გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ჯეკი“- ჟაკლინ კენედის დრამატული დღეების ქრონიკა კინოთეატრებში

1963 წლის 22 ნოემბერს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ქარიზმატული პრეზიდენტი, ჯონ კენედი დალასში ვიზიტისას ერთი გასროლით გამოასალმეს სიცოცხლეს. ეს მკვლელობა, რომლის მოტივიც დღემდე იდუმალებითაა მოცული, წლების განმავლობაში არაერთ დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმს დაედო საფუძვლად. კენედი პოპ კულტურის ერთგვარ კერპადაც კი იქცა.

თუმცა, ფილმი, რომელიც ახალახანს გამოვიდა ეკრნებზე, ამ ტრაგედიას გასნხვავებული რაკურსით გვაჩვენებს. აქ ცენტრალური ფიგურა კენედის მეუღლე, პრეზიდენტზე არანაკლებ ქარიზმატული და გავლენიანი პირველი ლედი- ჟაკლინ კენედია.

ჩილელი რეჟისორის, პაბლო ლარეინის „ჯეკი“, რომელიც 23 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებშიც გავა, პრეზიდენტის მკვლელობის მომდევნო დღეებში ჟაკლინ კენედის მდგომარეობას ასახავს. დაქვრივებული პირველი ლედი თავს დამტყდარ ტრაგედიასთან ერთად იძულებულია საზოგადოებრივ ინტერესს და იმ ვალდებულებებსაც გაუმკლავდეს, რაც მას ეკისრება. პრეზიდენტის დაკრძალვის ორგანიზება, მცირეწლოვანი შვილებისთვის ამ ამბის თქმა, პრესასთან ურთიერთობა... მას წინ მძიმე დღეები ელის.

„ჯეკის“ პრემიერა გასული წლის შემოდგომაზე ვენციის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ნაწილობრივ დაფუძნებულია ჟურნალ Life-ში გამოქვეყნებულ თეოდორ უაითის სტატიაზე, რომელიც ერთგვარი გამოსამშვიდობებელი წერილი იყო პრეზიდენტისადმი. უაითი ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ჟაკლინმა მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ თეთრ სახლში მიიღო და ვრცელი ინტერვიუ მისცა. პრესაში გავრცელებული ათასგვარი ჭორის შემდეგ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ არსებული ისტერია როგორმე დაეცხრო.

პირველი ლედის როლს ფილმში ნატალი პორტმანი თამაშობს. მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ როლისთვის და დეტალრუად სწავლობდა ჟაკლინ კენედის ბიოგრაფიას და მის ჩვევებსა თუ ჩაცმის სტილს. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი და იდეის ავტორი დარენ არონოვსკია, რომელმაც პორტმანი წლების წინ „შავ გედში“ გადაიღო. არონოვსკი ჯერ კიდევ 2010 წლიდან ფიქრობდა ამ პროექტზე და რეჟიორობასაც თავად აპირებდა. იმ პერიოდში საუბრობდნენ, რომ მას ჯეკის როლში მეუღლის, რეიჩელ უაიზის გადაღება უნდოდა. თუმცა, ისინი მალე დაშორდნენ და გეგმებიც დროებით აირია. საბოლოოდ, არონოვსკიმ რეჟისორობა ლარეინს გადაულოცა, მთავარი როლის შემსრულებლად კი ნატალი პროტმანი დაამტკიცა, რომელთან მუშაობაც უკვე წარმატებით ჰქონდა გამოცდილი.

ფილმს ძირითადად კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოჰყვა. მოწონება დაიმსახურა პორტმანის თამაშმაც, რომელიც ამ როლისთვის ოსკარზეც არის წარდგენილი. გაუძლებს თუ არა წლევანდელ ძლიერ კონკურენციას ნატალი პროტმანი და აიღებს თუ არა მეორე ოსკარს, ამას 26 თებერვალს გავიგებთ, მანამდე კი, „ჯეკის“ ნახვა და ფსონების დადება  „კავეა ისტ ფოინთში“ და „ამირანში“ იქნება შესაძლებელი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა