გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა ის ადგილია, სადაც შეგიძლია შეიკეტო. შენი მთა, შენი ტბა, შენი ხელისგულზე გაშლილი ველი გქონდეს. ისიამოვნო კარგი მასპინძლებით, კომფორტით და თუ გინდა, შენი ოთხფეხა მეგობარიც გახლდეს თან.

სად შეიძლება იმაზე მეტად იგრძნო, რომ სიცოცხლე კარგია, თუ არა გაზაფხულის კახეთში? 
აქ გესმის ახალაშრიალებული ტყის ხმები, უყურებ ალაზნის ველზე ზღვასავით ჩაწოლილ ნისლსა და ჰორიზონტზე ჩამავალი მზის ფერადოვნებას, ითვლი კავკასიონის კალთებზე ჯერაც მხოლოდ ალაგ-ალაგ მომწვანებულ ადგილებს, ვაზის კვირტიდან რქად გადაქცევის პროცესს აკვირდები ვენახში და თან ფონად სულ ჩაგესმის აქვე გამოზამთრებული თუ ახლად დაბრუნებული ჩიტების დიალოგი. გაზაფხულის კახეთს ბონუსად კიდევ ერთი რამ მოჰყვება - ყაყაჩოებით, სოსანებითა და გვირილებით აბიბინებული მინდვრები, ტყისა და ვენახის პირზე ძველი საყდარი და რა ვიცი, რა არა?! 
ჩემთვის მთელ კახეთში ყვარელია ის ადგილი, სადაც მიდამო მთელ მხარეში სანახავ თითქმის ყველა სიკეთეს იტევს. თელავიდან რომ მოდიხარ, გრემამდე, ვაკე ადგილზე რომ დაბურული ტყეა მარცხნივ, ჩემტვის ყვარელი აი, მანდ იწყება. რუკას კი არ ჩავძიებივარ, მაგრამ ეგრე აღვიქვამ. გასცდები ტყეს, მოსახვევში მოუხვევ და დაგხვდება მხრებაწურული გრემი, ყოველ წუთს რომ სხვადასხვანაირია თვითონაც და ფონად - კავკასიონიც. გრემში გაჩერება ცალსახად აუცილებელია. ციხე-ქალაქს საინტერესო ისტორია აქვს. 
გრემის შემდეგ, ენისელში, როგორც კი ინწობას ხიდს გადახვალ, მარჯვნივ თუ გზას დაუყვები, ასე 3 კილომეტრში, ალაზნის ველზე, ნასოფლარ ალაგას, განმარტოებით მდგომ ძველ ეკლესიას იპოვი - შიხიანის აღდგომა, ასეთი უცნაური სახელით. ადგილიც უცნაური და ჯადოსნურია, გაშლილ ველზე, მინდვრებში პატარა მწვანე ოაზისი. ძველ ხეებში კი საკმაოდ მაღალი და მოხდენილი, შეთეთრებული აგურის ეკლესიაა, რომელიც ამ ეტაპზე არაა მოქმედი და მისი აგურით გამოყვანილი თაღებისა და სარკმლების თვალირებისას დიდი ალბათობით არავინ შეგიშლის ხელს. 
თავად ყვარელი ძალიან საინტერესო ადგილია. ჯერ გზად, გულს და თვალს რომ ახარებს ისეთი ჩაწიკწიკებული ვენახები გხვდება, მერე ქალაქშიც რას არ აღმოაჩენ - ციხე-გალავანს, საინტესო სახლებს, ბულვარს, ილია ჭავჭავაძის სახლს-კარს, გარეუბნებში კი - ტბებსა და დაბურულ ტყეებს. 
ქალაქს ისეთი ფართო, ქვით მოკირწყლული ცენტრი აქვს, შეგიძლია, ჩამოჯდე და წარმოიდგინო, რამდენი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, უფრო მეტად რომ გამოცოცხლდეს და თავშესაქცევიც გახდეს აქაურობა. 
ყვარლის ცენტრიდან 5 წუთში ღვინის უნიკალურ საცავ გვირაბსაც შეგიძლია ესტუმრო. 
ეს გვირაბი კავკასიონის კლდის მასივშია გამოჭრილი, მისი მთლიანი სიგრძე 7 კილომეტრზე მეტია და ზამთარ-ზაფხულ იქ ღვინისთვის იდეალური ტემპერატურა (14-17 გრადუსი) და ტენიანობაა. გვირაბი 1962 წელს ვაზისა და ღვინისა მსოფლიო კონგრესისთვის გაუხსნიათ და დღემდე უნიკალურობა არ დაუკარგავს. დღეს ის კერძო საკუთრებაა, თუმცა, დათვლიერებაც შესაძლებელია და ღვინის დეგუსტაციაც.   
ყვარელში სტუმრობა ილია ჭავჭავაძის კარ-მიდამოს უნახავად ალბათ არ უნდა დაასრულო. კოშკი, ილიასეული კაკალი, მარანი, წისქვილი, ილიას და მისი ოჯახის წევრების ნივთები, იმდროინდელი ავეჯი, ხელნაწერები, ფოტოები, ილიასიც, სხვებისაც. მოკლედ, დროში მოგზაურობა თუ გინდა, აქ იმოგზაურებ. 
ნეკრესის კომპლექსი კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია ყვარლის მიდამოში. ჯერ თვითონ აქვს საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორია. ფეხით კარგა გვარიანი აღმართია ასავლელი, თუმცა, ზარმაცებისთვის გამოსავალიც არსებობს. ზევიდან ალაზნის ველს რომ გადმოხედავ, ქვეევით ნეკრესის მზის ტაძარს დაინახავ (იგივე “დიდ კვადრატს”). ჯერ ზევიდან მოინიშნე და ჩამოვლისას ახლოსაც შეგიძლია ნახო. კუდიგორა რომ გაგიგია, ისიც ნეკრესიდან ჩანს და ეცადე, აბა, შენით ამოიცნო, რომელია. 
ყვარლის ტბის გარშემო სულ ნაირნაირი ტყეებია, რომ უნდა შეხვიდე, მოუსმინო და ენერეგია და სიმშვიდე წამოიღო. თუმცა, ჩემი ფავორიტი, მაინც ყვარლიდან 20 წუთის სავალზე, ალაზანს გაღმა ზეგაანია. მის ახალამწვანებულ ტყეში რომ მწვანეს ნახავ, მაგ ფერს - ვერსად. აქვე ცალკე სანახავია მუკუზანის ვენახები, ალაზნის ველისა და კავკასიონის ფონზე.  
დედაქალაქისკენ დასაბრუნებლად ახალ, ჯადოსნურ გზას გასწავლი, ახმეტა-თიანეთი-ჟინვალის გავლით. ჯერ კახეთის მხარესვე გაქვს გასავლელი ერთმანეთზე უფრო ლამაზი სოფლები - ნაფარეული, ფშაველი, ლალისყური, ალვანები. ძალიან პატარა მონაკვეთზეა ახმეტის შემდეგ დასასრულებელი გზა, მაგრამ თავგადასავალი, ამ პატარა ჯაყჯაყს გაგაძლებინებს. ახმეტიდან  12 კილომეტრში გხვდება კვეტერა, სულ ცოტა ფეხითაცაა გასავლელი. აბა, თქვენ როგორ დაინახავთ, კვეტერას სახურავი ცისფერია თუ მწვანე?
ეს სულაც არ არის ყველაფერი, რაც ყვარლის გარშემო შეგიძლია ნახო. ინტერესისა და დროის მიხედვით კიდევ უამრავი რამე შეიძლება მარშრუტში მოახვედრო. მაგალითად, ფულის მუზეუმი, საბუეს ბაზილიკები, საჯარის ჩანჩქერი, ინწობას კომპლექსი, შილდა, ჭიკაანი და არც ლაგოდეხის ნაკრძალია შორს. 

#ამბებიპარტნიორებისგან
ფოტო: ნატა სოფრომაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა