გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ის ნატყვიარები | აზა 68

აზა, 68 წლის
სოფელი კლდუ, ქარელის რაიონი

ქართულ ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ის ნატყვიარები, აბა, სად წავიდოდა. რემონტი რო გავაკეთე ფანჯრებზე და კედლებზე აღარაა, თორე სულ დაცხრილული იყო. ღია კარებში ისროდნენ, ბიძაშვილის ბავშვი იყო მანდ და აი, ასე ყურთან გაუარა და ის ტყვია უკანა კედელში დარჩა. რემონტს რო ვაკეთებდით, მაშინ ამოვიღეთ. ძლივს გადარჩა ბავშვი, მადლობა ღმერთს. 

ეს დაიწყო გამსახურდია რო ჩამოვიდა თავისი შანტრაბით ქარელში, მაშინ. იყო ერთი, იმ არეულობაში პოლიციის უფროსის მოადგილე. შინაურობაში გამომიგზავნა კაცი და რა მითხრა, იცი? რო ჩაატარა შეხვედრა გამსახურდიამო, მერე არაფორმალები გაიყვანა და მაქსიმალურად შეავიწროვეთ ოსებიო. აი, მივეწიო თუ ტყუილი გითხრა, ასე თქვა სიტყვა-სიტყვით. სიმსივნე ჰქონდა და დაიღუპა ორი წელია. კაი ადამიანი, არ იყო ეგ საპოლიციე კაცი. უაღრესად პატიოსანი. როგორ მუშაობდა, წარმოდგენა არ მაქვს. ხოდა, გაიყვანაო და მაქსიმალურად შეავიწროვეთო. იცოდეთო. 

მერე ჩემი ბიძაშვილი ცხინვალიდან გადმოდიოდა და არაფორმალებმა დაიჭირეს. იარაღი გაქვსო? ამან ალალგულად, კიო, მაქვსო. აბრეზკა ჰქონდა. სამი წელი მიუსაჯეს. ხოდა, მაგის საქმესაც ვაწყობდი. მეუთხარი, ბატონო ოთარ, ახლა თქვენ ფულის ამღები არ ხართ ჩემგან, მაგრამ ისე, რასაც იტყვიან, გადამხდელები ვართ-მეთქი. ვერაო. სასამართლოზე სამი წელი გამოუწერეს. რო შევედით კიდე, რა მითხრა იცი? არაფორმალები მოვიდნენო, სამ წელზე ნაკლებს მისცემ და სამსახურს დაკარგავო.

მოსამართლე რამიშვილს არაფერი შეეძლო და ჩვენ ოსებს რა შეგვეძლო? არანაირი კანონი არ არსებობდა. 

მანდ მილიციაში რო დავდიოდი, ერთ დღეს ხალხი იყო მოსული, სოფელია, ქვენატკოცა მგონი, იქიდან. არაფორმალებსო მანქანა ჩაუვარდათო ტალახში და ტრაქტორმა გამოიარაო. დაეხმარა, კაცო, მანქანა ამოაყვანიაო. მერე კითხეს ვინა ხარო. გვარი რო გაიგეს, ოსი იყო, ავტომატი გადმოიღეს და ჩაცხრილესო. აი, ამას შევესწარი ზუსტად მილიციაში. ტანსაცმელი იყო მოტანილი, სისხლიანი. ეგ საქმეც დახურეს. 

ჩვენ თბილისში გავყიდეთ ბინა, უნდა წავიდეთ-მეთქი. თორემ, უცხო ქვეყანაში მიდიხარ, რაღაც ხო გინდა? ეს მაინც მშობლებისეული სახლი იყო, ამის გაყიდვა არ გამოდიოდა. პროსტა დავცალეთ მე და ჩემმა დამ და 1991 წლის 26 მაისს, წავედით. მაგ გაგებით მივდიოდით, რო ან ჩამოხვალ, ან ვერა. თორემ, აქ, ოო, ენით აუღწერელი, უკვე საშინელება ხდებოდა. სამი თვე სახლში არც გვიძინია. ტყეში ვიმალებოდით. დედა არ წამოგვყვა მაშინ. ხოდა პატარა ბიჭიც, ჯერ სანამ სასკოლე გახდა, აქ დავტოვეთ, დედაჩემთან. ჩემი დისშვილი. 

ცხრაჯერ დაგვაყაჩაღეს. მე და ჩემი და ისევ ვლადიკავკაზში ვიყავით, ერთი გზობა, კიდე რო მოვიდნენ. ხელში ეჭირა დედაჩემს ბავშვი, დეიდაშვილიც აქ იყო. იმათ კიდე, შეხედე, ვეშის წაღებაც მოუსწრიათო და ბავშვი უნდა წავიყვანოთო. საწყალმა დედაჩემმა, ისე ინერვიულა, ყაჩაღია, მოვიდა, რა იცი, ფული, ოქრო, ან იარაღი გვინდაო. აბა, ჩემთან რა იარაღი უნდა ყოფილიყო. სამხედრო ვარ, თუ ვინა ვარ. მე მშვიდობიან ქვეყანაში ვცხოვრობდი მაშინ. ფული კიდე არასდროს მქონია შენახული. ეგ ჩვეულებრივი ქაღალდია, თუ გაქვს, უნდა გამოიყენო. 

ხოდა, ვლადიკავკაზიდან კი ჩამოვდიოდი ორ კვირაში ერთხელ, მაგრამ სოფელში ვერ ამოვდიოდი. დამემუქრნენ, აქ არ დავინახოთ, გადავჭრით ავტომატითო. რა დავაშავე არ ვიცი. დედაჩემს მაგ შიშით სკლეროზი დაემართა.

წამოგვყვა ცოტა ხანი ვლადიკავკაზში, მაგრამ სულ ტიროდა, ღრიალებდა, სახლში მინდაო. ჩემი ბიძაშვილის ცოლმა წამოიყვანა მერე. 

მე და ნიკა დავრჩით საცხოვრებლად იქით. ჩემი და დედასთან წამოვიდა. სკოლა დავამთავრებინე ნიკას ვლადიკავკაზში და მერე ჩამოვედით. მანამდე, 2000-ში დაიღუპა დედაჩემი. მაგ შიშმა მოკლა. 

ეხლა კიდე, ისა მაქვს მოსაძიებელი, აზას ქართველები ეჯავრებაო, უთქვამთ. ვიცი ვინცა თქვა. ამ საქმეს არ დავტოვებ ასე, შანსი არაა. მე მეგონა, რო ეს მარტო ჩვენ ვიცოდით და ახლა ყური მოვკარი, რო ეს გარეთაც ითქვა. თანამდებობის პირი ხალხში მოვიდა და ხალხში მეუბნება, რა არის, აზა, შენ ქართველი გეჯავრებაო? აი, ზუსტად ასეთი ტონით, ეხლა, შარშანწინ. მე ვუთხარი, მოიცა, კაცო, რეებს მელაპარაკები, მე თბილისში ვიზრდებოდი და მეცხრე კლასში გადმოვედი აქ. უკვე რო გავიზარდეთ და სიარული შეგვეძლო კარგად. ეგეთი რამეები ჩვენ დროს როდის იყო, რეებსა მელაპარაკები-მეთქი. მე ყველა ხალხის დიდი სიყვარული მაქვს, როგორა ამბობ ამას-მეთქი.

რო ვიხსენებ, ვფიცავარ ნიკას, ალბათ ასაკის ბრალია, ჩემი ყოფილი თანამშრომლები ისე მენატრებიან, თავს ვერ ვიმაგრებ, ცრემლები თავისით მომდის. ეს ტელეფონები როდინდელებია, ვიღას აქვს ის ნომერი. ერთს ვეძებდი, ნიკას ვაძებნინე და ვერაფერს ვერ გავხდი. ვერ მაპოვნინა.

იმ სატრანსპორტო გაერთიანებაში რო ვმუშაობდი კომუნისტების დროს, იქ მოვიდა პირველად ალეკოც. ინსტიტუტიდან მოვიდა პირდაპირ, შვიდი წლით იყო ჩემზე პატარა, ძალიან ახლოს ვიყავით. მერე ქორწილი რო ჰქონდა, ოღონდაც აზა დამიპატიჟეთო. რუსთავში, მამამისი კალბასის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი იყო და იქ, რესტორანში გადაიხადა. გვიან, შუა ქორწილში მივედით მე და ის, ვინც მოპატიჟებისთვის გამომიგზავნა. ეს ვინ მოსულაო, წამოხტა სუფრიდან, მაგიდაზე გადმოიარა და ჩამეხუტა. მთელი ხუთასკაციანი ქორწილი მე მიყურებდა. ეს ვინ მოვიდა ასეთიო. 

ხოდა, წლებია ერთმანეთი არ გვინახია და ჩვენ უკვე, ის დროა, აქედან რო მივდივართ. ჩემი ვეში გავუშვი ვლადიკავკაზში, მარა ჩემი დეიდაშვილის ვეში ჯერ წასაღებია გლდანიდან. ვეძებთ დიდ მანქანას. მივედით სატრანსპორტო გაერთიანებაში ზაჰესში. მიგვასწავლეს, რუსეთის მანქანები ატეკიდან მიდისო. პარასკევი დღეა, სამუშაო საათების შემდეგ. გამოვიდა ყარაული. თქვენი დირექტორი ვინაა-მეთქი და ალეკოო არ თქვა! ათი წუთია წავიდა, მარა ხვალ იქნებაო. მივედით მეორე დღეს, მე და ჩემი დეიდაშვილის ცოლი. სიხარულით არ იცოდა რა გაეკეთებინა. მანქანაც მიშოვა და ტელეფონის ნომერიც მომცა - გზაში თუ ვინმე გაგაჩერებს, უთხარი, ამ სატრანსპორტო გაერთიანების მთავარი ბუღალტერი ვარ და დირექტორმა მომცა მანქანაო. 

ალეკო მაშინღა ვნახე და იმის შემდეგ ვეღარ ვიპოვე. 

კიდე ისა მახსენდება, არეულობის დროს მე აგროსამრეწველო კომიტეტში ვმუშაობდი. 1500 თანამშრომელი ვიყავით, მგელაძე იყო უფროსი. პირველად რო დაიწყო და ცხინვალში გაგზავნეს მილიცია, ჩვენი თანამშრომლის მეუღლეც იქ მუშაობდა და მოკლეს. აი და, ატყდა ამბავი, ოსები გავათავისუფლოთ სამსახურიდანო. მოვიდა სია, 1500 კაცში მარტო ექვსი ოსი აღმოვჩნდით. მე ამის გაგებაში არა ვარ. შეიქნა დიდი კრებები, ამბავი. ჩემს განყოფილების უფროსს ეუბნებიან თურმე, რატო არ ათავისუფლებ შენს ბუღალტერსო? ჩემი უფროსი იყო ასაკიანი კაცი, რას ლაპარაკობთო, ჩემს თანამშრომელს ოსობის გულისთვის როგორ გავუშვებო. ეგ როგორ უნდა ვუთხრაო, სულ გაგიჟდა კაცი! არადა, სამსახურში ორ კვირაში ერთხელ მივდიოდი, ხელფასზე და ავანსზე. ამ ჩემს დირექტორთან ეგეთი მოლაპარაკება მქონდა. ერთხელ, პარსენიჩ, მე ვუთხარი, თუ გინდათ აქ ვიმუშაო, მე აქ ვიცი რა სამუშაოცაა გასაკეთებელი და გავაკეთებ, მაგრამ ყოველ დღე ვერ ვივლი-მეთქი. ჩემი აქ არმოსვლით, სიტყვას გაძლევ, თქვენ არაფერი არ გაგიფუჭდებათ-მეთქი. შენ საქმე გააკეთე და თუ გინდა საერთოდ ნუ მოხვალო, მითხრა. იცოდა, სოფელში მოხუცი მშობლები მყავდა, გაწამაწიაში ვიყავი, ხან ცხვარს ვაძოვებდი, ხან ისა, რა ვიცი მე. კალოშებს გამოვიცვლიდი ხოლმე და პირდაპირ სამსახურში მივდიოდი. დამლაგებლები სადამდედაც მუშაობდნენ, იქამდე ვრჩებოდი. მეორე დღეს ბანკში წავიდოდი, ფულს გამოვიტანდი, ხელფასებს დავარიგებდი და მოვდიოდი ისევ. 

მეთვითონ დავტოვებ სამსახურს და მერე, თუ გინდათ გაათავისუფლეთო. ექვსიდან ხუთი გაათავისუფლეს და მე დამტოვეს. 

მერე, ერთხელ განყოფილების ქალებმა მითხრეს, აზაო, შენო საერთოდ ხმას არ იღებო, ამ ეროვნულ საკითხზეო, მარა იცი როგორ გეტყობა, რო მაგარი პატრიოტი ხარო?! და შენო იცი ჩვენ რატო არაფერს არ ვამბობთო? მოვილაპარაკეთ, რო აზას პატივისცემით ოსებზე ხმა არ ამოვიღოთო. თორემ შენ რო აქ არა ხარ, ჩვენო ბევრს ვლაპარაკობთო. როცა ალბათ ამბობდნენ, რო ეს ჩვენი მიწაა.... ღმერთის მოცემული და რაღაც ასეთები. 

აქეთ დავბრუნდი ნიკამ რო სკოლა დაამთავრა მაშინ, 2008 წელს. აქ ჩააბარა და მოგვისწრო ომმა. როგორ უყვარდათ უნივერსიტეტში! შენ ოსი არა ხარ, ქართველი ხარო - ქართულის ლექტორი ეუბნებოდა. ოსი ვარო და რაც გინდათ ისა თქვითო. ხოდა, ოსი რო ხარო, გული მტკივაო, ისე კარგი ხარო. 

აქეთ რო მოვდიოდი ისევ, მაგარი პრობლემები შემექმნა. კაგებე დამდევდა, იქაური. ხო გამოგყარეს და იქეთ რაღაზე მიდიხართო?

ნოლიდან დავიწყე აქ ცხოვრება. არაფერი აღარ დამიტოვეს. დედის გარეშე ამ სახლში, კიდე არასდროს მიცხოვრია, გამიჭირდა. 

ნიკა ისევ ვლადიკავკაზშია, ტელევიზიაში მუშაობს. ეხლა ჩემი დაც იქ არი, ფეხი აწუხებს და  ოპერაციას ელოდება. კაი შვილი მყავს ნიკა, რო ჩამოდის ტელეფონში მაყურებინებს ხოლმე თავის რეპორტაჟებს. ნიკა იქ ჯიოევია, აქ ჯიოშვილი. ქართული იცის. სანამ სკოლაში დადიოდა ყოველთვის ვცდილობდი, ქართული ესწავლა. ვეუბნებოდი, აბა, საქართველოში რო ჩახვალ და ვიღაცა დაგელაპარაკება და პასუხს ვერ გასცემ. შეიძლება საქართველოში ვეღარ დავბრუნდეთ-თქო, თანა ვფიქრობდი, მარა მაინც, ენა ენააა. რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ. 

აქ, ყველა ოსურ გვარს თავისი დღეობა აქვს  - გაგლოშვილებს, ჯიოშვილებს, გორიდან მოსულ შავლოხაშვილებს, თიბილაშვილებს. ეხლა, ზოგი ლაპარაკობს ოსურად, ზოგი არა. ახალგაზრდებმაც იციან ოსური. ჩემი აზრით, თავისი ენა უნდა იცოდეს. აქ, ჩვენი კუდარსკი ოსურია. იმათ ჩვენი ოსური არც ეყურებათ ვლადიკავკაზში. ჩემ რძალს ვეკითხები, ალა, შენ ჩემი ოსური არ გეყურება-მეთქი და ზოგი რამეო. ზოგი რამე კი არა, საერთოდ არ გეყურება-მეთქი. 

 __________________________________________________________

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ზეპირ ისტორიებზე მუშაობდნენ: თომა სუხაშვილი და საბა წიწიკაშვილი


 თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

logos

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა