ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლირიკული ტერორიზმი

2013 წელს, კენიის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიებამ ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე ბრიტანელი სამანტა ლიუთვეიდის სახლი გაჩხრიკა და, სხვა სახიფათო რამეებთან ერთად, სასიყვარულო ლექსიც აღმოუჩინა. დიდი ვერაფერი შერლოკჰოლმსობაა - ყველა პატიოსან ადამიანს ექნება უჯრაში რამდენიმე ცალი სასიყვარულო წერილი, "დამწვრული" ლექსი ან სულაც რომანი. მაგრამ საეჭვოა, ბევრს ჰქონდეს სასიყვარულო ლექსი - ბინ-ლადენისადმი მიძღვნილი. სამანტას ჰქონდა.

 

„ოსამა, ძმაო, მამავ ჩემო, ჩემო შეიხო,

უსასრულოა სიყვარული ჩემი შენდამი.

ვიცი, რომ იქ ხარ, სადაც საღვთო არის ალაგი,

ალაჰიმც გფარავს, გიმეგზურებს იქაც ალაჰი“.

 

ასეთი მგზნებარე და, ცოტა არ იყოს, პათეტიკური მიმართვა გამოსვლია, მაგრამ ლექსი იტანს. საკითხავია, თავად ადრესატი ბინ-ლადენი რამდენად იტანდა ლექსებს. იტანდა! ზედმეტადაც კი. მეტიც, როგორც ცნობილია, სიღრმისეულად ეცნობოდა პროსოდიის პრინციპებს და ის ხელი, რომელმაც ხელი შეუწყო ათასობით ადამიანის ალაჰთან აუდიენციის დროზე ადრე ორგანიზებას, ლექსებისთვისაც არაერთხელ გაურჯია. ეს ლირიკული გაზვიადება სულაც არაა, 2011 წელს, როცა უსამა ბინ-ლადენი მოკლეს, მის სამყოფელში, სხვა რამეებთან ერთად, საინტერესო წერილიც აღმოჩნდა. მსოფლიოს ყველაზე საშიში ადამიანი ეპისტოლეს ბოლოში მეგობარს სთხოვდა: „თუ გაქვს რამე წიგნი კლასიკური ლექსწყობის შესახებ, გთხოვ, გამომიგზავნო“-ო.

გულჩვილობას ვერ დავწამებთ, მაგრამ, ტერორისტული აქტების კვალდაკვალ, ამაღლებულ გრძნობებსაც რომ ეთამაშებოდა, ცხადია. არც ისაა საიდუმლო, რომ თავადაც არაერთი ლექსის ავტორი იყო, მათ შორის, სასიყვარულო ტექსტებისაც.

თუმცა, მისი ყველაზე პოპულარული ლექსი გახდა „სიკვდილი ამერიკას“. ამ „ლირიკის“ ავთენტურობა დადასტურებული არაა, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მისი სახელით ვრცელდებოდა ექსტრემისტულ ვებგვერდებზე:

 

„ამერიკავ!

დედამიწის ბინადრები არიან მთვრალები

შენი გარყვნილების ღვინით.

შენ მიეცი დასაბამი ტერორს, სიძულვილს, ისტერიკას!“

 

რაც მართალია, ლექსად ლექსი სუსტი არაა, ტექნიკური მხრივ. ალენ გინსბერგის საკულტო „ამერიკა“ მომაგონა ალაგ-ალაგ.

ჰარვარდის პროფესორი ფლეგ მილერი ბინ-ლადენის პოეტიკის კვლევისას წერს: „მან გააზავა ამბები და რადიკალური თეოლოგია და ეს ყველაფერი გალექსა ჰამასას ტრადიციების დაცვით – რაც ნიშნავს ერთგვარ საომარ პოეტიკას, რომელიც გათვლილია ახალგაზრდა ბიჭების მოზიდვაზე“.

რთული სათქმელია, რა როლი ითამაშა პოეზიამ, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები ამ დაუნდობელ ომში აქტიურად რომ ჩაერთვნენ, ეს ნათელია. ისიც ფაქტია, რომ, პოეზიის არააქტუალობაზე საყოველთაო წუწუნის ფონზე, გარკვეულმა ჯგუფებმა ის ყველაზე პრაქტიკულ იარაღად – პროპაგანდის ველის მთავარ ფიგურად აქციეს.

ცხადია, გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ჯიჰადისტური პოეზიის კვლევით ზოგადად ტერორისტების ფსიქოტიპს ჩავწვდებით და ხელის ერთი მოსმით გადავჭრით ამ მტკივნეულ პრობლემას. მაგრამ მისი გვერდზე გადადებაც არ გამოვა.

აღმოსავლური ტრადიციისთვის პოეზია მხოლოდ ესთეტიკური ფაქტორი არასოდეს ყოფილა, მას მძლავრი სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური მისიაც ჰქონდა. შაჰები რომ წუწკები იყვნენ, ეგეთი უნდა, მაგრამ თავის დროზე ფირდოუსის შაჰი თითო სტროფში თითო ოქროს უხდიდა. პოლიტიკა ხარკს უხდიდა პოეტიკას.

გვაქვს თუ არა იგივე ფენომენი თანამედროვე სამყაროში, გადაჭრით თქმა გაძნელდება. რაც ხელისგულზე დევს, ეს პოეზიის უტილიზაციაა. მართალია, პოეზიის და ტერორის ურთიერთკვეთა არახალია, მაგრამ ეს რადიკალური იდეა ესთეტიკური სფეროდან ადრე არ გასულა. პოეტი ტერორისტები სამყაროს მეტაფორულ გადააზრებას ცდილობდნენ, ტერორისტი პოეტების მცდელობები კი ჯერაც რებუსად რჩება.

ოდესღაც მთავარი „მედია“ პოეზია იყო. ლექსს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ წმინდად საინფორმაციო ფუნქციაც ჰქონდა. საბერძნეთში პოეტებს ევალებოდათ, ხოტბა შეესხათ მავანი მოღვაწეების ჰეროიკული საქმეებისთვის. ომის შესახებ ინფორმაცია და მასში კონკრეტული გმირების ღვაწლზეც პოეტს უნდა მოეთხრო. მას უნდა ევლო ქალაქ-ქალაქ (პოლის-პოლის) და ემცნო სპეციფიკური გარემოებები გმირობის შესახებ. ტერორისტების სტრატეგია, პოეზია აქციონ პროპაგანდის იარაღად, ამ უძველეს ანტიკურ ტრადიციასთან გვაახლოებს.

„პოეტური ტერორიზმის ხელოვნება ასევე შეიძლება გაკეთდეს საზოგადო ადგილებისთვის: სასამართლოს ტუალეტის კედლებზე ამოკაწრული პოემები, პარკებსა და რესტორნებში დაგდებული პატარა ფეტიშები... ...არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული პოეტური ტერორიზმის მიზანი ერთი ადამიანია თუ ბევრი, არ აქვს მნიშვნელობა, ჰყავს მას ავტორი თუ ანონიმურია, თუ ის არ ცვლის ვინმეს ცხოვრებას [ავტორის ცხოვრების გარდა], მაშინ ის წარუმატებელია“.

ასე იტყოდა ჰაკიმ ბეი, „პოეტური ტერორიზმის“ ავტორი და კონტრკულტურის საკვანძო ფიგურა.

ის, რასაც ISIS, ანუ ე.წ. ისლამური ხალიფატი ეწევა, ჰაკიმ ბეის პოეტური ტერორიზმისგან არსებითად განსხვავებულია. ჩვენი დროის ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფება, ჰოლივუდური სპეცეფექტებით, შენელებული კადრებითა და სასპენსის ელემენტებით გამდიდრებული ვიდეოების პარალელურად, მძლავრ პოეტურ პროპაგანდასაც ეწევა.

2014 წელს „აისისის“ ტვიტერზე გამოჩნდა ცნობა, რომ ავტორიტეტული ჯიჰადისტი აბუ უსამა ალ-ღარიბი და ცნობილი ტერორისტი პოეტი აჰლამ ალ-ნასრი დაქორწინდნენ.

ალ-ნასრი ტერორისტულ წრეებში უზომოდ პოპულარული პოეტი იყო, მეტიც: ის „აისისის“ ოფიციალურ პროპაგანდისტ პოეტად მიიჩნეოდა. მისი წიგნი „ჭეშმარიტების ალი“, როგორც ამბობენ, ხელიდან ხელში გადადიოდა რადიკალთა წრეებში. წიგნში შესული ასზე მეტი ლექსი საღვთო ომს, რადიკალ ისლამისტ მებრძოლებს და, ზოგადად, ტერორს განადიდებს. არსებითად, მისი პოეზია თვითკმარ ესთეტიკურ ფაქტად ყოფნას ვერ გაქაჩავს, სამაგიეროდ, პროპაგანდის დამატების ფუნქციას წარმატებით ართმევს თავს:

 

„ჰკითხეთ მოსულს, ისლამის ქალაქს, ლომების შესახებ,

თუ როგორ მოიტანა თავისუფლება მათმა თავგანწირვამ,

დიადმა მიწამ მოინელა დაკნინება და დამარცხება

და შეიმოსა დიდების სამოსი“.

 

ტერორისტულ ორგანიზაციაში მსგავსი პოეტიკა ერთგვარი კარიერიზმიც კია, მაგრამ რა აიძულებს ბრიტანელ ქალს კალამი (აწ უკვე კლავიატურა) „პოეტური ტერორიზმის“ ჟანრში მოასინჯინოს?

სამინა მალიქი ჰითროუში, მაღაზიის გამყიდველად მუშაობდა. კლიენტებს მორჩილად ემსახურებოდა, რადგან, ცნობილი სიბრძნის თანახმად, კლიენტი ყოველთვის მართალია. თუმცა, ერთხელაც იგრძნო, რომ ამ გამოთქმაში მთლად ყველაფერი რიგზე ვერ იყო და გადაწყვიტა, ხმა ამოეღო.

და ასე გამოჩნდა რადიკალურ ვებგვერდებზე მომხმარებელი, სახელად „ლირიკული ტერორისტი“. საკმაოდ პოპულარული გახდა მისი ლექსი „როგორ მოვკვეთოთ თავი“,

შემდეგ იყო მეორე ჰიტი: „ცოცხალი წმინდანები“.

23 წლისა იყო, როცა დააპატიმრეს ექსტრემიზმის ბრალდებით. მიზეზად კი მისი პოეზია იქცა.

მართალია, სამინას სახლში ტერორისტების სახელმძღვანელოები, იარაღის კაიძალი მარაგი და ბევრი სხვა რამეც აღმოუჩინეს, ის სასამართლოზე ტერორისტობას კატეგორიულად უარყოფდა. მისი თქმით, სახელი „ლირიკული ტერორისტი“ მხოლოდ იმიტომ აირჩია, რომ „კაიტიპობასთან“ ასოცირდებოდა.

მე ვფიქრობ, სამინას ადვოკატების პოზიცია "Writing isn't doing" საკმაოდ გამართული და ლოგიკური იყო, რის გამოც, საბოლოოდ, გაათავისუფლეს კიდეც კაიტიპობაზე მეოცნებე გოგონა.

და მაინც, რატომ იყენებენ ტერორისტები პოეზიას, როგორც მედიუმს? იქნებ, იმიტომ, რომ ტერორიც და პოეზიაც ჭეშმარიტების განფენის ადგილას წარმოუდგენიათ.

გარკვეულ ტრადიციებში პოეზია ხომ ჭეშმარიტების იარაღია. და რაც უნდა უხერხული იყოს, ტერორიზმიც ხომ სწორედ ჭეშმარიტების სახელით ხორციელდება. შეიძლება, ეს იყოს მათი კვეთის მიზეზი.

თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ესთეტიკური ექსტრემისტი პიკასო უფრო მართალი იყო, როცა ამბობდა: „კულტურა არსებობს იმისათვის, რომ ჭეშმარიტებისგან გვიხსნას“.

მართლაც! ღმერთო, გვიხსენი ჭეშმარიტებისგან! დანარჩენს რაღაცნაირად ჩვენ თვითონ მოვუვლით.

 

სამინა მალიქი

როგორ მოვკვეთოთ თავი

 

გააკავე,

ხელები ზურგსუკან შეუკარი 

ფეხები ერთმანეთზე გადაუბი

მხოლოდ მუხლებიც საკმარისია

თვალები აუხვიე –

აღარ ილაყლაყებს.

ბასრი დანის დანახვისას

ის კანკალს დაიწყებს თოთო ბავშვივით

დაიკლაკნება ჟელატინივით

მენდე, ეს ძალზე

გამაღიზიანებელია,

ამიტომ აჯობებს გვერდზე გყავდეს,

სულ მცირე, ორი ძმათაგანი,

რომ გააკავონ ეს სულელი,

რადგან როგორც კი თბილი დანა

შეეხება მის შიშველ ხორცს,

მიხვდება, რაც ელის.

ეს არც ისე ჭუჭყიანი საქმეა,

და არც ისე რთული,

როგორც მავანმა შეიძლება იფიქროს,

უბრალოდ, მაჯა გადაუხსენი,

ცხადია, ეს ბინძური დაიკრუნჩხება

და იკივლებს,

მაგრამ ნუ მიაქცევ ყურადღებას

ამ ღორისშვილს

და განაგრძე მისი ხორცის

ათლა აღმა-დაღმა,

იგრძნობ, დანა როგორ შედის

მის ფილტვებსა და ნაწლავებში,

მაგრამ არ შეჩერდე,

გააგრძელე,

ბოლომდე მიდი

და ახლა უკვე უნდა გრძნობდე

დანის ვიბრაციას

და სხეულის სითბოსგან დაცლას,

მაგრამ ეს მხოლოდ ხახუნის ბრალია.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა