ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კომპარტია – ახალგაზრდობას!

68 წელს, საფრანგეთის პროტესტების ტალღა იტალიასაც გადაედო და ვალე ჯულიაზე პოლიციასა და სტუდენტებს შორის სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა. ენცო სიჩილიანო წერს, რომ მემარცხენეების ავანგარდში მდგომი სტუდენტები ნამდვილი ხუთოსნები იყვნენ, არა ე.წ. ზუბრიაჩკები, არამედ ისინი, ვინც პლატონის სახელმწიფოს რომელიღაცა პასაჟს წაიკითხავდნენ, შემდეგ პოლიციასთან საჩხუბრად მიდიოდნენ, მუშტებს იქნევდნენ და ციტირებდნენ. "კომპარტია ახალგაზრდობას" (რომელსაც პაზოლინიმ მოგვიანებით კარგი გაგებით "საშინელი" ლექსი უწოდა) ამ მოვლენებს ეძღვნება, ეს "შეყვარებული სინაზით და უხეში სიტყვებით სავსე ისტერიული ლექსია", რომელშიც მორწმუნე კომუნისტი პაზოლინი, პოლიციის მხარეს იჭერს.

წლების შემდეგ პაზოლინის ლექსის აპოლოგიის დაწერა მოუწია, სადაც სხვა ახსნა-განმარტებებთან ერთად, შემდეგი ფრაზაც გვხვდება – „არ ვიცი, უნდა ვყრიდე თუ არა ბისერს თქვენ წინაშე, უაზრო ბრიყვების ჯოგის წინაშე, რომლებიც საერთოდ ვერასდროს და ვერაფერს ვერ აცნობიერებენ“.

„ჩემს თაობამდე, ახალგაზრდა ადამიანები ბურჟუაზიას ხედავდნენ, როგორც „ობიექტს“, როგორც „გამოცალკევებულ“ სამყაროს (ცხადია, ტრავმის გამო უარყოფილ ადამიანებზე ვსაუბრობ. ამის მაგალითია – 19 წლის ლენინის ტრავმა, რომლის თვალწინაც კანონის ძალით მისი ძმა ჩამოახრჩვეს). ბურჟუაზიის ობიექტურ აღქმას სტანდარტული სქემა განაპირობებს, ანუ ის, თუ როგორ აღიქვამდნენ მას მუშები და გლეხები, ამიტომ ჩვენ, ოცი-ოცდაათი წლის ახალგაზრდა ინტელექტუალებს (და კლასის პრივილეგირებულ ნაწილს, სტუდენტებს), შეგვეძლო ანტიბურჟუაზიულები ვყოფილიყავით. ახალგაზრდა კაცისთვის დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა: ბურჟუაზია ადამიანურ მდგომარეობად იქცევა. ისინი, ვინც დაბადებიდან მიჰყვებიან ამ ენთროპიის კალაპოტს, ვერ იქნებიან მეტაფიზიკურად მის მიღმა. ყველაფერი დამთავრებულია. აი, რატომ ვცდილობ ახალგაზრდობის პროვოცირებას. შესაძლოა, ეს უკანასკნელი თაობაა, რომელიც მუშებსა და გლეხებს ხედავს. შემდეგი თაობა მხოლოდ ბურჟუაზიულ ენთროპიას დაინახავს. მე პირადად ისეთი ტრავმირებული ვიყავი ბურჟუაზიისგან, რომ ჩემი მის მიმართ სიძულვილი ერთგვარ პათოლოგიად იქცა. მე არაფერს ველი ბურჟუაზიისგან. სწორედ ბურჟუაზიის მიმართ რწმენის ამ „ტოტალური“ არარსებობის გამო, ვეწინააღმდეგები სამოქალაქო ომის იდეას, რომელსაც, შესაძლოა სტუდენტების ამბოხების გზით, ბურჟუაზია საკუთარ თავთან აწარმოებს. ამ თაობის ახალგაზრდობა, ვიტყოდი, ორგანულ დონეზე უფრო ბურჟუაზიულია, ვიდრე ჩვენ. და რა? მე არ მაქვს მისი პროვოცირების უფლება? სხვანაირად როგორ შემიძლია მასთან კონტაქტის დამყარება?“

სად შეიძლება იყოს ეს ლექსი აქტუალური, თუ არა საქართველოში, სადაც „ჭრელი ახალგაზრდობა“ „ბნელ მასას“ უპირისპირდება, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური და განათლების უთანასწორობის მაჩვენებლები კრიტიკულ ზღვარს უკაკუნებს.

ტექსტში პაზოლინი „არასწორ“ ხელებში ჩავარდნილი „სწორი“ გემის კურსის გასწორებას ცდილობდა, ამითაა განსაზღვრული ტექსტის იმედები და უიმედობა.

 

სამწუხაროა. ი.კ.პ* წინა ათწლეულის
პირველ ნახევარში უნდა
გაგეკრიტიკებინათ. თქვენ დააგვიანეთ, ბავშვებო.
და მნიშვნელოვანი არ არის, რომ მაშინ დაბადებულებიც არ იყავით.
ახლა ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან
(მათ შორის, ტელევიზიებიდან)
ტრაკს გილოკავენ (ალბათ, სტუდენტურ ენაზე
ისევ ასე ამბობენ). მაგრამ მე არა, მეგობრებო.
თქვენ მამიკოს შვილების სახეები გაქვთ.
მძულხართ, როგორც თქვენი მამიკოები მძულს.
კარგი ჯიში არ იტყუება.
ერთნაირად ბრუციანები ხართ,
შეშინებულები, მერყევები, სასოწარკვეთილები
(ძალიან კარგია!), მაგრამ ამასთანავე იცით,
როგორ უნდა თავხედობა, შანტაჟისტობა,
სიამაყე.
ეს წვრილი ბურჟუაზიის პრეროგატივაა, მეგობრებო.
როდესაც, გუშინ ვალე ჯულიაზე პოლიციას ებრძოდით,
ჩემი სიმპათია პოლიციისკენ იყო.
იმიტომ, რომ პოლიციელები – ღარიბთა შვილები არიან.
ქალაქის ან სოფლის პერიფერიიდან ჩამოსულები.
რაც შემეხება მე, საკმაოდ კარგად ვიცი,
როგორი იყო მათი ბავშვობა:
ყოველი ათასი ლირის დათვლა, მამა, რომელიც
ვერ გაიზარდა
გაჭირვების გამო, რომელიც ძალაუფლებას არ იძლევა.
დედა, მტვირთავივით უხეში, ან ჩიტივით
ავადმყოფურად ნაზი;
უამრავი ძმა; ქოხი
ბოსტნის შუაში წითელი სალბით (სხვისი მიწის
ნაგლეჯზე); ფანჯრები ხედით კანალიზაციაზე
ან ბინები დიდ
კორპუსებში გაჭირვებულთათვის და ასე შემდეგ
და ასე შემდეგ.
და მერე შეხედეთ მათ, როგორ იცვამენ:
ჯამბაზებივით,
ეს უხეში ტანსაცმელი, რომელიც სამხედრო საჭმლის,
ჯარის კანცელარიის და ბრბოს სუნად ყარს. ყველაზე უარესი,
ცხადია,
ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლამდეც მიიყვანეს
(თვეში ორმოცი ათასი ლირის სანაცვლოდ):
აღარანაირი ღიმილი,
აღარავითარი მეგობრობა სამყაროსთან,
მოკვეთილები,
გარიყულები (არ არსებობს ამგვარი გარიყვა);
დამცირებულები,
რადგან პოლიციური თვისებების
შეძენით ყოველივე ადამიანური
დაკარგეს (იყო საძულველი
ნიშნავს გძულდეს).
ისინი არიან ოცის, ისევე როგორც თქვენ,
ძვირფასო ბიჭებო და გოგოებო.
ცხადია, ჩვენ ერთად ვდგავართ პოლიციის ინსტიტუტის წინააღმდეგ.
მაგრამ შეეჭიდეთ სასამართლო სისტემას, და ნახავთ,
პოლიციელი ბიჭები,
რომელთაც მამიკოს შვილების წმინდა ხულიგნობის სულისკვეთებით გაუსწორდით
(საუკეთესო რენესანსული ტრადიციით),
სხვა სოციალურ კლასს ეკუთვნიან.
ამგვარად, ვალე ჯულიაზე კლასობრივი ბრძოლის
ეპიზოდი გათამაშდა: და თქვენ, მეგობრებო (თუმცა სიმართლის
მხარეს იდექით), წარმოადგენდით მდიდრებს,
იმ დროს როდესაც პოლიციელები (რომლებიც არასწორ
მხარეს იდგნენ)
წარმოადგენდნენ ღარიბებს. მაგრამ მაინც
ლამაზი გამარჯვება მოიპოვეთ!
ასეთ შემთხვევებში
პოლიციელებს ყვავილებს ჩუქნიან, მეგობრებო.
„სტამპა“, „პოპოლო“ და „კორიერე დელა სერა“,
„ნიუსუიქი“ და „მონდი“
ტრაკებს გილოკავენ. თქვენ მათი პირმშოები ხართ,
მათი იმედი
და მომავალი: თუკი გამტყუნებენ კიდეც,
ნამდვილად არ აპირებენ
თქვენთან კლასობრივი ბრძოლის
დაწყებას! ეს მხოლოდ
შიდა ბრძოლაა.
ინტელექტუალისთვის ან მუშისთვის,
რომელიც თქვენი ბრძოლის მიღმა დგას, საკმაოდ
სახალისო გასაცნობიერებელია,
რომ ახალგაზრდა ბურჟუამ მოხუცს ცემა,
ხოლო მოხუცმა ციხეში ჩასვა ახალგაზრდა.
ნელ-ნელა
ჰიტლერის დრო ბრუნდება: ბურჟუაზიას
უყვარს, როცა თავს საკუთარი ხელით ისჯის.
მე პატიებას ვთხოვ ჩემს ათას ან ორი ათას
ახალგაზრდა ძმას,
რომლებიც მუშაობენ ტრენტოში ან ტურინში,
პავიაში ან პიზაში,
ფლორენციაში და ასევე, ცოტ-ცოტას რომში,
მაგრამ უნდა ვთქვა: სტუდენტური მოძრაობა
არ იზეპირებს სახარებას, როგორც თქვენზე,
თქვენი მოხუცი მლიქვნელები ამბობენ,
რათა თავი ახალგაზრდებად იგრძნონ
და საკუთარი ცრუ ქალწულობით ითამაშონ:
ერთადერთი, რაც ნამდვილად ნაცნობია
სტუდენტებისთვის:

მამის, მოსამართლის ან მსახურის მორალია,
დიდი ძმის კონფორმისტული ძალადობა
(რომელიც, ცხადია, მამის კვალს მისდევს),
დედების კულტურის სიძულვილი, რომლებიც
გლეხობიდან გამოვიდნენ,
თუმცა დიდი ხნის წინ.
თქვენ ეს იცით, ძვირფასო ბავშვებო.
და ამას თქვენს ორ უეჭველ გრძნობაში ამჟღავნებთ:
საკუთარი უფლებების გაცნობიერებასა (ცნობილია, დემოკრატია
მხოლოდ თქვენით არის დაინტერესებული) და ძალაუფლების წყურვილში.
დიახ, თქვენი საძაგელი
ლოზუნგები მუდამ ძალაუფლების
მისაკუთრების გარშემო ტრიალებენ.
თქვენს წვერში უძლურ პატივმოყვარეობას ვხედავ,
თქვენს სიმკრთალეში – უიმედო სნობიზმს,
თქვენს მოციმციმე თვალებში – სქესობრივ გახრწნილობას,
თქვენს ძლიერ ჯანმრთელობაში – ქედმაღლობას, ცუდ
ჯანმრთელობაში – უპატივცემლობას
(და მხოლოდ რამდენიმე თქვენგანში, იმათში, რომლებიც წარმომავლობით
უმდაბლესი ბურჟუაზიიდან ან მუშათა ოჯახებიდან ხართ,
ეს ნაკლოვანებები გარკვეულ ღირსებას ატარებენ:
შეიცან თავი შენი და სკოლა ბარბიანაში*!)
რეფორმისტებო!
რეიფიკატორებო!
თქვენ იკავებთ უნივერსიტეტებს,
და ამბობთ, რომ იგივე უნდა გააკეთონ
ახალგაზრდა მუშებმა.
მაგრამ აი რაშია საქმე:
ინერვიულებენ მათ პრობლემებზე
„კორიერე დელა სერა“ და „სტამპა“,
„ნიუსუიქი“ და „მონდი“?
განა შემოიფარგლება
პოლიცია დაკავებულ ფაბრიკაში
ორიოდე პანღურის მიღებით?
და, რაც მთავარია, როგორ შეძლებს
ახალგაზრდა მუშა, დათანხმდეს
ფაბრიკის დაკავებას ისე,
რომ სამი დღის მერე შიმშილით არ
მოკვდეს?
კი, ბატონო, წადით, დაიკავეთ
უნივერსიტეტები, შვილებო,
მაგრამ მიეცით მშობლებისგან მიღებული
საზრდოს რაგინდარა მწირი ნახევარი
ახალგაზრდა მუშებს, რათა შეძლონ,
თქვენთან ერთად
თავიანთი ფაბრიკების დაკავება. ძალიან
ვწუხვარ.
ეს ბანალური შემოთავაზებაა;
ამასთანავე შანტაჟისტური. და, რაც მთავარია, ცარიელი.
თქვენი ბურჟუაზიულობიდან
გამომდინარეობს თქვენი ანტიკომუნიზმიც. ხოლო მუშები, ისინი
დარჩნენ 1950-ში და უფრო ადრე.
ისეთი ძველი იდეა, როგორიც წინააღმდეგობაა (რომლის
უარყოფაც ოცი წლის წინ იყო საჭირო,
და თქვენთვის უარესი, რომ მაშინ დაბადებულებიც არ იყავით),
ჯერ კიდევ ფეთქავს პროვინციელი ადამიანების გულებში.
არა მგონია, მუშები ფრანგულად და ინგლისურად
ლაპარაკობდნენ,
მხოლოდ რომელიმე უბედური,
საღამოს, საკუთარ საკანში
ცდილობს ცოტა რუსულის სწავლას.
შეწყვიტეთ საკუთარ უფლებებზე ფიქრი,
შეწყვიტეთ ბრძოლა ძალაუფლებისთვის.
განწმენდილმა ბურჟუამ უარი უნდა თქვას
ყველა უფლებაზე
და საკუთარი სულიდან ერთხელ და სამუდამოდ განდევნოს
ძალაუფლების იდეა.
თუ დიდმა ლამამ იცის, რომ დიდი
ლამაა,
ესე იგი, იგი დიდი ლამა არ არის (არტო):
მაშასადამე, მასწავლებლები, რომელთაც
ყოველთვის ეცოდინებათ, რომ
მასწავლებლები არიან,
ვერასოდეს იქნებიან მასწავლებლები:
ვერც გუი და ვერც თქვენ ვერასოდეს
შეძლებთ, იყოთ მასწავლებლები.
ეს ყველაფერი ლიბერალიზმია – დაუტოვეთ იგი
ბობ კენედის*.
მასწავლებლებად იქცევიან ქარხნების
და არა უნივერსიტეტების დაკავებისას: თქვენი მლიქვნელები (მათ შორის,
კომუნისტები)
არ გეუბნებიან ბანალურ ჭეშმარიტებას:
თქვენ – აპოლიტიკური იდეალისტების ახალი ჯიში ხართ, ისევე როგორც თქვენი
მამები – ისინი, რომლებიც ვერა და ვერ გაიზარდნენ.
შეხედეთ ამერიკელებს,
თქვენს შესანიშნავ თანატოლებს
თავიანთი სულელური ფერებით, ისინი განაგრძობენ
„ახალი“ რევოლუციური ენის გამოგონებას!
ისინი მას დღიდან დღემდე იგონებენ!
მაგრამ, თქვენ არ შეგიძლიათ აკეთოთ იგივე, იმიტომ რომ
ევროპაში უკვე არსებობს ასეთი ენა:
იქნებ შეგიძლიათ მისი უგულებელყოფა?
დიახ, თქვენ გინდათ მისი უგულებელყოფა („ტაიმსისა“ და „ტემპოს“
სასიხარულოდ).
თქვენ მას
უგულებელყოფთ, მორალური
პროვინციალიზმით, მიიწევთ რა „უფრო
მარცხნივ“.
 „უკიდურეს მემარცხენეებად“ ქცევისთვის. უცნაურია,
უბედური, ბებერი, ტოლიატინური, ოფიციოზური
კომუნისტური პარტიის
ენის მოშორებით
თქვენ მისი ერეტიკული ვარიანტი მიიღეთ,
რომელიც უიდეოლოგიო სოციოლოგების (ან მამა-ბიუროკრატების)
დაბალი დონის ჟარგონს ეფუძნება.
ასე საუბრით,
თქვენ ყველაფერს სიტყვებზე ითხოვთ,
ფაქტობრივად კი ითხოვთ მხოლოდ იმას,
რისი უფლებაც გაქვთ (როგორც კარგი ბურჟუაზიული
ბავშვები):
გადაუდებელი რეფორმების სერიას,
ახალი პედაგოგიური მეთოდების გამოყენებას
და სახელმწიფო აპარატის გადახალისებას.
ყოჩაღ! აი, წმინდა გრძნობები!
ბურჟუაზიის ბედნიერი ვარსკვლავი შეგეწიოთ!
მთვრალები ახალგაზრდა პოლიციელებზე მოპოვებული
გამარჯვებით, რომლებსაც გაჭირვება მონებად ყოფნას
აიძულებს
(და გაბრუებულები ბურჟუაზიის საზოგადოებრივი
აზრით,
რომელთანაც ისე იქცევით, როგორც ქალები,
რომლებიც ეთამაშებიან, ამცირებენ
არასასურველ მდიდარ თაყვანისმცემელს),
თქვენ უარყოფთ ერთადერთ ინსტრუმენტს, რომლითაც
მართლა შეიძლება მამებთან ბრძოლა:
კომუნიზმს.
იმედია, გაიგეთ:
იყოთ პურიტანები
ნიშნავს შეეწინააღმდეგოთ
ნამდვილ რევოლუციურ მოქმედებას
საჩქაროდ, ბავშვებო, მიდით დაესხით
კომპარტიის განყოფილებებს! დაიკავეთ სივრცეები!
დაიკავეთ ცენტრალური კომიტეტის ოფისები! მიდით,
გაშალეთ ბანაკი ვია დელ ბოტეგა ოსკურაზე!*
თუ ძალაუფლება
გსურთ, ისეთი პარტიის ძალაუფლებას
მაინც დაეპატრონეთ, რომელიც ასე თუ ისე ოპოზიციურია
(თუმცა საკმაოდ ნათრევი, ორბორტიან პიჯაკებში
გამოწყობილი სენიორების მმართველობის, ბოჩეს* მოყვარულების, ლიტოტესების
მოყვარულების, თქვენი გულისამრევი მამების ბურჟუა
თანატოლების გამო)
და თეორიაში მაინც ისახავს მიზნად ძალაუფლების
განადგურებას.
მართალია, ეჭვი მეპარება, რომ ის გაბედავს
ბურჟუაზიულობის ელემენტების დანგრევას, რომლებიც
თვითონ მასშია, თქვენი დახმარებითაც კი, რადგან,
როგორც ვთქვი, კარგი ჯიში არ იტყუება...
მაგრამ მაინც: კომპარტია – ახალგაზრდობას!
თუმცა რას გირჩევთ აქ? რისკენ
გიბიძგებთ?
ვნანობ, ვნანობ.
მე ავცდი ნაკლები ბოროტებისკენ მიმავალ გზას.
ღმერთმა დამწყევლოს. არ მისმინოთ.
ამაოდ, ამაოდ,
შანტაჟირებული შანტაჟისტი,
მე ყველგან ვყაყანებდი საღ აზრზე!
ძლივს მოვახერხე გაჩერება,
ფანატიკური დუალიზმის და ორაზროვნების
ერთდროული გადარჩენით...
მაგრამ სირცხვილი მავსებს (ო, ღმერთო!
ნუთუ თქვენ
გვერდით სამოქალაქო ომში ჩაბმის
შესაძლებლობაზე უნდა ვიფიქრო და
განზე გადავდო რევოლუციის ჩემეული
ძველი იდეა?)

 

*ი.კ.პ. – იტალიის კომუნისტური პარტია
*სკოლა ბარბიანაში – ტოსკანაში მდებარე სოფელ ბარბიანაში 50-იან წლებში შეიქმნა სკოლა გაჭირვებული გლეხების შვილებისთვის, სკოლაში ცდილობდნენ პედაგოგიკის ექსპერიმენტული მეთოდების შემუშავებას.
*ვია დელ ბოტეგა ოსკურა – კომპარტიის ოფისის ადგილი
*ბოჩე – იტალიური ბოულინგის სახეობა

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა