ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მარიო ვარგას ლიოსას წერილი ბორხესზე | მოგზაურობა საჰაერო ბურთით



ესპანურიდან თარგმნა  ლანა კალანდიამ
 
მეგონა, რომ ხორხე ლუის ბორხესის ყველა წიგნი წაკითხული მქონდა,  ზოგიერთი - მრავალჯერ,  მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ ბუკინისტური წიგნების მაღაზიაში ერთ უცნობ წიგნს წავაწყდი, სახელწოდებით „ატლასი“, რომელიც ბორხესმა მარია კოდამასთან ერთად დაწერა და 1984 წელს გამომცემლობა სუდამაერიკანამ გამოსცა. წიგნი ფოტოებისა და მოგზაურობის ჩანაწერებისაგან შედგება, გარეკანზე ბორხესისა და მარია კოდამას ფოტოა, რომელზეც გამოსახულია წყვილის საჰაერო ბურთით მოგზაურობა კალიფორნიაში, ნაპის ველზე.

borges

მინაწერები, რომლებიც ფოტოებს ახლავს, უმეტესწილად, გამოქვეყნებამდე ორი-სამი წლით ადრეა დაწერილი. ძალიან მოკლე ჩანაწერებია, ჯერ დამახსოვრებული და მოგვიანებით ნაკარნახევი, როგორც ლექსები, რომელთაც ბორხესი თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში წერდა; მუდამ ზუსტი და გონივრული, ლიტერატურული ციტატებითა და რეფერენციებით გაჯერებული, მათში დიდი სიბრძნე, ირონია და ისეთი ვეებერთელა კულტურაა, როგორიც იმ სამი თუ ოთხი კონტინენტის გეოგრაფია, რომლებიც იმ პერიოდში ავტორმა და ფოტოგრაფმა მოინახულეს (ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ თვითმფრინავებში, მატარებლებში, გემებზე). ამ მინაწერებში გვხვდება ის, რაც ძალიან იშვიათია ბორხესთან: სიხარული, აღტაცება, ცხოვრების ხალისი. ეს შეყვარებული კაცის ჩანაწერებია. ოთხმოცდასამი-ოთხმოცდახუთი წლისამ დაწერა, როდესაც თვალისჩინი რამდენიმე ათწლეულის დაკარგული ჰქონდა და, შესაბამისად, არ შეეძლო, საკუთარი თვალით ენახა ადგილები, რომელთაც სტუმრობდა: მხოლოდ მათი წარმოდგენა შეეძლო. 

ვერავინ იტყვის, რომ ამ ჩანაწერებს ოთხმოცი წლის ბრმა მოხუცი წერს, ისეთი ცხოველი და ახალგაზრდული ჟინი გამოსჭვივის ყველაფრიდან, რასაც ეხება, სადაც ფეხს დგამს; მათში იმ უბნელი ბიჭის  მოწადინება და ხალისი იგრძნობა, რომელსაც შეყვარებული გოგონა ახლახან დასთანხმდა სიყვარულზე. მარია კოდამა, ფაქიზი, მოკრძალებული და იდუმალი არგენტინელ-იაპონელი გოგონა,  ანგლოსაქსონური ლიტერატურისა და სკანდინავიური საგას სასწავლო კურსის  ყოფილი მოწაფე, ბოლოს და ბოლოს, დასთანხმდა და მხცოვანი მწერალი, უეჭველად, პირველად თავის ცხოვრებაში, საპასუხო სიყვარულით ტკბება.

ეს ამბავი, შესაძლოა, არაჯანსაღ ჭორაობას ჰგავდეს, მაგრამ ასე არ არის;  ბორხესის სენტიმენტალური ცხოვრება - მისი სამი ბიოგრაფიის მიხედვით, რომლებიც წამიკითხავს: როდრიგეს მონეგალის, მარია ესტერ ვასკესის, ორასიო სალასი და, განსაკუთრებით, ედვინ უილიამსონის, რომელიც ყველაზე სრულყოფილია, – ნამდვილი კატასტროფა იყო, ერთმანეთზე უარესი კრახი. ზოგადად, კულტურული და ჭკვიანი ქალები უყვარდებოდა, როგორიც იყო ნორა ლანჯი და მისი და, ჰეიდი, ესტელა კანტო, სესილია ინხენიეროს, მარგარიტა გერერო და სხვები, რომლებიც იღებდნენ, როგორც მეგობარს, მაგრამ, როგორც კი მისი სიყვარულის შესახებ შეიტყობდნენ, თავს შორს იჭერდნენ და, ადრე თუ გვიან, ტოვებდნენ. მხოლოდ ესტელა კანტო იყო მზად, უხმაუროდ წარემართა ეს ურთიერთობა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ბორხესმა არჩია გაცლა.  შეიძლება ითქვას, რომ ბორხესს სიყვარულში ჩრდილების თამაში იტაცებდა: მინიშნება და არა დაკონკრეტება. მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში, მარია კოდამას წყალობით, დაამყარა სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც, როგორც ჩანს, მყარი, მძაფრი, ოფიციალური და ორმხრივ ინტელექტუალურ თანაზიარობაზე იყო დაფუძნებული, რამაც ბორხესს ცხოვრების ის წახნაგი აღმოაჩენინა, რომელსაც, მისივე სიტყვებით, მანამდე მოკლებული იყო.

borges3

ერთხელ დაწერა: „ბევრი ვიკითხე და ცოტა ვიცხოვრეო“. თუნდაც რომ არ ეთქვა, ჩვენ მაინც გვეცოდინებოდა, თუკი  წავიკითხავდით მის მოთხრობებს, ესეებსა და უფაქიზესი გონიერებითა და მაღალი კულტურით მომაჯადოებელ პროზას, რომელსაც სიცოცხლისუნარიანობის შემზარავი სიმწირე ახასიათებს. ბორხესის სამყარო მდიდარია იდეებითა და ფანტაზიებით, მაგრამ მასში ადამიანები აბსტრაქციებს,  სიმბოლოებსა და ალეგორიებს ჰგვანან და გრძნობები, სურვილები და სექსუალობის ყველა ფორმა, სულ მცირე, უგულებელყოფილია;  და, თუ ჩნდება სიყვარული, ის ინტელექტუალური,  ლიტერატურული და ასექსუალურია.

ამ სიმწირის მიზეზი, შესაძლოა, მრავალგვარი იყოს. უილიამსონი ხაზს უსვამს ბორხესის ცხოვრებაში მტკივნეულ სექსუალურ გამოცდილებას,  რომლისკენაც ბორხესს მამამ უბიძგა ჟენევაში, როდესაც  ხორციელი სიყვარულის შესაცნობად მეძავთან გაგზავნა. ბორხესი მაშინ ცხრამეტი წლისა  გახლდათ და ის გამოცდილება სრული კრახით დასრულდა; ამ მოვლენამ, მისი ბიოგრაფის მიხედვით,  მძიმე დაღი დაასვა ბორხესის ცხოვრებას მომავალში. იქიდან მოყოლებული, ყოველი სექსუალური ურთიერთობა შფოთის მომტანი, სახიფათო და გაუგებარი გახდა;  ტერიტორია, რომელიც საკმაოდ დაშორებული იყო ბორხესის ნაწერებს. მართალია,  მის მოთხრობებსა და ლექსებში სექსი უფრო არ არის, ვიდრე არის, მაგრამ როდესაც ჩნდება, მას თავისებური ნაღველი და შიში ახლავს („სარკეები და შეწყვილება გულისამრევია, რადგან კაცების რიცხვს ამრავლებს“).  მხოლოდ ატლასის  (1984) და შეფიცულების (1985),  ლექსების კრებულის („თქვენია ეს წიგნი, მარია კოდამა“, „ამ წიგნშია ის, რაც მუდამ თქვენი იყო“)  შემდეგ ჩნდება ფიზიკური სიყვარული, როგორც სასიამოვნო გამოცდილება, რომელიც ცხოვრებას ამდიდრებს.

ფსიქოანალიტიკოსებს კარგი მასალა აქვთ - უკვე საკმარისად ისარგებლეს ბოროტად - ბორხესისა და დედის ურთიერთობის გასაანალიზებლად; სახიფათო დონია ლეონორ ასევედო, დიდგვაროვანთა შთამომავალი, - როგორც თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ჰყვება ესტელა კანტო, ბორხესის ერთ-ერთი იმედგაცრუებული შეყვარებული, - უმკაცრეს ზედამხედველობას უწევდა შვილის სასიყვარულო ურთიერთობებს, დაუნდობლად აშორებდა ყველას, ვინც მის უმკაცრეს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ამ დამთრგუნველმა დედამ გააუქმა ან, სულ მცირე, დააბრკოლა მაინც თავისი სათაყვანებელი შვილის სექსუალური ცხოვრება. დონია ლეონორი გახლდათ გადამწყვეტი ბორხესისა და ელსა ასტეტე მილანის ქორწინებაში 1967 წელს, რომელიც მხოლოდ სამ წელს გაგრძელდა და ბორხესისათვის თავიდან ბოლომდე ტანჯვა იყო, საქმე ისეთ უკიდურესობამდე მივიდა, რომ ბორხესი იძულებული გახდა,  მეუღლეს ისე გაჰქცეოდა, როგორც ტანგოს გულისმომკვლელ ტექსტში წერია.

ეს ყველაფერი მარია კოდამას წყალობით შეიცვალა სიცოცხლის ბოლო მონაკვეთში.  მწერლის მეგობრები და ნათესავები მარია კოდამას თავს ესხმოდნენ, ანგარიშიანსა და ანგარებიანს უწოდებდნენ. ეს უსამართლობაა!  ვფიქრობ, მარიას დამსახურებაა, – დასტურად „ატლასის“მშვენიერი ტექსტის წაკითხვაც კმარა, – რომ ოთხმოცი წლის ბორხესმა ბრწყინვალე წლები გაატარა; ის არა მხოლოდ წიგნებით, პოეზიითა და იდეებით ტკბებოდა, არამედ ახალგაზრდა, ლამაზი და განათლებული ქალის სიახლოვითაც, რომელთანაც შეეძლო, ესაუბრა ყველაფერზე, რაც აღაფრთოვანებდა; გარდა ამისა, მარია კოდამამ აღმოაჩენინა, რომ ცხოვრება და გრძნობები შესაძლებელია იყოს ისეთივე ან უფრო მეტად აღმაფრთოვანებელი, როგორიც ზენონის აპორიები, შოპენჰაუერის ფილოსოფია, რაიმუნდო ლულიოს ფიქრის მანქანა ან უილიამ ბლეიკის პოეზია. ვერასოდეს შევძლებდი ამ წიგნის შენიშვნები დამეწერა,  „ატლასის“ არაჩვეულებრივი გამოცდილება რომ არ მქონოდა. 

არაჩვეულებრივი და მოულოდნელი, სხვათა შორის, როგორც დილის ოთხ საათზე ადგომა  იმისათვის, რომ საჰაერო ბურთზე ახვიდე და საათ-ნახევარი ღრუბლებში, ღია ცაში ისეირნო, სადაც კალიფორნიის გრილი ქარი უბერავს და ვერაფერს ხედავ; შემოიარო ნახევარი დედამიწა ეგვიპტეში ჩასასვლელად, ქვიშა მუჭით აიღო, შორს გააბნიო და დაწერო: „საჰარას სახეს ვუცვლი“. წყვილი ირლანდიიდან ვენეციაში მიემგზავრება, ჩილედან- გერმანიაში, სტამბოლიდან- ნარაში, რეიკიავიკიდან- დეიაში და კრეტის ლაბირინთებამდე მიაღწევს, სადაც, გარდა იმისა, რომ მინოტავრს გაიხსენებს, გზაც დაებნევა და თავის ქალბატონს კიდევ ერთხელ ამ სიტყვებს მიუძღვნის:

„ამ ქვათა ლაბირინთებში უამრავი თაობა დაკარგულა, როგორც მე და მარია კოდამა  დავიკარგეთ ამ დილით და კვლავაც დაკარგულები ვართ დროსა და სივრცეში - სხვა ლაბირინთში“.

როდესაც ვეფხვის კუნძულებზე მოგზაურობდნენ, სადაც ლეოპოლდო ლუგონესმა თავი მოიკლა, ბორხესს  „ტკბილ-მწარე მელანქოლიით“ ახსენდება,  რომ „ყველაფერს სამყაროში ერთი შეხვედრისა და ერთი წიგნისაკენ მივყავართ“. ეს სიმართლე იყო, ადრე.  ბოლო ხანს ყველაფერი, რასაც აკეთებს, ეხება ან წარმოიდგენს, მხოლოდ ლიტერატურასთან კი არა, თავის ახალგაზრდა თანამეგზურთანაც აახლოებს.

სიკვდილის მიჯნაზე სიტყვის დიდოსტატების მიერ შეთხზული ნაწარმოებები  ბორხესისთვის სიცხოველით, სინაზით, ხალისითა და ვნებით აღივსო.

არცთუ დიდი ხნის შემდეგ, 1986 წელს, ჟენევაში, როდესაც  მძიმედ დასნეულებულმა ბორხესმა იგრძნო, რომ კვდებოდა, მარია კოდამას უთხრა, რომ ყველაფრის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ფიზიკური არსებობის დასრულების შემდეგ რამე არსებობდესო. მან, როგორც ძალიან პრაქტიკულმა ადამიანმა, ჰკითხა, ხომ არ უნდოდა მისთვის მღვდელი მოეყვანა. ის ერთი პირობით დასთანხმდა: თუ ორ მღვდელს მოიყვანდა, ერთს  კათოლიკეს –დედის სახსოვრად და მეორეს  პროტესტანტ პასტორს – თავისი ინგლისელი და ანგლიკანელი ბებიის პატივსაცემად.  ლიტერატურა და იუმორი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

პარიზი, სექტემბერი 2014


მასალა მომზადებულია გამომცემლობა "ინტელექტთან" თანამშრომლობით

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა