გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კორდონი | მარიამ ჯაჭვაძე

ინტერვიუ 2013 წლის 17 მაისის კონტრაქციის მონაწილესთან.


მე პოლიტიკურად მოტივირებულ ოჯახში გავიზარდე, ბიძაჩემი ჯერ კიდევ 1988 წელს ეროვნული მოძრაობის წევრი იყო, პირველად რომ საშიმშილოდ გამოვიდნენ, იქ იყო. 9 აპრილი გამოიარა… ბავშვობიდან სულ პატრიოტული სულისკვეთებით ვიზრდებოდი…

17 მაისის დილას აქციაზე გავედი... ფეისბუკიდან გავიგე, აქციის ორგანიზატორები ჩემი მეგობრები იყვნენ. ვიცოდი, რა იყო დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე 17 მაისს და წავედი გამიზნულად, გასაპროტესტებლად. მარტო წავედი, მაგრამ ბევრი ახლობელი და ნაცნობი შემხვდა.

თან კარგი ამინდი იყო. თბილოდა. ძირითადად, თბილისიდან იყვნენ გამოსულები. რეგიონიდან ხალხი იმ დღეს არ ყოფილა. თბილისში კიდევ, როგორც ხდება ხოლმე, ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთს ხვდებოდნენ, ელაპარაკებოდნენ…

თავისუფლების მოედანზე, ტაბიძის კუთხეში, ძველი თბილისის გამგეობა იყო, მიწისქვეშა გადასასვლელთან ვიდექი. აქცია მშვიდობიანად მიდიოდა, მეორე მხარე პუშკინის სკვერში იდგა თავისთვის.

არც მოწოდებები მახსოვს. პოლიციელებს მეგაფონით მიმართავდნენ: გრცხვენოდეთ, ამათ რომ იცავთო, ეს არ არის ქართული გენი, ეს არ არის ქართული კულტურა, ეს არ არის ქართული ტრადიციაო. უწმაწური სიტყვები, ან გინება, იქ თავიდან არ ყოფილა ნამდვილად. პოლიციის კორდონი იყო, თავის საქმეს ასრულებდნენ. აქციის მონაწილეები კიდევ თავის უფლებებს ითხოვდნენ, თუ იცავდნენ – როგორც არის.

კარგად მახსოვს, ტაბიძის ქუჩის კუთხიდან ერთი ოპოზიციონერის ცოლი გამოვიდა. მე რომ მკითხო, ის იყო იქ დაძაბულობის მაპროვოცირებელი. ვიღაც, მეორეც ახლდა. თბილისის საკრებულოს შენობას გაუყვა და ცენტრალურ შესასვლელთან რომ მივიდა, თავისუფლების მოედანი გადაჭრა, სპეციალურად გაჩერდა და იქიდან მოგვაძახა:  გენაცვალეთ, ქართველებო, ვაჟკაცობაშიო… მერე იმ აქციისკენ დაიძრა... როგორ გამოუვიდა, იცი? ვაჟკაცებისკენ მიდიოდა და არავაჟკაცებს დაგვცინოდა... ძალიან გაღიზიანდა ხალხი.

იქ იყვნენ გამწარებული ადამიანებიც, უამრავი პრობლემით, ცოტა „გონორზეც“ და ეს ხელების ქნევა რომ დაინახეს, მას გაეკიდნენ სინამდვილეში. ის გაიქცა.

აქტივისტები ჩასხდნენ მიკროავტობუსებში და ელბაქიძის დაღმართისკენ დაეშვნენ. ნაწილი მათ დაედევნა. მე თაბუკაშვილის ქუჩისკენ წამოვედი, ჩემი მეგობარი ცხოვრობდა და მასთან მივდიოდი. ალექსანდრეს ბაღი უნდა გამევლო და თაბუკაშვილზე ისე მოვხვედრილიყავი. ისე მოხდა, რომ კოლმეურნეობაზე იმ მარშუტკასთან აღმოვჩნდი, რომელიც მერე დაიმტვრა.

ყვითელი მიკროავტობუსი იყო, სექსუალური უმცირესობის წევრები ისხდნენ.  მგონი ფურცელაძის ქუჩიდან მარშუტკა ჩამოვიდა და ატყდა ერთი ამბავი. ჩხუბი, წივილი, კივილი... ერთი გოგო იყო იქ, თუ არ ვცდები, ჟურნალისტი. მე მგონი, ქვა მოხვდა, სისხლი მოსდიოდა და მივეხმარე. ჟურნალისტიაო, ყვიროდნენ. ეს გოგო ამბობდა, ქვა მომხვდა, მომეხმარეთო და მივვარდი.

იქ ძალიან აირია სიტუაცია. ვიღაცები ერთმანეთს გაეკიდნენ. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ეს სირბილი არ დამიწყია.

ჩემს მეგობართან რომ შევედი, შეეშინდა, სისხლიანი ვიყავი. როცა დამაკავეს, კადრები მაჩვენეს. სხვათა შორის, ჩანდა, რომ მიკროავტობუსში, შიგნით, ერთი პოლიციელიც იყო, რომელიც იღებდა. 19 მაისს ამიყვანეს. ტვინის შერყევა მქონდა. სახლში ვიწექი, რომ მოვიდნენ.

სხვათა შორის, იმ დღეს მქონდა ზუსტად ცნობა საავადმყოფოდან გამოტანილი. ჩემი დაკავება არც შეიძლებოდა, იზოლატორში ჩემი გადაყვანის უფლება არ ჰქონდათ.

მე ნამდვილად აქციის გასაპროტესტებლად მივედი იქ, მაგრამ როგორც მერე მოვლენები განვითარდა, იქ მართლა შემთხვევით აღმოვჩნდი. ისედაც არ მახასიათებს ჩხუბი, ხელ-ფეხის ქნევა. პროტესტი სხვა რამეა და ძალადობა – სხვა. არც იმას უარვყოფ, რომ მათ გვერდში ვიდექი, ვინც ჩხუბობდა. მეორე მხრიდან, ვინმეს შეურაცხყოფა რომ მოეყენებინა ჩემთვის, მეც აუცილებლად ვიჩხუბებდი, მაგრამ რაც არ ყოფილა, იმას ვერ დავაბრალებ.

რატომ დაიმტვრა მარშუტკა, იცით? შიგნიდან თვითონაც იგინებოდნენ. შუშები რომ ჩაიმტვრა, ამ მარშუტკას უკვე გარედან ურტყამდნენ.

ის ბიჭიც ჩემთან ერთად დააკავეს, ფეხზე რომ გადაუარა მარშუტკამ. მახსოვს, პოლიციელებსაც სისხლი მოსდიოდათ, ზოგს თავი ჰქონდა გატეხილი. მხოლოდ აქტივისტები კი არ იყვნენ დაზარალებულები. კონტრაქციის მონაწილეები ქაოტურად რომ ისროდნენ რაღაც ნივთებს, ამიტომ დაზარალდნენ სამართალდამცველები, მაგრამ საერთოდ, ყველა მხარეს დავზარალდით, მგონი, 17 მაისს.

ცუდად რომ გავხდი, სასწრაფო გამოვიძახე, არ ვიცოდი, რა მჭირდა. რომ მოვიდნენ და მოვუყევი, აი, დღეს აქციაზე ვიყავი-მეთქი, თურმე ბრძანება ჰქონიათ, მსგავსი გამოძახება თუ გექნებათ, პოლიციას შეატყობინეთო.

ძველი თბილისის სამმართველოში გადაგვიყვანეს დაკითხვაზე ოთხნი, ერთი არასრულწლოვანი იყო.

სამი მანქანა მოვიდა. ღამის 12-ის ნახევარი იყო, დაკავების ოქმი რომ მოიტანეს, ხელი მოაწერეო. არ მოვაწერ-მეთქი და ჩემს ბიძაშვილს დავურეკე, ადვოკატია. ვერაფერს ვიზამთო, იმან, თქვენზე სანქცია უკვე გაცემულიაო. იმ ღამეს კაპეზეზე ვიყავით, მეორე დღეს ჩატარდა სასამართლო. „წვრილმანი ხულიგნობა“ საქმეში დაგვიტოვეს, პოლიციის წინააღმდეგობა მოგვიხსნეს, 100-100 ლარით დაგვაჯარიმეს.

მე არ მიღიარებია. სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე. სხვათა შორის, მომიხსნეს ეგ ბრალდებაც. ყველაფერი მომიხსნეს, 100-ლარიანი ჯარიმის ჩათვლით. დანარჩენ სამს დაუტოვეს.

მართალი რომ გითხრათ, არაფრის დასაცავად არ მივსულვარ აქციაზე, მე უბრალოდ ვაპროტესტებდი იმას, რომ ადამიანმა შენი სექსუალური ცხოვრება არავის თავზე არ უნდა მოახვიო… ისევე, როგორც შენი რელიგიური მრწამსი და ა.შ.

იმ დღეს, კიდევ, ავღანეთიდან გადმოსვენებული ქართველი ჯარისკაცები ესვენენ ქაშვეთის ეკლესიაში, მართლა გმირები. აქციის მონაწილეები კი ამ დროს გამორბოდნენ ქაშვეთის წინ და თავის უკანალზე ლაპარაკობდნენ. ამან ძაან გამაღიზიანა. აი, ამას ვაპროტესტებდი ზუსტად. ეს არც „გრუზინობაა“ და არც სხვა რამ, უბრალოდ, მიცვალებულს პატივი უნდა სცე, მით უმეტეს, ჯარისკაცს. შენი სექსუალური ცხოვრება ტრანსპარანტზე არ უნდა გეწეროს და ქუჩაში არ უნდა ყვიროდე, ტელევიზიითაც არ უნდა მასმენინებდე, ჭკუას არ უნდა მარიგებდე…

კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ მე ამან გამაღიზიანა. შედეგი მინდოდა, ეგ დამდგარიყო – მეორე წელს ეგ აქცია აღარ მომხდარიყო რუსთაველზე. მაგრამ იქ სხვა ხალხს გულში კიდევ რა ედო, მე არ ვიცი. როგორც მერე ტელევიზორში გამოაცხადეს, 100 000-მდე მონაწილე ყოფილა კონტრაქციის. ვინ რას აპროტესტებდა, ღმერთმა უწყის.

ძალადობაც იყო კონტრაქციის მხრიდან, მაგას არ უარვყოფ. იმ ჟურნალისტ გოგოს თავი რომ ჰქონდა გატეხილი, აბა, ვისგან ჰქონდა?! მე ვიტყოდი, რომ იქიდან (აქციის მონაწილეების მხრიდან) იყო პროვოკაცია, აქედან – ძალადობა.

ის კადრები, რაც მოგვიანებით ყველამ ვნახეთ ტელევიზორში და სოციალურ ქსელშიც, მაგალითად, მამაო სკამით/ტაბურეტკით, ეს ჩემთვისაც მიუღებელი იყო და დღესაც ასეა. 

ქართველების ხასიათი ხომ იცით? იქ ხალხის მასა უკვე ბრბოდ იყო ქცეული, არავის ჭკუა აღარ მოეკითხებოდა. მე ძალადობას ვერასოდეს დავეთანხმები. რა კადრები მახსოვს, იცით, 17 მაისის დღიდან?

ბიჭი რომ გადმოფრინდა, დიდი ნახტომი გააკეთა და მიკროავტობუსს დაახტა? ეგ ტელევიზორში ვნახე სხვათა შორის…

კიდევ გავიმეორებ: ძალადობის მომხრე არც მაშინ ვიყავი და არც ახლა ვარ. ენა იმიტომ გვაქვს, ღმერთმა ადამიანს ფიქრის უნარი იმიტომ მოგვცა, რომ დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, გავაგებინოთ ერთმანეთს.

საერთოდ, შეიძლება რაღაც პრობლემის მიმართ ორივეს პროტესტი გაგვიჩნდეს. ის თუ არ მოვა მაინცდამაინც თავისი ორგანიზაციის სახელით და არ იტყვის, რომ, ვთქვათ, აქციაზე როგორც ლგბტ თემის წვერი ისეა მოსული, არ გავაპროტესტებ. შეიძლება ბუნების დაცვისთვის ვიბრძოლოთ ერთად; შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევა გავაპროტესტოთ…

სხვათა შორის, საქართველოში რომ ვცხოვრობდე, შეიძლება სხვანაირად მეფიქრა… მანდ უკვე 4 წელია აღარ ვცხოვრობ და სიმართლე გითხრათ, ბევრ რამეზე მსოფლმხედველობა შემეცვალა…

ევროპაში ვარ. ძირითადად, პოლონეთში. მიწევს ლიტვაში, ავსტრიაში და ჩეხეთში ყოფნაც. შარშან, შეიძლება შარშანწინ, გავიგე, რომ 17 მაისს აღნიშნავდნენ, აქვე ახლოს, დიდი ქალაქი არის და გეი აღლუმი ტარდებოდა. სპეციალურად წავედი ქალაქ ლოძში, ან 2019 წელი იქნებოდა, ან 2020 წლის 17 მაისი. ცემა-ტყეპა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ფურთხების და გინების მეტი, მე იქ არაფერი დამინახავს. ჩაიარეს ერთ-ერთ ქუჩაზე… მანდ რომ ეუბნებიან მოსახლეობას, რომ ევროპაში თურმე ტაშს უკრავენ გეებს, ნუ ატყუებენ, რა. ჩვენც გვინახავს რაღაც.

პირველი, რასაც აქ მივხვდი, ის იყო, რომ მართლა ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და ეს დაძაბულობაც აღარ იქნება საქართველოში.

აქ სიმშვიდეს მივეჩვიე, წესრიგს მივეჩვიე...

მაგრამ აქცია დღესაც რომ ტარდებოდეს რუსთაველის გამზირზე, დღესაც არ მივემხრობი. 2022 წლის 17 მაისსაც რომ ჩატარდეს და მე საქართველოში ვიყო, აუცილებლად მივალ და დავდგები, როგორც 2013 წლის 17 მაისს. სხვათა შორის, მე ძალადობას ვარქმევ იმასაც, თუ არ მსიამოვნებს რაღაც და თავზე მახვევ.

ყველას თავისი მრწამსი აქვს.

ბიოგრაფიული ინფო

პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ. ვმუშაობდი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ნანა კაკაბაძესთან და გელა ნიკოლაიშვილთან ერთად. მათ ვეხმარებოდი, რაღაც პრობლემა რომ იყო, გავიდოდი, საქმეს გავეცნობოდი. ბევრი ხალხი აკითხავდა მათ და ყველას მოსასმენად ვერ იცლიდნენ თვითონ, ამიტომ ვეხმარებოდი. ვიყავი მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრი. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი. შემდეგ პატრიარქის ღირსების დასაცავად დავაფუძნეთ ორგანიზაცია. ძირითადად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვმუშაობდით.

2017 წელს წამოვედი პოლონეთში, ქალაქ კუტნოში. ახლა 35 წლის ვარ.

ქართული საცხობი და ქართული რესტორანი მაქვს პოლონეთში. მოკლედ, პოლიტიკას საერთოდ ჩამოვშორდი. სრულიად შევიცვალე პროფილი. მაქსიმუმ ერთი კვირით თუ ჩამოვალ ახლა საქართველოში.


წაიკითხეთ  სხვა სტატიები ინდიგოს N48-დან, რომელიც 17 მაისს მიეძღვნა.

ფოტო: კადრი "ლიბცენტრის" ვიდეოდან

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა