ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მიმოხილვა

გენიალური წიგნები მოკლედ "ზარმაცებისთვის" #3

„გენიალური წიგნები მოკლედ „ზარმაცებისთვის“ მინი-პროექტია, რომლის  სტუმრები იმ ემოციებს და იდეებს გვიზიარებენ, რომელიც ამა თუ იმ ნაწარმოების კითხვისას გაუჩნდათ.

რუბრიკის მასპინძელი გიორგი ჭეიშვილია, მესამე ავტორი - აკა მორჩილაძე.

 

#1 შოთა რუსაველი - „ვეფხისტყაოსანი“

ვერ ვიტყვი, რომ ათი საყვარელი წიგნი მაქვს, ანდა მსოფლიოში რომელიღაც  ათი  საუკეთესო წიგნი ჯობს დანარჩენ მილიარდობით წიგნს.

ადრეული ბავშვობისას ბევრს  ვათვალიერებდი მიხაი ზიჩის დასურათებულ „ვეფხისტყაოსანს“ და  ადგილებიც საკმაოდ ვიცოდი ამ წიგნიდან; ქართულის რეპეტიტორების გარემოცვაში გავიზარდე და  ალბათ მათი აბიტურიენტების წვალებას ვუგდებდი ყურს, თორემ ის არ მახსოვს, რომ ვინმეს სწავლა დაევალებინოს, ან ზეპირად  ესწავლებინოს.  საბოლოოდ ისე  გამოვიდა, რომ ეს  წიგნი, მგონი კარგად  გავიგე. ზეპირად ალბათ თითქმის  აღარ  ვიცი, მაგრამ ზიჩის ის ნახატი, ავთნადილი რომ მიდის და მიიმღერის და „სმენად მხეცნი მოვიდიან“, სამუდამოდ  და წვრილად დამამახსოვრდა.

 

#2 დანიელ დეფო - „რობინზონ კრუზოს თავგადასავალი“

პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, ალბათ იყო „რობინზონ კრუზოს თავგადასავალი“. ავტორის სახელი არ  დამმახსოვრებია, იმის მიუხედავად, რომ წიგნს ყდა შერჩენოდა.  მეორე მოსოფილიო ომამდელი ქართული  გამოცემა  იყო. ყოველ შემთხვევაში, აშკარად ომამდელი. შთამბეჭდავი კი  იყო, იმით რაც იქ იყო  მოთხრობილი, მაგრამ დანიელ დეფოს ის განთქმული ფრაზა, რაც „რობინზონ კრუზოში“ მერე  ამოვიკითხე, მაშინ არ დამმახსოვრებია: სიკვდილი  არ აკეთილშობილებსო,  სიკვდილი ცოცხალ ნაძირალას, მკვდარ ნაძირალად აქცევსო.

#3 მარკ ტვენი - „ტომ სოიერის თავგადასავალი“ | ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - „ბიძია თომას ქოხი“

მერე  იყო ან „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ან „ბიძია თომას ქოხი“. ის „ბიძია თომას ქოხი“ ძალიან შთამბეჭდავი იყო, „ტომ სოიერი“ კი უკიდურესად მოსაწონი. ესეც რომელიღაც ძველი გამოცემა გვქონდა, ელენე ახვლედიანის დასურათებული. ინდიელი ჯოც კი ეხატა  დანით, რომელიც ექომს ჩასცა. ოღონს, რახან ძველი გამოცემა იყო, ყველგან ინდოელი ჯო ეწერა.  ეტყობა მერე მოიფიქრეს, რომ ინდოელი და ინდიელი ასე  განესხვავებინათ.

