ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გმირული ოდისეის დასასრული | გია ხადური

ვერცერთმა სახელოვნებო თუ სალიტერატურო სფერომ ვერ შექმნა გმირი. გენიოსი – რამდენიც გინდა, მაგრამ თუნდაც მოცარტს, პიკასოს, ანდა ფოლკნერს გმირად არავინ მოიხსენიებდა, სამაგიეროდ, როკმუსიკას ჰყავს მთელი პანთეონი. მიზეზი ისაა, რომ ადრეულ ეტაპზე როკი მოზარდული კულტურა იყო, მოზარდებს კი საკუთარი გმირები სჭირდებათ. ეს ზრდასრულებმა საუკუნეების წინ თავად მოუფიქრეს ბავშვებს – ყველა ეპოქასა და საზოგადოებაში თაობებს ხომ სწორედ გმირების მაგალითებზე ზრდიდნენ, მათი თავგანწირვისა თუ ერთგულების ისტორიებზე.

1960-იან წლებში წამოსულ თაობაში კი კეთილგონიერი უფროსების მიერ პედაგოგიური მიზნებით შერჩეული მისაბაძი გმირები თანამედროვე, ლამის მათმა თანატოლმა როკგმირებმა ჩაანაცვლეს. რა თქმა უნდა, ლიტერატურაცა და კინოც არანაკლებ ზეგავლენას ახდენდა მათზე, მაგრამ როკკულტურა იყო 60-იანების მოზარდების მონაპოვარი, მათთვის სულიერი და კულტურული საკვები, ცხოვრებისეული ფილოსოფიის თუ მსოფლშეგრძნების განმსაზღვრელიც კი.

ამიტომაც გადაიქცნენ როკმუსიკოსები პრომეთეებად, რომელთაც ცეცხლი, ახალი ენერგია შთაბერეს ადამიანთა მოდგმას. როკმუსიკოსი იყო მითოლოგიური იდეალისტი, ლამის ახალი მესია, რომელსაც მოზარდის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში გაცისკროვნება და ახალი, ჯერ შეუცნობელი განცდები შეჰქონდა.

ახალგაზრდების ოთახის კედლებზე გაკრულ პოსტერებსაც ისეთივე დანიშნულება ჰქონდა, როგორც რელიგიურ ხატებს მორწმუნის სამლოცველოში. როკი ჩემი რელიგიააო, – პატი სმითიც ამას ამბობდა.

ამ როკეპოპეას მისტიკურობას სძენდა ის ფაქტიც, რომ დევიზი – „იცხოვრე მძაფრად და მოკვდი ახალგაზრდა“ – ბევრმა როკგმირმა პირნათლად შეასრულა (მარტო ყბადაღებული „ოცდაშვიდიანელთა კლუბის“ მითოლოგია რად ღირს).

როკერების ეზოთერიკით, შავი თუ თეთრი მაგიით, უტოპიური მითებითა თუ ლეგენდებით გატაცება თანდათან კონვეიერზე შეაგდო მუსიკის ინდუსტრიამ. ამ იდეებისა და შეხედულებების მუსიკაში მასობრივად ჩაშვებამ კი მოზარდების ცნობიერებაზე ფანტასმაგორიული, ილუზორული ეფექტი მოახდინა.

მაშინ მართლა ირწმუნეს, რომ დევიდ ბოუი დედამიწელთა სულების გადასარჩენად მარსიდან მოვლენილი კოსმიური გმირია, ხოლო რობერტ პლანტი – მითიური, კეთილშობილი მებრძოლი რაინდი (ნიშანდობლივია კლიპი Rain Song).

როკმა წარმოშვა მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე მდგარი ფრონტმენი, რომელსაც საკუთარი პერფორმანსით ძალუძს, ერთიანად დაატყვეოს უზარმაზარი აუდიტორია, და აბა, რა უნდა იყოს ამაზე დიდებული, მაგიური და ჰეროიკული?

როკმუსიკოსები, თითქოს, გარემოცულნი იყვნენ შარავანდედით, ისეთი ენერგეტიკული ველით, რომელშიც უბრალო მოკვდავი ვერ შეაღწევ. ამიტომაც გადაიქცნენ იმ პერიოდის როკვარსკვლავები არაამქვეყნიურ, მიუწვდომელ და აროგანტულ პერსონაჟებად.

მერე კი მოვიდა ახალი პანკთაობა, თაღლითობაში ამხილა მთელი ეს გმირული თანავარსკვლავედი (THE GREAT ROCK N ROLL SWINDLE – Sex Pistols-ის სიმღერა-მანიფესტი) და, ფაქტობრივად, ერთ წელიწადში დაანგრია რუდუნებით შეთხზული მითები და ლეგენდები.

როკჰეროიკულობა უცბად გადაიქცა ანაქრონიზმად, გოიმობად და ამ ახალ ტენდენციას პროგრესულმა მუსიკალურმა პრესამაც აუბა მხარი. ახალი თაობის ირონიას ვერ ემალებოდნენ „ხელშეუხებელი“ გმირებიც კი: Queen, The Who, როდ სტიუარტი, Rolling Stones და სხვები.

მაგრამ ახალ თაობასაც ხომ სჭირდებოდა თავისი გმირები? ასე გაჩნდნენ პანკის ანტიგმირები.

„მე ვარ ანტიქრისტე, მე ვარ ანარქისტი“, – ღრიალებდა ჯონი როტენი, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ მოვიდა ანტიგმირების დრო;

რომ ანტიგმირიც იგივე გმირია, უფრო დამაინტრიგებელიც და ხშირად უფრო მომნუსხველიც.

ანტიგმირები მანამდეც იყვნენ როკნ’როლში, მაგრამ, უფრო როგორც საფრთხობელები, ახალი ანტიგმირები კი სწორედ როკიდიომის წიაღში გაჩნდნენ და ეს იყო სხვაობა. ამის მკაფიო ნიმუშია Sex Pistols-ის ბასისტი, სიდ ვიშეზი – მუსიკალურად სრულიად უმეცარი, მაგრამ ჭეშმარიტად კონტროვერსიული გმირი, ხოლო უაზრო და ნაადრევი სიკვდილის შემდეგ, ნამდვილ ლეგენდად ქცეული.

ანტიგმირის განსხვავებული სახე შემოიტანა ელვის კოსტელომ, ტიპური ხელმოცარული პერსონაჟი (looser), სათვალიანი „ხუთოსანი“ (nerd) და მიზანთროპი.

და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ სოციალურად აქტუალური ახალი არტისტებიც – ჯო სტრამერი (The clash), პოლ უელერი (The Jam), ჯერი დემერსი (The Specils) – უპოვართა, შევიწროებულთა და ჩაგრულთა სახელით სცენაზე შურის საძიებლად გამოსული როკგმირები.

თუმცა, ამ ახალი გმირებისა და ანტიგმირების გაჩენის მიუხედავად, 80-იანებიდან როკკულტურის მიმდევრები უკვე მკაფიოდ უგულებელყოფენ გმირის მაგიურ სულისკვეთებას. ახლად გავარსკვლავებული სტინგი ამბობს, ჩემთვის სრულიად მიუღებელია როკმუსიკოსის, როგორც ნახევრად გენიოსის, ნახევრად წინასწარმეტყველი გმირის სახეო. ცხადია, ძველი გმირულ-მეინსტრიმული ვექტორი იმ დროშიც რჩება და მისი ახალი, კომერციულად წარმატებული მიმდევრებიც ბლომად ჩნდებიან, მაგრამ მათი ფსევდოჰეროიკული შემოქმედება, იმიჯი და ცხოვრების ჰედონისტური სტილი უკვე ძველმოდურობაა. ისინი ახლოსაც ვერ მიდიან წინაპრებთან და „გრაინდჰაუს“ პერსონაჟებს ემსგავსებიან – მოგონილი მონსტრებით, ზომბებითა და ათასგვარი უწმინდური მანიაკით.

გმირის ტიტული თანდათანობით სამარცხვინო ხდება და აი, სწორედ ამ დროს ჩნდება ახალი ცნება, ახალი ტიტული, რომელსაც ყველა აიტაცებს: „საკულტო არტისტი“. ეს წოდება, რომელიც ალტერნატიულობას და ანდეგრაუნდულობას გულისხმობს, სნობური შარავანდედით მოსავს მუსიკოსებს, რაც არანაკლებ ეფექტურად აგოიმებს ახალგაზრდა ინტელექტუალებს.

80-იანი წლების ბოლოს იმაზეც კი ლაპარაკობენ, რომ როკმუსიკა კვდება; რომ დიდი ნარატივი, მითოლოგია და მაგია ამ მუსიკამ დაკარგა და მისი გმირებიც დინოზავრებივით გადაშენდებიან.

სწორედ ამ დროს ჩნდება Nirvana და კურტ კობეინი.

კობეინის გმირობა იმაში გამოიხატა, რომ ანდეგრაუნდული როკი ისევ მთავარ დინებაში ჩასვა – როკი დაღუპვას გადაარჩინა, თუმცა კი ამის ამბიცია სულ არ ჰქონია. ის უფრო „უგმირო“ ფასეულობების ერთგული მიმდევარი იყო, მაგრამ საკუთარი იდეალისტური როკნ’როლური სულისკვეთებით მილიონობით მოზარდისთვის სწორედ გმირად იქცა.

მისი ოდისეა სულ სამიოდე წელიწადს გაგრძელდა. დღესაც კი, როდესაც კობეინის ნამღერს უსმენ, აშკარად შეიგრძნობ დაუცველობას, შიშსა და სასოწარკვეთას. იგი, თითქოს, წინასწარ გრძნობდა, რომ როკნ’როლის უკანასკნელი მსხვერპლი გახდებოდა – როკნ’როლის, რომელიც იდეალისტ გმირებს უკვე ვეღარ იტანდა.

აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 90-იანების მთავარი მოულოდნელობა, ე.წ. განგსტა რეპგმირებია – სრულიად განსხვავებული ხასიათის და დატვირთვის. მათ წინ წამოწიეს აფრიკულ-ამერიკული (კონტრ)კულტურული დისკურსი, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელ-ამერიკელი გმირები, თუნდაც სოულში, მეოცე საუკუნის მუსიკას მანამდეც ჰყავდა. თუმცა, სოულის შემსრულებელ შავკანიან მუსიკოსებს გმირებად არავინ მოიხსენიებდა. ამის მიზეზი იყო ისიც, რომ სახელისა და სტატუსის მოპოვების შემდეგ, ისინი წყვეტდნენ კავშირს გეტოებსა და თავიანთ ფესვებთან, ხოლო ვინც ბოლომდე რჩებოდა „გეტო-იდენტობის“ ერთგული, საყოველთაო აღიარებას მაინც ვერ მოიპოვებდა.

განგსტა რეპერებმა კი კავშირის შენარჩუნებაც მოახერხეს და სახელგანთქმულნიც გახდნენ.

განგსტა რეპერის მესიჯი ნათელია და კონტროვერსიული, დიდი წარმატების მიუხედავადაც კი, ის არ ივიწყებს თავის გეტო, განგსტერულ სტატუსს, არ მიდის კომპრომისზე, არ ისწრაფვის, „სელებრითი“ გახდეს და აუდიტორიისგან არც საყოველთაო სიყვარულს ითხოვს.

რეპერებმა გახსნეს და ყველას დაანახვეს ის რეალური ტერიტორიები, რომელთა აღიარების სურვილიც კი არ ჰქონდა დანარჩენ ამერიკას. მათ გმირებად გადააქციეს ის ნარკოდილერებიცა და სუტენიორებიც, რომლებსაც საზოგადოება ბალასტად აღიქვამდა.

განგსტა რეპერების ჰეროიზაციის პროცესს ხელი შეუწყო 90-იანებში უკვე ფართოდ გაშლილმა პოლიტკორექტულმა დისკურსებმაც, მაგრამ მთავარი მაინც ამ შემსრულებლების უკიდურესი გულწრფელობა და სოციალური პათოსი იყო.

განგსტა რეპმა მოიტანა თავისი მითები და მსხვერპლიც. ვგულისხმობ 2Pac-ის და Notorios Big-ის მისტერიულ მკვლელობებს – მათ ხომ განგსტა რეპის ტრადიციების ზუსტი დაცვით, სწორედ ისე დაასრულეს სიცოცხლე, როგორც მათივე ტექსტების გმირებმა და დღემდე შეუცვლელები არიან არა მხოლოდ ჰიპ-ჰოპის კულტურის მიმდევრებში, არამედ მთელ თაობებშიც.

გეტო კრიმინალის რომანტიზაცია და თემატური ექსპლუატაცია ჰიპ-ჰოპში დღესაც ხდება, მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობა არ არის. უნიჭიერესი არტისტებიც ჩნდებიან ამ კულტურაში, მაგრამ გმირები ვერ ხდებიან – მათში აღარაა მესიანიზმი, რაც მათ წინამორბედებს ჰქონდათ. და ეს ლოგიკურია – 21-ე საუკუნე, ტოტალური მუსიკალური დემოკრატიზაციის ფონზე, ვეღარ შობს გმირებს. მთავარი ფაქტორი ტექნოლოგიური განვითარება და მუსიკის ინტერნეტიზაციაა. სწორედ ინტერნეტმა მოხსნა ის უზარმაზარი დისტანცია, რაც არტისტსა და მსმენელს შორის არსებობდა. დაიწყო ვერტიკალური იერარქიის რღვევა არტისტულ სამყაროშიც და ე.წ. ანონიმური მუსიკოსების პროდუქცია მსმენელამდე პრომოუტერებისა და შუამავლების გარეშე, დაუბრკოლებლად მიედინება. შეიძლება ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჯერჯერობით შეუქცევადი ტენდენცია სწორედ ესაა. მითებმა და ლეგენდებმა, კვარცხლბეკებმა და შარავანდედებმა აზრი დაკარგა და ვეჭვობ, უახლოეს მომავალში კვლავ დაიბრუნონ მნიშვნელობა.

საერთოდაც საკითხავია, ვინ უფრო ფასეულ მუსიკას ქმნის – რომელიმე უსახელო მუსიკოსი, რომელიც ინტერნეტში ათავსებს თავის მუსიკას, თუ საყოველთაოდ აღიარებული, ტრადიციული მედიის ყურადღების ცენტრში მყოფი ვარსკვლავი? ხოლო თუ ასე მოიხსნა დაბრკოლებები, ასე გამრავლდა მსმენელამდე მისვლის არხები, მაშინ საერთოდ რას ემსახურება გმირი დღეს, როცა ვეღარ ან აღარ ეძებს ჭეშმარიტებას, რადგან იმდენად ბევრია, ძებნა აზრს კარგავს? გმირი უფუნქციოდ რჩება მაშინ, როცა არ უპირისპირდება ქცევის, აზროვნებისა და ფასეულობების გაბატონებულ ნორმებს.

დღეს ყველა გრძნობს, რომ მზა და თავს მოხვეული ღირებულებების დრო წავიდა; რომ ახლა ყველაფერი ახალ წრეზე სიარულს იწყებს. სწორედ ამ ახალი წრის გაჩენისათვის ეჭვქვეშ უნდა დადგეს მიღწეული – უკვე კონიუნქტურად, ფეტიშად, სიმულაციად ქცეული ამბავი. მაგრამ ამისათვის საჭიროა გმირული სულისკვეთება, მსხვერპლის გაღება, ასეთი კი არავინ ჩანს, ანდაც პოლიტკორექტულ-ლიბერალური ინკვიზიციის კლანჭებში მოხვედრა არავის სურს.

ისეთი გმირებიც და ანტიგმირებიც, რომლებსაც შეუძლიათ ააფორიაქონ ახალი თაობების სულები და გონება (რაც ხდებოდა ადრე), დღეს სახიფათონი არიან და არავის სჭირდება.

ერთი რამ ფაქტია, გმირების გარეშე, მთელი ეს მუსიკალური სამყარო ღარიბდება და მოსაწყენი ხდება, იკარგება მაგია და იდეალები. გმირების, მაგიისა და იდეალების გარეშე კი, ის რიგით ჟანრულ მუსიკად იქცევა, რომელიც შესაძლოა კარგია და ხარისხიანი, მაგრამ ახალი თაობების ცნობიერებაში რევოლუციებს ვეღარ ახდენს.

ყოველ ახალ თაობას, წესით, სულ უნდა ჰქონდეს ახალი გმირის მოთხოვნილება და გმირი რომ არ ჩანს, სწორედ ამაზე „წუხს“ როკში უახლეს სენსაციად აღიარებული ბენდი – Fontaines D.C.: გმირის  (A Heroe’s Death) – პირდაპირ ასე ჰქვია მათ წლევანდელ ალბომსა და სინგლს. მაგრამ, ჯერჯერობით, სრული სისავსით მოქმედებს ის ნარატივი, რომელიც ჯერ კიდევ 1977 წელს გააზიარა არტ პანკბენდმა, The Stranglers, ცნობილ სიმღერაში No More Heroes: „რა დაემართათ გმირებს? გმირების დრო აღარ არის“.

ბოლოს ქართული რეალობაც გავიხსენოთ. სოციალისტური ბანაკის თითქმის ყველა ქვეყანაში, როკმუსიკა ტაბუირებული, კონსპირაციული იმიტომ იყო, რომ მას მოზარდების ცნობიერებაზე მძლავრი ზემოქმედების უნარი ჰქონდა. სწორედ ამის ეშინოდათ საბჭოთა იდეოლოგებს. ამიტომ, როგორც კი ვინმე ადგილობრივი გადაწყვეტდა როკმუსიკის დაკვრას, მომენტალურად გარდაიქმნებოდა სისტემასა და გაბატონებულ იდეოლოგიასთან დაპირისპირებულ მებრძოლ გმირად. სწორედ ასეთი ტიპაჟი იყო „ბერმუხას“ ლიდერი ბაჩი ქიტიაშვილი, ჯერ კიდევ 60-70-იანი წლების ნამდვილი როკგმირი.

მოგვიანებით, როცა სოციალისტური ბლოკი შეირყა და დაემხო, უკვე ყველგან გმირებად აღიარეს ის ხალხი, რომლებმაც დიდი წნეხის და დევნის მიუხედავად, არ ჩააქრეს როკმუსიკით გაღვივებული საპროტესტო მუხტი. მარტო ვიქტორ ცოის, ანდა ბორის გრებენშიკოვის დღევანდელი სტატუსი რად ღირს რუსეთში.

საქართველოში კი მოვლენები განსხვავებულად განვითარდა, საზოგადოებაში ეროვნული გათავისუფლების იდეა გახდა დომინანტი. იქ კი როკმუსიკის ადგილი ვერ მოიძებნა. ახალი ქართული როკდისკურსი და სუბკულტურაც კი, ფსევდოსამამულო ცნობიერებისთვის მიუღებელი, გამომწვევი და გამაღიზიანებელიც კი აღმოჩნდა.

ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ მელანქოლია, აპათია და დეპრესია გახდა მთავარი მოტივები ახალ ქართულ მუსიკაში. და სწორედ ასეთი განწყობის მქონე ბრიტანელი პოსტპანკარტისტები გადაიქცნენ ახალი ქართული მუსიკოსებისა და მათი მიმდევრების გმირებად: რობერტ სმითი, იენ კერტისი, სიუზი სიუ – ქართველებისთვის უფრო გავლენიანი ორიენტირები და გმირები აღმოჩნდნენ, ვიდრე ინგლისში იყვნენ.

ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდა 90-იანებში, როცა მოვლენები ტრაგიკულადაც კი განვითარდა და უკვე თაობის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დადგა – არათუ ახალი მუსიკის შექმნის.

იმდროინდელი ქართული როკი იმიტომაც ჟღერს ისე, როგორც ჟღერს. ის არტისტები, ვინც მაშინ არ ან ვერ გაიქცნენ ქვეყნიდან და მუსიკის საშუალებით ცდილობდნენ საკუთარი თუ ახლობელ-ნაცნობ-მეგობრების ხშირად გზას აცდენილი სულების გადარჩენას, ნამდვილად შეგვიძლია როკგმირებად შევრაცხოთ; აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამხელა ვალშია თუნდაც დღევანდელი ახალგაზრდული სამამულო კულტურა 90-იანელთა წინაშე; თუნდაც რობი კუხიანიძის წინაშე – აუტსაიდერობის ღირსება და ხიბლი რომ აუხსნა ახალგაზრდა კონფორმისტებს. ანდა ლადო ბურდულის წინაშე, რომელმაც რაღაც მომენტში, საკუთარი შემოქმედების გაწირვის ხარჯზე, სრულიად უანგაროდ შექმნა სივრცე-ოაზისები, სადაც უამრავ მომავალ შემოქმედს მიეცა საშუალება, მუსიკა დაეკრა, თავი დაემკვიდრებინა.

თუ არ ჩავთვლით ამ რამდენიმე სახელს, 90-იანების მუსიკოსები მაინც უსახელო გმირების მცირერიცხოვან არმიად დარჩნენ.

მასობრივი მსმენელისგან, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანმა მიიღო ის, რასაც უდავოდ იმსახურებდა – ახალი მესიანური გმირის ტიტული.

თუმცა, ძნელი სათქმელია, აიყვანდნენ თუ არა ირაკლი ჩარკვიანს იმ კვარცხლბეკზე, რომელზეც უკონკურენტოდ დგას დღემდე, ნაადრევი და უეცარი სიკვდილი რომ არა. მოგეხსენებათ, როგორ უყვართ გარდაცვლილი გმირები ჩვენებს. უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ყველა ცოცხალი ერთად აღებული. მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს.