ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გემოვნებიანი თამადა | ნიკა ხოჭოლავა

თამადები უგემოვნოები არიან. გასაბჭოებული ქართული სუფრა ნამდვილი რუტინაა. ხშირ შემთხვევაში, სადღეგრძელოს არა ემოცია, არამედ წესი კარნახებს. სატრფიალო ხელოვნება - თამადობა, სამუშაოდ იქცა. უკვე თამადის დაქირავებაცაა შესაძლებელი.

DJ-ები და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერები გემოვნებიან ხალხად ითვლება. ქართული საკლუბო სცენა აერთიანებს თამადებისაგან განსხვავებულ ლხინის წინამძღოლთ, რომლებმაც გემოვნებისამებრ უნდა გასხლან სამყაროში მიმოფანტული ხმები და ბგერები, აქციონ მუსიკად და დადგან სანახაობა. ცხადია, ბევრი მათგანი, როგორც დანიშნულ-დაქირავებული თამადა, წინასწარ დამუშავებული ფორმულით სარგებლობს, რაც კოლექტიურ მოლხენას უსიცოცხლო რუტინად აქცევს ხოლმე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არავინ განათავსებს მათ შეფასების იმავე სიბრტყეზე, რომელზეც სუფრაზე მომუშავე თამადები სხედან.

26 აგვისტოს, Tamada-ს ფსევდონიმით, ლაშა ჩაპელმა გამოსცა ცხრა კომპოზიციისაგან შემდგარი მუსიკალური ალბომი სახელწოდებით: “Dionysus vs Tamada”. ასეთი მუსიკალური გემო ლაშას, როგორც თავად აღწერს, ემიგრაციაში უპოვია, როცა დისკ ჟოკეობისას მოუნდა “თრეშული შოუს დადგმა ბორატის სტილში“ და აღმოაჩინა, რომ მსგავსი კიჩი სინამდვილეში, შეიძლება სერიოზულად აღსაქმელიც იყოს. შემდეგ, საზღვარგარეთ მოპოვებული ცეცხლი სამშობლოში დააბრუნა და ასე მივიღეთ სერიოზული შოუ თამადას სტილში. თამადა ცდილობს ელექტრონული მუსიკის წვეულებაზე მოცეკვავე აუდიტორია თბილისური ჰედონიზმის ისტორიულ ტაძარში - დუქანში დააბრუნოს თან ისე, რომ გადასწვდეს მოლხენის, როგორც აღმოსავლურ, ისე ძველბერძნულ ესთეტიკურ შინაარსს. ალბომის დასახელებაც ამისკენ მიგვითითებს და ახალგაზრდებს გვახსენებს, რომ სიამოვნების კულტურის კვალი ძველი თბილისის ქალაქურ სივრცეში ლამის შენობებიდან ჟონავს. ლაშას პერსონაჟი ცდილობს ქართული სუფრის აღქმა გადაიაზროს და კი არ შეაპირისპიროს თანამედროვე საკლუბო გართობასთან, არამედ კავშირი იპოვოს ამ ორ გამოცდილებას შორის, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, პრინციპულად ერთი და იგივე აქტის განსხვავებული ინტერპრეტაციებია. ამბიცია დიდია, საკითხავია რამდენად ახერხებს ამას?

ალბომის საწყისი კომპოზიციის - “Erti”-ის პირველი წუთ-ნახევარი ქალაქური ფოლკლორის დამახასიათებელი ნოტებით იხსნება: თამადის ლექსს დოლის რითმას აყოლილ ზურნა აფორმებს, რომელსაც მოულოდნელი პაუზის შემდეგ, ელექტრონული ბგერები ემატება. შემდეგ სინთეზატორიც შემოდის, ფანოღის ტრადიციის სრული დაცვით. არ ვიცი პირველად ვინ, მაგრამ კახაბერ ცისკარაძის და დათო ოძელაშვილის კოლაბორაცია, შორეულ წარსულში გამართულ ლეგენდარულ წვეულებებზე “Subtropic” ნამდვილად არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო დოლი, ტამტამი, ფლეიტა, ზურნა ქართული მოლხენის პასაჟების შემოსატანად ტრეკში ისე, რომ კიჩის ზღვარზეც არ გადახვიდე. ლაშა მთელი ალბომის განმავლობაში, ამ ზღვართან ახლოს თამადობს. “Erti” თამადის შოუსათვის განკუთვნილი ნიადაგის მოსინჯვაა, სადაც ავტორი გვაჩვევს იმ ენას, ხმის ინტონაციასა თუ მუსიკალურ გადაწყვეტას, რასაც დანარჩენ კომპოზიციებში გაშლას უპირებს.

მეორე ტრეკი, “Tantali” დიონისეს უნდა ეკუთვნოდეს. თითქოს თამადას უპასუხებს შიშველი Minimal House, Tech House რიტმით, რომელზეც დამუშავებული, სახეცვლილი ვოკალური სემპლი დატანტალებს მანამ, სანამ ლექსის მოყოლას დაიწყებს. აღსანიშნავია ფანკ-რიტმული ბასის მოულოდნელი შემოსვლაც.

ამ და პრინციპში ყველა სხვა კომპოზიციის ცოცხლად შესრულება ნამდვილად საინტერესო სანახავი უნდა იყოს, რადგანაც მუსიკის წარმოებისას გამოყენებული ინსტრუმენტების მრავალფეროვნება, თანაც ისე რომ ტრეკმა საკლუბო იერიც არ დაკარგოს, ქართულ სცენაზე არც ისე ხშირია.

Shishveli” არის მესამე, რაშიც აშუღურ მაღალფარდოვნებას მოჭარბებული მუსიკალური ენერგია აღვიძებს, რაღაც მოგზაურობაა, თან ელექტრონული გიტარა, მცირე ელექტრონული ბიტები, იქვე ფონად გამოყენებული მოარულ ხმათა რეპლიკები და ლამის მუსიკალური ტრანსი დუქანში. ეს თამადას დაბრუნება უნდა იყოს.

შემდეგი ტრეკი აგრძელებს “Tantali”-ის სტილს. როგორც ჩანს ალბომში არსებული ორი მთავარი მიმართულება კონკრეტულ ტრეკებში მონაცვლეობს. ხან ერთი მეტობს, ხანაც მეორე. ეს “Devna”-ა, ისევ Tech House, Progressive-ის ელემენტებით და რაღა თქმა უნდა მელოდიური მიხვევ-მოხვევა. უცნაური 4x4. ნუთუ აქ უკვე გადააბიჯა კიჩის ზღვარს? ჰიპნოტური კინტო?

შეიძლება ვიდეოს ბრალია, მაგრამ ვფიქრობ, Piramde ყველაზე მეტად გადმოსცემს მთლიანი ალბომის სულისკვეთებას. მუსიკალურად ძალიან დახვეწილი, მომხიბლავი ემოციური დრამატურგია. აქ ავტორის შეხსნილი შინაგანი სამყარო მომაჯადოებელია. მაგრამ, საქართველოში აქამდე არსებულ მცდელობებთან შედარებით, დაეკავშირებინათ ქალაქური სატრფიალო კულტურა ელექტრონულ მუსიკასთან, თამადას მცდელობა მაინც უფრო კიჩურია. თანამედროვე საკლუბო სცენაზე წარმოდგენისას DJ-სთვის რისკის შემცველია გამოიყენოს არათუ ლექსი, არამედ ნებისმიერი ვოკალური აკაპელით გაჯერებული ტრეკი. ამ სივრცეში იშვიათად გაკადნიერებულა ვინმე ისე, რომ საცეკვაო მუხტის შენარჩუნებასთან ერთად სიტყვიერი პათეტიკა საინტერესოდ ექცია. საცეკვაო მოედნებზე სიტყვებს მხოლოდ მაშინ აქვთ სერიოზულად აღქმის შანსი, როცა ისინი იშვიათად გაიჟღერებენ ხოლმე. ლაშას ამბიცია აშუღის თანამედროვე აღქმის, როგორც ტრეშული შოუს პერფორმერის გადააზრებას უმიზნებს, ამიტომ მისი შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად უნდა ჩავთვალოთ, ის, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს კლუბების აუდიტორია მის მუსიკას.

ლაშა ჩაპელი ინტერვიუებში ჰყვება, რომ თამადას პროექტი მისთვის, საკუთარი ახალაღმოჩენილი, ნამდვილი, იდენტობის რეპრეზენტაციაა მუსიკაში. სინამდვილის ენერგიას ნამდვილად შეუძლია დაგაძლევინოს არასერიოზულობის ბარიერი. ნებისმიერი შემოქმედება ეგზოტიკური, ღიმილის მომგვრელი ასოციაციებისგან გაათავისუფლოს და გადაიყვანოს აღქმის კატეგორიაში, სადაც ეპატაჟური რისკი გამართლდება კიდეც. მსმენელი ასეთ ენერგიას ცოცხალი შესრულებისას იგრძნობს. დისტანციურად აღქმა  კი რთულია, თუ საქმე ისეთ შემსრულებელთან არ გვაქვს, როგორიც სირიელი Omar Souleyman-ია. ის სწორედ რომ ტრადიციულ აღმოსავლური სალექსო ფორმებს უერთებს ელექტრონულ ბიტებს, თან ტრადიციული საკრავების გამოყენებით. არათუ ლაივი, ლექსის შინაარსის გაგებაც კი არაა საჭირო, რომ  მუსიკის მაგიური ენერგია იგრძნო. ომარი საკუთარ თავს შეულამაზებლად გვაცნობს, თუმცა არ ერიდება ექსპერიმენტებსაც. თამადას დისტანციური სმენისას მსგავსი ენერგია ვერ ვიპოვე. ის თითქოს შორ მანძილზე საფანტით ისვრის, რამდენიმე ტყვია შეიძლება მოხვდეს მიზანს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს მოინადირებს.

 “Vardi Vaho” - აი სად არის ენერგია ჭარბად. ძლიერი  საცეკვაო რიტმი, ცხადია აღმოსავლური მოტივი, მთელი ალბომი ხომ აღმოსავლურ მუსიკალურ მოტივებს უტრიალებს. ეს, თამადას ნამდვილად კარგად გამოსდის, მაინც ახერხებს იყოს თან მიმზიდველი და თან მაინც აჯაფსანდალი. თუ მოგშივდება დაგანაყრებს. ალბათ ელექტრონული ბიტების ბრალია.

ალბომის სხვა კომპოზიციებისგან შედარებით, “Gamdis” ახერხებს დაიცვას ჰარმონიული ბალანსი ძველსა და ახალ მუსიკალურ ნარატივებს შორის. აქ პროდიუსერი აშკარად გადაღალა რომელიმე სტილის სიჭარბემ და ჩემი აზრით, ალბომის საუკეთესო ტრეკიც მიიღო. ექსპერიმენტი გამართლებულია.

Umal” - განსხვავებული კომპოზიციაა. უფრო მეტად მინიმალისტური, ვიდრე რომელიმე სხვა. თამადას ინტონაცია ემოციებისგან გადაღლილი, როლში ღრმად შესული ყარაჩოღელის სიტყვას აფორმებს. ბოლოში დრამატული მუსიკალური ფონი, რაღაც მოხდა, სევდის სუნი გამძაფრდა, იმ სევდის მთელი ალბომის განმავლობაში რომ დასტრიალებს თავს გალექსილ ავტორს.

ბოლო კომპოზიციაში - “Moparebit” ბევრად გათამამებული ლაშა გვთამადობს. კომპოზიციაც წინასთან შედარებით ლაღია, ეს ხომ ალბომის ფინალია. ზღაპრის ბოლო კეთილია, ოღონდ უფრო პოპ-მუსიკალური გადაწყვეტით, შიგ ჩაწნული სადღესასწაულო განწყობით და ძველი თბილისისადმი მიძღვნილი მოურიდებელი რევერანსის - “ტაია, ტაია, ვატატაია”.

ხელოვანები ამბიციურები არიან. ყველა მათგანს აერთიანებს ვნება იპოვოს გემო და აღმოჩენილი თარგმნოს შემოქმედებაში. კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებიც ამბიციურები არიან. მათაც მსგავსი გზის გავლა უწევთ კონკრეტული პროდუქტის შესაფუთად. ოღონდ უკვე აღმოჩენილი, ბაზარზე არსებული  გემოები უნდა ამოიცნონ, დაჭრან, შეკერონ, შეაკოწიწონ და რეკლამა შექმნან, რომელიც ზოგჯერ შეიძლება შეფასდეს ისე, როგორც ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში. ლაშა ჩაპელის პროექტი, კარგად დამუშავებული, უკვე არსებული ფორმულის ახალ  რეალობაში გამოყენების მცდელობაა. მისი სმენისას მიჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს პროექტის იდეა რომელიმე სარეკლამო კომპანიის ოფისის წიაღში დაიბადა და მასიური მოხმარების პროდუქტად ქცევას ლამობს. ისეთივედ, როგორც რომელიმე საერთაშორისო სწრაფი კვების ობიექტში ჩანერგილი ქართული საჭმელი, ვთქვათ ფხლოვანია - ვესტერნიზაციის მონუმენტი.

ჰიპსტერი იეთიმ გურჯი ნამდვილად საინტერესოდ ჟღერს, ოღონდ ზუსტად მანდ მთავრდება სადაც იწყება - საინტერესოა მხოლოდ.

რამდენადაც დამაინტრიგებელია ძველის და ახლის ასეთი ავანტიურული სინქრონი, იმდენადვეა სახიფათოც. ქართული სიტყვიერი ფოლკლორის მრავალფეროვნება, იძლევა საშუალებას ადამიანის უსაზღვრო ემოციური პალიტრა რამდენიმე სტრიქონში სხარტად გააერთიანოს. ეს შემოქმედებითი ხარისხის ისეთ სტანდარტს ქმნის, რომლისთვისაც მუსიკალური აკომპანემენტის შერჩევა ურთულესი ამოცანაა. ადგილობრივ მუსიკალურ სცენას ამ ამოცანის გადაჭრის მრავალი მცდელობა ახსოვს. ზოგიერთმა პროექტმა, საბოლოო ადგილი ესტრადის სათავეში დაიმკვიდრა, ზოგმაც ადრინდელ ქართულ ელექტრონულ მუსიკალურ სცენაზე იპოვა მსმენელი, თუმცა, საბოლოოდ ვერც ერთმა მათგანმა მოახერხა მოეპოვებინა მთავარი - დაემსახურებინა “გემოვნებიანი” მუსიკის არარსებული ჯილდო. ესტრადაზე გადამისამართებულთ, მაგალითად გია სურამელაშვილს უწოდეს ფანოღი, რაც ნეგატიურად შეფასების სინონიმად იქცა, ხოლო მუსიკალური ვირტუოზობის ამარა დარჩენილი ანდერგრაუნდი, ვთქვათ კახაბერი და ხანუმები თავის თავშივე ამოიწურა. ვფიქრობ, ლაშა ჩაპელის შემოქმედება ნებსით თუ უნებლიეთ ამავე სტანდარტს უმიზნებს. ეს ალბომი მაინც დიდი გადადგმული ნაბიჯია წინ. პირველ რიგში, იმით რომ სხვა გამოცემებისგან განსხვავებით, ბევრად მაღალია მუსიკალური პროდუქციის ხარისხი. მეორე ისაა, რომ ადგილობრივ ურბანულ სივრცეში, ქალაქის იდენტობაში ღრმად ფესვგადგმულია მოლხენის ახალი გზებისადმი ინტერესი და ვფიქრობ, თამადა ამ მოთხოვნას მარტივად შეავსებს. მე კი მხოლოდ მაშინ დავრწმუნდები მის სინამდვილეში, როცა თანაბრად - საკლუბო სივრცეშიც და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ფლეილისტებშიც თამადა ღირსეულ ადგილს დაიმსახურებს.