ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

იცეკვე, ალუბალ, იცეკვე | ალექს ჩიღვინაძე, ანა ჯანელიძე

ჩიტები დაფრინავენ, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ჩიტები კენკავენ, მაგრამ...
იყო ერთი ჩიტი ალუბალა, რომელიც სულ ცეკვავდა. ცეკვავდა ყველგან: ჰაერში, ტოტებზე, თუ ხილის გროვაზე. ცეკვავდა ყველაფერს: ჯეირანს და ბრეიკდანსს, კინტოურს და მოჰობელოს, ჩა ჩა ჩას და სირტაკის. ცეკვავდა მარტოც და ფარშავანგებთან, ფრანებთან თუ საპნის ბუშტებთან ერთად. 

ჩიტებზე დამკვირვებლებს ეგონათ, უცხო სახეობის მოცეკვავე ჩიტი აღმოვაჩინეთო და ჟურნალები აჭრელდა ალუბალას ფოტოებით. როცა ფრინველები თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავდნენ, ალუბალა გზადაგზა ცეკვავდა გუნდი ირეოდა, და ფრენა ნელდებოდა, და მონადირეები ესროდნენ. ესროდნენ - ეგ გულქვები ეგენი.

ალუბალას ყველა უჯავრდებოდა: ბუ თვალებს უბრიალებდა, ბეღურა ეჭიმებოდა და ოფოფი ეფოფრებოდა...  და ალუბალამ ნელ-ნელა ცეკვა დაივიწყა. ბუდე აიშენა, ჩაჯდა შიგ, კვერცხები დადო და ლოდინი დაიწყო. ერთ დღესაც კვერცხებიდან ბარტყები გამოიჩეკნენ. კისრები დაიგრძელეს და... აცეკვდნენ.

შიოდათ-ცეკვავდნენ.
ჭამდნენ-ცეკვავდნენ.
სციოდათ-ცეკვავდნენ.
სცხელოდათ-ცეკვავდნენ.
ჯერ მარტო ცეკვავდნენ და ბოლოს დედაც აჰყვა.

მერედა როგორ მონატრებოდა ალუბალას ცეკვა. ახლა მთელ ხეზე ყველაზე მხიარული ბუდე მათია. და ცეკვასაც ვერავინ დაუშლის. 

გინდა, იცეკვო ალუბალასთან ერთად?


გამომცემლობა: ზოლიანი კატა