ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლიტერატურის საკითხები

ლევ რუბინშტეინი – რუსი კონცეპტუალისტი პოეტი, ე.წ. მოსკოვური კონცეპტუალიზმის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა. წარმოდგენილი ტექსტი, ისევე როგორც რუბინშტეინის სხვა ტექსტები, ავტორის მიერ მათი კითხვისას დატანილია ბარათებზე – ყოველი დანომრილი სტროფი ცალკე ბარათზე.

 

„რუბინშტეინის ტექსტებთან პირველივე შეხებისას თვალშისაცემია მათი მსგავსება მანქანურ ალგორითმებთან. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პერფობარათებზეა დატანილი, არამედ იმიტომ, რომ თავად ტექსტებია პერფორმატიული. ისინი მკითხველს თავს ახვევენ მკაცრ მითითებებს და კონსტატირებენ შეუქცევად მოვლენებს. თუმცა, არის აღწერებიც... ტექსტის მთლიანობა მდგომარეობს არა დესკრიპციის ან აღწერილი საგნის მთლიანობაში, არამედ მოქმედების მთლიანობაში – რომელიც არავერბალიზებულია და სამუშაო პაუზებში გამოიხატება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბარათიდან-ბარათამდე რაღაც ხდება – რაღაც ყრუდ ღრჭენს, ციმციმებს, აღიძვრება და ცვლის გარესამყაროს.

ლ. რუბინშტეინის ტექსტი ეს არის რომანტიკულის სინტაქსისი და პრაქტიკა, მოცემული მათ ერთიანობაში. კითხვისა და წერის ძალისხმევა აქ გამოდის, როგორც ავტონომიური შრომა, რომელიც აჩენს და აორგანიზებს დამოუკიდებელ რეალობას. ამ ტექსტებს, როგორც რომანტიკულის პრაქტიკის გაცნობიერებას, ამავე დროს, გამოვყავართ რომანტიკული ცნობიერების საზღვრებიდანაც. ისინი აბრუნებენ მას მისი არსებობის სასრულობასთან, შრომისა და სიკვდილის გარდაუვალობასთან. და, ამავე დროს, თავიანთი სიფხიზლით უხსნიან მას არსებობის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მიღწევადია მხოლოდ ლიტერატურის ენით მის ფაქტიურობაში და მიუღწეველია ნებისმიერი სხვა გზით“. – ბ. გროისი, წერილიდან „მოსკოვური რომანტიკული კონცეპტუალიზმი“

