი ვარაუდით, ამერიკელებისგან ფინანსდებიან, ქართული მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იხრება დასავლეთისკენ და ამავდროულად, მოსახლეობის უმეტესობა გრძნობს ძლიერ ნოსტალგიას საბჭოთა დროის მიმართ. ეს აბსურდული სტერეოტიპი არახალია და მას მასებს აქტიურად ახვევდნენ თავს ვარდების რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს, რომელიც ასევე სძულდა რუსეთს. ამ სიძულვილის მიზეზები იყო შევარდნაძის დახმარებით საბჭოთა არმიის გამოყვანა გერმანიიდან და ავღანეთიდან, საბჭოთა კავშირის დანგრევაში მონაწილეობის მიღება და ახლა, თითქოსდა მისი ამერიკელი უფროსების გულის მოგების მცდელობები ქართველი ხალხის სურვილების საწინააღმდეგოდ. პროპაგანდაში და განსაკუთრებით, პოლიტიკურ პროპაგანდაში არაფერი უჩვეულო არაა; მისი დაუსრულებელი ნაკადი დომინირებს რადიოტალღებში მსოფლიოს გარშემო. მაგრამ ამ შემთხვევაში უცნაური ისაა, რომ რუსეთის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თავადაც სჯერათ თავიანთი მოქალაქეების დასარწმუნებლად პროპაგანდისტების მიერ შეთხზული ზოგიერთი მესიჯის უტყუარობის. შესაბამისად, ისინი თავისივე შექმნილი მითების საპასუხოდ მოქმედებენ და გასაგები მიზეზების გამო, უმეტეს შემთხვევებში მინიმალურ წარმატებას აღწევენ.

ბევრი რამ დაიწერა აგვისტოს ომის მოვლენათა განვითარების და სამხედრო ასპექტის შესახებ და აღარ გავიმეორებ ინფორმაციას, რომელსაც უკვე კარგად იცნობთ. ასევე, არ ვაპირებ ვამტკიცო თუ რომელმა მხარემ განახორციელა პირველი გასროლა. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ საკითხმა მიიქცია საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ყურადღება. მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რა მოცემულობაშიც დაიწყო სამხედრო მოქმედებები.

რომელი მხარეა ომზე პასუხისმგებელი და შესაძლებელი იყო თუ არა მისი თავიდან აცილება – ესაა საკითხები, რომელსაც ამჟამად საპარლამენტო კომისია იკვლევს თბილისში. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ასევე ჩართულია სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას და მის შემდეგ ჩადენილ ომის დანაშაულის შესწავლაში. საბოლოო დასკვნები არ უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ მათი ანგარიშები არ მომზადდება. თუმცა ზოგიერთი ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ომის დაწყების დღეს, ნათლად მიანიშნებს თუ ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე.

7 აგვისტოს ღამით დათარიღებული სატელეფონო ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობა ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა, იტყობინება რუსეთის სამხედრო დანაყოფებისა და მძიმე ტექნიკის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით. რეაქციული სამხედრო გაზეთისათვის – „კრასნაია ზვეზდა“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ოფიცერმა გაამჟღავნა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებული სამხედრო წვრთნების შემდეგ მათ დანაყოფს უბრძანეს, დაძრულიყო საქართველოსკენ 7 აგვისტოს. ინტერვიუ გაზეთის ვებგვერდზე განთავსდა, მაგრამ მალევე აიღეს მას შემდეგ, რაც სატელეფონო ჩანაწერების გაჟონვა დაფიქსირდა. ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია და დაცლილ ქალაქში რუსი ჟურნალისტების ჯგუფის ყოფნა, რომლებიც მზად იყვნენ ქართველების მიერ განხორციელებულ გენოციდზე ისტორიები მოეყოლათ, ქართველებით დასახლებული სოფლების უჩვეულოდ ძლიერი დაბომბვა, რომელიც, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების მიუხედავად, დროებით ჩაწყნარების შემდეგ, 5 აგვისტოს, ისევ განახლდა და გაძლიერდა – როდესაც ყველა ამ ფაქტს იმ პოლიტიკურ კონტექსტში შევხედავთ, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და რუსეთის პოზიციებში აგრესიულობის პიკს მიაღწია, მცირე ეჭვი დარჩება ვინ დაიწყო ომი და რა მიზნით.

 ვინაიდან ვახსენე რუსეთის მიდგომებში სახიფათო ცვლილება, შეგახსენებთ, რომ 2002 წლამდე, რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არ აკეთებდნენ მუქარის შემცველ განცხადებებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობდნენ ამ უკანასკნელთა პოლიტიკაზე. როდესაც ამერიკელებმა საქართველოში დაიწყეს თავიანთი „წვრთნის და აღჭურვის“ პროგრამის განხორციელება, მოსკოვი გაცოფებული იყო. თუმცა, ნათლად მახსოვს, როდესაც პრეზიდენტ პუტინს ალმა ატიში გამართული დსთ-ს სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს, თუ რას ფიქრობდა საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე აშშ-სთან, მან უპასუხა, როგორც 21-ე საუკუნის სახელმწიფო მოღვაწეს შეეფერება. მან თქვა, რომ საქართველო იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და უფლება ჰქონდა თავად აერჩია უსაფრთხოების ის ზომები, რასაც თავად ანიჭებდა უპირატესობას. ეს განცხადება მკვეთრად მოდის წინააღმდეგობაში იმ განცხადებებთან, რომელსაც ბატონი პუტინი და რუსეთის მმართველი კლასის წარმომადგენლები რეგულარულად აკეთებენ, რომ რუსეთი ყველა შესაძლო საშუალებას (იგულისხმება სამხედრო საშუალებაც) გამოიყენებს ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესაჩერებლად.

აგვისტოს მოვლენებს რომ დავუბრუნდეთ, ვფიქრობ მიზანშეწონილია ვივარაუდოთ, ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტისა და ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რომელიც რუსეთს ჯარების გაყვანას ავალდებულებდა ომამდე დაკავებულ პოზიციებზე, რუსეთის მმართველები მიხვდნენ, რომ ძირითადი და სათადარიგო გეგმების მიღწევა თავდაპირველად განსაზღვრული გზებით ვერ მოხდებოდა და ახლა სხვა საშუალებები უნდა მოენახათ ამ გეგმების შედეგად მოპოვებული მიღწევების კონსოლიდირებისთვის.

მათ იცოდნენ, რომ ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება მათ ყველანაირ სამხედრო მიღწევას წაართმევდა. რუსებს ძალიან არ მოეწონათ სამხედრო კონტინგენტის მხოლოდ ომამდე არსებული რაოდენობის შენარჩუნების პერსპექტივა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თანაც მშვიდობისმყოფელების საეჭვო როლში. ამგვარად, მათ გადაწყვიტეს გადაედგათ ნაბიჯი, რომელსაც, შემდეგ თავად უწოდეს „ახალი რეალობა“ ადგილზე – ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადეს, დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები მათთან და მოაწერეს ხელშეკრულებებს ხელი, რომელიც რუსეთს ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების განთავსების უფლებას ანიჭებდა. „ახალი რეალობის“ არგუმენტი ახლა გამოიყენება რუსეთის მხრიდან ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შეუსრულებლობის გასამართლებლად. „ახალი რეალობის“ მიზეზით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ უშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორიები მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ იყო, ახლა მას აღარ სჭირდებოდა თავის მოკატუნება, რომ კონფლიქტს აგვარებდა. რუსეთი იქ მმართველი გახდა.

ალექსანდრ დუგინმა, რომელიც უკვე ვახსენე, თავის სამშობლოს ძალიან მკაფიო მითითება მისცა, როგორ გამკლავებოდა სეპარატიზმს: „რუსეთი ჩაახშობს სეპარატიზმს თავის ტერიტორიაზე უფრო მკაცრად, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა, მაგრამ მხარს დაუჭერს პრორუს სეპარატისტებს სხვაგან. ამის ახსნა რუსი ხალხისათვის ადვილი იქნება. ეგრეთ წოდებულ მორალზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა დასრულდა. ახლა მხოლოდ ძალა წყვეტს.“ იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა რამდენიმე წლის წინ ჩეჩნეთში და სულ ახლახან საქართველოში, საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ დუგინის იდეები გაითვალისწინა რუსეთის ხელისუფლებამ და ამ რეცეპტის გამოყენება სხვაგანაც გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით, გერმანული „შპიგელის“ მიხედვით, პუტინის პარტიის – „ერთიანი რუსეთის“ ყოფილმა კონსულტანტმა და მთავარმა იდეოლოგმა, ბატონმა დუგინმა, 2008 წლის ზაფხულის დასაწყისში გარკვეული დრო გაატარა ცხინვალთან ახლოს ბანაკში, მისი ახალგაზრდული მოძრაობის 200 წევრთან ერთად. გავრცელებული ინფორმაციით, მან კალაშნიკოვებით აღჭურვილ თავის თაყვანისმცემლებს შემდეგი რამ უთხრა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელები მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ ჩვენ ბოლოს მოვუღებთ მათ ჰეგემონიას. ჩვენი ძალები უნდა დაიძრან თბილისისკენ; შემდეგ დაიპყრონ მთელი ქვეყანა. უკეთესი იქნება, თუ ასევე აიღებენ უკრაინასაც, ყირიმის ნახევარკუნძულით, რომელიც ისტორიულად რუსული ტერიტორიაა.“

 რუსეთი სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა. არავინ  სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ნიკარაგუას გარდა. პარალელები, რომლებსაც რუსი მაღალჩინოსნები ავლებდნენ კოსოვოსთან, გამოუსადეგარი აღმოჩნდა. რუსეთის დიპლომატებს და პროპაგანდისტებს, რომლებიც თითქმის ერთი წელი ლობირებდნენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, ახლა სრულიად საპირისპირო რამ უნდა მოემოქმედებინათ – თვითგამორკვევის შესახებ უნდა ექადაგათ. არავისთვისაა ეს დამაჯერებელი, დიდწილად იმიტომ, რომ რუსეთი პრეცედენტის წარმოდგენას ცდილობს უშუალოდ დამდგარ შედეგზე ყურადღების გამახვილებით და ავიწყდება ახსენოს ის პროცესი, რომელმაც კოსოვოს აღიარება განაპირობა. ამ პროცესის აფხაზეთზე გამოყენება ნიშნავს იქ საერთაშორისო კონტინგენტის განთავსებას, ყველა იძულებით გადაადგილებული პირის უპირობო დაბრუნებას სამშობლოში, მათი რაოდენობა კი ორჯერ აღემატება აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობას ამჟამად და მხოლოდ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ რეფერენდუმის ჩატარებას. მარტი ახტისაარიმ, ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის კოსოვოში მიმდინარე კონფლიქტის მედიაციისთვის კატეგორიულად დაგმო ეს პარალელი: „კოსოვოს საკითხი გაეროს ჩარჩოში მოვაგვარეთ. საქართველოში ამის მცდელობაც არ ყოფილა. არ შეიძლება შეხვიდე დამოუკიდებელ სახელმწიფოში და რაც მოგესურვება ის გააკეთო. მაშინაც კი, თუ რუსეთი ხარ“.

სამხრეთ ოსეთში ჩადენილი ომის დანაშაული ადვილად დასანახია დღეს. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საერთაშორისო საზოგადოებას პრაქტიკულად აკრძალული აქვს იმ ტერიტორიებზე შესვლა, სადაც რამდენიმე თვის წინ სოფლებში  ქართველები სახლობდნენ. იქ ყველა სახლი გაიძარცვა და დაიწვა, სოფლის მკვიდრნი ზოგი დახოცეს, ზოგი განდევნეს და დაემუქრნენ, რომ არასოდეს მოსვლოდათ თავში თავიანთი წინაპრების მიწაზე დაბრუნება. ეს იყო არსებული დემოგრაფიული თანაფარდობის გამოსასწორებლად, „პრობლემის გადაჭრის“ ერთგვარი გზა. მოროდიორობას და გადაწვას სეპარატისტული მილიცია ახორციელებდა, მათ რუსი სამხედროები ადევნებდნენ თვალყურს.

ოსი სამხედროები გაუთვითცნობიერებულები იყვნენ საერთაშორისო სამართლის ფაქიზ ნიუანსებში და მათი ქმედებების შესაძლო მძიმე შედეგებში. ისინი საჯაროდ ტრაბახობდნენ თავიანთი „საგმირო საქმეებით“. რუსული პროპაგანდისტული მანქანა ისევ ამუშავდა და გაშმაგებით დაიწყო ქართველების მხრიდან ჩადენილი საზარელი დანაშაულის ძებნა, რომელსაც უნდა გადაეფარა ოსი სამხედროების მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება, მათი ლიდერის მიერ წახალისებული ეთნიკური წმენდის კამპანიისას. ამ უკანასკნელმა თავის თავდაპირველ განცხადებებში კატეგორიულად უარყო ქართველების დაბრუნების შესაძლებლობა თავიანთ სოფლებში. მალე პროპაგანდისტებმა ოსეთში ქართველთა სამხედრო მოქმედებებს ანალოგია მოუძებნეს თანამედროვე ისტორიიდან. მათი სიტყვებით, ეს ფაქტობრივად რუსეთზე განხორციელებული თავდასხმა იყო, რომელიც ძალიან ჰგავდა იმას, რაც ალ ქაიდამ განახორციელა აშშ-ის წინააღმდეგ 2001 წლის 11 სექტემბერს. „და რამდენი ხანს უნდა აგვეტანა ჩვენ ეს“ – წერს ვიაჩესლავ ნიკონოვი, ამ ანალოგიის ავტორი, რომელსაც შემდეგ ძალიან ხშირად იყენებდნენ რუსეთის მაღალჩინოსნები – „რისთვის უნდა გაიკიცხოს რუსეთი? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი განადგურების მცდელობები მოვიგერიეთ“ – ასე ასრულებს თავის მრისხანე ტირადას ბატონი ნიკონოვი.

ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება ორივე მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ქართულმა მხარემ აღიარა ბომბების გამოყენება სამხედრო ობიექტების მიმართულებით, რუსები ამ ფაქტს არ აღიარებენ. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა კი დაადგინა, რომ ჰოლანდიელი ჟურნალისტი სტან სტორიმანსი, დაიღუპა ქალაქ გორში (მოსახლეობა 50,00 ადამიანზე მეტი) ჩამოვარდნილი რუსული კასეტური ბომბით. ბატონი სტორიმანსის გარდა ბომბმა იმსხვერპლა კიდევ შვიდი ადამიანი. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ვერჰაგენმა ინციდენტთან დაკავშირებით თავის კომენტარში აღნიშნა, რომ კასეტური იარაღის გამოყენება ამგვარი ფორმით დაუშვებელია – „ გორში არ იყვნენ ჯარები და უდანაშაულო მოქალაქეები დაიღუპნენ“.

აქ, ბრიტანეთში ხშირად მეკითხებიან რამდენად ეფექტური იყო დასავლეთის პასუხი და ხომ არ ვგრძნობთ იმედგაცრუებას, ან მოტყუებასაც კი. ჩემი აზრით, აშშ-ის, ევროკავშირის, ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუციების და ინდივიდუალურად, დასავლეთის ქვეყნების პასუხი რუსეთის აგრესიაზე იმ ფარგლებში იყო, რისი მოლოდინიც გვქონდა და ამ პასუხმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აგრესორის შეკავებაში, რომელიც დასავლეთის ასეთ ერთიანობას არ ელოდა. აშშ-ის პრეზიდენტის მკაცრი განცხადებები, მისი სატელევიზიო ინსტრუქციები თავდაცვის მდივნის მიმართ საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად საჰაერო და საზღვაო სამხედრო ხომალდების გამოყენებასთან დაკავშირებით, გაკეთდა იმ დროს, როცა რუსეთის მიერ გეგმა ა ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე უგულვებელყოფილი. რამდენად აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, დღეს ზოგიერთი რუსი მიმომხილველი ადანაშაულებს ამერიკას კავკასიის ომის საიდუმლოდ დაგეგმვაში, იმ მიზნით, რომ ნატოს სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში შემოეყვანა, დახმარებოდა რესპუბლიკელ კანდიდატს და ასე შემდეგ. ფინანსური კრიზისის, ნავთობზე ფასების ვარდნის და მოსალოდნელი რეცესიის დროს სასარგებლოა იპოვო დამნაშავე და დააბრალო ყველა უბედურება, რაც კი ამქვეყნად ოდესმე მომხდარა.

მკაცრი და შესაბამისად, ძალიან სასარგებლო განცხადებები გაკეთდა ნატოს მხრიდან, რომელმაც შეაჩერა ნატო-რუსეთის საბჭოს აქტივობები; ასევე, ევროკავშირის პარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების მიერ გამოხატული სოლიდარობა. ეს ქვეყნები საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედიან და მათი ლიდერების უმეტესობა თბილისში იყო იმ დროს, როდესაც ქართული მიწა იბომბებოდა.

ქართველი ხალხი არ დაივიწყებს იმ მხარდაჭერას, რომელიც მივიღეთ ბრიტანეთის პოლიტიკური ფიგურებისგან, როგორც ლეიბორისტების, ისე კონსერვატორების მხრიდან. მათი დროული ვიზიტები და მკაცრი განცხადებები ძალიან დაგვეხმარა.

განსაკუთრებული და პრაქტიკული იყო აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის როლი, რომელსაც იმხანად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ჰქონდა ჩაბარებული. ბატონი სარკოზი მოსკოვსა და თბილისს შორის მგზავრობდა, რათა შეეჩერებინა სამხედრო მოქმედებები რაც შეიძლება სწრაფად.

გადაწვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ იქნა და ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი, სამომავლოდ პრობლემების მოგვარების ბუნდოვან მონახაზს ქმნიდა. სექტემბრის სამიტზე ევროკავშირმა პირობა დადო, რომ რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე (PCA) მოლაპარაკებების განახლებას დააკავშირებდა ექვსპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან. მაგრამ თავდაპირველი მკაცრი პოზიცია თანდათან შერბილდა. ევროკავშირის მინისტერიალის შეხვედრის შემდეგ, რომელიც 10 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა, გადაწყდა, რომ თუმცა რუსეთს საქართველოს გამო პასუხი უნდა მოეთხოვოს, მოლაპარაკებები PCA-ზე მაინც უნდა გაგრძელდეს.

საბოლოოდ, არანაირი სადამსჯელო ზომა არ გატარებულა რუსეთის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, უბრალო ფაქტიც კი, რომ 1921 წლის სცენარი ვერ განხორციელდა და სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი აიძულეს ხელი აეღო გეგმა ა-ს განხორციელებაზე, მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიო, თუნდაც მხოლოდ გარკვეულწილად, შეიცვალა უკეთესობისკენ.

აგრესორის შეჩერებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს დახმარება ომისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშების და ფსიქოლოგიური და ეკონომიკური შოკისგან გამოსვლის პროცესში. 4,55 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის დაპირება, რაც 38 ქვეყანამ და 15-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღუთქვა საქართველოს ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე, რომელიც 22 ოქტომბერს გაიმართა, არის ფასდაუდებელი წვლილი შეტანილი საქართველოს მომავალში. თუმცა არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. იმის მიუხედავად, რომ  ახალი პრაგმატიზმი შეიძლება საპირისპიროს ამბობდეს. აუცილებელია საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ის მინიჭება, მაშინვე, როგორც კი ალიანსის წევრები კონსენსუსს მიაღწევენ. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. ეს დაასამარებს რუსეთის ილუზიებს იმპერიის აღდგენის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გათავისუფლდება გამუდმებული აუცილებლობიდან ფოკუსირდეს ამ მიზანზე, რუსულ პოლიტიკურ კლასს შეიძლება უფრო მეტად პრაქტიკული და თანამშრომლური აზროვნება ჩამოუყალიბდეს, რომელიც საბოლოოდ მეტ დემოკრატიას შექმნის ქვეყნის შიგნით და ასევე, კეთილგანწყობას საერთაშორისო ასპარეზზე.

ევროკავშირმა თავისი პირობა უნდა შეასრულოს აღმოსავლეთ სამეზობლოზე კონცენტრირებასთან დაკავშირებით და შესთავაზოს საქართველოს ღია ვაჭრობის შეთანხმებები, გამარტივებული სავიზო პირობები და საბოლოოდ, გაწევრიანების პერსპექტივა.

რაც არ უნდა მოიმოქმედოს დასავლეთმა, ქართველებმა თავად უნდა გააკეთონ ბევრი რამ, რათა ქვეყანა დაბრუნდეს განვითარების გზაზე და წინ წავიდეს უფრო წარმატებული დემოკრატიული მომავლის შესაქმნელად. დემოკრატიის ახალმა ტალღამ, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააანონსა, უნდა მოიტანოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ფართო ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მთავრობის ფუნქციონირების უფრო მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. შემოთავაზებულმა ახალმა რეფორმებმა სრულად უნდა უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო და რადიო ეთერებში სავალდებულო პოლიტიკურ პროგრამებთან დაკავშირებულმა ახალმა კანონებმა ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი წვდომა უნდა მისცეს არხზე, რაც მთელ ქართველ ერს შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების მრავალფეროვნებას გაეცნოს. როგორც უკვე ვახსენე, ქართულმა ეკონომიკამ და საფინანსო სისტემამ შედარებით კარგად გაართვა თავი აგრესიის პირობებში, რაც დიდწილად განპირობებული იყო იმ რადიკალური რეფორმებით, რომელიც ქვეყანამ განახორციელა ბოლო რამდენიმე წლის წინ. ამ რეფორმებმა საქართველო ბიზნესის მეგობარ  ქვეყნად აქცია:  ბიზნესის დაწყების ნებართვის მოპოვება აქ ერთ დღეში შეიძლება, ხოლო ქონების რეგისტრაციას ან ცვლილებას სჭირდება მხოლოდ 2 საათი, 30 დღის ნაცვლად, როგორც ეს იყო წინათ. მაგრამ ომის შემდგომი საქართველო ძლიერ საჭიროებს უცხოურ ინვესტიციებს, რომელთა შემოდინებაც შეიძლება განახლდეს მას შემდეგ, რაც რისკები შემცირდება და ნდობა აღდგება. რაღაც პერიოდის განმავლობაში დონორების მიერ დაპირებული ფინანსური მხარდაჭერა დაეხმარება ქვეყანას შეავსოს დეფიციტი, რომელიც შეიქმნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების შედეგად. თუმცა ეს დროებითი ზომებია. გასაოცარია, მაგრამ თბილისის სუპერმარკეტების დახლებზე განთავსებული პროდუქციის სამი მეოთხედი იმპორტირებულია. ეს სირცხვილია, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის უმეტეს ნაწილში თბილი კლიმატი, ჰიდრორესურსების დიდ რაოდენობა და ნაყოფიერი ნიადაგია. ჩვენ აქტიურად უნდა მოვახდინოთ ინვესტირება სოფლის მეურნეობაში და საკვების წარმოებაში. კიდევ ბევრი სხვა ნაბიჯია, რომლის გადადგმაც საჭიროა. საბოლოოდ, საქართველოს მომავალი ძირითადად თავად ქართველებზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობრების მხრიდან დახმარების მოლოდინი გვაქვს და ვაფასებთ მას.

მე ახლა ბრისტოლში ვსაუბრობ, რომელიც თბილისის დაძმობილებული ქალაქია და იმის გათვალისწინებით, რომ დიდი რაოდენობით კულტურულ გაცვლებს ჰქონდა ადგილი ბოლო 20 წლის განმავლობაში, უბრალოდ ვერ შევიკავებ თავს, რომ არ გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელსაც გადავაწყდი. ეს ძალიან შავი, საშინელი ხუმრობაა. 2007 წლის ზაფხულში, მოსკოვის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ, რომელსაც სათავეში მაღალი თანამდებობის პირი ედგა, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თავის ქართველ კოლეგებთან 2008-2009 წლებში თბილისში მოსკოვის დღეების ორგანიზებაზე და პირიქით. თუ 2008 წლის აგვისტოს დღეები, რომელმაც ჩემი მოხსენების ძირითადი ნაწილი მოიცვა, იყო ის, რაც მოსკოვის დღეებად იყო ჩაფიქრებული, მაშინ მე სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ და არც გვექნება სურვილი, რომ სამაგიეროთი ვუპასუხოთ მათ.

ახლა უფრო სერიოზულ ნოტზე: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტების, ქვეყანაში შემოჭრის, მისი ნაწილების ოკუპირებისა და საბოლოოდ, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა ტრაგიკული შეცდომა დაუშვა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მან ორმხრივი ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა და ქართველი ხალხი უიმედოდ გაუცხოვდა რუსეთის მიმართ. მე ძნელად წარმომიდგენია საქართველოს ნებისმიერმა მთავრობამ ახლო მომავალში მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებლად ჩათვალოს მანამ, სანამ რუსეთი უარს არ იტყვის თავის ვალდებულებებზე სეპარატისტების მიმართ და ტერიტორიების დეოკუპაციას არ მოახდენს.

ახლა ერთადერთი ვიწრო ბილიკი, რომელსაც შეუძლია მხარეები დიალოგის რაღაც ფორმამდე მიიყვანოს, რაც არ უნდა დაძაბული და რთული იყოს ეს დიალოგი, არის ჟენევის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს საქართველო, რუსეთი და აშშ და თანათავმჯდომარეობს გაერო, ეუთო და ევროკავშირი. პირველი შეხვედრა, რომელიც 15 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, ჩაიშალა. შემდეგი შეხვედრა 18 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ამგვარად, სამი დღის შემდეგ, ჩვენ გვექნება ცოტა უფრო ნათელი სურათი ამ საკითხზე.

დაველოდოთ და ვნახოთ. მაგრამ ისევ და ისევ, არავინ ელის მნიშვნელოვან წინსვლას.

 

ინგლისურიდან თარგმნა ნინო სუთიძემ

ფრაგმენტი გელა ჩარკვიანის ახალი წიგნიდან, რომელსაც „ინტელექტი“ წლის ბოლომდე გამოსცემს