 

#4 რობერტ ლუის სტივენსონი - „განძის კუნძული“

პირველი წიგნი რომელმაც მაფიქრებინა, რომ  მწერლობა  ოჰ-ოჰ-ოჰ-ო რაღაც  საქმე  ყოფილა  ისეთი, რომ მკითხველს წიგნი ხელიდან არ გააგდბინოს, იყო სტივენსონის „განძის კუნძული“, განსაკუთრებით, მისი პირველი თავი. ამის შემდეგ  მივყავი ხელი თავადაც  წერას. თუმცა, მოსაწყენ ხელობად დავინახე,  რადგან, ჯერ კიდევ სამელნეები დაგვქონდა სკოლაში და შიგ კალამს  ვაწობდით. ასე, ხანგრძლივად  წერა დავალების გარეშე იოლი არ იყო  და შემოვიფარგლე სათაურებით. სათაურს იქით აღარ  ვწერდი.  ის პირველი თავი კი ასევე სამუდამოდ დამამახსოვრდა,  როგორც  ჯიმ ჰოკინსს ელანდება  ცალფეხა მეზღვაური, რომლის დანახვის შემდეგაც ჯილდოს მიიღებს, მეც ისე მელანდებოდა და  შეიძლება ითქვას, დღემდე  მელანდება.

#5 მაინ რიდი - „უთავო მხედარი“

რამდენიმე  წელიწადს, სანამ „დიდ ლიტერატურამდე“ მივიდოდი,  ყველაფერს  ვკითხულობდი, იქედან რასაც საყმაწვილო ლიტერატურა ერქვა და  იმათშიც  ბევრი დამამახსოვრდა. საბჭოთა კავშირში განთქმული იყო მაინ რიდის ტომები.  ეს მსოფლიოსთვის სრულიად დავიწყებული სათავგადასავლო მწერალია, მაგრამ  ქართულად, მგონი, რვა ტომი გვქონდა.  ამ რვიდან მე ვეწაფებოდი მეოთხეს, „უთავო მხედარს“. კარგად მახსოვს, მეორე  ცვლაში ვიყავით და ეს ამსისქე  წიგნი სკოლაში დამქონდა, გაკვეთილებზე  მალულად  ვკითხულობდი.

#6 ართურ კონან დოილი - „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ | ჰენრი რაიდერ ჰაგარდი - „სოლომონ მეფის საგანძური“  

მალე ეს ამბები მორჩა. თუმცა, უბრალო ლიტერატურისადმი პატივისცემა სამუდმაოდ შემრჩა და სანამ „შერლოკ ჰოლმსს“  გავივლიდი, ჰენრი რაიდერ ჰაგარდისაც გავეცანი. იმას, რაც  საბჭოეთში არსებობდა - „სოლომონ მეფის საგანძური“ და „მშვენიერი მაგრარეტი“ ერთ წიგნად იყო.  ჟიულ ვერნები და  ასეთები, თავისთავად.

#7 ლევ ტოლსტოი - „კაზაკები“ | ჰაინრიხ ფონ კლაისტი - მიაელ კოლჰაასი

ეგ კარგი დროა, მაგრამ მერე  უბედურება იწყება. უბედურება პირობითად. მერე და მერე  საკითხავი სულ მთლად  რუსულად გიწევდა.  ერთი-ორი „დონ კიხოტისნაირი“ გამონკლისის  გარდა.

მე ძალიან შემიყვარდა ამერიკული ლიტერატურა, „მობი დიკის“ და სტივენ კრეინის თამადობით, თუმცა, სტენდალიც, მოპასანიც და რუსებიც, ტოლსტოით დაწყებული - ხელის გაწვდენაზე იყო; სულ ტომებში...

მე მაინც ის შემიყვარდა, და კიდევ გერმანული რომანტიზმი. რაღაც  ორი-სამი წელიწადი დგება, რომ  საქვეყნოდ აღაირებულ „დიად წიგნებს“ კითხულობ. „ომი და მშვიდობა“ (რომელიც ყველა  ამბავში საჭიროა) და  ასე შემდეგ,  თომას მანიო და რა აღარ. ეგ, ჯამში, მოსაწყენი დროებაა, თუ არ აღფრთოვანდი და თუ არ იფიქირე, რომ მწერლობა მხოლოდ  ესაა და სხვა არაფერი. 

მე მაგ დროიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ტოლსტოის - „კაზაკები“ და ჰაინრიხ ფონ კლაისტის „მიჰაელ კოლჰაასი“, რომელიც დღემდე შედევრი მგონია. ის „კაზაკებიც“ ასე მგონია. ბევრი სხვაც, ძნელია ასე ჩამოთვლა...

 

#8 ფიოდორ დოსტოევსკი - „ეშმაკნი“

ასევე, ფიოდორ დოსოტევსკის - „ეშმაკნი“; ამ მწერლის საუკეთესო წიგნად მიმაჩნია. არის წიგნები, რომლებსაც უბრალოდ, ნებისმიერ  ადგილას გადაშლი ხოლმე. ეს რომანი ასეთი გამოდგა ჩემთვის.  ასეთივეა უილიამ ფოლკენრის მოთხრობები. კი, მესმის, რომ  ფოლკენრი რომანებითაა  ფოლკნერი, მაგრამ მე  მოთხრობები მიყვარს. მთელი  გევინ სტივენსის ამბები და  რა აღარ. საერთდ მთელი ფოლკნერის დაუსრულებლად კითხვა შეიძლება, თუ ისეთ წიგნებს გამოვაკლებთ,  თავიდან რომ წერდა და მერე კი, როგორიც იგავი გამოუვიდა. ძალიან საყვარელია ჩემთვის. სხვა კაცია.

#9 ჯეიმზ ჯოისი - „ულისე“

რაღაც  დროს ბევრს კითხულობ ჰემინგუეის და მისნაირებს. მგონი, სტუდენტობის დასაწყისში. მერე უკვე ჰემინგუეის ნაწერების ნაცვლად მასზე დაწერილ წიგნებს კითხულობ. მე მაინც მგონია, რომ ერთ - ოცდაათ მოთხრობაში მაგარია, თუ არ გაითვალისწინებ, როგორ  წერდა ამ მოთხრობებს. მოთხრობებზე თუ მიდგა, ჯოისის - „დუბლინელები“ უფრო  მაგარია. ახლა ჯოისზე არ მოვყვები, როგორც  ერთი გადახვეწილი ქართველი მწერალი მეტყოდა, „შენ ამბის კაცი ხარ და რა ჯოისზე ლაპარაკი აგიტყდა?“ არ ამიტყდა. მისი ჭადრაკი ძალიან სასარგებლოა, დღევანდელი მწერლისთვის ხომ საერთოდ - პირველი სახელმძღვანელოა. ოღონდ, კომენტარებიანი გამოცემები. „ულისეს“  ვგულსხმობ, რა თქმა უნდა.

#10 გილბერტ კით ჩესტერტონი- „კაცი, რომელიც იყო ხუთშაბათი“

ის, ვინც მწერლური სწორხაზოვნების სისულელე დამანახა, იყო  გილბერტ კით ჩესტერტონი და მისი  წიგნი - „კაცი, რომელიც იყო ხუთშაბათი“ ამ  წიგნის წაკითხვისას მივხვდი, რომ ეს ამბავი შრომა კია, მაგრამ  თამაშიც შეიძლება იყოს. საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ ამ წიგნმა, ზოგადად ჩესტერტონმა, როგორც მწერალმა, მეტაფორისტმა და სურათების დამხატავმა, ჩემზე ძალიან დიდი  გავლენა იქონია. მგონი, დღეს ის აღარაა პრაიმ მწერალი, თუმცა, როგორც იმქვეყნად  წასულ ნამდვილ მწერალს,  სულ არ ედარდება  ვინაა  დღეს.

#P.S.

ძნელია ათ პუნქტში რაიმეს მოქცევა. უფრო ჩამორბენასავით არის. საბოლოოდ კი, სამი რამეა მოსასწრები. ფრანც კაფკას - „პროცესი“ ძალიან მიყვარს და დღეს კი დიდი სიამოვნებით ვკითხულობ  რობერტო ბოლანოს  წიგნებს, ისევე როგორც ადრე დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი „ლასარილიო ტორმესელის ცხოვრებას“.

 

აკას მორჩილაძის მსგავსად შეიძლება დაგაინტერესოს:

ლევან გიგინეიშვილის გენიალური წიგნები მოკლედ "ზარმაცებისთვის" #2 

ლევან ბერძენიშვილის გენიალური წიგნები მოკლედ "ზარმაცებისთვის" #1