1. და აი, მე ვწერ ...
2. მე ვწერ ქარის ღმუილის ფონზე, ფანჯრების ჩარჩოთა ზრიალში, ტალღების დგაფუნში...
3. მე ვწერ: „აქ დაიწყო რაღაც წარმოუდგენელი!"
4. მე ვწერ ტალღების დგაფუნის ფონზე, გულისამრევი ნაღველის შემოტევისას, მინების წკრიალში
5. მე ვწერ: „რთულია წარმოიდგინო, რაც აქ დაიწყო!"
6. მე ვწერ მინების წკრიალში, გარშემომყოფთა დამცინავი მზერის ქვეშ, ქარის ღმუილში...
7. მე ვწერ: „შეუძლებელია აღწერო, რაც აქ დაიწყო!"
8. ღმერთო! რა დაიწყო?
9. არის ვინმე, ვინც შეძლებდა აეხსნა, რას ნიშნავს ეს ყოველივე?
10. თუ არის, მაშინ ვინ?
11. თუ არ არის, რატომ?
12. ბავშვები რატომ არიან აქ?
13. სად იყვნენ ისინი?
14. ბავშვები ტყეში რას აკეთებდნენ?
15. კარგად იქცევიან ბავშვები?
16. ვის შეხვდნენ ბავშვები სახლთან ახლოს?
17. რომელი ბავშვი უვლის კარგად ოთახის მცენარეებს?
18. რას აკეთებენ ბავშვები არასწორად?
19. რატომ არ აუხსნის ვინმე, რომ მათ აქ არაფერი ესაქმებათ?
20. რატომ არის ფანჯარა ღია?
21. რა დევს მაგიდაზე?
22. ეს ნივთები რისთვისაა საჭირო?
23. როგორ შეიძლება, ყველა ნივთი ერთი სახელით მოიხსენიო?
24. რა იწვოდა და ჩაქრა ბუხარში?
25. სად ენთო და ჩაქრა სუსტი ნაკვერჩხალი?
26. როგორი ნაკვერჩხალი ენთო და ჩაქრა ბუხარში?
27. და საერთოდ, რაშია აქ საქმე?
28. ვინ მიმართა „შენობით" მოხუც მებორნეს და რა გამოვიდა აქედან?
29. ვის მიმართა ნიკოლოზმა „შენობით" და რა გამოვიდა აქედან?
30. როგორ მიმართა ნიკოლოზმა მოხუც მებორნეს და რა გამოვიდა აქედან?
31. საიდან გაჩნდა მოხუცი მებორნე?
32. ნიკოლოზი ვინ არის?
33. სახელდობრ, ვისი ცხოვრება შეიცვალა შემთხვევით მოსმენილი სატელეფონო საუბრის შემდეგ?
34. და სახელდობრ, რა განსაცვიფრებელი სანახაობის მოწმენი გავხდით მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაიფანტა შავი, სქელი კვამლი?
35. და ის ვისი ბავშვი იყო, ოთხ წლამდე რომ არ ლაპარაკობდა და მერე უცებ წარმოთქვა სიტყვა „მონდრიანი?"
36. და კონკრეტულად, რა საგმირო საქმეებს ჩაიდენს მხიარული მწყემსი გოგონას ვნებიანი საყვარელი, მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად?
37. და რა უპასუხა კატენკა ბატურინამ, მისი მოულოდნელი გათხოვებით საგონებელში ჩავარდნილ ინგლისელ ჩოგბურთელს?
38. სახელდობრ, რამ აიძულა ის, მოულოდნელად შემობრუნებულიყო და მკვდარივით გაფითრებულიყო?
39. და რა მოხდა იქ ისეთი, რის შემდეგაც ოპერის კიბეებზე შემთხვევით გადაყრილს ისე შეხედა, თითქოს პირველად ხედავდა?
40. და რამდენი წლის იყო ალექსი, აღწერილი მოვლენების დროს?
41. საინტერესოა, რითი დამთავრდა მთელი ეს უხამსი აყალმაყალი მემკვიდრეობის გარშემო?
42. და რითი დასრულდა კამათი იმის შესახებ, თუ ენის რომელი ფუნქციაა პირველადი?
43. და იმის შესახებ, ფრანგებიდან ვინაა საუკეთესო?
44. და იმის შესახებ, ვის ესროლეს ბოლო აქტში?
45. და იმის შესახებ, ვის უფრო უყვარს სამშობლო?
46. და ბოლოსდაბოლოს, სად გადის ის ყბადაღებული ზღვარი, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ?
47. სად არის ის?
48. და საერთოდ, რა საჭიროა ეს ყველაფერი?
49. და როგორ აღმოჩნდა ადამიანი გვარად მგონი, ტუპიკინი, სხვის ბინაში?
50. რას აკეთებდა იქ?
51. ვინ არის საერთოდ?
52. სახე. ქვევით წაწვრილებული, ზევით ფართო. განიერი შუბლი. თვალების სასტიკი გამომეტყველება, მოკლებული რეფლექსიის ნიშნებს. ვინ არის ეს?
53. გამოწეული ნიკაპი. რუხი ფერის შლაპის დახრილი ფარფლები. უსწორო სიარულის მანერა. მუდამ დამნაშავე გამომეტყველება. და ეს ვინ არის?
54. და ვინ ამბობდა, რომ მას ჭამა არ უნდა?
55. და ვინ მოძრაობდა ქუჩის მზიან მხარეს, მაშინ, როდესაც ძირითადი მოვლენები ჩრდილიან მხარეს ვითარდებოდა?
56. და ვინ ამბობდა, რომ მისთვის სულერთია?
57. და ვინ განიცდიდა აუხსნელ აღელვებას შიშველი ტერფების დანახვისას?
58. და ვინ ამტკიცებდა, რომ აწარმოებს პირდაპირ საუბარს ენასთან, ენის ენაზე?
59. და პირველად ვინ შენიშნა, რომ აქ რაღაც ისე არ არის, მაგრამ დუმილი არჩია?
60. და მაინც რაზე იყო საუბარი, იმ მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს?
61. და ეს კიდევ საიდან გაჩნდა?
62. საიდან გაჩნდა, მაგალითად, კოჭლი ყვავი ჭუჭყიან თოვლზე?
63. საინტერესოა, საიდან გაჩნდა დანგრეული ღობე და გაყინული პარმაღი?
64. და ბეღურის სკლინტები ნიჩბის სახელურზე?
65. და დანაოჭებული სარდელი ესკალატორის ბოლო საფეხურზე?
66. და დაცემა, ბანანის ქერქზე ფეხის ასრიალებით?
67. და ცარცის ნატეხით ხაზვის მასწავლებლისთვის სათვალის გაბზარვა?
68. და სამის მიერ ცოცხალი ქათმის ჩემოდანში ჩატენვის ცდა?
69. და ყოველდღე ნახევარი საათით ნემსებზე ფეხით სიარული და ეთერის ამაღელვებელი სურნელი?
70. და მთვრალი ქირურგის სიკვდილი თხრილში?
71. და ებრაელი დალაქი მიტიშინის აბანოში?
72. და თავად აბანო?
73. საიდან ეს ყველაფერი?
74. და საერთოდაც, რატომაა ეს ყველაფერი ასე და არა სხვაგვარად?
75. და ვინ არის ეს კოხტა მოხუცი, მშრალი ხელისგულით რომ აუთოებს გახამებულ მაგიდის გადასაფარებელს და გაუთავებლად ლაპარაკობს და ლაპარაკობს?
76. და ვინ არიან ის მეზობლები, ხანშიშესული წყვილი, რომლებსაც, თითქოსდა, დაბადებიდან ვახსოვარ?
77. რა შუაშია აქ პროფესორ ვოლფსონის ძველმოდური გალანტურობა, როცა საუბარი სულაც არ იყო ამაზე?
78. და ეს რა კუბოკრული პალტოა, პარკის სკამზე ვიღაცას რომ დარჩენია?
79. და რა იყო იქ გადაჭიმული ჰორიზონტამდე? ახლა უკვე ალბათ, ვერც გავიხსენებ...
80. ეს რა კამის ტოტებია, საიდან მოვიდა ეს კამის ტოტები?
81. ვინ მოხუცი? რა აცრემლებული თვალებით? საიდან მოვიდა?
82. ან კიდევ, აი, წერია: „ფანქრით ხელში მე შევძლებდი დამტკიცებას..." და ა. შ. რის დამტკიცებას? რომელი ფანქრით?
83. ეს რანაირი ტუჩებია, თითქოს, გესლიანი ღიმილით მოღრეცილი? ვისი ტუჩებია? რატომ?
84. რატომ გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც მე ვიცი, სად გაქრა მისი სახატავი მოწყობილობა?
85. საიდან უნდა ვიცოდე?
86. და ვითომ რატომ გახედეს ერთმანეთს ძლივსშესამჩნევად დედამ და მამამ?
87. ნეტავ, რატომ ვგრძნობ, რომ ვწითლდები, როცა თვალებზე სირცხვილის მწველი ცრემლი მადგება?
88. და განა შესაძლებელია, დაივიწყო ის წამი, როდესაც სიჩუმეში ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ გაისმა: „დედიკო, ეს მე... მე ავიღე მამიკოს საათი..."?
89. როგორ უნდა დაივიწყო ეს ყველაფერი?
90. მაგრამ ვინ იყო ის?
91. და რა უნდოდა?
92. და ასე უცნაურად რატომ წავიდა – გამოუმშვიდობებლად?
93. და ვის მიემართებოდა სიტყვები: „ბევრჯერ მსმენია, ბებერო, ნახვით კი არ მინახავს"?
94. და შემდეგ: „მითხარი, რომელმა ჩვენგანმა შეძლო გაღწევა?"
95. და ეს რაზეა: „და სველ ქარში, ერთხელაც, ცა რომ ფეხად ჩამოვა, სისხლიანი ფაფით პირში შენს საძებრად წამოვალ..."?
96. და ეს: „ცარცით ხელში დაფასთან, შენ წინ, როგორც დირე, ჰომერული სევდით დგება ლირიკული გმირი"?
97. და ეს: „ვერ მომხრიან, ვერ დამსვრიან და არ მოვერგები..."?
98. და შემდეგ: „შენ წინაშე ტილოზედაც თეთრი წარმოვდგები..."?
99. და საერთოდ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
100. და აი, ჩვენ ვკითხულობთ.
101. ჩვენ ვკითხულობთ ქარის ღმუილის ფონზე, ფანჯრების ჩარჩოთა ზრიალში, ტალღების დგაფუნში...
102. ჩვენ ვკითხულობთ ტალღების დგაფუნის ფონზე, გულისამრევი დეპრესიის შემოტევისას, მინების წკრიალში...
103. ჩვენ ვკითხულობთ მინების წკრიალში, გარშემომყოფთა დამცინავი მზერის ქვეშ, ქარის ღმუილში...
104. ჩვენ ვკითხულობთ:
105. ღმერთო! აქ რა დაიწყო!
106. ყველანი წამოცვივდნენ ადგილებიდან.
107. სრულიად უცხო ადამიანები ჩასახუტებლად და საკოცნელად მიცვივდნენ ერთმანეთს.
108. ერთმა სასაცილო მსუქანმა კაცმა ხელსახოცი დააძრო და დროშასავით აფრიალებდა.
109. ერთმა დარბაისელმა ქალბატონმა სველი კოცნით დანერწყვა ახალგაზრდა მღვდელი, რითიც, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა იგი.
110. და რა უნდა ითქვას ბავშვებზე?
111. ერთი სიტყვით, საყოველთაო მხიარულებას საზღვარი არ ჰქონდა.
112. იმ წამს ყოველ ჩვენგანს დაეუფლა მკაფიო გრძნობა, რომ ყველანაირი საშიშროება და ცხოვრების მთელი სიმძიმე უკანმოუხედავად მოგვშორდა.
113. წინ მხოლოდ უსაზღვრო სიხარულია.
114. სიხარული სამუდამოდ.
115. ამგვარად, ყველაფერი რიგზეა...

1992 წ.

თარგმანი :
  • კაკო ჩიქობავა, ვაკო ნაცვლიშვილი
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა