გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბიბლიოთეკა

მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის ამბავი | ანა მარგველაშვილი

თელავის ამ ძველი  უბნის შესახებ ადრეც ვყვებოდით; ადგილობრივი მაცხოვრებლების გადმოცემით უბანს მაწანწარა იქ მრავლად მომდინარე წყაროების და ხევში მოწანწკარე წყლის გამო ეწოდა. ზოგიერთი კი თვლის, რომ მაწანწარა სიტყვა მაწანწალადან მოდის: „მაწანწარა როგორც დასახლება დაარსებულა მე-19 საუკუნის 40-იან წლებში. დაახლოებით 1830-40 წწ. მანამდე ამ ტერიტორიაზე ყოფილა სახნავ-სათესი ადგილები და ტყეები, რომლებსაც ეძახდნენ ე.წ. „ახოებს“. მათ შორის ყოფილა ხევი, რომელიც ახლაც არის „მაწანწრის ხევის“ სახელწოდებით. ამ ხევს არ ჰქონია კალაპოტი და წარამარა ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა და ამიტომ მისთვის დაურქმევიათ „მაწანწალა ხევის“ უბანი. შემდგომში შეცვლილა ეს სახელწოდება და დღემდე შემორჩა „მაწანწარა.“ - ვკითხულობთ უბნის ძველ ბიბლიოთეკაში დაცულ თხელ, მწვანე რვეულში, სადაც აქ მომუშავე ქალების რამდენიმე თაობას, ბიბლიოთეკის ისტორია აღუწერია და ჩვენამდე მოუტანია. ხევისა არ იყოს „მაწანწარა“ ისტორია აქვს თავად ბიბლიოთეკასაც. ერთი საუკუნის მანძილზე მან ამ უბანში სამი მისამართი გამოიცვალა. სწორედ მაწანწრის უბნის ანუ თელავის № 1 საქალაქო ბიბლიოთეკის შესახებ მინდა გიამბოთ დღეს და ამით, უკვე ერთგვარ სერიად ქცეული - „მაწანწრის უბნის ამბები“ გავაგრძელო.

ეს ის უბანია გომბორის მხრიდან ქალაქში შესული - პირველად რომ გაივლი. არ შეიძლება თვალში არ მოგხვდეს ძველი, ხშირად დანგრევის პირას მისული, ქართული აგურით ჩაწიკწიკებული სახლები, თაღოვანი ფანჯრებითა და შედუღების გარეშე შეკრული გისოსებით. მშრომელ ხალხს უცხოვრია აქ, სხვადასხვა დარგის ოსტატს და ხელოსნების შესახებ მეხსიერება უბანში ჯერ კიდევ ცოცხლად არის შემორჩენილი.    

გარდა ხელოსნებისა, აქაურობა რევოლუციონერების თავშესაფარიც ყოფილა. აქ, ყოველდღიურ ფუსფუსში და შრომაში ჩაბმულ მოქალაქეებს ახალ-ახალ იდეებს თეთრებიც უქადაგებდნენ და წითლებიც. წითლებს იქვე, მაწანწრის ქუჩაზე (დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირი) მცხოვრები, ცნობილი რევოლუციონერების - აივაზაშვილების ოჯახის სახით დიდი დასაყრდენიც და საიდუმლო შეხვედრებისთვის თავშესაფარიც  ჰქონიათ. შრომაში ჩაბმული, ხალხმრავალი და ჭრელი უბანი კარგ წინაპირობას ქმნიდა არაფორმალური განათლების გავრცელებისთვის და მათ შორის პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებისთვისაც. ამ საქმიანობისთვის კი,   სამკითხველოზე კარგი ადგილი რა იქნებოდა?

საუბნო სამკითხველოს შესახებ, ჩვენს ხელთ არსებული პირველი დადასტურებული ინფორმაცია 1919 წლით თარიღდება. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი თელავის ერობის ერთ-ერთ დოკუმენტში (სსეა, ფ.1923, ა.1, ს.186) ვკითხულობთ, რომ მაწანწრის უბნის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველოსთვის ერობამ დაფინანსება გამოჰყო. ჩვენთვის უცნობია რა პერიოდიდან არსებობდა მაწანწრის უბანში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება-სამკითხველო, თუმცა საუბნო ბიბლიოთეკის ისტორიის ათვლა სულ ცოტა ამ პერიოდიდან უნდა დავიწყოთ, რადგან სწორედ სამკითხველო იყო ის პირველი საუბნო-საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც 1921 წლიდან უკვე „ქოხ-სამკითხველოს“ შექმნას დაედო საფუძვლად.

გადმოცემით მაწანწრის უბნის ქოხ-სამკითხველო, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პირველსავე წელს გაიხსნა და ქალაქ თელავის №1 საქალაქო ბიბლიოთეკის სახელით დღემდე მოქმედებს ჭავჭავაძის № 150-ში. მიუხედავად იმისა, რომ ცნობებს უბნის სამკითხველოს შესახებ ჯერ კიდევ 1919 წლიდან ვხვდებით, ბიბლიოთეკის ისტორიის ათვლა, ისევე როგორც „ახალი საქართველოსი“  - 1921 წლიდან დაიწყო. ეს იმ ხანისთვის დამახასიათებელი მიდგომაა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ამბებს სრულიად აიგნორებდა. როგორც ჩანს, არც სამკითხველოს ისტორია აღმოჩნდა გამონაკლისი.

ბიბლიოთეკის ამბები პირველად მისმა რიგითმა თანამშრომელმა და შემდეგ გამგემ  - ქეთევან დევიძემ ჩაწერა და თხრობა სწორედ 1921 წლიდან დაიწყო.  ქეთევან დევიძის ჩანაწერები, 2004 წლიდან გადაწერა, შეავსო და განავრცო ბიბლიოთეკის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ქალბატონმა იზოლდი ჯამასპიშვილმა და ამით, ბიბლიოთეკის 100  წლიანი ისტორიის ქრონიკა შემოუნახა ქალაქს. უშუალოდ დევიძისეული ჩანაწერები სამწუხაროდ დაიკარგა.

ქეთევან დევიძეს ქოხ-სამკითხველოში მუშაობა 1948 წელს დაუწყია და ამ დროს ბიბლიოთეკის გამგე ქალბატონი ნატაშა აივაზაშვილი ყოფილა: „ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა ძალიან მცირე იყო, სულ რაღაც ორიოდე რვეულში ყოფილა მოთავსებული. „ქოხ-სამკითხველო“ მკითხველთა დარბაზს  მოგაგონებდათ. კედლების ირგვლივ ჩამწკრივებული იყო წიგნებით ჩაწყობილი, ჩაკეტილი კარადები, შუაში კი ერთი უშველებელი, გრძელი მაგიდა ყოფილა თავისი სკამებით. ღონისძიების დროს აქ ხალხი ვერ ეტეოდა. ზოგი კარებიდან უყურებდა მის მსვლელობას. ღონისძიების მეორე ნაწილი მიდიოდა სიმღერითა და აკორდეონით.“ ანუ ბიბლიოთეკა, გარდა სამკითხველოსი და არაფორმალური განათლების ცენტრისა საუბნო კულტურის სივრცის, კლუბის ფუნქციასაც ითავსებდა. ასეთი სათემო სივრცეების არსებობას დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხშირად ფასდაუდებელ სამსახურს სწევს.

1958 წელს, ქოხ-სამკითხველოს საქალაქო ბიბლიოთეკა ეწოდა. ეტაპობრივად იზრდებოდა წიგნადი ფონდიც. ბიბლიოთეკა გადასული იყო პროაქტიულ მუშაობაზე და მკითხველებს დამატებით ღონისძიებებსაც სთავაზობდა: „ნაყოფიერად და ხალისიანად მუშაობენ მაწანწრის ბიბლიოთეკის მუშაკები. ბიბლიოთეკაში რეგულარულად ტარდება ლიტერატურული წრის საღამოები, ეწყობა ღირსშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი გამოფენები.“ წერდა გაზეთი „ალაზნის განთიადი“ 1959 წელს.

თუმცა, ქეთევან დევიძის მიხედვით - „მხიარულების გარდა დიდი საწუხარიც გვქონდა, გვაწუხებდა ჭერიდან ჩამოსული წვიმა, გვიწევდა ჩამწკრივებული კარადების გაწევა და გადაადგილება“. ეს პრობლემა კარგად არის დაფიქსირებული და ასახული, ბიბლიოთეკაში დღემდე შემორჩენილ ერთ-ერთ შთაბეჭდილებების წიგნში, რომელიც მკითხველთა ჩანაწერებს აერთიანებს და ბიბლიოთეკის ისტორიის რეკონსტრუქციისათვის  დამატებით, მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს: „ორი წელი იქნება რაც ჩაწერილი ვარ თელავის მაწანწრის საქალაქო ბიბლიოთეკაში. ამ ხნის მანძილზე მე როგორც პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტს ბევრჯერ დამჭირვებია სახელმძღვანელო, მეთოდური და მხატვრული ლიტერატურა. მე მაშინვე შემოვიდოდი ამ ბიბლიოთეკაში, სადაც მეგულებოდა საჭირო ლიტერატურა და ამასთანავე კარგი და გულისხმიერი ბიბლიოთეკარ-თანამშრომლები [...] მაგრამ უნდა აღინიშნოს ამ ბიბლიოთეკის სივიწროვეც. კერძოდ, აუცილებელია სამკითხველო დარბაზი, სადაც მკითხველს საშუალება ექნება თავისუფალ დროს კითხულობდეს საჭირო და საინტერესო წიგნებს. ამ მხირვ, მე მინდა აღვნიშნო ჩემი უკმაყოფილების შესახებ, რომ სამკითხველო დარბაზის არ არსებობის გამო მე ვერ გამოვიყენე ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც წესისამებრ სახლში არ გამატანეს.“ წერდა 1973 წელს მოქალაქე ა. აბაზოვი. სამკითხველო სივრცის არ არსებობა და შენობის ამორტიზაცია, უფრო და უფრო უშლიდა ხელს კულტურული თუ ლიტერატურული ღონისძიებების ჩატარებას, რაც  უბნის ერთგვარ ტრადიციად იყო ქცეული. შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერები ხშირად ერთმანეთს გავს შინაარსითა და აქცენტებით. ჩნდება განცდა, რომ ეს ჩანაწერები ბიბლიოთეკის მესვეურებისა და მკითხველების ერთიანი, შეთანხმებული სტრატეგიის ნაწილიც იყო - უკმაყოფილების დაფიქსირებით მიექციათ გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღება და დაეჩქარებინათ პრობლემის მოგვარება. ამ მოსაზრებას გარდა ერთგვაროვანი ჩანაწერებისა, შთაბეჭდილებების წიგნის წარმოების პერიოდიც გვაფიქრებინებს. ჩანაწერები აქ 1973 წლის 16 მაისით იწყება და 1975 წლის 14 ივნისით სრულდება და კამპანიურ სახეს ატარებს.

მართლაც, 1980 წელს, ქეთევან დევიძის ძალისხმევით და მონდომებით ბიბლიოთეკას ახალი შენობა გამოუყვეს, იქვე ჭავჭავაძის № 139-ში, რომელიც ფართობიც 250 კვადრატული მეტრი იყო. ამ დროს ქეთევან დევიძე უკვე ბიბლიოთეკის გამგე გახლდათ.



1980 წლიდან, შედარებით მოზრდილ სივრცეში ბიბლიოთეკამ ახალი შემართებით განაგრძო საქმიანობა და აქტიურად ჩაერთო მაგალითად, იქვე მეზობლად მეორე მსოფლიო ომიდან შინმოუსვლელთა მემორიალის მოწყობის პროცესში. უბნიდან ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტო-ალბომი ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება. ამავე პერიოდს მიეკუთვნება, ასევე ბიბლიოთეკაში დაცული  ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონი ლამარა ჩეკურიშვილის მიერ 1980-იან წლებში შედგენილი, სამი თხელი რვეულისგან შემდგარი ერთგვარი კონსპექტი, ინსტრუქციები საბიბლიოთეკო მუშაობისთვის, სადაც  ვკითხულობთ:
„ბიბლიოთეკის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ერთ-ერთი ქმედითი ფორმაა ბიბლიოთეკის საბჭო. ბიბლიოთეკა ვალდებულია მჭიდრო კავშირი იქონიოს მოსახლეობასთან, იცნობდეს მშრომელთა მასების მოთხოვნილებებს, გაუღვიძოს მათ ინტერესი საბიბლიოთეკო საქმისადმი. თავის ირგვლივ ბიბლიოთეკამ უნდა შემოიკრიბოს მკითხველთა ფართო აქტივი და ორგანიზაცია, რადგან ბიბლიოთეკის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ფართო მასები იღებენ მასში მონაწილეობას.“

„ფართო მასებამდე“ წიგნის მიტანის ანუ, მათი საბიბლიოთეკო ცხოვრებაში ჩართვის სტრატეგია პრაქტიკაშიც ხორციელდებოდა - 1960-იან წლებიდან ბიბლიოთეკას რამდენიმე გაცემის პუნქტი ჰქონია: „მათ შორის ხორც-კომბინატთან, სამკერვალო ფაბრიკასთან, ყრუ-მუნჯთა საზოგადოებასთან, პურკომბინატთან, გაზების სამმართველოსთან.“


2007 წელს, მაწანწრის ბიბლიოთეკას შეუერთდა თელავის № 3 საქალაქო ბიბლიოთეკა თავისი წიგნადი ფონდით, რომელიც 16000-მდე წიგნს ითვლიდა. ამ დროისათვის ბიბლიოთეკის შენობა უკვე ავარიული იყო. ჭერიდან ბათქაში ცვიოდა, მტვერი და წვიმა ჩადიოდა ოთახებში. შემოერთებული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დალაგებას, თანამშრომელმა ქალებმა მთელი წელი მოანდომეს. მუშაობა საკმაოდ მძიმე პირობებში უწევდათ: „2008 წლის ბოლოს დავამთავრეთ აღნიშნული ფონდის მიღება და თითოეული წიგნი განვათავსეთ თავის ადგილზე. ეს იყო ძალიან, ძალიან დამღლელი და შრომატევადი საქმე [...] 2008 წლის მერე ჩვენი მუშაობა გაგრძელდა ჩვეული რეჟიმით. შემოსული ფონდი შევაერთეთ. ჩავრთეთ კატალოგში. მოხდა ისე, რომ რუსული ფონდის ოთახში ჩამოწვა ჭერი, ჩამოდის წვიმა პირდაპირ წიგნებზე. განადგურდა უამრავი ლიტერატურა [...] 2010 წელს მომხდარმა სტიქიამ ჩვენი მდგომარეობა უფრო დაამძიმა. სტიქიამ ადგილ-ადგილ გადახადა სახურავი. წვიმა დაიძრა თითქმის ყველა ოთახში. ჩვენი ამ შენობაში ყოფნა უკვე დიდი რისკის ფასად მიმდინარეობდა“ - გვიყვება მწვანე რვეული.




მიუხედავად შენობის ავარიულობისა, რაც იქ მომუშავეთათვის სიცოცხლის საფრთხესაც კი ქმნიდა, ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ 2012 წელს მოხერხდა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ამ მხრივ იმჟამინდელ გამგებელს - გივი მეტრეველს და კულტურის სამსახურის უფროსს - ფიქრია ყურშიტაშვილს ემადლიერებიან. სწორედ ამ პიროვნებების მონდომებით, ფართობი გამოინახა მაწანწრის უბნის ბაგა-ბაღის შენობის ერთ-ერთ ფლიგელში, გარემონტდა და 2014 წლის მაისში ბიბლიოთეკამ № 139-დან იქვე, ჭავჭავაძის 150-ში დაიწყო გადაბარგება:  „40 ათასზე მეტი წიგნი გადმოვიტანეთ. სულ ჩვენმა ხელებმა გააკეთა ყველაფერი. იმას ხომ დახარისხება უნდოდა. დამხმარე არ გვყავდა. დავალაგეთ როგორც იყო“  იხსენებს ბიბლიოთეკის თანამშრომელი მარიამ ვართანოვი-ჯიდალიშვილი.

„ერთ წელში დავალაგეთ წიგნადი ფონდი თაროებზე. თითოეულ წიგნს მივუჩინეთ სათანადო ადგილი. ცალკე თაროზე გამოვყავით ჩვენს ბიბლიოთეკაში არსებული ძველი გამოცემები 1924 წლიდან 1950 წლამდე“ - ვკითხულობთ იზოლდა ჯამასპიშვილის ჩანაწერებში.  ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა 2015 წლის 5 მაისს. ბიბლიოთეკას ახლა მუდმივი კონტაქტი აქვს ბაგა-ბაღის პატარა აღსაზრდელებთან და პერსონალთან. კვირაში ერთხელ შედიან ჯგუფებში ბავშვებთან, მიაქვთ წიგნები და ჟურნალები.  ზღაპრებს უკითხავენ, ბავშვების დახმარებით კროსვორდებს ავსებენ. „ისინიც მოდიან, მასწავლებლებს მოჰყავთ და უხარიათ. თუ დაგვინახეს რომ მივდივართ - „ბიბლიოთეკაო“ ასე გვეძახიან“ - გვიყვება ქალბატონი მარიამი

ამჟამად ბიბლიოთეკაში ოთხი ქალი მუშაობს, იზოლდი ჯამასპიშვილი-სივსივაძე, ქეთევან ჩანგაშვილი, ლამზირა დანელია და მარიამ ვართანოვ-ჯიდალიშვილი.


სხვადასხვა დროს კი მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკის თანამშრომლები ყოფილან: ნატაშა ავიაზაშვილი, ქეთევან დევიძე, ბაბულია იმერლიშვილი, ქეთევან ანთაური, გულიკო მეჟევიძე, გულო ჭუაძე, ლამარა ჩეკურიშვილი, ნანა ყარაულაშვილი და შესაძლოა სხვებიც, რომელთა სახელებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. საუკუნეზე მეტხანს ბიბლიოთეკაზე  ზრუნვისა და მისი ისტორიის შენარჩუნებისათვის, მადლობაც თითოეულ მათგანს ეკუთვნის და იმათაც, ვისმა სახელებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.

დღეისათვის, გასაგები მიზეზების გამო, ბიბლიოთეკა უფრო შეფერხებით მუშაობს: „დაიწყო 2021 წელი და ჩვენ ისევ სახლებში ვართ. მდგომარეობა ძალიან გართულდა. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გადავიდნენ დისტანციურ მეცადინეობაზე. 2021 წლის 1 მარტს დავბრუნდით ბიბლიოთეკაში და ყოველგვარი წესების დაცვით გავაგრძელეთ მუშაობა. პირბადის გარეშე არ ვიღებთ მკითხველებს, ვუზომავთ - სპეციალური თერმომეტრით - სიცხეს. მიღებულ წიგნებს ვათავსებთ „საკარანტინო“ ოთახში 72 საათის განმავლობაში.“ წერია ბიბლიოთეკის დღიურში.

თელავში, მაწანწრის უბნის ისტორიის სიღრმისეული შესწავლა, ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილის ჩართულობით, სათემო განვითარების ცენტრის პროექტმა „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“ შეგვაძლებინა, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება და მომავალი წლისათვის მაწანწრის უბნის შესახებ კრებულის გამოცემასაც ითვალისწინებს, სადაც უამრავი უცნობი თუ ნაცნობი ამბავი, მდიდარი ვიზუალური მასალით იქნება გაცოცხლებული.

2010 წელს, როდესაც პირველად ჩავედი თელავში (მანამდე რამდენიმე საათით ან გავლით თუ ვიყავი მხოლოდ ნამყოფი),  ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რჩეულში“ დაგვაბინავეს. სამუშაო დღის შემდეგ ფეხით გავისეირნეთ ქალაქის ცენტრისკენ. ძველი სახლები, შინმოუსვლელთა მემორიალი, მაწანწრის უბნის ბიბლიოთეკა, ხის კარი, ფანჯრის რაფასთან ჩამოკიდებული ნალი - ეს სურათები შემოინახა ჩემმა ფოტო-არქივმა.  მახსოვს, ბიბლიოთეკაში, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ ჭავჭავაძის № 139-ში მდებარეობდა, შევედით კიდეც. ვნახეთ შენობის სავალალო მდგომარეობა; ვესაუბრეთ თანამშრომლებს და მოგვიანებით წიგნებიც ჩავუტანეთ. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში თელავს და ამ უბანს მჭიდროდ დავუკავშირდებოდი და ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს და ძვირფას გამოცდილებად იქცეოდა. 

დაწვრილებით

 

დაწვრილებით

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა