გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მუსიკა, #ხმა

ხმა, რომელიც ა(ღა)რ გვესმის


ლოკდაუნი და გადაადგილების შეზღუდვა ბევრი ფრუსტრაციისა და დისკომფორტის წყარო გახდა, თუ რამე კარგი გააკეთა ამ ჩაკეტვამ – ერთ ღამეში გააქრო ურბანული ხმაური, რომლის გარეშე არსებობა აღარავის წარმოედგინა. ჩაკეტილობამ საშუალება მომცა, მეტად დავკვირვებოდი და თავიდან აღმომეჩინა ცხოვრება, რომელიც ჩემთან ახლოს მიმდინარეობს, მაგრამ ქაოტური ხმაურის გამო ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩება.

თბილისის ზღვასთან ახლოს ვცხოვრობ. ზღვის მიმდებარე ტერიტორია მეტ-ნაკლებად ავთენტური ბუნებრივი გარემოა და ჩაკეტილობის პერიოდში აქ სტუმრობა ჩემი ყოველდღიური რუტინა გახდა. სატრანსპორტო გზებს შორის მოქცეული ტყის ნაწილი ვერ აკავებს უწყვეტ ხმაურს. ესაა მიზეზი “მეტ-ნაკლები” ავთენტურობის – მუდმივად ახლოს მოძრავი მანქანების შემწეობით, ველური ბუნება აღარაა ველური. 

ლოკდაუნმა მოკლა საზოგადოებრივი ცხოვრება, სამაგიეროდ მეორე სიცოცხლე შესძინა ბუნებას.

ყველაფერი გაზაფხულის მოსვლას დაემთხვა. ველური ბუნების რენესანსი მანქანების გაქრობის შემდეგ დაიწყო – კორპუსის უკანა ეზოში ხშირად გამოჩენილი ზღარბები და ტყესთან ახლოს, გზაზე ჩამოსული კუები. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ტყეში ყველაზე შესამჩნევად გააქტიურდნენ ფრინველები. ამ დროს ისინი გალობენ, როგორც პოტენციური პარტნიორის მისაზიდად, ასევე საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. მანქანების ხმა როგორც კი გაქრა, ტყის ფრინველებს კონკურენტების გალობა უფრო გარკვევით ესმოდათ – უფრო აქტიურად და შემართებით გარჯა უწევდათ. 

ამ სივრცეში სრულიად უცხო ვიყავი – უბრალო დამკვირვებელი. სიცოცხლის სხვა, არაადამიანური ფორმების ეპიცენტრში ყოფნა, "მეზობლების" ყოველდღიურად მოსმენა მძიმე ადამიანური ცხოვრების პირობებში ჩემთვის დიდი შვება იყო. 



Field Recording ძველი დროიდან დღემდე

ბუნებრივ გარემოზე დაკვირვება და სხვადასხვა ხმის აუდიოჩანაწერების გაკეთება კოვიდის ლოკდაუნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. Field Recording, ქართულად, ალბათ – საველე ჩანაწერი, ერთგვარი პროცესია, როცა ხმებს  სტუდიის კონტროლირებად საზღვრებს გარეთ იწერენ. პირველი ასეთი ჩანაწერი 1889 წელს 8 წლის ლუდვიგ კოჩმა გააკეთა, დაბადების დღეზე თომას ედისონის ნაჩუქარი ცილინდრით – სამიზნე India’s singing bird ‘Shama’ გახლდათ.

დიდი ხნის განმავლობაში საველე ჩანაწერები ვიწრო ჭრილის საქმიანობა იყო. ძირითადად, ეგზოტიკური ბუნების დოკუმენტალისტიკას ემსახურებოდა და ეთნოგრაფიულ/ანთროპოლოგიური კვლევებისთვის გამოიყენებოდა. მერე და მერე დამოკიდებულება შეიცვალა და Field Recording, რეალური ხმების უბრალო აღბეჭდვიდან Art Practice-ად იქცა. 

კომპოზიტორებისთვის, ჯერ კიდევ წინა საუკუნეებიდან მოყოლებული, ბუნების ხმები ყოველთვის იყო ინსპირაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო: ვივალდის Four Seasons, ბეთჰოვენის Pastoral Symphony, კლოდ დებუსის La mer. დებუსი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ხმებს:

Too much importance is attached to the writing of music, too much to the formula, the craft: we seek ideas inside ourselves, when in fact they should be sought from outside. 

ბეთჰოვენი, ბუნების დიდი მოყვარული, ხშირად მთელ დროს ვენიდან შორს, ქალაქგარეთ ატარებდა – Pastoral Symphony სოფელსა და ბუნებაში ცხოვრებისა და ყოფის საუნდტრეკია. ბეთჰოვენი გადმოსცემს განწყობას, რომელიც დატვირთული ურბანული სივრციდან წასულ ადამიანს ხვდება. მწყემსის სალამური, ჩიტების გალობა, მდინარისა და ჭექა-ქუხილის ხმა ვირტუოზულადაა გაჟღერებული ამ ნაწარმოებში.   

დღეს კრის უოტსონია ველური ბუნებისა და ბუნებრივი ფენომენების ხმის ერთ-ერთი გამორჩეული აღმწერი. ის საველე ჩანაწერებს სხვადასხვა დოკუმენტური ფილმისთვის არედაქტირებს, მათ შორისაა დევიდ ატენბოროს The Life Of Birds, The Life Of Mammals, ასევე The Blue Planet და The Green Planet-ის სერიები.

ის ყოველთვის ცდილობს მიკროფონი ისეთ ადგილებში დააყენოს, სადაც ადამიანის ყური ვერ აღწევს – ისლანდიის მყინვარები, ყინულის ტყდომისას გამოცემული არაამქვეყნიური ხმები; ზღვის ნაპირზე, ქვიშაში, სადაც ხმა ყველაზე თავისუფლად და სწრაფად მოგზაურობს. 


კრისის ერთი თეორის მიხედვით, ზღვის ხმები უკვე ნაცნობ მოგონებებს გვიღვიძებს, დროის, როცა ჯერ ისევ დედის მუცელში ვიყავით და ემბრიონული ხმები გვესმოდა – ზღვის ხმაური, მისი რიტმულობა და დინება, რაც გაჯერებულია ჰარმონიული ჟღერადობით, იმ პირველი, ემბრიონული ხმაურის იდენტურია. 

ნაყოფს 24-ე კვირას უვითარდება სმენა და ყველაფრის მიმართ სენსიტიური ხდება. ესმის დედის გულის ცემა, ფილტვებში შემავალი და გამომავალი ჰაერი და ჭიპლარში მოძრავი სისხლის ხმაც კი. მუცლის ამ შიდა ხმაურიან აქტივობებს შესაბამისი ანალოგიები აქვს ბუნებრივ გარემოში.

პირველი მოგონება, რაც გონებაში გაუცნობიერებლადაა დალექილი, ზღვის პირას ყოფნისას ისევ იღვიძებს და მიზეზების გაუაზრებლად დამამშვიდებლად მოქმედებს ჩვენზე.

 

ხმა რომელიც არ გვესმის / ხმა რომელიც აღარ გვესმის

ავსტრალიელი მუსიკოსი ლოურენს ინგლიშიც ბუნებასთან ღრმა კავშირების დაჭერას ცდილობს. ლოურენსისთვის ყურები საუკეთესო მეგობარია. მხედველობა ადამიანის პირველი და მთავარი გრძნობაა, თვალებით აღვიქვამთ სამყაროს, მაგრამ მხედველობა ძალიან ლიმიტირებულია. თუნდაც ახლა ამ ტექსტის კითხვისას თვალებს ვიყენებთ, მაგრამ პარალელურად სხვა გრძნობები ფუნქციონირებს, სამყაროს უფრო დიდ და რთულად აღსაქმელ ნაწილს ჩვენთვის გასაგებს ხდის. 

ხმას ჩვენამდე სამყაროს იმ ნაწილის შესახებ მოაქვს სიგნალები, რომელიც სხვაგვარად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. ახალი ტექნოლოგიების განვითარებით, მეცნიერებისა და არტისტების მუშაობით, დღეს შეგვიძლია მოვუსმინოთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო – მცენარეების შინაგანი მოქმედებიდან დაწყებული, შორეული გალაქტიკების კატასტროფებით დამთავრებული.

ლოურენსის სურვილია – to make listening listened to. ამისთვის ის “რელატიური მოსმენის” მეთოდს იყენებს, რაც გულისხმობს ურთიერთობას შინაგან აზროვნებასა და იმ გარე აქტივობებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს. ცდილობს, სამყაროს უსაზღვრო ქაოსში დაიჭიროს ერთი ხმა, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოარჩიოს სხვებისაგან, ჩაიწეროს სენსიტიური მიკროფონებით და ჩვენამდე მოიტანოს. 

 


უოტსონიც და ლოურენსიც Field Recording-ის მთავარ იდეას იზიარებენ: მათი დახმარებით, ჩვენთვის დაფარული და მიუწვდომელი ხილული და მოსმენადი ხდება. გამოცდილება, რომელიც ყოველთვის უცხო იყო, ჩვენთვის გაზიარებული და გასაგებია. მეორე მხრივ, ხმები, რომლებიც აქტიური ურბანული ცხოვრების გამო დავკარგეთ, არტისტების მიერ ვირტუოზულადაა ჩაწერილი და უკან გვიბრუნდება.

მიკროფონი და ჩვენი ყურები იდეალურ კავშირს ქმნის, ერთმანეთს აბალანსებს. გვაქვს ის, რაც არ აქვს მიკროფონს, ჩამწერი საშუალება კი ყურების “ხარვეზს” ავსებს. ადამიანების სმენა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით ჩამოყალიბებული კომპლექსური ნაკრებია. ჩვენ არ გვაქვს იმის უნარი, ყველა ხმა აღვბეჭდოთ. გონება უამრავ ბგერით ტალღას უბრალოდ ახშობს. 

მიკროფონი და ჩამწერი მოწყობილობა არაკოგნიტურია. ის იწერს ყველაფერს, მაგრამ მას არ შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს კონკრეტულ ხმაზე და რაც მთავარია, გაფილტროს არასასურველი ბგერითი მასალები. ყურები უკეთესი ფილტრია. სამაგიეროდ, ამ ფილტრის გამო ძალიან ბევრ „კარგ“ ხმას ვკარგავთ, რასაც მიკროფონი უპრობლემოდ იწერს.

ვცხოვრობთ თანამედროვე ეპოქაში და ქალაქის ჰიპერაქტიური ქაოსი ყურებს კიდევ უფრო მეტად ურთულებს საქმეს. დღე და ღამე ჩვენ ირგვლივ სულ ყაყანი და ღრიანცელია.

ხმაური ტრანსპორტში, ქუჩაში, სახლში, სამსახურში. ტელეფონები, კომპიუტერები, მანქანები, ადამიანები. გვესმის ყველაფერი, მაგრამ ძალიან იშვიათად ვისმენთ რამეს.

დიდი განსხვავებაა უბრალოდ გაგონებას (Hear) და რეალურად მოსმენას (Listen) შორის. პირველი არის ერთგვარი გაუაზრებელი პროცესი, რომელსაც ზუსტად ესადაგება ფრაზა – ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა. მთელი დღის განმავლობაში ამ მდგომარეობაში გვიწევს ყოფნა; მოსმენა არის აქტი, პერფორმანსი. ვირჩევთ, თუ რას მოვუსმინოთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება. 

პირველი შესაძლებლობისთანავე გავურბივართ ასეთ სივრცეებს, ქალაქგარეთ თუ ვერ, მშვიდ და წყნარ ადგილებში მაინც. Field Recording ბუნებასთან დაკარგული კავშირის აღდგენასაც ცდილობს. 2021 წელს გამოცემული კვლევა „A synthesis of health benefits of natural sounds and their distribution in national parks“ დეტალურად აღწერს, რამხელა გავლენა აქვს ბუნებრივ ხმებს, მათ შორის წყლისა და ჩიტების გალობას პარკებსა და მწვანე სივრცეებში გახიზნული ადამიანებისათვის. ბუნებრივი აკუსტიკური გარემო უსაფრთხოების გრძნობას უზრუნველყოფს და  მოწესრიგებული სამყაროს ილუზიას გვიქმნის. ეს გონების მდგომარეობაზე კონტროლის საშუალებას გვაძლევს, ამცირებს სტრესთან დაკავშირებულ ქცევებს და ხელს უწყობს მენტალურ ჯანმრთელობას. 

გვჭირდება და გვაკლია ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი გონება და ყურები მაქსიმალურად მოდუნებულია, სადაც არ გვიწევს, დავახშოთ ათასი ქაოსური აქტივობა. დაკარგულ ხმებს ვეძებთ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა