ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პროზა

ჯიმის ისტორია | ზურა ჯიშკარიანი

ჯიმი, ამერიკული ჯარების ვეტერანი იყო - შესახედავად ასი წლის გეგონებოდა, მაგრამ ჯანს არ უჩიოდა. საიდუმლო სამსახურებსა და ცხელ წერტილებში მუშაობის შემდეგ რამდენიმე წელი დათხოვილი იყო სამსახურისგან და მისნაირი ვეტერანების ჩვეული ცხოვრებით გაქონდა დღეები: მედლები ოთახის საპატიო კუთხეში, ფლეშბექები და კოშმარები, ვისკი და კითხვები, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდნენ. წლების შემდეგ სააქართველოსა ბევრ სხვა მცირე ქვეყანაში ომების შედეგად დაწყებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო - მთავრობას მეტი ხელი დასჭირდა და ჯიმი, როგორც ერთგული და პატივსაცემი ვეტერანი ისევ გაიწვიეს სამშობლოსა და სამყაროს დასახმარებლად. ამჯერად, გაცილებით დაბალ რანგში ვიდრე ის ოდესმე ყოფილა: მის მოვალეობაში შედიოდა ჰუმანიტარული დახმარების გემებისა და დახმარების გადანაწილების მონიტორინგი.

ამ დავალების პროცესში შემოცურა მისმა გემმა ჩვენი, მსოფლიოსთვის უცნობი და პატარა, ფანტომური ქალაქის პორტში. ამერიკელები მკვიდრ მოსახლეობასაც სთხოვდნენ დახმარებას და მეც ჩემი თანატოლების მსგავსად ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადაში ჩავეწერე. ჩვენი სამუშაო ძირითადად ფიზიკური იყო - ათ და ოცკილოგრამიანი ყუთების გადმოზიდვა ტერმინალებიდან, მათი სორტირება და დაწყობა სპეციალურ მანქანებში, რომელთაც დახმარება მათთვის განკუთვნილ ცენტრებსა და ომისაგან დაბზარულ, მცირე ადმინისტრაციულ შენობებში მიქონდათ - შემდგომში ხალხისთვის დასარიგებლად. 

ვმუშაობდით დღეში ექვსი, ზოგჯერ რვა საათი. ყოველი გემის ჩამოსვლა - ახლი წელივით იყო. აქამდე არავის გვენახა ამხელა გემები. სიდიდის გარდა გემებს კიდევ ერთი საოცარი რამ ქონდათ -- შუქი. ისინი ანათებდნენ, კაიუტებიდან გამოდიოდა დენი, როგორც საახალწლო ნაძვის ხის განათება -- ქალაქში კი, სადაც დენის მოწოდება მხოლოდ ორ-სამ დღეში ერთი საათით ხდებოდა - მოციმციმე, ზღვაზე მოლივლივე დიდი ტრანსლაინერი - სანტა კლაუსის უცხოპლანეტური ხომალდის შეგრძნებას ტოვებდა.

ჯიმი აქ გავიცანი. პორტის ბოლოში მეზღვაურთა კლუბი და მცირე კაფე იყო: კოლონიალიზმის პატარა მარგალიტი: მასში შესვლა მხოლოდ უცხოელ მეზღვაურებს შეეძლოთ, ადგილობრივები არ დაიშვებოდნენ, მაგრამ როგორღაც ერთ ღამეს ოდნავ შემთვრალმა ჯიმმა სვლა შეანელა, თავის მეგობრებს უბრძანა გზა განეგრძოთ და ჩემთან მოახლოვდა. მე ნავსადგურის მიწაზე ვიჯექი, სულს ვითქვამდი და გაშტერებული ვუყურებდი საახალწლო გემს, ვფიქრობდი ქალაქებზე, სადაც ეს გემმი მივა, ან სადაც უკვე იყო და ამ ქალაქების წარმოდგენას თითქოს სხვაგან გადავყავდი, მავიწყებდა ტკივილებს კუნთებში და ჩემივე ქალაქის ნაცრისფერ განთიადებს.

ჯიმიმ მეზღვაურთა კლუბში წამიყვანა - ვერავინ გაუბედა ეთქვა ეს ვინ შემოგყავსო. ჩვენ ბარის კუთხეში დავჯექით და სამი ასგრამიანი ჯეიმსონის შემდეგ უკვე კარგად დავმეგობრდით კიდეც. 

ეხლა კი ვიცი, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ჯიმი ერთდროულად ასეთი აღელვებული და გახსნილი. კლუბი ღამის ორზე იკეტებოდა და იმ სამი საათის განმავლობაში რაც ჩვენ მანდ დავყავით - ჯიმიმ მისი სამსახურის შესახებ მიამბო. ეს ის ისტორიაა რომელიც სრულიად ცვლის შენს ცხოვრებას და სამუდამოდ რჩება შენთან მარადიულ გამოცანად, გამოცანის გარდა კი სრულიად შლის შენს ყოფილ ცხოვრებას და ერთი ხელის მოსმით ჭადრაკის ახალ დაფაზე შეგაგდებს, ახალ თამაშში, სადაც ყველას შენი მოკვლა სურს და შენც იმისათვის რომ არ მოკვდე უნდა მოკლა სხვები. ეს სხვები კი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი.

რადგან მკვლელობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, პირველი რაც ჯიმისგან გავიგე იყო ის რომ მას ორჯერ ყავს საკუთარი თავი დამარხული. ეხლანდელი ჯიმი მეორე თაობის კლონი იყო, მისი ორიგინალური ბიოლოგიური სხეული კი, სხეული რომელიც დედამისმა შვა - ჯიმის თქმით კანზასის ცივ მიწებშია დამარხული.

"დავალება ზემოდან?" - ვიკითხე მე.

"არა, პირადი გადაწყვეტილება" - თქვა ჯიმიმ ისე რომ თვალი არ მოუცილებია ჭიქისთვის, სადაც კენტი ყინული აისბერგივით დნებოდა ვისკის ოკეანეში - "საქმე იმაშია ახალგაზრდა ალი, რომ ხანდახან დგება დღე, როცა საშინლად გბეზრდება საკუთარი თავი, გბეზრდება იმიტომ რომ იცი რაც ჩაიდინე, იცი ვინც ხარ და იცი რომ არ ხარ ღირსი ამ პლანეტის წილ ჟანგბადს ანადგურებდე. მაგრამ ეს ასატანი მდგომარეობაა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამისთვის გვამზადებდნენ. მე ავიტანდი საკუთარი თავის განადგურების სურვილს, მაგრამ აქ მეორე ფაქტორიც დაემატა -- კვალის დაფარვა."

-- შენი სხეული კვალი იყო?

-- კვალი და თან როგორი. ანგელოზები რომელთაც ჩვენ ვანადგურებდით არეა 51-ში, შემდეგ დავსდევდით მაღალმთიან რეგიონებში - გამოირჩევიან ვენდეტის გამაოგნებელი წყურვილით და ისინი ადამიანებს მათი აურის მიხედვით პოულობენ. მე უკვე ვიცოდი, რომ ჩემზე ძებნა იყო გამოცხადებული, ვიცოდი ისიც რომ უფროსობამ ხაზი გადაუსვა ჩემს დოსიეს -- მათ მკვდარი უფრო ვაწყობდით ვიდრე ცოცხალი: როცა ბევრი რამ იცი, ყველა უფრო კომფორტულად გრძნობს თავს თუ შენ მკვდარი ხარ. მე კი ძალიან ბევრი რაამ ვიცოდი.

აიტომაც იმ დღეს, დავადექი კანზასში ჩემს ყოფილ კოლეგას ბიო-არმიის განყოფილებიდან და ვთხოვე ჩემი კლონი დაემზადებინა. კლონი ახალი სუფთა აურით, თითქოს ახალი პასპორტი. 

მთელი პროცედურა მის გარაჟში შექმნილ ლაბორატორიაში ჩატარდა - მთელი ღამე მე და ფიდაი ვუყურებდით როგორ იზრდებოდა უზარმაზარ კოლბაში სხეული, რომელიც ცოტა ხნის წინ მხოლოდ ჩემი ვენიდან ამოღებული სისხლი იყო - როცა მან საკმარის ასაკს მიაღწია - ფიდაიმ შეაჩერა პროცესი. ეხლა უკვე ჩემი დრო იყო გვერდითა კოლბაში ჩამეყვინთა. ჩვენს ტვინებში ჩამაგრებული ტრანზისტორებით ფიდაიმ ჩემი მოგონებების ტრანსლირება დაიწყო ჩემს ახალ კლონში, სანამ მე კოლბაში ვიხრჩობოდი: როცა პროცესი დასრულდა - მე განახლებული სწრაფად გადმოვედი კოლბიდან, ავიღე ხელში ჩემი ძველი მეს სნაიპერული ვინტოვკა, გარეთ გავიყვანე საკუთარი თავი და იქვე ერთი გასროლით გავასხმევინე ტვინი.

იცი ალი? არ არის ადვილი ასე მარტივად საკუთარი თავის მოკვლა, განსაკუთრებით ორიგინალი ვერსიის, იმის რომელიც დედამ დაბადა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მე და ფიდაიმ ჯიმი დიდი კლდიდან გადავაგდეთ ორი საათის სავალ გზაზე მისი სახლიდან - ალბათ ის უკვე დიდი ხანია დაგლიჯეს გარეულმა ცხოველებმა ან ფრინველებმა, ხორცი რომ უყვართ. მაგრამ ასე გავექეცი გადამტერებული ანგელოზების შურისძიებას.

იცი რა იყოს ჯიმის ბოლო სიტყვები?"

მე არ ვიცოდი რა მეპასუხა.

- “მან თქვა: როცა შენი ჯერი მოვა - ჩემსავით წყნარად მიიღე ტყვია. ნუ იპანიკებ”, ასე მოხდა ეს ამბავი. სამაგიეროდ ისინი ვერასოდეს მომაგნებენ - თქვა მან ჩურჩულით, მაგრამ სიამაყით და მორიგი ჭიქა ვისკი მოყლუპა.

რაც ჩემმა ვეტერანმა მეგობარმა თავისი აღსარების დროს არ იცოდა ისაა, რომ მისი სიტყვით “ისინი”, ანუ ჩვენ -  ანგელოზები,  გენოციდის შემდეგ მთელ მსოფლიოში მიმოვიფანტეთ და ფარულად ვცხოვრობდით ადამიანებს შორის, შურისძიების გეგმებით შეპყრობილები.