ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მაგდა

გვირაბი

ერთ დროს თბილისის ბოტანიკურ ბაღს ქალაქთან გვირაბი აკავშირებდა. (ეს გვირაბი ახლაც არსებობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყოფილ კომკავშირის ხეივანს ერთი მოქალაქე დაეუფლა, ბოტანიკური ბაღის გვირაბი სხვა, რიგითი მოქალაქეებისთვის გადაიკეტა). ამ თითქმის ჩაბნელებულ, გრძელ გვირაბს, სადაც მხოლოდ იმდენი შუქი იყო, რომ მასში მოსიარულეებს სხეული არ დაეზიანებინათ, ქალაქის ხმაურიანი გარემოდან ბოტანიკური ბაღის იდილიაში გადაჰყავდა ადამიანები.

ყველა გვირაბს აქვს თავისი უხილავი ან არამატერიალური განზომილება, რომელიც მასში გავლას მისტერიის შინაარსს სძენს: გვირაბი ორ მხარეს, ორ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს. არქაულ მითოლოგიურ წარმოდგენებში გვირაბი საიქიოსა და სააქაოს დამაკავშირებელ გზადაც მიიჩნეოდა. ვალტერ ბენიამინი პარიზის „პასაჟებზე“ საუბრისას წერს:

„ძველ საბერძნეთში აჩვენებდნენ ადგილებს, საიდანაც გზა ქვესკნელში ჩადიოდა. ჩვენი ფხიზელი ყოფნაც ქვეყანაა, სავსე უჩინარი ადგილებით, ფარული ჩასასვლელებით ქვესკნელში, სადაც სიზმრები ჩაედინება“.

თანამედროვე ქალაქების პასაჟები – მიწისქვეშ თუ შენობებს შორის გამავალი გადასასვლელები – გვირაბებია, დასახლებული დღისით სავაჭრო-სამომხმარებლო ობიექტებით, ღამით კი უსახლკაროებითა და მათხოვრებით, რომლებიც აქ ქვეყანაზე საკუთარ უადგილობას თავს აფარებენ.

გვირაბში არსად ხარ, გვირაბი არსადია – არც აქეთ, არც იქით – სადღაც შუალედში, რომელშიც მხოლოდ დროებით შეიძლება ყოფნა. ასეთ არსადში ყოფნას ბელგიელმა ანთროპოლოგმა არნოლდ ვან გენეპმა „პასაჟების“, ანუ ყოფიერების ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლის რიტუალები უწოდა. ყველაზე გავრცელებული ასეთი რიტუალი ინიციაციაა, როდესაც მოზარდი ბავშვობიდან და დედის კალთის ქვეშ ყოფნიდან ზრდასრულობაში გადადის. მან გზად არსადში ყოფნა უნდა გაიაროს. არსადში მყოფი არავინაა, განუსაზღვრელი არსება, რომლის არსებობას არაფერი არ განსაზღვრავს.

არსებობს ისეთი გვირაბებიც, სადაც შესული, ვეღარ გამოდიხარ, როგორც ფრიდრიხ დიურენმატის ერთ მოთხრობაშია, რომელსაც „გვირაბი“ ჰქვია: მატარებელი შედის გვირაბში და გამოსასვლელი აღარ ჩანს, გზა აღარ მთავრდება, მატარებელი გვირაბში იკარგება.

მატარებლის მგზავრებს თანდათანობით პანიკა სასოწარკვეთაში გადასდით. კიდევ წარმოსადგენია ისეთი გვირაბიც, რომელშიც მოხვედრილი აცნობიერებ, რომ მას გარეთ გამოსასვლელი არა აქვს:

„მე ვიღვიძებდი შავი გვირაბის ერთ-ერთ ყველაზე პროვინციულ ადგილას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით და სადაც არანაირი გამონათება არ იყო. ვგულისხმობ ჩემს ცხოვრებას თბილისში“. – მერაბ მამარდაშვილი.

გვირაბი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ხვრელია, რომელიც თავის მისტიკურ განზომილებას მხოლოდ მაშინ ამჟღავნებს, როცა მასში მოხვედრილს შიში უჩნდება. ასეთ დროს გვირაბი შემზარავი ხდება. შემზარაობა მისტიკურის ენაა. მისტიკური შემზარაობის სახით ეცხადება, უფრო სწორედ, ეუფლება ადამიანს. ფროიდის მიხედვით, შემზარაობა (das Unheimliche – სიტყვასიტყვით, „არასახლისმიერი“) შიშის ისეთი სახეობაა, როდესაც შიშის აღმძვრელი ერთ დროს საკუთარი, მაგრამ უკვე უცხოდ ქცეული, ცნობიერიდან განდევნილი საგანია. ესაა დეჟავიუ – ოდესღაც უკვე ნანახი და განცდილი, რომელიც დავიწყებულია და რომლის არათუ ხელახალი განცდა, არამედ გახსენებაც კი ზარავს. ფსიქოანალიზში ეს გვირაბი სრულიად კონკრეტული ადგილია, რომელსაც ადამიანი დედის საშოში უზრუნველი არყოფნიდან ყოფნაში იძულებით გადაჰყავს, დედა-შვილის სიმბიოზური მთლიანობის დარღვევით, რაც ფროიდის მოსწავლის ოტო რანკის თანახმად, დაუძლეველ და ცხოვრების განმსაზღვრელ ტრავმად რჩება. იდეალური მდგომარეობა, რომელიც სამოთხეში ყოფნად განიცდება, დედის საშოში დაბადებამდელი პერიოდია.

რანკის აზრით, ყველა სახის სიამოვნება, საბოლოო ჯამში, ერთადერთ მიზანს ემსახურება – პირველადი სიმბიოზის ანუ დედის მუცელში ყოფნის ნეტარების კვლავგანცდას. სიკვდილიც, როგორც შვება და სასუფეველი, სიმბოლურად, დედის წიაღში დაბრუნებაა.

ადამიანი ტრავმით იბადება და ეს ტრავმა მისი დაბადებაა. ამგვარად უნდა აიხსნებოდეს ღმერთ დიონისეს გამზრდელის სილენის სიბრძნე, რომელიც მან მეფე მიდასს გაუმხილა: ადამიანისთვის საუკეთესოა არდაბადება, არყოფნა, არარად ყოფნა. მეორე საუკეთესო კი, რაც შეიძლება მალე სიკვდილი.

ჩემს მეხსიერებაში თბილისის ბოტანიკური ბაღის გვირაბი ერთადერთხელ იყო დაკეტილი, როდესაც ხმა გავრცელდა, რომ ერთმა ქართველმა დედამ თავისი ორი შვილი გაგუდა და ცელოფნის პარკებში გახვეული ბოტანიკური ბაღის ფერდობზე გადმოაგდო. დედის მიერ საკუთარი შვილების მკვლელობა იმდენად შემზარავი აღმოჩნდა საბჭოთა საქართველოსათვის, თანაც „ქართლის დედის“ მონუმენტის მიდამოებში, რომ მან ეს ამბავი უბრალოდ მეხსიერებიდან განდევნა და დაივიწყა. თუ სწორად მახსოვს, შვილების მკვლელი დედა გიჟად შერაცხეს.

მანია

„მანია“ ბერძნულად „სიგიჟეს“, „მძვინვარებას“ ნიშნავს. ძველ ბერძნებს მანია ღვთაებრივი ძალის პერსონიფიკაციად წარმოედგინათ, რომელიც ადამიანებს ეუფლებოდა და გონიერებას აკარგვინებდა. ბერძნები მანიას ქალად გამოსახავდნენ, რამდენადაც ფსიქიკური აშლილობები, ისტერიულობა („ჰისტერა“ ბერძნულად საშვილოსნოს ნიშნავს), ზოგადად, ემოციურობა, იმპულსურობა, სტიქიურობა და ა.შ., თანაც არამხოლოდ ძველ ბერძნებთან, ქალურ თვისებებად მიიჩნეოდა. გონიერება და სიბრძნე კი, მამაკაცურობასთან იგივდებოდა. ამიტომაც საჭირო იყო მამაკაცის მხრიდან ქალზე ზედამხედველობა, მისი ქალური ქაოტურობისა და დამანგრეველი სტიქიურობის კალაპოტში მოქცევა და მართვა. მამაკაცი საკუთარ ძალადობრიობის და ქალის დამორჩილების აუცილებლობას სწორედ ქალისავე „იწრო ბუნებით“ ამართლებდა და სამტკიცებლად შესაბამის მითებს თხზავდა. ერთ-ერთი ასეთია კიბელესა და ატისის მითი: ქალღმერთი კიბელე – ღმერთების დიდი დედა – ექსტატური ღვთაება, რომლის მისტერიების დროსაც მისივე ქურუმები ერთმანეთს ასისხლიანებდნენ. მითოსის თანახმად, ფრიგიაში მყოფმა ზევსმა ერთ მთაზე დაიძინა და მძინარეს სპერმა გადმოეღვარა, საიდანაც წარმოიშვა შემზარავი არსება აგდისთისი, რომელიც მისი ნახვით შეძრწუნებულმა ღმერთებმა დაასაჭურისეს. კასტრირებული აგდისთისი ქალღმერთ კიბელედ გადაიქცა, მისი მოკვეთილი გენიტალიიდან კი ჭაბუკი ატისი გაჩნდა. კიბელეს ობსესიური სიყვარულით შეუყვარდა ატისი და ვერ გადაიტანა, როცა მან სხვა ქალზე იქორწინა: კიბელე ქორწილში მივიდა და ყველა იქ მყოფს სიგიჟე შეჰყარა. შეშლილმა ატისმა თავი მოიკლა. ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ატისი კიბელეს შვილია. დედა-შვილის ინცესტუალური სიყვარული ვაჟის სიგიჟითა და თვითმკვლელობით მთავრდება. კიბელესა და ატისის მისტერიულ კულტში მათი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ყოფითი სამყაროდან გასვლის საიდუმლოდ გაიგებოდა. სიგიჟე, ანუ მანია, ყოფითი, პროფანული სამყაროდან გამყვანი მდგომარეობა იყო.

მანიის ძალაუფლების ქვეშ ადამიანი დესტრუქციული ხდება და მისი დამანგრეველობა როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის წინააღმდეგ მიემართება. მანია დაეუფლა ორესტეს, რომელიც საკუთარი დედის – კლიტემნესტრას – მკვლელობით გახდა ცნობილი. მანია ჩნდება მედეასთანაც, როცა იაზონისგან მიტოვებული და შურისძიებით შეპყრობილი საკუთარ ბავშვებს ხოცავს.

1926 წელს ბერლინში დადგმული გერმანელი მწერლის ჰანს ჰენი იანის პიესაში „მედეა“, რომელშიც, როგორც ევრიპიდეს ტრაგედიაში, იაზონზე მედეას შურისძიება თამაშდება, მედეა თავადვე უყვება იაზონს შვილების დახოცვის ამბავს:

„ჩემ გარშემო ჩამოღამდა. შავი ნაღველი გადმოიღვარა. ჩემი შვილის ზურგში ჩავასე წვეტიანი რკინა, რომელიც მის შიგნეულში შეიჭრა, ამ სილამაზის ზღვაში შეიჭრა, ფაფუკი მუცელი გაფატრა, შემდეგ გააგრძელა სვლა და მეორე ბავშვის ზურგში ჩაიძირა და [...] ერთმანეთს მიელურსმნა ლამაზი წყვილი. ძლივს თუ ისმოდა კვნესა, უფროსის ტუჩებს რომ მოწყდა გამოსყიდვად. და მან შემომხედა, ორივემ, მათ შემომხედეს და იღიმოდნენ“.

იანის პიესაში მედეა ჯადოს მეშვეობით აახალგაზრდავებს იაზონს, მაგრამ თავად ვერ აჩერებს საკუთარ დაბერებას, რის გამოც ის თანდათანობით ზიზღს იწვევს იაზონში. ბავშვების დახოცვით მედეა საკუთარი ეროტიკული ობსესიისგან თავისუფლდება.

1969 წელს პიერ პაოლო პაზოლინიმ „მედეას“ პირველი ეკრანიზაცია განახორციელა და კოლხეთის მეფის ასულის როლი მარია კალასს შეასრულებინა. პაზოლინისთან მედეა ქურუმი და გრძნეულია. ფილმის დასაწყისში მსხვერპლშეწირვის რიტუალია ნაჩვენები, რომლის დროსაც არასრულწლოვან ბიჭს კლავენ და ანაწევრებენ. რიტუალი მედეას შელოცვით მთავრდება: „მიეცი სიცოცხლე თესლებს და თესლებთან ერთად ხელახლა დაიბადები!“ მას შემდეგ, რაც მედეას იაზონი შეუყვარდება და მის დასახმარებლად ოქროს საწმისის მოტაცებასთან ერთად, საკუთარ ძმას აფსირტეს კლავს, მის სხეულს ანაწევრებს და ნაგლეჯ-ნაგლეჯ უყრის გზაზე უკან დადევნებულ მამამის აიეტს. ეს უკვე აღარაა მაგიური ქმედება, არამედ მედეა სრულიად რაციონალურ მკვლელობას სჩადის, რათა ამით თავის შეყვარებულს გაქცევის საშუალება მისცეს. იაზონთან და მის თანმხლებ არგონავტებთან მარტო დარჩენილი მედეა თანდათანობით თავის ჯადოსნურ ძალებს კარგავს: მედეას აღარ ესმის მიწის და მზის ხმა, თითქოს იაზონის მიმართ მისმა ობსესიურმა სიყვარულმა გრძნეული უნარები წაართვა. მხოლოდ მაშინ, როდესაც მედეა იაზონზე შურისძიებას გადაწყვეტს, მას კვლავ ესმის მზის ხმა, ისევ იბრუნებს დაკარგულ მაგიურ ძალებს. თავისი მცირეწლოვანი ბიჭების დახოცვით ის კვლავ ძველ მედეად – ქურუმად და ჯადოქრად გადაიქცევა. ამგვარად, საკუთარი შვილების დახოცვა, პროფანული სასიყვარულო დრამის ნაცვლად, საკრალური მსხვერპლშეწირვის შინაარსს იძენს.

პაზოლინის განმარტებით, მედეა არქაულ, მაგიურ ცოდნას განასახიერებს, რომლისგანაც დაცლილია ცივილიზებული იაზონი. იქ, სადაც პრაგმატიკა და სარგებლიანობის პრინციპები ბატონობენ, არ არსებობს არანაირი მეტაფიზიკა. განჯადოებული სამყარო ერთგანზომილებიანია და მხოლოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ირგვლივ ტრიალებს.

მაგდა (1)

გერმანიის პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის ცოლს მაგდას ნაცისტური პროპაგანდა „მესამე რაიხის“ სანიმუშო დედის ხატებად წარმოაჩენდა. მაგდა გებელსს პირველი ქმრისგან ერთი ვაჟი ჰყავდა, იოზეფ გებელსისგან კი ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი – ერთი ბიჭი და ხუთი გოგო. 1945 წლის 28 აპრილს მაგდა გებელსმა თავის უფროს შვილს – ჰარალდ ქვანდტს, რომელიც ამ დროს კანადის სამხედრო ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა, გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა:

„ჩემო საყვარელო ბიჭო, ჩვენ – მამიკო (იოზეფ გებელსი - გ.მ.), შენი ექვსი პატარა და-ძმა და მე – უკვე ექვსი დღეა ფიურერის ბუნკერში ვიმყოფებით, რათა ჩვენს ნაციონალსოციალისტურ ცხოვრებას ერთადერთი სწორი და ღირსეული დასასრული მივცეთ. [...] შენ უნდა იცოდე, რომ მამიკოს ნების საწინააღმდეგოდ, მე მის გვერდით დავრჩი. წინა კვირას თავად ფიურერი შეეცადა, აქედან თავის დაღწევაში დამხმარებოდა. შენ იცნობ დედაშენს, ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს და მეც არ მიჭოჭმანია. ჩვენი დიდებული იდეა აღსასრულს უახლოვდება, და მასთან ერთად ყველაფერი, რაც მშვენიერი, განსაცვიფრებელი, კეთილშობილი და კარგი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. სამყარო, რომელიც ფიურერისა და ნაციონალსოციალიზმის შემდეგ მოდის, არაა ღირებული მასში სიცოცხლისათვის და ამიტომაც ბავშვებიც თან მიმყავს. ისინი საბრალონი იქნებიან იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ შემდეგ მოვა და მოწყალე ღმერთი გამიგებს, რომ მე მათ ხსნას ვუმზადებ. საოცარი ბავშვები – არცერთი დაწუწუნება თუ ტირილი... მათი აქ ყოფნა იმითაცაა კურთხევა, რომ ხანდახან შეუძლიათ ფიურერს გაუღიმონ.

ღმერთს შევთხოვ, რათა ძალა დამიტოვოს, უკანასკნელი და ყველაზე რთული რომ შევძლო. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანიღა გვაქვს: სიკვდილამდე ფიურერის ერთგულება. ჰარალდ, საყვარელო ბიჭო, მინდა ის მოგცე, რაც ცხოვრებამ მასწავლა: იყავი ერთგული! ერთგული შენი თავის მიმართ, ადამიანების მიმართ და ქვეყნის მიმართ! იამაყე ჩვენით და ეცადე, სიხარულით მოგვიგონო...“ 

1 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, მაგდა გებელსმა კაკაოში დასაძინებელი წამალი გახსნა და ბავშვებს დაალევინა. შემდეგ დაძინებულ ბავშვებს თმა დავარცხნა და თეთრი საძილე პერანგები ჩააცვა. შემდეგ, ბუნკერში მყოფი SS-ის ექიმის დახმარებით, მძინარე ბავშვებს ორგანიზმში საწამლავი შეუყვანა. ამის შემდეგ, მოწმეთა გადმოცემით, მაგდა გებელსი რამდენიმე წუთი უხმოდ, განმარტოებული იჯდა და კარტებს შლიდა. ცოტა ხნის შემდეგ, 21 საათზე, მეუღლესთან ერთად თავი მოიკლა.

 

"ნანა"

ილია ჭავჭავაძე     

[...]

დედათა გული ჩვილი
მამულისთვის მაგრდება,
რად მინდა იგი შვილი,
თუ მისთვის არ მოჰკვდება!
ვისაც ძე არ შეუკლავს,
როს მამულს სჭირებია,
შვილო, იმ ვაგლახ დედას
შვილი არ ჰყვარებია! 

მე ისე არ წავხდები,
ნანა, შვილო, ნანები! 

ჩემის მამულისათვის
მე ჩემს ძუძუს გაწოვებ,
მისის სიკეთისათვის
გაგწირავ და გაბრძოლებ...
მას დედის ძუძუ ტკბილი
შხამადაც შერგებია,
მამულისთვის სიკვდილი
ვისაც დაზარებია! 

შენ ისე არ წახდები,
ნანა, შვილო, ნანები! 

იცოდე, ეგ სიკვდილი
მეტი დიდი რამ არი!
უკვდავი არის შვილი
მამულისთვის მომკვდარი!
მამულს მიგცა ზეცამა
და თუ ზედ დააკვდები,
ნუგეშ იცეს დედამა,
რომ კაცი კაცად ჰკვდები.
ნუგეშს ვიცემ მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა! 

სიკვდილის წამში მამულს,
შვილო, შენ გაუღიმებ,
რომ სისხლს, მისგან მოცემულს,
მასვე გმირებ უბრუნებ.
აღსრულდები ღიმილით,
რომ მამულს არ უმტყუნე
და შენ შენის სიკვდილით
მის სიკვდილი დასთრგუნე. 

გაიხარებ მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა! 

თუ ეგრე შენ მოჰკვდები,
ნუ გინდა ნუცა ძეგლი,
ისეც უკვდავ იქნები,
ვით დედის შენის ცრემლი!
ჩემი ნანა ეს არი,
შვილო, მას უერთგულე:
რაც მე სიტყვით გითხარი,
შენ საქმით აღმისრულე! 

ნანა, მამულის მსხვერპლო,
პაწაწინა ქართველო! 

"დედის არქეტიპი"

ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამაარსებლის კარლ გუსტავ იუნგის თანახმად, არსებობს ადამიანის წარმოსახვისა და ქცევის უნივერსალური, პირველადი ნიმუშები, რომლებიც მის სააზროვნო ხატებს და სოციალურ კავშირებს განსაზღვრავენ. ასეთ პირველად ნიმუშ-ხატებს იუნგი არქეტიპებს უწოდებდა. მის მოძღვრებაში ცენტრალური ადგილი დედის არქეტიპს უკავია, რომელიც ბავშვის ფსიქიკური განვითარების ძირითადი ფაქტორია.

დედის არქეტიპი ამბივალენტური შინაარსისაა: ის სიყვარულის საწყისიცაა და შემზარაობისაც, მას ხსნაც მოაქვს და სიკვდილიც, თავისუფლებაც და მისი დაკარგვაც.

იუნგის არგუმენტაცია ძირითადად მსოფლიოს ხალხთა მითოლოგიის, რელიგიური წარმოდგენებისა და ოკულტური სწავლებების ანალიზს ეფუძნება. დედის არქეტიპის ტიპური გამოვლინებაა ინდური ქალღმერთი კალი (კალიმა) – დედა-მიწა, რომლიდანაც ყველა სახის სიცოცხლე ამოიზრდება და რომელშიც ბოლოს ყველაფერი შთაინთქმება. კალი ბადებს სიცოცხლეს და თავადვე კლავს მას.

იუნგის გავლენით ათქმევინებს ჰერმან ჰესე თავისი რომანის „ნარცისისა და გოლდმუნდის“ მომაკვდავ გმირს გოლდმუნდს უკანასკნელ სიტყვებს: „უდედოდ შეუძლებელია სიყვარული, უდედოდ შეუძლებელია სიკვდილი“. წინა ღამეს გოლდმუნდს საკუთარი დედა ესიზმრება, რომელიც მას ჯერ გულში იხუტებს და ეალერსება, შემდეგ თავისი მოალერსე თითებით ნეკნებს უმტვრევს და ახრჩობს.

დედა სიცოცხლის მიმნიჭებელიცაა და წამრთმევიც. ესაა დედობის არქეტიპული შინაარსი. სიცოცხლის წართმევა მხოლოდ მკვლელობის აქტს არ გულისხმობს: ჭიპლარი, რომლითაც ბავშვი დედაზეა მიბმული, არა მხოლოდ მატერიალური სახით არსებობს, არამედ უხილავი ფორმით ფსიქიკაშიც არსებობს. თუ დაბადებასთან ერთად ეს ფსიქიკური ჭიპლარიც არ გაწყდა, მაშინ შვილი მუდამ დედის კალთაზე ჩამოკიდებულ უმწეო არსებად რჩება; დედა კი შვილს საკუთარი სხეულის ნაწილად, საკუთარ ორგანოდ აღიქვამს და მას დამოუკიდებელი არსებობის უფლებას ართმევს. შვილის ცხოვრებას მშობელი ეუფლება და მასში განაგრძობს საკუთარ არსებობას. შვილი, თავისი სიცოცხლის ხარჯზე, მშობლის ცხოვრების გახანგრძლივების საშუალება ხდება.

ლილითი

ბიბლიაში არშესული ერთი ძველი ებრაული ვერსიის მიხედვით, ადამს ჰყავდა პირველი ცოლი ლილითი, რომელიც იაჰვემ ადამთან ერთად გამოძერწა. რადგან ლილითი იმავე მასალისგან შეიქმნა, რომლისგანაც ადამი და არა ევასავით ადამის ნეკნიდან, მას თანასწორუფლებიანობის პრეტენზია გაუჩნდა და სამყაროს შემოქმედი ღმერთის მორჩილებაზე უარი თქვა. ამის გამო უკვე ებრაულმა ტრადიციამ ლილითი დემონად შერაცხა, რომელიც მუდამ ჩასაფრებულია და დაქორწინებული მამაკაცების შეცდენას და ოჯახების დანგრევას ცდილობს.

ამ ხატების შექმნით მონოთეისტურ რელიგიათა სამყაროში საფუძველი ჩაეყარა ურჩი და (მამაკაცისგან) უმართავი ქალის დემონიზაციას, რომლის მთავარი დანაშაულიც თანასწორუფლებიანობის სურვილია.

ქალი მაშინ ხდება სამყაროსა და წესრიგისათვის საფრთხე, როდესაც ის დაქვემდებარებულობიდან გამოდის და მისთვის მიჩენილი მორჩილისა და კდემამოსილის როლისგან თავისუფლდება, რაც უკვე ავტომატურად მამრულ სამყაროს წესრიგზე თავდასხმად აღიქმება.

ყველა ცნობილი არქაული მითოლოგიური წარმოდგენა ქალ(ურობა)ს შესაქმემდელ ქაოსთან, ან მის პერსონიფიკაციებთან – უფორმო მასასთან, ურჩხულთან, გველთან და ა.შ. – აიგივებს, რომელიც მამრმა დემიურგმა უნდა მოთოკოს და გააუვნებელყოს. ანტიკური სამყაროს გმირები (ჰერაკლე, პერსევსი, ოიდიპოსი) დემიურგის ნამოქმედარს იმეორებენ, ანუ ქალ-ურჩხულებს ანადგურებენ. ჰიდრა, მედუზა გორგონა, სფინქსი – გაურჩხულებული ქალებია.

X საუკუნეში შექმნილ და სამღვდელოებისათვის განკუთვნილ ერთ სახელმძღვანელოში (Canon episcopi) წერია: „არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ის ფაქტი, რომ არსებობენ დამნაშავე ქალები, რომლებიც დემონების მიერ შეიცდუნებიან და სატანას მიმდევრობენ...“ იქვე აღნიშნულია, რომ ეს ქალები წარმართულ ქალღმერთ დიანას თაყვანს სცემენ და ღამღამობით ცხოველებზე ამხედრებულები დაფრინავენ. აქედან მოყოლებული, მთელ ქრისტიანულ შუა საუკუნეებში მიმდინარეობდა „კუდიანი ქალებისა“ და ალქაჯების დევნა.

ყველაზე საეჭვოდ, გაუთხოვარი ან დაქვრივებული ქალები ითვლებოდნენ.

დავით კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვებაში“ ქართველი „კუდიანი დედაბრის“ სახეა შემონახული: ეფროსინე ბიცოლა, ქვრივი ქალი, რომელსაც მკითხაობა და ექიმბაშობა შეუძლია. სოფლის მოსახლეობა მას კუდიან ჯადოქრად მიიჩნევს და ყველა უბედურებაში, მათ შორის, ბავშვის მკვლელობაში ადანაშაულებს.

DIES IRAE

„შურისგების დღე“ – ასე ეწოდება დიდი დანიელი რეჟისორის კარლ-თეოდორ დრაიერის 1943 წელს გადაღებულ კინოშედევრს. ფილმში მოქმედება XVII საუკუნის დანიაში ხდება, სადაც ერთ მოხუც ქალს, სახელად მართეს, ალქაჯობის ბრალდებით ეძებენ. ქალი სოფლის პასტორის – აბსალონის სახლს თავს შეაფარებს, სადაც მას პასტორის ახალგაზრდა ცოლი – ანე სხვენზე დამალავს, მაგრამ მაძებრები იპოვიან და აბსალონს მიუყვანენ „დასაკითხად“. აბსალონი წამების გამოყენებით აღიარებინებს მართეს, რომ ის კუდიანია და კოცონზე დაწვის განაჩენს გამოუტანს.

ამასობაში სახლში ბრუნდება აბსალონის ვაჟი მარტინი, რომელსაც დედინაცვალი უყვარდება. ანეს და მარტინს შორის საიდუმლო და ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია ვითარდება. ანე ოცნებობს, რომ მისი ქმარი მოკვდეს, რათა მან თავის გერთან ბედნიერი ცხოვრება შეძლოს. ანე გაუმხელს აბსალონს, რომ მას და მარტინს ერთმანეთი უყვართ, რის შედეგადაც აბსალონს გულის ინფარქტი ემართება და კვდება. აბსალონის დაკრძალვაზე, დედამისი მერეტე, რომელსაც საკუთარი რძალი სძულს, ანეს ჯადოქრობით მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს. მოულოდნელად მარტინიც განუდგება ანეს და ბებიამისის შეთხზულ ბრალდებას ირწმუნებს. სასოწარკვეთილი ანე „აღიარებს“ ბრალდებას და, როგორც კუდიანი, კოცონზე ასრულებს სიცოცხლეს.

 

მაგდა (2)

2015 წლის 20 დეკემბერს პოლიციამ დააკავა თბილისში, დიღმის მასივში მცხოვრები 25 წლის მაგდა პაპიძე. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი - 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

მაგდა პაპიძის საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესი 2016 წლის ივლისამდე გაგრძელდა. ბრალდებულმა არცერთ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პროცესის ბოლომდე დანაშაულს უარყოფდა. ხანგრძლივი მოსმენების შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, ხოლო მოსამართლემ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოში შეკრებილი საზოგადოების უდიდესი ნაწილი განაჩენს ოვაციებით შეხვდა. როგორც არაერთი დამკვირვებელი და კომენტატორი აღნიშნავს, საბრალდებო დასკვნის გამოტანაში, გადამწყვეტი თუ არა, არაუმნიშვნელო როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ მაგდა პაპიძეს საკუთარი მეუღლე არ უყვარდა და ფარულად საყვარელიც ჰყავდა.

 

P.S. სახელი "მაგდა" მარია-მაგდალინას შემოკლებული ფორმაა.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა