გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #90-იანები

ღვინო თაფლით | ინტერვიუ ასტერი ელკანი-არმაზელთან

უფრო დავეთანხმე უფროსების რჩევას. ერთმა გვითხრა, შვილი არ უნდა გიყვარდეს, რომ ბალეტზე შეიყვანო, ეს ისეთი კოლოსალური შრომაა, ყოველდღიურიო. არქიტექტურის ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება და ცნობილი მოქანდაკის მეუღლემ, ჩვენმა ახლობელმა, თვითონაც არქიტექტორმა, ეგ ისეთი უმადური შრომაა, არ გირჩევთო. მუსიკალური დავამთავრე და მაშინაც, პედაგოგმა დედაჩემის თანდასწრებით მითხრა, მუსიკა რა კაცის საქმეა, ოჯახში შემომტანი ხომ უნდა იყო და რამე შემოსავლიანი პროფესია აირჩიეო, მოკლედ, ჩავაბარე მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. იყო 1983 წელი.

პირველივე ცდაზე მოვხვდი გეპეიში და თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. მე გორში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე. და უცბად ყველაფერი შეიცვალა. ახალი ადამიანები გავიცანი, ვიკრიბებოდით ხან ჩემთან, ხან მეგობრების სახლებში. მე არაჩვეულებრივი კოლექცია მქონდა ოპერების, სიმფონიური მუსიკის, საგუნდო და საორგანო მუსიკის, ვისხედით, ვუსმენდით და ვლაპარაკობდით.

კვირაში სამჯერ დავდიოდით თეატრში და ოპერაში. დირიჟორი, მომღერალი, მოცეკვავე, ორკესტრის მუსიკოსი – ეს იყო ჩემი წრე, თან გეპეის კაპელაში ვმღეროდი, ფოლკლორულ ანსამბლ „მესხეთშიც“, კონსერვატორიაში. ვფიქრობდი, კონსერვატორიაში, მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარებ-მეთქი, მაგრამ დავამთავრე თუ არა, კვლევით ინსტიტუტში გამიშვეს, ინჟინერ-კონსტრუქტორად. მერე მომიწია ჯარმაც. გამანაწილეს სანინსტრუქტორად სამხედრო ნაწილის მედპუნქტში, ომსკში, ციმბირში. 

ისეთი კარგი თითები გაქვს, ფორტეპიანოზე ვარჯიში გეტყობაო, მეტყოდა ხოლმე ჩემი უფროსი. ექიმი-მაიორის დამხმარედ ვმუშაობდი. სულ სხვანაირად გიჭირავს ინსტრუმენტები, შენგან ბრწყინვალე ქირურგი დადგებაო. სამხედრო ექიმებს ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდათ კავშირში, მაგრამ მძულდა ბიოლოგია. 

ნაწილში ასი კაცი ვიყავით. ჩვეულებრივი სამხედრო ცხოვრება გვქონდა, ჩხუბებით, ქრთამებით, ერთდღიანი დასვენებით, ქალებზე დევნით და ჰომოსექსუალური ურთიერთობებით. ყველაფერი კეთდებოდა ჩუმად, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცოდა. 

ეს ბოლოს მოხდა, ზუსტად წამოსვლის წინ. 

ჩვენს ნაწილში ერთი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი, მთელი პოლკი პატივს სცემდა. საბჭოთა ჯარში ყველა ნაწილს თავისი ავტორიტეტი ჰყავდა, ყველა რომ დამორჩილებოდა. წესრიგი და დისციპლინა ასე ეჭირათ. 

asteri

ჩვენი იყო მაღალი, ძალიან ძლიერი, განათლებული და ლამაზი აღნაგობის ბიჭი. უფროსებიც ჭკუას ეკითხებოდნენ. მაგას შეუსწრეს. სუშილკაში. ტანსაცმლის გასაშრობად შევიდნენ და... მეორე ბიჭი გაექცათ. ეს შერჩათ ხელში და დაესივნენ, წიხლებით შედგნენ, სამხედრო ჩექმები ურტყეს. 

ჩემი ოთახის თავზე იყო სუშილკა. მე ბრახაბრუხმა გამაღვიძა. იმ წუთში მივხვდი, რომ ჩხუბი იყო და საპროცედუროს გასაღებად ჩავედი. გავამზადე სტერილიზებული იარაღები, ველოდები, რომ ვიღაც შემოიყვანონ და უცბად ამას ვხედავ. სულ სისხლში. კანკალმა ამიტანა. მორიგე შემოყვა და კარი ჩაკეტა. გარედან ხროვა მოგვადგა. ღრიალით, ლამის კარი ჩამოიღეს. და უცბად შემომხედა. ეხლაც თვალწინ მიდგას. მე ვნახე მაშინ განადგურება. 

თვითონ მფარველობდა სხვებს. რამდენი გადაურჩენია. სულ იქ ურტყეს. სისხლს ვერ ვუჩერებდი. ჰოსპიტლიდან მეორე დღეს სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს. 

ინტერნეტი და სოციალური ქსელები რო გაჩნდა, მერე ვეძებდი. მაგრამ ვერ ვიპოვნე. გოგოებიც მოჰყავდა ხოლმე. მე მთხოვდა, ჩუმად ვუშვებდი მედპუნქტში, თავის გოგოსთან ერთად. საერთო ნაცნობებსაც ვეკითხებოდი, მაგრამ ვერ ვიპოვნე. შეიძლება ფსევდონიმით არისო, არ ვიცი. თუ არის. 

წლების მერე, თბილისში სია გავაკეთე. პლატონიდან დავიწყე და დღემდე, ყველაზე ცნობილი სახელები ჩამოვწერე. საუკეთესოების, გენიოსების. აქვე მაქვს, გადავშლი ხოლმე. ყველას ვეუბნები, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა იქნებოდა ისტორია მათ გარეშე?

საქართველოში არავინ არ ლაპარაკობდა ამაზე. არც ის მსმენია, ვთქვათ, ვიღაც ჩაექოლათ ამის გამო, ან აგრესია გამოეჩინათ. უბრალოდ, არ ლაპარაკობდნენ.

მერე დაიწყო ომი რუსთაველზე. ახალ წელს ფეიერვერკის ნაცვლად წითლად განათებულ ტყვიებს ვუყურებდით ცაში. მაშინ მარჯანიშვილზე ვცხოვრობდი და ისე კარგად ჩანდა ჩემი მეორე სართულის აივნიდან მთაწმინდა. ქუჩაში ავტომატიანი ხალხი. კომენდანტის საათი. რუსთაველზე ბეტონის ნამსხვრევებზე და ხეების ნაგლეჯებზე ვაბიჯებდით, რომ გაგვევლო. მაშინ ეკლესიაში დავიწყე გალობა. ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა, იცოდა ჩემი ვოკალური შესაძლებლობები. ათი მანეთი იყო ერთი გალობა, კვირას დიდ წირვაზე ხან ოც მანეთს გვაძლევდნენ, ხან ოცდაათს. გამსახურდიას დროს ყველაფერი ფული იყო. მახსოვს, ერთხელ მეტეხის ტაძართან დავდექი, იქიდან ვუყურებდი, როგორ იწვოდა კანცელარიის შენობა. პირველ სკოლას რომ შევხედე, ტირილი ამივარდა. 

თან ვმუშაობდი გეპეიში, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, მეცნიერ-თანამშრომლად. ფეხით დავდიოდი. კლდიაშვილის ქუჩაზე მარტო მარცხენა მხარეს თუ გაივლიდი, ჩავიდოდი წინამძღვრიშვილზე, მერე გადავიდოდი მარჯვენა მხარეს, შეროზიას ქუჩას მარცხენა მხარეს გავუყვებოდი, მერე აღმაშენებელზე მარჯვენა მხარეს გადავიდოდი, დღეს მაკდონალდსი რომ არის, მოედნის იმ გადასასვლელს ჩქარა გადავირბენდი და შევვარდებოდი მეტროში, რომ მეორე სანაპიროდან ტყვია არ მომხვედროდა. იქვე, კლდიაშვილზე ჩემი მეგობარი იშრობდა თმას და ფენი ხელში აუფეთქდა, ტყვია მოხვდა. სიძულვილი გამიჩნდა ქართველების მიმართ. აქედან უნდა წავსულიყავი. 

ათნი წავედით, ორი მანქანით, მეგობრები. თან გვქონდა ცოტა ფული, რაც მოვაგროვეთ. ზოგს საბერძნეთი უნდოდა, ზოგს იტალია, ზოგს ესპანეთი, ყველაზე ახლოს საბერძნეთი იყო. აი, იქ დაიწყო ჩემი ურთიერთობები. საოცარი თავგადასავლები დაიწყო და დაიწყო საბერძნეთში. 

სამსახურიც მალე ვიშოვნეთ. ჯერ ატმის ბაღებში ვიმუშავეთ. ზოგმა დალაგება დაიწყო, ვიღაცამ რესტორანში ნახა სამსახური. მალე მეც რესტორანში გადავედი, ბარმენის დამხმარედ. მერე ღამის კლუბში – კარი გააღე, ღიმილით მოიპატიჟე. მერე ბილეთებს ვყიდდი. პატიოსნად ვმუშაობდი და შემიყვანეს ბარშიც. მერე ტყავის წარმოებაში წავედი. გადავწყვიტე, სტილისტობაც მესწავლა, იმდენად მომწონდა ის ადამიანი, ვისთანაც დავდიოდი, ისე ეპყრობოდა მომხმარებელს, ისეთი სიმყუდროვე ჰქონდა თავის სალონში. ყველაფერი მასწავლა, თან დავმეგობრდით. დღე წარმოებაში, შუადღეს ცოტას ვიძინებდი და მერე ღამის კლუბში მივდიოდი. ვიდექი და თვალი მეხუჭებოდა ხოლმე. პრობლემებიც დამეწყო სმენაზე, კლუბში ან დინამიკთან ვცეკვავდი, ან დინამიკზე. დილით, ექვსზე რომ გამოვიდოდი, ყურებში მრჩებოდა: სსსსსსს. ექიმმა ამიკრძალა ხმაურში ყოფნა და შევეშვი. 

იქ ხუთი წელი დავრჩი.

რამდენიმე უკან მალე დაბრუნდა. ორი მეგობარი გოგო გათხოვდა, ერთი მილიონერს გაჰყვა ცოლად, მეორე მის ძმაკაცს. ჩვენ გავწყვიტეთ კონტაქტი, ერთის ქმარი ჩემზე ეჭვიანობდა, გაიგო, რომ ადრე ჩვენც ვიყავით ერთად.

ასტერი

ავიწყვიტე. რაც მინდოდა, ყველაფერი შემეძლო მქონოდა. ყოველდღე ახალ ადამიანებს ვიცნობდი. ისეთი თავისუფლება იყო ურთიერთობებში. საუკეთესო მოგონებად მაქვს ის პერიოდი, როცა ოთხნი ვიყავით, ორი გოგო და ორი ბიჭი. მახსოვს პირველად, განცხადება გავაკეთე ჟურნალში. ბერძენი გოგო გამომეხმაურა. ერთად ვიყავით უკვე, როცა ფრანგი ბიჭიც გავიცანით, მერე იმან ინგლისელი გოგო მოიყვანა, ასე შევიკრიბეთ. 

ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ სულ ერთად ვიყავით. დავდიოდით ზღვაზე, ბიჭს კამერა ჰქონდა და ფილმებს ვიღებდით. ჩემს თავს ვცდიდი, როგორც ეროტიკული ვიდეოების მსახიობს. 28-29 წლის ვიყავი, გარეგნობაც კარგი მქონდა, ეს ხდებოდა მაისიდან – აგვისტომდე. მერე ბიჭი საფრანგეთში დაბრუნდა, გოგო ინგლისში. ჩემი ბერძენი გოგოც მალე გათხოვდა. А танго втроем невозможно. 

მიყვარდა ზღვაზე, კლდის ფონზე, მზე რომ განათებს, მაშინ გადაღება. ჩემი მეგობარი მხატვარი იყო საბერძნეთში და იცნობდა საკმაოდ ცნობილ დიზაინერს, ვასილიოს კოსტეცოს. ერთხელ ოცდახუთი ბიჭი დასჭირდა სარეკლამო ფოტოსესიისთვის. მეგობარმა, შენც მოდი და სინჯე, კასტინგი გაიარე, ჰონორარსაც კარგად იხდიანო. ამიყვანეს. ოცდახუთი გარუჯული ბიჭი ვიყავით საცურაო ტრუსებში ხალკიდიკის ნახევარკუნძულზე, კლდოვან მთაზე დაგვაყენეს. მზე გვანათებდა. ეს ფოტო შენახული მქონდა ყუთში, სხვა ფოტოებთან და კასეტებთან ერთად. გამქურდეს და მთელი ყუთი თან წაიღეს, სიჩქარეში, ალბათ. არცერთი ფოტო და ვიდეოჩანაწერი აღარ დამრჩა. 

მახსოვს ის ვიდეოც, ჩვენ ოთხმა რომ გადავიღეთ. ასეთი კადრია: მზე ჩადის და წინ ორი ადამიანი ეფერება ერთმანეთს. მზის ჩასვლის ფონზე, სხეულები შავ სილუეტებად მოჩანს, რაც უფრო ღრმად ჩადის მზე დასავლეთში, მით უფრო მუქდება ეს მოძრავი სხეულებიც. 

ცოტა ხნით მარტო დავრჩი. მერე ერთი გოგო გავიცანი. ჩემს კორპუსში ცხოვრობდა. რამდენჯერმე შევნიშნე, აივნიდან, სადარბაზოდან გავიდოდა და სულ ერთსა და იმავე ადგილას დადგებოდა. იქ ყველა ასე ვცხოვრობდით: სამსახურის მერე ძილი, საღამოს დგები, იღებ შხაპს და გადიხარ საგრიალოდ. ზუსტად იმ დროს, მოსაღამოვებულზე დადგებოდა ხოლმე გოგო ქუჩაზე. ერთხელაც ჩავედი, გავიცანი და კლუბში წავედით ერთად. ბევრი ვიცეკვეთ. რამდენიმე დღის მერე დამსვა და მითხრა, ტრანსსექსუალი ვარო. 

სქესის შეცვლის ოპერაცია ორი წლის მერე გაიკეთა. მკერდი უკვე გაკეთებული ჰქონდა. ულამაზესი ქალი იყო. მთელი ღამე ვილაპარაკეთ. თავბრუ დავახვიე კითხვებით. მეორე დღეს ისევ შევხვდით. მერეც ბევრჯერ, უბრალოდ ვმეგობრობდით. ამ გოგოს სახლში ძალიან საინტერესო ადამიანები იყრიდნენ ხოლმე თავს, უმრავლესობა მხატვრები. ისეთ საღამოებს აკეთებდა, როგორსაც მე აქ თბილისში. ხან ღამის კლუბში მივდიოდით, ან ზღვის პირას, ხან ტყეში. ველურ პლაჟებზე დავდიოდით. ამ სიშიშვლეში ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს. არანაირი ძალადობა, არანაირი დამცირება, არავითარი შური. ბედნიერები ვიყავით. 

1997 წელი იყო, რომ ჩამოვედი. დედაჩემის გამო. ქართველმა უნდა იცხოვროს საქართველოში, გეყოფა, ჩამოდი, მენატრები. დამათენდებოდა თავზე ფოსტაში, კავშირი კი თბილისიდან მაინც არ იყო. შემოვიდოდნენ, დარეკავდნენ საფრანგეთში, დარეკავდნენ ინგლისში, ამერიკაში, ავსტრალიაში და წავიდოდნენ. მთელი ღამე ვიდექი ხოლმე და ბოლოს დედაჩემის ხმასაც გავიგონებდი – ყველა ლაპარაკი მთავრდებოდა ტირილით, ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი.

ღამე ქრებოდა შუქი, უნდა გქონოდა გენერატორი. არ იყო წყალი. მარჯანიშვილზე, მეტროდან მქონდა ლევი ხაზი შემოყვანილი. ჩემი მეგობრები სულ დაიფანტნენ. ერთი ლენინგრადში წავიდა, მეორე პარიზში, თურქეთში, გერმანიაში. აღარავინ აღარ დამხვდა. ახალი სამყარო და სულ სხვა ადამიანები. ვიწყებ, ვიწყებ, ვიწყებ – ჩემს თავს ვუთხარი და უცბად გამახსენდა ფართები, ორგიები, მოდი ისევ დავიწყებ, ვიფიქრე. 

გეპეიში, კატასტროფის შემდეგ რომაა, ისეთი სურათი დამხვდა, ნახევარი მანქანათმშენებლობის კათედრის ხალხი აღარ იყო. ერთი, ვინც ჩინეთში ოთხი ქარხანა დააპროექტა და ალჟირში მთელი მძიმე მრეწველობა, შემხვდა მარჯანიშვილზე, ტაქსაობდა. რა უნდა მექნა? დისერტაციის ნახევარი დაწერილი მქონდა. ჩათვლებზე და გამოცდებზე ფულს მე ვერ ავიღებდი, ლექტორებივით 60 ლარზეც ვერ ვიცხოვრებდი. ჯერ დიზაინერობა ვცადე, მაგრამ ვერც ისეთი ღილი ვიშოვნე, ვერც ტყავი და ვერც ზმეიკა, როგორიც მჭირდებოდა, მერე პარიკმახერობა ვცადე. წამოვიდა და წამოვიდა ტელევიზიების ხალხი. დავდექი ფეხზე ნელ-ნელა. 

მერე ფოტოს გადაღებაც დავიწყე. ეს უკვე 2000 წელია. სპეციალურად შევიქმენი ეპატაჟური იმიჯი. ერთ-ერთ ჩანაწერზე მაქვს: თქვენნაირი ახალგაზრდების შოკირება საკუთარი სიგიჟის ხარჯზე. კედელზე და იატაკზე გადავჭიმე ფოლგა. იატაკი სულ ელვარებდა. ფერადი განათება დავაყენე. მოდელები მოდიოდნენ პორტფოლიოს გასაკეთებლად. მოდიოდნენ თამამი ფოტოებისთვისაც, ვინც ფოტოატელიეში ვერ გაშიშვლდებოდა. 

ჰოდა, დაიწყო ისევ საღამოები. 

ეხლა გაბანძდა ცირკი, ცირკთან დგახარ, ცოტა ცუდი ტონია, ხო? ნუ, ეხლა სოციალური ქსელი და გაცნობის საიტებია. ცირკთან ვარსკვლავებსაც შეხვდებოდით და მდაბიოებსაც. მაგრამ მეორე დღეს ყველა ერთნაირად უარყოფდა ამას. არ მესმოდა, რატომ იყო სირცხვილი შეხვედრის ადგილზე სიარული. აბანოებშიც ხომ მიდიოდნენ ამისთვის? იქ არ ეთაკილებოდათ. კიევის ქუჩის აბანოში ცალკე ბნელი ოთახიც იყო. ასეთი ოთახები ახლა ღამის კლუბებშია. მე თუ მკითხავთ, აბანოში ჯობდა, სისუფთავე იყო – ყველა ნაბანავები. 80-იანებში იტყოდნენ, ალექსანდრეს ბაღშიც დადიან საღამოობითო. მაგრამ მთავარი ცენტრი მაშინაც გმირთა მოედანი იყო, ცირკი, ჩელუსკინელების ხიდი და უკან. ცოტა საშიში მიწისქვეშა, ვიღაც ბიჭი უცემიათო, ხშირად გეტყოდნენ. 2008 წლის მერე მორჩა, მერე უკვე ინტერნეტია. 

საბერძნეთიდან რომ ჩამოვედი, ჩვენ რესპუბლიკის მოედნის ქვეშ დავდიოდით „აურაში“. ძალიან კარგი კლუბი იყო. მერე პეროვსკაიაზე „ვენაში“ და იქით „საქსესი“ უფრო გვიან გაჩნდა. მაგრამ სახლში სტუმრობა მაინც მირჩევნია. ჩემი სტილია წითელი, თაფლგარეული ღვინით გამასპინძლება. ვიკრიბებოდით ხოლმე, ხუთი, ხან ექვსი, მაქსიმუმ რვანი. ერთხელ ბერძნულ მითოლოგიაზე მოვაწყვე სიმპოზიუმი. პლატონის ნადიმს განვიხილავდით. ვკითხულობდით და ვმსჯელობდით, საიდან, რამხელა სიღრმიდან საუბრობენ ათენის ინტელექტუალები ერთნაირსქესიან სიყვარულზე. 

ამ საღამოების იდეაც ძველი საბერძნეთიდან და რომიდან წამოვიდა. იქ, მდიდარი ოჯახები რომ იწვევდნენ სტუმრებს ეროტიკულ საღამოებზე, უმასპინძლდებოდნენ ხოლმე თაფლიანი ღვინით. ისეთი სასიამოვნო დასალევია. მიცდია წაბლის, მაისის და ცაცხვის თაფლით, ყველაზე არომატული წაბლის თაფლითაა. ერთ ლიტრ წითელ ღვინოზე ერთი სუფრის კოვზი თაფლია საჭირო. არ ფუჭდება, შეგიძლია შეინახო დიდხანს, გრილ, ბნელ ადგილას. 


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა