გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ჯერ ჩვენ გველაპარაკეთ ოკუპაციაზე“ | ინტერვიუ ინგა ქელეხსაევასთან

დილას დედაჩემმა დამირეკა. ფეისბუკზე ქართული ტელევიზიის სიუჟეტი ნახა, სადაც ის ვიდეო იყო გამოყენებული, რომელიც დედაჩემმა ჩემზე გადაიღო. დედაჩემს კარგად ესმის ქართული. იცნო ეს ვიდეო, ბევრი წლის წინ, ერთი ქართული არასამთავრობოსთვის გადაიღო. მაშინვე დაურეკა და სთხოვა იუთუბიდან მოხსენითო. 

სიუჟეტში ამბობდნენ, რომ ვიდეო ახლანდელ ცხინვალს აჩვენებს. სინამდვილეში იქ ვყვებოდი როგორ ცხოვრობდნენ სამხრეთ ოსეთში თინეიჯერები ომის შემდეგ, 2009 წელს. იმ კადრებში კი, ქართულ ტელეგადაცემაში რომ გამოიყენეს, ყველა სცენა ამოჭრილი იყო, სადაც დაბომბილი ცხინვალი ჩანდა და მთლიანად შეცვლილი იყო კონტექსტი. ვიდეოში ქალაქი ისეთი სუფთა და ლამაზი მოჩანდა. ნეტა მართლა ასე ყოფილიყო. მეწყინა. კი არ მეწყინა, გავბრაზდი.

მძულს, როცა ადამიანებს პროპაგანდის იარაღად იყენებენ. ზუსტად ასე მუშაობს პრორუსული პროპაგანდა სამხრეთ ოსეთშიც. და ისიც მძულს. 

ქართულ ამბებს სულ ვადევნებ თვალს. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციაში ვმუშაობ მოსკოვში. მაგრამ თუ ქართული საზოგადოების განწყობა მაინტერესებს, ეხო კავკაზას ვკითხულობ. 

შარშან ძალიან განვიცადე, როცა ვნახე როგორ სასტიკად არბევდა პოლიცია რუსი დეპუტატის ვიზიტის საწინააღმდეგო აქციას. იქ გავიგე ეს ლოზუნგიც: „ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. გული მეტკინა. ვიცი, რომ ეს საინფორმაციო ომი დიდი ხნის წინ წავაგეთ, ახლა ვეღარაფერს გავხდებით, მაგრამ მაინც გამიკვირდა, რომ ამდენ ადამიანს სჯერა საქართველოში, რომ სამხრეთი ოსეთი ოკუპირებულია. ჩვენ არავის დავუპყრივართ, ასე არავინ ფიქრობს სამხრეთ ოსეთში. 

რასაც ვკითულობ, კონფლიქტებზე საუბრისას ქართველები არასდროს ახსენებენ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს. ჩვენ ქართული აგრესიის მსხვერპლებად არასდროს გვაღიარებენ. მთელი ნარატივი რუსული აგრესიის გარშემო იგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ იმაზეც ვერ შევთანხმებულვართ - რა მოხდა 2008 წელს. 

ქართული ამბები სამხრეთ ოსეთზე მხოლოდ დამამცირებელია. მრჩება განცდა, რომ ქართველებს ჭკუასუსტები ვგონივართ, რომ ჩვენ არც კი გვესმის რა ხდება, რომ რუსეთმა ტვინი გამოგვირეცხა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეგვიძლია. 

ეს ძალიან სევდიანია. ქართველ ახალგაზრდებს პირველად 2014 წელს შევხვდი და იგივე გავიგე მათგანაც. ერთი ბიჭი ამბობდა, ველურები და სულელები გვეგონეთო. ამ შეხვედრების მერე, რა თქმა უნდა დაინახეს, რომ შესაძლოა რაღაცეებზე სხვადასხვანაირი წარმოდგენები გვაქვს, მაგრამ შეიძლება ერთი და იმავე მუსიკას ვუსმენდეთ. 

ახალგაზრდები სამხრეთ ოსეთში კონფლიტზე აღარ ლაპარაკობენ. ჩვენ ომს წელიწადში ერთხელ ვიხსენებთ მხოლოდ, 8 აგვისტოს და მორჩა. ეს ყველასთვის ჯერ კიდევ ძალიან მტკივნეულია. ახალგაზრდები საქართველოზე არც კი ფიქრობენ. მხოლოდ უსამართლობის განცდა აქვთ, მათი სახლები დაწვეს, ნათესავები მოუკლეს, ამიტომ ესაა დამოკიდებულებაც - გაბრაზებულები და გულნატკენები ვართ, თანაც ჯერ არც ერთ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი. ამიტომ, ვიდრე რუსეთს დაადანაშაულებთ, ჯერ ჩვენ გველაპარაკეთ. 

რამდენიმე ახალგაზრდაა, ოსი აქტივისტები, ვინც სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამდენი წელი იმიტომ არ ვიბრძოდით, რომ რუსეთის ნაწილად ვიქცეთო, ამბობენ. თუმცა, ძალიან ბევრს სამხრეთ ოსეთში სწორედ დამოუკიდებლობის ეშინიათ, რადგან ეს არ არის უსაფრთხო. ეს ახალგაზრდები რადიკალები არ არიან, ისინი ოსური ენის და კულტურის დაცვას ითხოვენ.  

მაგრამ დღეს მე უფრო მაღელვებს ის, რომ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ქართველების ასიმილაციას ცდილობენ. ესეც მძულს.

ლენინგორში ერთადერთი ქართული სკოლაა, სადაც გაკვეთილები რუსულ და ოსურ ენებზე მიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლაში ახლა ქართველების უფლებები ირღვევა. ეს არავის მოსწონს. ხალხი იმასაც ამბობს, რომ ზუსტად ასე გვექცეოდნენ ქართველები, ჩვენ ვიცით ეს რასაც ნიშნავს, ახლა კი ასევე ვექცევით მათ. მთავრობას არც მაშინ ამართლებდნენ, როდესაც საქართველოსთან გზა ჩაკეტა. 

ჩვენი პრობლემა დღესაც უსაფრთხოებაა. გვინდა ღამე მშვიდად გვეძინოს, მაგრამ ამის ფასს ჩვენი თავისუფლებით ვიხდით: ჩვენთან არც სიტყვის თავისუფლებაა და ყველა თვალთვალის ქვეშაა.  

ჩვენ თავისუფლად გადაადგილებაც არ შეგვიძლია. სასწავლებლად რუსეთის საზღვრებს გარეთ თუ გინდა წასვლა, რუსული პასპორტი უნდა გქონდეს. ევროპულ უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, ჯოჯოხეთი გავიარე, ვიდრე ჩემი სამხრეთი ოსეთის სკოლის ატესტატი აღიარეს. არ ვიცით ეს ქვეყანაო, - მეუბნებოდნენ, - ის ჩვენთვის არ არსებობსო. 

მაგრამ ყველაზე სევდიანი მაინც ისაა, რომ ჩვენი საერთო მოგონებები ქრება. დედაჩემსაც კი აღარ აკავშირებს მოგონებები საქართველოსთან. მხოლოდ ბებიას და ბაბუს ახსენდებათ კეთილად საბჭოთა კავშირში გატარებული ცხოვრება.

ვინც 50 წლამდეა ახლა, საქართველოზე მოგონებები არ გააჩნიათ. ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ 90-იანი წლების ომის შემდეგ ოსებს ქართველები არ შესძულებიათ. ეს 2008 წლის ომის მერე იყო, როცა ბოლომდე გაგვიტყდა გული. 

ინტერვიუს ავტორები: თომა სუხაშვილი, ნინო ლომაძე 

_____________________
 თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

Boell

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა