ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხეტიალი შუადღის მიჯნაზე | საბურთალო

 

მცირე გასეირნება

2022 წლის მაისის ერთ შუადღეს ჩემს უბანში სასეირნოდ გავედი. ბინის კარი გამოვიხურე, გასაღები გადავატრიალე, სადარბაზოს კიბე ჩავირბინე და ფანასკერტელის ქუჩიდან პეკინის მიმართულებით ჩვეულ მარშრუტს გავუყევი. 

უბანში ორიოდე საათით სეირნობის ჩვევა ჯერ კიდევ კოვიდ-19-ის პანდემიამდე ჩამომიყალიბდა და ყოველთვის ერთგულად მივდევდი, როცა ცოტაოდენი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა. პანდემიის კულმინაციისას ეს ყოველდღიურ აუცილებლობად, დამცავ მექანიზმად მექცა. როცა ქალაქში ფეხით ხანგრძლივად სიარული დავიწყე, ერთფეროვნების თავიდან ასარიდებლად ერთხანს გეზის არევას და უცხო, ან საგანგებოდ მიხვეულ-მოხვეული მარშრუტების მოძიებას ვცდილობდი. თანდათანობით ყველა შესაძლო ალტერნატიული ბილიკი ამოვწურე და ერთი და იმავე გზით დავიწყე სიარული. მერე მივხვდი, რომ ერთფეროვან გზაზე მოსიარულის მოწყენილობა არა საბოლოო მდგომარეობა, არამედ  ერთ-ერთი საფეხურია, რომლის შემდეგ ყველაზე საინტერესო - ნაცნობი ადგილის ახლებურად აღქმა იწყება. ეს ნაცნობი სიტყვის ზედიზედ ხშირად გამეორებას ჰგავს, როცა მალე სიტყვის მშობლიურობის განცდას კარგავ, სიტყვა დანაწევრებული ბგერების უცხო გროვად იქცევა და ნაცნობობის გემოს მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ იბრუნებ. მომდევნო საფეხურზე იმის აღმოჩენას იწყებ, რომ ნაცნობი ადგილები და გამოცდილებები სინამდვილეში იმაზე უფრო სწრაფად და შეუქცევადად იცვლება, ვიდრე წარმოგედგინა. როცა ნაცნობი გამოცდილება ქრება, მისგან აჩრდილები რჩება, რომლებიც ყველაზე მოულოდნელ დროს, სხვადასხვა შეგრძნების სახით გეცხადება, რაღაც უხილავის ჩვენებას, შენი ყურადღების რაღაცისთვის მიპყრობას ცდილობს. 

მაისის ერთ შუადღეს ჩემს უბანში სასეირნოდ გამოვედი. საბურთალო ომისშემდგომი საბჭოთა თბილისის განაშენიანების ცენტრალური სივრცე იყო, რომელიც „საბჭოთა საქართველოს მგეგმარებელთა მიერ გამოკვეთილ სამ მთავარ ხედვას - ურბანიზებულ, რაციონალურ, ნაციონალურ დედაქალაქს - განასხეულებდა“ (Kaiser 2011,211). მას, უპირველესად, საცხოვრებელი სივრცის ფუნქცია ჰქონდა და 1940-დან 1970 წლამდე განაშენიანების პროცესში საცხოვრისის თითქმის ყველა ტიპი მოიცვა - ტიპური საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშები, რამდენიმე გასაბჭოებამდელი კერძო საცხოვრებელი სახლი, ახალმოსახლეთათვის დროებით საბინადროდ აშენებული ბარაკები, არალეგალურად თვითნაგები სახლები, სარდაფები და ქოხები (იქვე,216). 

ჩემი უშუალო საცხოვრებელი უბნის ძირითადი ბირთვი გვიანდელ საბჭოთა ხანაში გაშენებული საცხოვრებელი ბლოკებისგან შედგება, რომლებმაც 1980-2000-იან წლებში ფერი იცვალა. 80-იანების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისის თბილისში ბინების პრივატიზაცია და მიშენებების ლეგალიზაცია დაიწყო. სტანდარტულ საბჭოთა კორპუსებზე თანდათანობით მიშენებული ლოჯიები და აივნები გაჩნდა. ქართველმა ხელოვანებმა ამ მიშენებებს „კამიკაძე ლოჯიები“ შეარქვეს.[1] ჩემს ბავშვობაში მეზობელი შენობის ერთ-ერთი ასეთი მიშენება ჩამოინგრა და ადამიანი იმსხვერპლა. კორპუსებზე მერცხლის ბუდეებივით გამოკიდებული მიშენებები ამ ტრაგედიის მუდმივ სიმბოლურ შეხსენებად იქცა. ეს მოგონება ისევ ჰაერში კიდია და მუდმივად იქ ტრიალებს. მას ვერც 2000-იანების ტენდენცია - შენობების გაფერადება და კედლის მხატვრობით მორთვა ფარავს. 

ჩემი მარშრუტი კორპუსების გასწვრივ გამავალ ტროტუარს მიუყვება. ფანასკერტელიდან ბახტრიონის ქუჩამდე ფერდობიდან ჩამომავალი კიბით ვეშვები, რომელიც ტროტუარს უერთდება. მარჯვენა მხარეს ტროტუარის ერთი მონაკვეთი შემაღლებულ პლატფორმას ქმნის, რომელიც მარცხნივ გამავალ სამანქანო გზას დროდადრო კიბეებით უკავშირდება. სამანქანო გზის მარცხენა მხარეს ტროტუარი წყვეტილია და არასაიმედო - მანქანებისგან ვერ დაგიცავს. იქ მხოლოდ მაშინ გადავდივარ, თუ მეორე მხარეს საგანგებო საქმე მაქვს - მაგალითად, ფერმერთა ახლადგაჩენილ მაღაზიაში მივდივარ პროდუქტის საყიდლად. ბახტრიონის 13-დან პეკინის ქუჩამდე „მკვდარი“ მარცხენა ტროტუარი შედარებით ცოცხლდება. გზად ჯერ სურსათის, ხილის და ბოსტნეულის მაღაზიები ჩნდება, შემდეგ - ტანსაცმლის მაღაზიები, წიგნის სახლი, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები და რამდენიმე საკვები დაწესებულება. ზოგი კაფე ტროტუარს ტერასად იყენებს, იქ მაგიდები და სავარძლები გამოუდგამთ. გზად ყავის დასალევად ერთ-ერთ მათგანში ვჩერდები ხოლმე, იშვიათად თუა ცარიელი. ყველაზე ხშირად იქ „ახალი კლასი“ მხვდება - ეფექტურად გამოწყობილი მომხიბვლელი ქალების ჯგუფები, საშუალო ბიზნესის მესვეურები და გოაზე დამსვენებელი საქმიანი ჰიპსტერები თავიანთი პატარა ძაღლებით. სკამები და მაგიდები ტროტუარზე სილამაზის ცენტრებსაც გამოუდგამთ. თანამშრომელი გოგოები შესვენებაზე იქ გამოდიან ყავის დასალევად, ნება-ნება ეწევიან სიგარეტს და გამვლელ-გამომვლელს გამომცდელ მზერას აყოლებენ. იქვე წიგნის სახლია, სადაც ზოგჯერ სამუშაოდ მივდივარ. სიწყნარეა, ბევრი წიგნი და გემრიელი ყავა აქვთ და კარგი ადამიანები მუშაობენ. 

იქვე, გადამკვეთ გამრეკელის ქუჩაზე და პარალელურ ცინცაძის ქუჩაზე საკვები დაწესებულებები, სუპერმარკეტები და ბანკები უფრო უხვად ჩნდება. თუ გამრეკელის ქუჩის კუთხეს გადაკვეთ და ბახტრიონის დასაწყისისკენ გააგრძელებ სიარულს, მარჯვენა მხარეს სურსათისა და ტანსაცმლის მაღაზიებს, ორიოდე საცხობს, უბნის ხილ-ბოსტნეულის დახლებს, ვეტერინარულ მაღაზიებს, რამდენიმე სახელოსნოს და წიგნის მაღაზიას მოიტოვებ უკან. სანამ ბუკიას ბაღის ყვავილების დახლებს მიაღწევ, აფთიაქების ჯაჭვსაც გაუვლი გვერდით. თუ კარგი ამინდია, კუთხეში ტანსაცმლით ღია ცისქვეშ მოვაჭრეებსაც გადაეყრები. მარცხნივ საცხობებს, რამდენიმე ტანსაცმლის მაღაზიას, ფრინველისა და სურსათის მაღაზიებს, საოჯახო ნივთების მაღაზიას და ბოლოს - აფთიაქს შეხვდები. 

იმ საღამოს მარცხენა მხარეს არაფერი მესაქმებოდა, მარჯვენა მხარე დავიკავე. ვცდილობდი, ჩვეულზე უფრო ნელი ტემპით მევლო, შენობებზე გაჩენილ ხალხურ წარწერებს, გამვლელებს და ცხოველებს დავკვირვებოდი.

ზამთრის სუსხის შემდეგ ხალხი გამოცოცხლებულია, შუადღისასაც კი ბევრი გამვლელი ჩანს - ზოგი მარტოა, ზოგიც ბავშვებს, ან ძაღლებს ასეირნებს.

დროდადრო გვერდით იპოდრომისკენ მიმავალი ველოსიპედისტიც ჩაგიზუზუნებს,

ყურადღებით უნდა იყო. ფანჯრებიდან ჭურჭლის წკრიალი, მუსიკის ან საუბრის წყვეტილი ხმა ისმის. ჰაერში დროდადრო შემწვარი ხორცის, კარტოფილის, ქინძით შეზავებული საწებლისა და თევზის სუნი ტრიალებს, რომელიც სიარულის რიტმის მიხედვით, ფენა-ფენა იშლება, ერთმანეთს ერწყმის ან ფარავს.

ბინის „კერძო ცხოვრების“ ამსახველ ამ ყნოსვით რუკაზე ქუჩის საზოგადოებრივი ცხოვრების სუნიც გამოკრთება ხოლმე. 

ვაკე და საბურთალო, დაახლოებით, ერთსა და იმავე დროს განაშენიანდა, თუმცა, ვაკისგან განსხვავებით, რომელიც თავიდანვე საბჭოთა პოლიტიკური, ინტელექტუალური და კულტურული ელიტების საცხოვრებელ სივრცედ მოინიშნა, საბურთალოზე, „ინტელიგენციასთან“ ერთად, მუშათა კლასსაც ასახლებდნენ. ალბათ, ამიტომაც ჩამოყალიბდა შედარებით „დემოკრატიულ“, სოციალურად უფრო ჭრელ უბნად. ჩემი ბავშვობის განცდაში ვაკის პირველი სართულების ბინების სუნი უფრო ჰესესეული „ბიურგერული მყუდროების“ განცდას ატარებდა - რაც უნდა გაბუღული ყოფილიყო სიგარეტის კვამლით, მაინც იმ ადგილის სუნი ჰქონდა,  დამლაგებელი კვირაში ერთხელ რომ ალაგებს. ამის საპირისპირო ჩემთვის პლეხანოვის[2] პირველი სართულების სუნი იყო - სიგარეტის, თურქული ყავის, თევზის და დიდი ხნის გაურემონტებელი ბინის სუნის ბოჰემური ნაერთი. საბურთალოს პირველი სართულის ბინების სუნი კი ამ ორის ნარევს ქმიდა. ზოგ ბინაში ერთი ჭარბობდა, ზოგშიც - მეორე და ქუჩაში სიარულისას, ამ ორის ნოტების მონაცვლეობას ვამჩნევდი.  

მაისი უჩვეულოდ ცხელი გამოდგა, სადარბაზოებიდან მობერილი ჰაერის სიგრილე უკვე მკვეთრად იგრძნობოდა. ღია სადარბაზოებთან ნაბიჯს ვუნელებდი და სიგრილეს სახეს ვუშვერდი. მალე მუსიკალურ სკოლას გავუსწორდი. კარი ღია იყო.

იქვე შევჩერდი და უეცრად სამი სხვადასხვა სუნის მკაფიო გაელვება ვიგრძენი, რომელთაგან თითოეული რაღაც მოგონებას, ცალკეულ მეხსიერების ადგილს უკავშირდებოდა. 


ქალაქი და აჩრდილები

პირველი გრილი, ოდნავ მომწკლარტო სუნი იყო - „კანცელარიის სუნი“. 90-იან წლებში ის ჯერ კიდევ უხვად მოიძებნებოდა დიდი ხნის გაურემონტებელ საბჭოთა საჯარო დაწესებულებებში - ბიბლიოთეკებში, მუზეუმის ფონდებში, სასწავლო დაწესებულებების დახურულ კაბინეტებში, ზოგჯერ - საავადმყოფოებშიც. ის ამ დაწესებულებების კედლებში  დაგუბებული სული იყო, კარს გააღებდი თუ არა, სახეში გეცემოდა. დღემდე არ ვიცი, რა გამოსცემდა ამ სუნს, მაგრამ ის ახლაც არაფერში ამერევა.[3] „კანცელარიის  სუნს“ ბიუროკრატიული დამთრგუნველობის, მოწყენილობის, ლოდინისა და უეცრად გამოჩენილი რაღაც საინტერესოს განცდა დაჰკრავდა. ის თითქმის ყველგან იყო, სადაც მშობლებს დავყავდი. 2000-იანი წლებიდან კი, როცა საქართველოში „ევრორემონტი“ და ინსტიტუციური განახლება ერთდროულად გაჩნდა, საჯარო დაწესებულებებიდან თანდათანობით გაქრა და მისი არსებობაც თითქმის დამვიწყებოდა. იმ შუადღეს ძველ მუსიკალურ სკოლასთან ვიდექი, რომელიც ისევ ისეთი იყო, როგორც ჩემს ბავშვობაში და მისი ღია კარიდან კანცელარიის მძაფრი სუნი უბერავდა. იმ სკოლაში მე არასდროს მივლია. ჩემი ძმა დადიოდა რამდენიმე წელი და იქ მის გამოსაყვანად მისულ დედას ზოგჯერ თან მივყავდი ხოლმე.

იმ გარემოდან, აი, ეს მახსოვს - კანცელარიის სუნი, ფორტეპიანოს გამოუცდელი თითებით წვალების ექო, ლოდინით აღძრული გაბეზრება და რამე საინტერესოს აღმოჩენის იმედით ოთახებში ცხვირის შეყოფა, რასაც მყისიერი ტუქსვა მოსდევდა ხოლმე. 

ბავშვობის შემდეგ იქ მეორედ სტუდენტობისას, ახლადგაცნობილ მეგობართან ერთად მოვხვდი. მუსიკალურ სკოლას რომ ჩავუარეთ, მითხრა, ბავშვობაში აქ დავდიოდიო. ვუთხარი, რომ მეც ვიცნობდი იქაურობას, დაუფიქრებლად მივბრუნდით და შიგნით შევედით. სკოლა ისეთივე იყო, როგორიც ორივეს გვახსოვდა, მაგრამ იქ ცნობისმოყვარეობას მაინც არ შევუყვანივართ, უფრო ჩვენი დაახლოების აღსანიშნი რიტუალი იყო. ერთმანეთს ვაჩვენებდით, გვიან დამეგობრების მიუხედავად, უფრო მეტი გვქონდა საერთო, ძველი ცოდნაც გვაერთიანებდა, რომლის ნაწილს ეს მონაცრისფრო-მოყვითალო-მოყავისფრო სიგრილე, მუსიკის ექო და მწკლარტე სუნი შეადგენდა. 

მეორე შეგრძნება, რომელიც არ ვიცი, 2022 წელს იქ რა მანქანებით აღმოჩნდა, ნავთის მწარე არომატი იყო, რომელსაც გონებით არა შინ - 1990-იანების მბჟუტავი შუქით განათებულ ბინაში - არამედ მეხსიერების სხვა ადგილას - საირმის ქუჩაზე, ხელოვნების გიმნაზიაში მივყავდი. 5-დან 14 წლამდე იქ ბალეტზე დავდიოდი, კვირაში სამ დღეს ვატარებდი და მის სივრცეს საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობდი. ახლაც შემიძლია, თვალები დავხუჭო და იქაურობა ცხადად წარმოვიდგინო. ზამთრობით სწავლის გადასახადს ნავთის „გადასახადი“ ემატებოდა, რომელსაც სავარჯიშო ოთახში მდგარი წითელი, მხრჩოლავი ნავთქურა ნთქავდა. ჩვენი სავარჯიშო ოთახი ბოლო სართულზე იყო. ოთახის ერთი კედელი უზარმაზარ სარკეს ეკავა, მის პირდაპირ, სულ ბოლოში როიალი იდგა, რომელზეც აკომპანიატორი შოპენის ვალსებს უკრავდა, ჩვენ კი ვცეკვავდით. დანარჩენი ორი კედლის გასწვრივ წელის სიმაღლეზე სავარჯიშო ძელები იყო დატანებული. მარცხენა კედლის ფანჯრებიდან პატარა, მომხიბვლელი ზამთრის ბაღი ჩანდა პატარა შადრევნით და მარადმწვანე მცენარეებით.

ვარჯიშებს შორის დაღლილი ფანჯარასთან მივდიოდი, ძელსდაყრდობილი ბაღს გადავყურებდი და ნავთის სუნით გაჟღენთილი ოთახის მაგივრად, იქ ყოფნაზე ვოცნებობდი.

გიმნაზია ჩემს სახლთან ახლოს იყო, თუმცა, საბალეტო შვიდწლედის დამთავრების შემდეგ იქ დიდხანს აღარ დავბრუნებულვარ. ოთხი წლის წინ, 2018 წელს, საირმის ქუჩაზე მოვხვდი, გიმნაზიის შენობას ჩავუარე და რატომღაც შესვლა გადავწყვიტე. კარი ზურგსუკან მივხურე თუ არა, ისევ იქ აღმოვჩნდი, საიდანაც ბოლოს 13 წლისა გამოვედი. შესასვლელში დარაჯს გამოველაპარაკე, ვუთხარი, ვინ ვიყავი და ზევით ამიშვა. სართულები დავიარე.

პარკეტი ისევ ისე იყო ალაგ-ალაგ აყრილი, უნდა გცოდნოდა, სად არ წამოგეკრა ფეხი.

მეცადინეობის განრიგებიც ძველებურად ფურცლის ნაგლეჯებზე წაეწერათ ხელით და კარებზე გაეკრათ. ბოლო სართულზე რომ ავედი, იქ არავინ იყო. სავარჯიშო ოთახში შევიხედე. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ჩემი ბოლო ვარჯიშის დღეს - სარკე, ძელები, როიალი. პუანტებისგან გაპრიალებული ხის იატაკის დასასველებლად წყლის ბოთლი ძველებურად კუთხეში მიედგათ. გამაყრუებელი სიჩუმე იდგა და მივხვდი, რომ იმ ოთახში მარტო პირველად ვიყავი.

ფანჯარასთან მივედი, ბაღში გადავიხედე. მერე გვერდით ოთახში შევიხედე და ქვევით დავეშვი. პირველი სართულიდან ბაღს გადავუღე ფოტო. ისევ ისეთი ლამაზი და მიუწვდომელი იყო. დარაჯს დავემშვიდობე, მადლობა გადავუხადე და წამოვედი. 

მესამე აჩრდილი, რომელიც აპრილის იმ დღეს გამომეცხადა, ბურღულის „ტყუილი სუპის“[4] სუნი იყო, რომელიც ჩემი კერძო საბავშვო ბაღის სამზარეულოში იხარშებოდა, მაგრამ იმ სამზარეულოს ნაცვლად,  რატომღაც ძველი იპოდრომის ტრიბუნებთან მიმიყვანა. ჩემი „ბაღი“ მეზობელ სადარბაზოში მცხოვრები ოჯახის ბინა იყო, რომელმაც 90-იან წლებში კერძო საბავშვო ბაღი გახსნა. იქ ორი წელი დავდიოდი და ყველაფერი მომწონდა ბურღულის სუპის გარდა - იადონები, სპანიელი, მუსიკალური ფირფიტები, ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი მულტფილმები და ჩემი აღმზრდელიც. ყველაზე კარგი კი მაინც იპოდრომზე სეირნობა იყო. ერთადერთი ლექსების დაზეპირება არ მიყვარდა, მაგრამ ჩემი აღმზრდელი ჯიუტად არ თმობდა შეუცვლელ „საბავშვო“ აქტივობას. ეს აუტანელი დაზეპირება ჩემი აღმზრდელის ბინაში იწყებოდა და იპოდრომის ტრიბუნებზე მთავრდებოდა. დეკლამაციის დროს ბავშვები ვცელქობდით, ვხულიგნობდით და ლექსებს რაც შეიძლებოდა გულისგამაწვრილებელი თეატრალური მანჭვა-გრეხით ვკითხულობდით. ერთი სული გვქონდა, როდის მოვრჩებოდით, რომ ოდესღაც დოღის მსაჯისთვის განკუთვნილ ხვეულკიბიან თუნუქის კოშკურაზე აგვერბინა და იპოდრომისთვის ზევიდან გადმოგვეხედა. ცხენები ჯერ კიდევ იყვნენ, მანეჟშიც შეგეძლო შეძრომა და ყურება, როგორ ახტუნებდნენ მხედრები ბარიერებზე. უცნაურია, მაგრამ არც მაშინ, ქაოსურ 90-იანებში და არც მას შემდეგ, ძველი იპოდრომი არასდროს აღმიქვამს ხიფათის ადგილად. გაშლილ მინდორზეც უხიფათოდ იყავი და ტრიბუნებზე ცოცვისასაც. სახლი კი იქვე იყო, თითქოს ხელის გაწვდენაზე. 

მეტამორფოზები

მაისის გასეირნებიდან რამდენიმე თვეში, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში თბილისში დაბრუნებულმა ბახტრიონზე, მუსიკალურ სკოლასთან გავიარე. თავიდან მტვერში ვერაფერი დავინახე. მერე მუშები და ნიჩბები გავარჩიე. ყველა კარი და ფანჯარა ჩამოეხსნათ, მოყავისფრო-ნაცრისფერი ინტერიერი თეთრ ბათქაშად იყო ქცეული. „მუსიკალური სკოლა აქ დარჩება?“ - ვკითხე საქმიანი ტონით მუშებს. კიო, თავი დამიქნია უფროსმა - „აქ იქნება“. 

ხელოვნების გიმნაზია უფრო ადრე, 2021 წლის ნოემბერში დამხვდა შეცვლილი. პირველი სართული, რომელიც ოდესღაც თიხის და გუაშის საღებავის სუნით იყო გაჟღენთილი, გაერემონტებინათ და რემონტის სტერილური სუნი ასდიოდა. ბაღში ქოთნით ახალი მცენარეები გამოედგათ, კუთხეში ვერცხლისფერი ურნა-საფერფლე იდგა. ზევით აღარ ამიშვეს - რემონტიაო. 

იპოდრომის უფრო გახმაურებული „რემონტი“ ქალაქის მერიამ კიდევ უფრო ადრე, 2020 წელს გამოაცხადა. ტრიბუნები, სადაც ოდესღაც ლექსებს „ვამბობდით“, წლების მანძილზე თანდათანობით ქრებოდა. ახლა იმ ადგილას უკვე აღარაფერია. აღარც კოშკურა დგას. მერიის მიერ გამოცხადებული გეგმის თანახმად, იპოდრომი „ცენტრალურ პარკად“ უნდა იქცეს, რომელიც უკვე არა საუბნო, არამედ - საქალაქო პარკი იქნება. ესე იგი, იქ მოქალაქეები სამეზობლოდან კი აღარ ივლიან ფეხით, არამედ - მანქანებით. ამას ის რენდერი მოწმობს, რომელიც მერიის გვერდზე დევს. ამ სურათზე ასახული იპოდრომის მომავალი - ბეტონის ბილიკები, „იაპონური“ და „ფრანგული“ ბაღები, ავტოსადგომები და სხვა დეტალები - მოქალაქეებმა უკვე რამდენჯერმე გააპროტესტეს. მთლიანობაში, ხალხი მოითხოვდა, პარკი დიზაინერული სქემით გაწერილი თამაშის წესებისგან თავისუფალ, ინფრასტრუქტურით გადაუტვირთავ მწვანე მინდვრად დარჩენილიყო, როგორადაც ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

ადამიანები იქ „სტრუქტურირებული გართობის“ ნაცვლად, თავისუფალი გეგმებით მიდიოდნენ და იპოდრომს მშვიდობიანად იყოფდნენ - ზოგი ძუნძულებდა, ზოგი ძაღლს ასეირნებდა, ზოგი ბურთს თამაშობდა, ზოგი პიკნიკს აწყობდა და სივრცე ყველას ჰყოფნიდა.

ახლახან მერიამ განაცხადა, რომ პარკინგისთვის „უფრო პატარა“ სივრცეები გამოიყოფა და ბეტონის ნაცვლად, „მეტი სიმწვანე“ შენარჩუნდება. ზუსტი გეგმა ჯერ კიდევ არსად ჩანს. მოქალაქეები კი ელიან. 

ეპილოგი

რატომ მოდიან ჩვენთან ქალაქის აჩრდილები ყველაზე მოულოდნელ დროს? მოულოდნელია კი მათი გამოჩენა? იქნებ ჩვენვე გამოვიხმობთ და თუ ასეა, მაშინ - როგორ?

ანთროპოლოგი მიშელ დე სერტო (1984) წერს, რომ ქალაქი ორი გზით წარმოიქმნება. პირველი გზა „ძალაუფლების სტრუქტურებისა და ინსტიტუციების“ მიერ განსაზღვრულ „სტრატეგიებს“ გულისხმობს - ქალაქმგეგმარებლების, არქიტექტორების, მუნიციპალური სამსახურების მიერ ფორმალურად შექმნილ სქემებს, რომლებიც ქალაქის მატერიალურ ქსოვილს წარმოქმნის და აწესრიგებს. მეორე გზა რიგითი მოქალაქეების  „ტაქტიკებია“, რომლებიც „სტრატეგიებით“ განსაზღვრული გარემოს შესაბამისად ან საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. „ტაქტიკოსებს“ დე სერტო მეტაფორულად, „მოსიარულეებს“ უწოდებს. ქუჩის დონეზე მოსიარულე ტაქტიკური მარშრუტებით მოძრაობს, რომლებსაც მაორგანიზებელთა სქემები ყოველთვის როდი განსაზღვრავს. სიარული, კითხვა, მოგონება, რეფლექსია - ტაქტიკური გზებია, რომლებიც ფორმალური სქემის კვალდაკვალ სიარულის ნაცვლად, სხვა გზებსა და სხვა რიტმს - ალტერნატიულ სივრცესა და დროს ქმნის.

სიარულის იმპროვიზებულ პრაქტიკას ზოგჯერ გაბატონებული ცოდნისგან განსხვავებული „სხვა სინამდვილის“ აღქმისკენ მივყავართ. ამ გაგებით, ის „სუსტის იარაღია“. თუმცა, მოსიარულე ყოველთვის როდი კითხულობს იმ ტექსტს, რომელსაც ქალაქში სიარულისას თავად წერს. 

თბილისი სტალინისეული საბჭოთა ეპოქიდანვე ჩამოყალიბდა ავტომობილზე მორგებულ სივრცედ. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობს, ქალაქში გადაადგილების ყველაზე სახარბიელო საშუალებად კერძო მანქანა მიიჩნევა. ყველაზე მეტ კერძო ავტომობილს ქალაქის შეძლებულ, ცენტრალურ უბნებში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ. წმინდა მომხმარებლური დატვირთვის გარდა კერძო ავტომანქანა ქალაქის არასანდო სივრცეში მეტი პირადი (ფიზიკური, სოციალური) უსაფრთხოების გარანტიადაც აღიქმება.  

დაწვრილებით
ასეთ პირობებში ფეხით სიარული შეიძლება ჯანყის აქტად იქცეს მოქალაქისათვის, რომელიც „სტრატეგიით“ გაწერილი ნორმის საწინააღმდეგოდ მოძრაობს - ქვეითად რჩება ქალაქში, რომელიც დაგეგმარების ლოგიკის მიხედვით, ავტომანქანაზეა მორგებული და სადაც ყველაზე დაუცველი ფეხით მოსიარულეა. დე სერტოსეული ერთ-ერთი იმპროვიზებული პრაქტიკა - მოგონება - სიარულისას იღვიძებს. ურბანული აჩრდილების გამოხმობა ფეხით სიარულისათვის გაწეული ძალისხმევის გზით ხდება შესაძლებელი და როცა დადიხარ, ეს მოგონებები ახალ შთაბეჭდილებებთან შედის რეაქციაში. თუკი კერძო ავტომობილში მოქცეული ქალაქის ერთი პუნქტიდან მეორემდე ისე გადაადგილდები, რომ თანამოქალაქეს შეიძლება, ვერც გადაეყარო, ფეხით სიარული საზოგადოების ატომიზაციის ამ სიმბოლური გამოვლინების მიმართ წინააღმდეგობის აქტია. თანამოქალაქეები, ქალაქის ცხოველები, სხვადასხვა გამოსახულება, ხმა და სუნი შენს აღქმაში შემოდის, ან პირიქით - შენი აღქმა აღწევს მათ სივრცეში. თითოეული ეს სტიმული კი არამხოლოდ „ახლას“ შეეხება, არამედ იმასაც, რაც „იყო“ და აქ და ახლა აღარ არის, ან სახეცვლილია. 

ამ ესსეში აღწერილი ჩემი სამი „აჩრდილი“ ერთსა და იმავე უბანში მდებარე, მეხსიერების ადგილებად ქცეულ სამ ურბანულ ალაგს უკავშირდებოდა.

„აჩრდილებიდან“ ორი უკვე მომხდარ ცვლილებას ეხმიანებოდა, მესამე კი სამომავლო გარდაქმნას წინასწარმეტყველებდა. ეს წინასწარმეტყველება კი ქალაქისა და დროის მთლიანობითი აღქმიდან იბადებოდა, რომელიც მხოლოდ ადამიანის თვალის სიმაღლეზე განლაგებულ სივრცეში, ადამიანის ნაბიჯის სისწრაფით მოძრაობისას შეიძლება დაგენახოს. გეოგრაფიული, ვიზუალური ურბანული სივრცე მგეგმარებლების, სტრატეგების სივრცეა. თუკი ის „ენას“ ჰგავს, ქალაქში ფეხით სიარული „მეტყველების“ ცოცხალი პრაქტიკაა, რომელიც ენით გაწერილ წესებს ყოველთვის როდი ემორჩილება. ყნოსვა, სმენა, გემოს შეგრძნება, საკუთარი სხეულის წონასწორობის განცდა, მოგონება, რეფლექსია და ალუზიები სიარულისას მაშინაც კი გადაგახვევინებს სქემატური გეზიდან, თუკი ერთი შეხედვით, სწორხაზოვან მარშრუტს მიუყვები. 



გამოყენებული ლიტერატურა

Claire Pogue Kaiser, Lived Nationality: Policy and Practice in Soviet Georgia, 1945-1978. (Publicly Accessible Penn Dissertations: 2015);

Michel de Certeau, The Practice of Everyday Life. (Oakland, California: University of California Press, 2015). 

შენიშვნები

 

[1] არაფორმალური თანამედროვე ხალხური არქიტექტურით შთაგონებული ნამუშევარი ვენეციის 2013 წლის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონს წარადგენდა. ხელოვანები: ჯგუფი „ბულიონი“, თეა ჯორჯაძე, ნიკოლოზ ლუტიძე, გელა პატაშური, ეი არაკავა, სერგეი ჩერეპნინი, გიო სუმბაძე - https://vernissage.tv/2013/07/31/kamikaze-loggia-pavilion-of-georgia-at-venice-art-biennale-2013/ 

[2]  1990 წელს „პლეხანოვის გამზირს“ დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა, თუმცა მისი მიმდებარე უბნის მკვიდრი მოსახლეობა იქაურობას ხშირად ახლაც „პლეხანოვად“ იხსენიებს. ზოგი მოქალაქე ამას უფრო კრიტიკულად უყურებს. ბავშვობაში ბებიაჩემი ამაყად მიყვებოდა, როგორ შეესწრო ამბავს, როცა ტაქსის მძღოლმა მგზავრი მხოლოდ იმიტომ არ ჩაისვა მანქანაში, რომ იმ უკანასკნელმა „აღმაშენებლის“ ნაცვლად, „პლეხანოვზე“ წაყვანა მოსთხოვა. თუმცა, ბებია ვერელი იყო და არა - „პლეხანოველი“.

[3] „რკინა, ხის ავეჯი, იატაკი და კარ-ფანჯარა, კედლებზე, ზეთის საღებავი ან კირი, ბევრი ნესტიანი ქაღალდის დასტა და ამას დამატებული პრიმას ან კოსმოსის კვამლი“ - მითხრა ჩემმა მეგობარმა, გიორგი სპანდერაშვილმა, როცა ეს ტექსტი წავაკითხე. 

[4]  როგორც ჩანს, საბჭოთა თბილისელები „ნამდვილ სუპად“ მხოლოდ ხორცეულის ბულიონის ბაზაზე მომზადებულ წვნიანებს თვლიდნენ. ამიტომ, პოსტსაბჭოთა სიდუხჭირის ერთ-ერთ გასტრონომიულ სიმბოლოს - ბოსტნეულისა და ბურღულის წვნიანს „ტყუილი სუპი“ შეარქვეს. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა