ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მცველები

ტექსტი ეფუძნება ლევან კალანდარიშვილთან ერთად სეირნობის დროს ჩაწერილ საუბარს. 

ამიტომ თხრობა ფრაგმენტულია. მოითხოვს წარმოსახვის დაძაბვას, ანდა რეკომენდებულია ტექსტით ხელში, იმავე გზის გავლა. 

ჯილდო: 

მოუსმენთ ქალაქს – წაიკითხავთ ნაწყვეტებს ისტორიებიდან, რომლებიც იმ შემთხვევაში ამოდის ზედაპირზე, თუკი ფასადზე ბათქაში გადაიფხიკება. 

შეკრავთ დროისა და სივრცის სარტყელს, რაშიც თბილისს ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში უცხოვრია; და ამ მთლიანობაში გაიგებთ, რა მიკროამბებს და რა საერთო შინაარსებს შეიცავს სხვადასხვა წლებში აგებული შენობები. ზოგს ეტყობა, რომ მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს; ზოგი კი ისეთი სახედაკარგულია ევრორემონტსა თუ „ინდუსტრიალ-მინიმალისტ-ბოჰემიან“ სტილის ქვეშ, არქიტექტორიც ვეღარ იცნობდა. 

ამ ტექსტის ავტორს სურს, რომ გითხრათ: ქალაქს, როგორც ცვლისა და განახლების ყველაზე დაუღალავ ციკლს, როგორც ყველაზე მომხიბვლელ სიმჭიდროვესა და სიჭრელეს, მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როცა ქუჩებში სიარულისას „მესამე თვალი“ აგვეხილება. 

#1 სახლი – პირველ საბჭოთა ბიუროკრატებს

ლეო ქიაჩელის ქ. #5/7

აქ იყო ადრე რესტორანი „ბელვიუ“, ანუ კარგი ხედი. ძველ გაზეთებშიც რომ ნახო, წერია, გეპატიჟებით „ბელ ვიუში!“ – ზუსტად ამ შენობის ადგილზე იყო თუ არა, ეგ არ ვიცი. რუკაა სანახავი, მაგრამ ფაქტია – „ბელ ვიუ“ დგას ვერის დაღმართზე და იქვე ტრამვაი ამოდის, ეს მეცხრამეტე საუკუნეა, როცა კაპიტალიზმი მყარად  იკიდებს ფეხს საქართველოში. 

საბჭოთა წყობის დამყარების მერე აქ აშენებენ ამ სახლს, ახლა რომელსაც მოვაკითხეთ. ესაა სახლი საბჭოთა საქართველოს პირველი თაობის ჩინოსნებისთვის. ათვლის წერტილივითაა ეს ნაგებობა საბჭოთა ხელისუფლებისთვის – ომიანობა დამთავრდა, მშვიდობა დამყარდა, საბჭოთა მთავრობა მომძლავრდა და ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ეკუთვნით ბინები. 

და როგორი ბინები? 

მოდი, ჩავიაროთ, აქედან შევხედოთ. ბოლო სართულზე ხომ ხედავ ფანჯრებს? – მანდ ცხოვრობდა ლავრენტი ბერია. გააყოლე თვალი პირდაპირ, გზის გადაღმა, აი, იმ სახლში კი ცხოვრობდა მიხეილ ჯავახიშვილი. ეგეთი გამჭოლი მზერა იყო მათ შორის. 

სახლი, სადაც ლავრენტი ბერია ცხოვრობდა
სახლი, სადაც მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა

ახლა თვითონ ეს სახლი დავათვალიეროთ კარგად. ნახე – აღარ ეტყობა ის ძველი სამშვენისები, მაგრამ ახლაც კი შეამჩნევ, რომ სადა და თან დახვეწილი პროპორციებით გამორჩეული ნაგებობაა. „თბილისური“ კონსტრუქტივიზმის საუკეთესო ნიმუშია, მისი მსგავსი ერთი-ორიღა თუა შემორჩენილი – ჭონქაძეზე, თბილისელი მეთამბაქოეს ულამაზესი სახლის გვერდით და შარტავას ქუჩაზე, სახლი, სადაც ზურაბ ჟვანია ცხოვრობდა. ხედავ, ეს აივნები როგორ ჰგავს იმ სახლისას? გეგმარებაც შესანიშნავია. სანიტარიული კვანძები, სამზარეულო – განცალკევებული, თვითონ ეს ალათებიც, დანაწევრებაც ორიგინალურია. ძველი თბილისის მდიდრული სახლების სტილიდან არქიტექტორს დიდი ოთახები დაუტოვებია. ახლა ჩვენ ამ სახლის ბინადრების პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობაზე არ ვლაპარაკობთ, იმას ვუსვამთ ხაზს, რომ მათ იციან, როგორია მათი ეპოქისთვის შესაფერისი „კარგი სახლი“. ის უნდა იყოს სადა, არ უნდა „ყვიროდეს“. მერე რა, რომ 30 წლის ლავრენტი ხარ და ძალიან მაგრად დგახარ ფეხზე. მაინც მზად უნდა იყო, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვიდნენ მოსკოვიდან და შენც გკითხონ: ა, გძე ტი ჟივიოშ, ლავრენტი? 

და ეს სახლიც ასეთია – არ ჩანს. ნახე, როგორ დააშორა გზას, რომელიც ისედაც დატვირთულია? ხიდებით დააკავშირა და სიმსუბუქე დაუტოვა დანარჩენ ქუჩას. გვერდით დატერასებული ბაღიც მოუწყო, იტყვი, რომ არქიტექტორმა თბილისის რელიეფი იგრძნო. აი, ეს მოაჯირი ნახე, ოთხკუთხედი ლითონია, მარტივი მოყვანილობის, ვითომ არაფერი, მაგრამ ეტყობა, რომ არ არის ჩვეულებრივი – უბრალო ხერხითაც შეიძლება მიაღწიო დეკორატიულ ეფექტს. და ეს მიდგომა ეპოქასაც ასახავს: სადაა, არაფერია მასში ზიზილ-პიპილო, მაგრამ დახატულია, რა. 

ამ სახლის არქიტექტორია ნიკოლოზ სევეროვი. მისი, მსგავსი ტიპის სახლებით დაპროექტებული მთელი კვარტალი პირველი სკოლის უკან თბილისის ომს შეეწირა. 

ამ დროისთვის კონსტრუქტივიზმს ჯერ მხოლოდ „თეორიულად“ ებრძვიან საქართველოში და მისი იშვიათი ნიმუშების სახით ქართულ საბჭოთა  არქიტექტურაში ჯერ კიდევ იგრძნობა თანამედროვეობისკენ სწრაფვა. 

ამ სახლითაც, ახლა რომ ვათვალიერებთ, აშკარად ვხედავთ, რომ პირველ ქართველ საბჭოთა ბიუროკრატებს გემოვნება აქვთ. თვითონ ლავრენტიც ავლენს ბაქოს ტექნიკურ სასწავლებელში მიღებულ ცოდნას. მეფე უკვე ჩამოგდებული იყო, როცა ეგ შევიდა სასწავლებელში, არქიტექტორობა უნდოდა და მისი ინტერესი არქიტექტურისადმი მერეც არაერთხელ გამოჩნდა – თუნდაც იმელის შენობაში.  

აი, ასეთი სახლი მოიწყვეს პირველმა საბჭოთა ბიუროკრატებმა. სტურუებიც აქ ცხოვრობდნენ, რობერტის მამა ძალიან საინტერესო მხატვარი იყო. ჭიათურის თეატრის პლაფონი თუ გინახავს? გამორჩეული ნამუშევარია. სოფელ შრომაშია კიდევ კულტურის სახლი, სადაც ასევე მისი მოხატულობაა. რაღაც ასეთი დაშვებები იყო იმ ეპოქაში, მაგრამ ვისთვის იყო ეს დაშვება, ვისთვის – არა? რის ფასად იყო დაშვება? ვინ იჩაგრებოდა? ეგ უკვე სხვა ამბავია, ჩვენ ამ არტეფაქტებს ვუყურებთ, რაც დარჩა. 

ეს აღმართიც, ნახე, როგორი ნაფიქრია – მოკირწყლულია, სიმყუდროვე შეუქმნა აქ დასახლებულებს. ამგვარ მიკროგარემოში კარგი აზრია ქვაფენილის გამოყენება – ვარაზისხევისგან განსხვავებით. უხდება ეზოს, სიამოვნებას განიჭებს, ქუჩიდან რომ ჩამოუხვევ, სახლისკენ. 

კოკა იგნატოვის ქალიშვილი აქვეყნებდა მამის მოგონებებს და კოკა წერს, ბერიას დამქაშებს როგორ ხედავდა აქ, ამ პატარა აღმართზე, სახლიდან გამოსულებს, როგორ ტრაბახობდნენ. ეს კოკა იგნატოვის ბავშვობის მოგონებაა. მართალია, ძალიან პატარა იყო და მართალია, მე ცოტა ეჭვით ვუყურებ ხოლმე ბავშვობის ამგვარ მოგონებებს, მაგრამ ეტყობა, დარჩა მეხსიერებაში – სახლიდან გამოსული ეს გასამხედროებული ტიპები, ფრანკოს და მუსოლინის ესთეტიკაში, კაბრიოლეტებით.

აი, მემორიალური დაფაცაა მხატვრის, რომელიც აქ ცხოვრობდა, ადრე ვანო სტურუას სახელიც ეწერა. ბერიას მემორიალური დაფა კი არ ყოფილა, 53-ში მოხსნეს ყველა და წიგნებიც ძალიან იშვიათია, რომელშიც მისი სახელი არ გადაუხაზავთ. 

ამავე სახლში, აი, იმ სადარბაზოში ცხოვრობდა ალექსი ინაური (1954 წლიდან 1986 წლამდე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე). აქვე ცხოვრობდა ერთ-ერთ ოჯახში სამი და, ლამაზი გოგოები. ერთხელ, მეგობარმა ბიჭებმა გადაწყვიტეს ერთ-ერთი დის, ნუნუს შეშინება და კიბის ქვეშ დაუდარაჯდნენ, ამ დროს კი ნუნუს მაგივრად სახლში ინაური შევიდა. ესენიც ეცნენ და გამოვიდა, რომ ნუნუს მაგივრად ინაური შეაშინეს. 

აბა, ამას გახედე – სანამ საბჭოთა ბიუროკრატები დაიწყებდნენ შენებას, იყო ასეთი სახლები ასეთი ბაღებით. და სევეროვმა მათთან მიმართებაშიც, ნახე, ეს თავისი კონსტრუქტივიზმის ნიმუში როგორ ჩასვა? პირდაპირ კი არ დასვა თავისი ნაგებობა ამ ქუჩაზე. აი, თვალი გააყოლე – აქედან, ამ სახლიდან – იქამდე, იმ ძველ ბაღიან სახლამდე. ეს ხიდიც, რაც სევეროვმა გაუკეთა თავის ნაგებობას, თითქოს, ახალს ძველთან აკავშირებს. 

ის წინა ეპოქიდანაა, მეოცე საუკუნის დასაწყისია, ქართული აგურითაა ნაგები, ესეც იმაზე მიუთითებს, რომ… თუმცა, არა, ზევით დააკვირდი – ზედა მხარეს, სადაც მოხსნილია ფენა – მანდ უკვე რუსული აგურია. ეტყობა, რაც იშოვა მშენებელმა, იმით გააკეთა. რომელი რომელია? როგორ ვერა, შენც იცნობ, თუ დააკვირდები ზომას. ის აგური არ არის კვადრატი, ის არის 25-12-6.5. ვახტანგ ცინცაძის წიგნი რომ წაიკითხო – აღწერილი აქვს ეს კვადრატები.

გადავდივართ ქუჩის მეორე მხარეს, ბაღიანი სახლის მხარეს. ერთ შენობაზე, მემორიალურ დაფას ვკითხულობთ. წერია: ამ სახლში 1928-31 წლებში ცხოვრობდა კომუნისტური პარტიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე მიხეილ (მიხა) გრიგოლის ძე ცხაკაია (1865-1950). 

როგორ დარჩა ეს დაფა აქ, არ ვიცი, ეტყობა მაღლა იყო და დაეზარათ ჩამოხსნა. იქით ბერია და მისი დამქაშები, აქეთ ცხაკაია – რატომღაც აირჩია ეს უბანი მაგ დროის ნომენკლატურამ – ჯერ ვაკე არ არის სათანადოდ განვითარებული. 

აი, ნახე, რა კარგი კიბეა. სასიარულოდ კი არის ძალიან ცუდი, ბ-ნი ლონგინოზ სუმბაძე სულ მეუბნებოდა, ლევან, არ გააკეთო ეგეთი კიბე. კარგია მაშინ, როცა სხვა კიბეც აქვს სახლს და სხვანაირად ასვლა-ჩასვლაც შეგიძლია. მაშინ მოგწონს ასეთი – გახსენდება მრეცხავი ვარდო და ეგეთი სენტიმენტები მოდის. ისე, სულ მაგაზე რომ იარო, თავბრუ გეხვევა, კი. 

ვაგრძელებთ გზას ქიაჩელზე ნიკოლაძის კუთხემდე.

აი, მაგალითად, ახლა ამას შეხედე. სევეროვების და ეგეთების მერე გამოჩნდა ყოფილი სამეურნეო მუშაკი ინჯია. ინჯია აშენებს ასეთ სახლს. ასწრებს. უცებ აშენებს. ჰოპ! მაგრამ – გემოვნება? ჰა, რა ქნას, ვერ ქაჩავს. მაგრამ იმან რომ ვერ გაქაჩა, ამისთვის უნდა არსებობდეს საზედამხედველო სამსახური. ადრე იყო უბნის არქიტექტორი, ამოწმებდა, რა ხაზია დარღვეული. აი, ნახე, აქ შეიძლებოდა ერთიანი ხაზი ყოფილიყო სახლებს შორის – ნელ-ნელა გადასულიყო სიმაღლეთა შორის სხვაობა. ამან კიდევ აიღო და ასე პირდაპირ ჩასვა თავისი სიმახინჯე. თან სად? იქ, სადაც პირდაპირ უყურებ აი, ასეთ ლამაზ სახლს, რომელიც კი, ათასჯერ არის გადაკეთებული, მაგრამ რაღაც პეწი მაინც აქვს, მოდერნის დროს დაუწყიათ შენება და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფენა აქვს, მაინც ეტყობა რაცაა. 

„სამხრეთული სპილო“ წაგიკითხავს? – ჰოდა, შედი ამ სადარბაზოში, ის სარკე იქ კიდია ისევ. ეს ყოფილი ყორღანოვის ქუჩაა. 

იმ კედელზე რომ ჩანს, მაგას ეძახიან „ბაღდატკას“ (ხის ძელაკების გადაჭდობით შექმნილი „ბადე“) და მერე შელესვა. უნდა გაიხსნას ეს ფენა, რომ ნახო, ბოლომდე „ბაღდატკა“ იყო ამ კედელზე თუ არა; ანდა უნდა გაარკვიო, რატომ მიაკრეს? თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, როცა ასეთ გარემოში რაღაც ახალს აშენებ, შედეგი კარგი გამოვა, სხვანაირად – არა. 

მიტო თუმანიშვილი აქ ცხოვრობდა, ხელოვნებათმცოდნე და ისტორიკოსი. სულ ქართული არქიტექტურისთვის იღვწოდა თვითონ, მაგრამ ნახე, როგორი იყო მისი სახლი? – ძველი ნაწილი მხოლოდ პირველი სართულია, დანარჩენი საბჭოური დაშენებაა. 

აქ კიდევ – ვინ ცხოვრობდაო? ა, მამამთავრიშვილი დავითი, ქირურგი, ცნობილი ქირურგები იყვნენ. 

აქ კიდევ – პოლონეთის საკონსულო იყო და უი, ნახე, გრიგოლ მუხაძე ცხოვრობდა კიდევ, ექიმი. ის გინახავს? „ივერიაში” წერდნენ ჭიათურელი მაღაროელები, ექიმად დაგვინიშნეს გრიგოლ მუხაძე და არ ჩამოდის ჩვენთანო. არაჩვეულებრივი საავადმყოფო იყო ჭიათურაში. გინახავს ის პოლიკლინიკა ჭიათურაში, რა შენობაა? თუ დააკვირდები, შეამჩნევ, რომ მაგის კიბეები და თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეები ერთი კაცის გაკეთებულია. 

აი, მივადექით პრემირებულ სახლს. ეგაა რა: დაამყარეს საბჭოთა წყობა, ამბობენ, რომ ყველანი თანასწორები ვართო, მეფე აღარ გვყავსო და ამ დროს რეალურად განსხვავება ხომ მაინც არის? იმიტომ, რომ ვიღაცისთვის ასეთ სახლში ცხოვრება შეიძლება, ვიღაცისთვის – მიუწვდომელია. იქ სულ ელიტა უნდა იყოს, რევოლუცია მოახდინეს, აბა და რაღაცით ხომ უნდა დაჯილდოვდნენ? რაღაცით და სახლით. 

მოდი, ეზოდანაც მოვუაროთ. ეს ქალაქი ხომ ასეთია – გარეთა და შიგნით ნაწილი სულ განსხვავდება. ეს ფასადურობა ყოველთვის იყო ჩვენთან. 

ეზოს მხრიდან, ეს ლოჯიები დიდი ფიქრის შემდეგაა ასე მოწყობილი. როგორ უნდა განიავდეს; იმავე ღია სივრცეში რომ უნდა ჰქონდეს საკუჭნაო; ხის რომ უნდა იყოს აივანი. მაშინ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ სამხრეთული ქალაქი ვართ და რომ კლიმატოლოგიის გათვალისწინება შენების დროს აუცილებელია. თორემ ეს ტიპური საბჭოთა პროექტი ხომ იმას ნიშნავდა, რომ ერთი და იგივე სახლი შეიძლება თბილისშიც ააშენო და ნოვოროსიისკშიც. ამ მიდგომის საპირისპიროდ შექმნეს ინსტიტუტები, სადაც მეცნიერულად ამუშავებენ იდეებს, საცხოვრებელი როგორი უნდა იყოს, ქალაქგეგმარება როგორი უნდა იყოს, მერე უკვე ამ ინსტიტუციების მოსპობამ გაამარტივა ბევრი რამე. კი, მათ საპირწონედ შეიქმნა თავისუფალი ბაზარი, მაგრამ ეტყობა ეს გადასვლა მაინც არაა ასე ადვილი. ის ძველი ევოლუციურად განვითარდა. მისი ერთი ხელის მოსმით განადგურება კი… თუმცა იგივე პრობლემები ყველგან არის. 

ამ მოაჯირს არ მიაქციო ყურადღება. თანამედროვე ტრუბა-კვადრატია. 

ა, ქვედა დონეზე მეკითხები? თხრილივით რატომ აქვს სახლს გარშემო შემოვლებული? იქ, დაბლა აკეთებდნენ ჭებს, რომელიც ანიავებდა სარდაფებს. ეს ხომ გრუნტია. ეს ხომ გაბაანთხევია საერთოდ. 

აქ ქვეშ წყალი გადის. 

#2 სახლი – სტალინის პრემიის ლაურეატი. ვითომ თანასწორი, სინამდვილეში პრივილეგირებული მოქალაქეებისთვის

ნიკო ნიკოლაძის ქ. 3

ჰოდა, ასე, გამარჯვებული საბჭოთა კავშირი ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერი საუკეთესო უნდა შევქმნათ ჩვენი ხალხისთვის და ხალხი ვინ არის? ვინ შეასახლეს აქ? უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები. ჩვეულებრივი უწყებრივი სახლია. დოკუმენტურად დგინდება, რომ მე-2 ხარისხის სტალინურ პრემიას (50.000 მანეთს) გადასცემენ არქიტექტორს 1950 წელს.

დიდი ბრძოლებია აქ ბინის დასათრევად, ხალხს ჩუქნიან და აქ რომ ბინას გჩუქნიან, პრივილეგირებული ხარ, აბა, რა ხარ. ფასადიც ნახე, როგორი აქვს, რუსები ამაზე იძახიან: „დაბროტნაია არხიტექტურა“. რუსტირება ბაზალტის, მთელი ეს ელემენტები – არაფერი არ არის მიფუჩეჩებული. 

ამ ეპოქაში არქიტექტორი ჯერ კიდევ ფიგურაა. ამის შემდეგ კი ფიგურა აღარ არის. ბრძოლა სჭირდება, რომ ისეთი შეკვეთა დაითრიოს, რომელშიც მისი ინდივიდუალურობა გამოჩნდება.

ამ სახლის ავტორს გაკეთებული აქვს ის ნაგებობაც ჭავჭავაძეზე, სადაც დღეს „ქართუს“ სათავო ოფისია. ის იმ თაობას ეკუთვნის, რომელმაც ისწავლა ის, რაც მაშინ მიიჩნეოდა თანამედროვედ და მერე უთხრეს, რომ ეგ თანამედროვე მოკვდა, ახლა უნდა აკეთოს ფორმით ქართული და შინაარსით სოციალისტური სახლი. და აი, გააკეთა – ფორმით ქართული და შინაარსით სოციალისტური. და თან ინტერნაციონალურიც, იმიტომ, რომ მეორე მდივნები რუსები იყვნენ იმ დროს. მე მოვესწარი მთავრობაში ეგეთებს – კოლბინებს, ჩურკინებს. 

თუმცა, აქვე ცხოვრობენ მხატვარი შალვა ჩიქოვანი, არქიტექტორი ალექსი მიმინოშვილი, ვნახავთ ახლა მაგათ მემორიალურ დაფებს. ჩიქოვანს ძალიან ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა, მხატვარი ისიც, რა ერქვა? დეა? აქეთ წამოდი. შეიძლება ცოცხალია ახლაც. 

აი, ნახე, მემორიალური დაფა – ალექსი მიმინოშვილის. ნახე, ეს წარწერა დაფაზე, როგორაა გამოყვანილი ასოები? ხელი მართლა კარგი ჰქონდა მიმინოშვილს. დიდუბის პანთეონში მისი საფლავის ქვაზე ხელის მტევანია დადებული. ეს სახლი რომ აშენდა, იყო 35 წლის. ანუ ახალგაზრდა კაცს მისცეს საშუალება, რომ თავისი ნიჭი გამოევლინა, თან ეუბნებიან, რომ რასაც გააკეთებს, უნდა იყოს ქართული. ნახე, ეს დეტალი ეკლესიის თაღის გადამღერებაა. 

აქ ცხოვრობდა უზარმაზარი ნაგაზი, მისი პატრონი გვასწავლიდა სამშენებლო ფიზიკას – ბოლო სართულზე ცხოვრობდა. იქით უფრო ადრინდელი სახლია, ხელოვნებათმცოდნე მაკა დვალიშვილის ბაბუა რევოლუციონერი იყო და იქით ის ცხოვრობდა. დღევანდელ პრეზიდენტსაც აქ ჰქონდა შტაბბინა. დეპუტატები ყოველთვის ქირაობდნენ აქ ბინას საოფისედ. 

მოდი ახლა პარკისკენ შევუხვიოთ და ვნახოთ კიდევ ერთი სახლი, რომელიც სულ სხვა ეპოქის სახეა.


#3 სახლი – თანამედროვე, ევროპული 

ნიკო ნიკოლაძის ქ. 1ა, ლურჯი მონასტრის წინ

აი, ეს უკვე გვეუბნება, რომ დამთავრდა ერთი ეტაპი და ახლა მჟავანაძის წლები იწყება. დრო, როცა მიდგომაც შეიცვალა – მჟავანაძისგან კეთილი ადამიანის იმიჯი შეიქმნა. 

თუ ევროპული ყაიდის სახლი გვაინტერესებს თბილისში, აი, ესაა – ამას უნდა ვათვალიერებდეთ კარგად.

1970 წელს დასრულებულა. შოთა ყავლაშვილისა და ალექსი მაჭავარიანის მეუღლის ქეთევან პაჭკორია-მაჭავარიანის პროექტის მიხედვით აშენდა. აქ ადრე კირაკოზოვები ცხოვრობდნენ, მათი სახლი დაანგრიეს და ეს ააშენეს. ძალიან კარგი, დახვეწილი, თანამედროვე არქიტექტურით, მთლიანია ყველაფერი, გარაჟებიც აქვს, ეზოც – ერთიანია მთელი ეს სივრცე. თითო სართული თითო მობინადრეს ეკუთვნის. თუ არ ვცდები, კოოპერატიული ბინათმშენებლობაა. პირველ სართულზე კირაკოზოვებს მისცეს საცხოვრებელი – რადგან აქ ცხოვრობდნენ ისედაც. კი, კი, აქედან იყიდებოდა ის ცნობილი ნამცხვრები. მაგრამ ყველას კი არ ერგებოდა. როგორც კატია ატაპინა არ კერავდა ყველასთვის, ასე რჩეულთათვის ცხვებოდა მხოლოდ კირაკოზოვას ნამცხვრები.

მერე, ნახე, ერისთავები ცხოვრობდნენ – კოწია ერისთავი, 

შემდეგ სართულზე – თვითონ ალექსი მაჭავარიანი. და გაბაშვილები. 

ამ ხევს გაბაანთხევი მათი გვარის გამო ჰქვია, ხომ გითხარი. 

სადღაც ამავე დროს და შეიძლება უფრო ადრეც, ხდება ვარაზისხევის განაშენიანება. პროექტის ავტორები რეზო ბაირამაშვილი და ნოდარ შოშიტაიშვილი არიან. აქაც ვხედავთ მარტივი და სადა ხერხებით ტიპური განაშენიანებისთვის დამახასიათებელი ერთფეროვნების გახალისების მცდელობას. რომ დააკვირდები, ნახავ – შეტეხილი, საფეხუროვანი, გრძივი მოცულობებია, ცალკე მდგომი ოთხფრთა კოშკურა კორპუსების ერთმანეთთან „შეხმატკბილება“. ბინების გეგმარებაც გაუმჯობესებულია. შემდგომში ისინი „მინისტრთა საბჭოს“ სექციების სახელით „მოინათლა“ და ამ პროექტით მერე რამდენიმე სახლი აშენდა. ამ მიკროუბნის განვითარებას უკავშირდება გახმაურებული „ყალიჩავას საქმეც“, რომელმაც კარგად წარმოაჩინა იმდროინდელი საქართველოს  მდგომარეობა, თავისი „ნეგატიური მოვლენებით“. საერთოდ, იმდროინდელი კოოპერატიული ბინათმშენებლობის ისტორია ჯერ არ არის სათანადოდ შესწავლილი. არადა, საინტერესოა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი – კორუფციული სქემებით, ნაცნობ-მეგობრობით თუ ადმინისტრაციული ზემოქმედებით. უწყებრივი ბინების განაწილება და დავიდარაბა. ამ სახლების სადარბაზოებთან მიკრული მემორიალური დაფები ბევრჯერ გვახსენებენ იმდროინდელი პერიპეტიების მთავარ თუ მეორეხარისხოვან გმირებს. 

ნახე, ეს ჭადრაკის სასახლეც რა კარგად ეწერება გარემოში. უბრალოდ, მაინც მგონია, რომ არ უნდა აეშენებინათ პარკში, დიდია მოცულობით ამ ადგილისთვის. 

ეს სახლი ნახე – მარცხნივ. ეს ერკერებიანი ბინა კარგი იყო ძალიან. მერე ამ სახლის ამშენებელი დაიჭირეს და რამდენიმე ისეთიც მიაყოლეს, ვინც საბჭოთა კავშირის პირველ წლებში იდგა სათავეში – ვინც დაამყარა რეალურად ეს წყობილება. იმ პირველ წლებში თვითონ ხოცავდნენ სხვებს, მერე კი უკვირდათ, რომ მათნაირებსაც იჭერდნენ და სჯიდნენ. თუმცა, ისინი იმიტომ კი არ დასაჯა სისტემამ, რომ დანაშაულად ჩაუთვალეს პირველი წლების სისასტიკე, არა, აფრთხილებდნენ, ჭკვიანად იყავით, თორემ… ჩვენ ვიცით, ვინ არის ჩვენი ერთგული და ვინ არ არის. მარტივი საბაბიც ალბათ საკმარისი იყო დაჭერისთვის. 

ეს ერკერი-მეთქი, ნახე, რა ლამაზია. აქ ძალიან კარგი ინგლისურის მასწავლებელი ცხოვრობდა. მამამისი, ქავთარაძე რევოლუციონერი იყო, რომელიც გადაასახლეს. სტალინმა მოიკითხა მერე, სად არისო, ციმბირშიო, უპასუხეს, ჰოდა, დააბრუნეთო და დააბრუნეს. ჯერ მოლდოვაში, მაგის მერე კი რუმინეთში გაუშვეს ელჩად. კარგი ცხოვრება ეღირსა ბოლოს, მაგრამ უკვე ხომ ნანახი ჰქონდა, რა არის ეს სისტემა, რაზე დგას. აი, მისი ქალიშვილი იყო ინგლისურის კარგი პედაგოგი, სვეტლანასთან ერთად სწავლობდა, სტალინის ქალიშვილთან ერთად. აქ იღებდა მოსწავლეებს.

იქით, ჭოველიძის კუთხიდან გაყოლებაზე მთელი ის მხარე, 1955-57 წლებშია გაშენებული. მანდ, ერთ-ერთ სადარბაზოსთან, დაფაცაა – სოსო გრიშაშვილი ცხოვრობდა. კი, თვითონ ბოჰემა იყო სოსო, მაგრამ მაინც მისცეს ბინა აქ, ეტყობა, რაღაცა საერთო ნახა სისტემასთან. 

იქით ცხოვრობდა მარინა აფხაზი, გენერალ კოტე აფხაზის და, კირა მიქელაძის დედა. უცნაური ცხოვრებაა, რა. ამ ტანჯულ ადამიანებს რომ რაღაცას აძლევ და ამით რაღაცას ავიწყებ. მაგრამ ესენი იღებენ მაინც საჩუქარს, თუნდაც სახლებს და სხვებზე, უცნობ ტანჯულებზე რა უნდა თქვა. 

მოდი, უკან, ნიკოლაძეზე ჩავუხვიოთ, იქით გავაჩერე მანქანა. ჭავჭავაძეზე ავიდეთ, ვნახოთ ის თბილისში ერთ-ერთი პირველი სახლი-კომუნა. 

უი, ეს გითხარი? აქვე, ამავე სახლში, 1990-იანებში იყო ერთ-ერთი პირველი ქართული კოოპერატივი, „მარჯანი“ – გემრიელი ტარხუნის ღვეზელი ჰქონდათ. 

ნახე, როგორი მოაჯირი აქვს კიბეს მაგ სადარბაზოში? ხელი რომ კარგად დადო. აი, კარებიც როგორია – კი, საბჭოთა დროა, კონსტრუქტივიზმია, სიმარტივეა, მაგრამ კარები ასეთი უფრო მოეწონათ. 


#4 სახლი – ადრესაბჭოური „სამოთხე“

ილია ჭავჭავაძის გამზირი 22

ახლა კი ვნახოთ, როგორია საბჭოთა კომუნა - როგორ წარმოუდგენია მუშათა ერთობა და მყუდრო ცხოვრება ხელისუფლებაში ახლად მოსულ ბიუროკრატიას.

მარიამ ჯანდიერია ამ სახლის ავტორი. სულ ასეთი დერეფნული სისტემა აქვს, აქედან შედიხარ, იქიდან გამოდიხარ და უკან ბრუნდები.

კონსტრუქტივიზმი – წმინდა სახის, ნახე, როგორი ორიგინალური ფანჯრებია. აი, ასე დერეფნიდან შედიოდა საბჭოთა მუშა თავის კუთვნილ ოთახში. 

ნახე, რა კოხტად არის გადაბმული ეს სართულები. ბინებს, როგორც მცხოვრებლები ამბობენ, საერთო სანიტარიული კვანძები აქვს, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ჰქონდა თავისი, საკუთარი აბაზანა და სამზარეულო.

აქეთაც ასეა, ნახე, გზა ერთ ფლიგელში შედის, წრეს აკეთებს და მეორე მხარეს ისევ სადარბაზოს კიბეზე გამოდის. 

მობრძანდით აქეთ. უი, უკაცრავად, გამარჯობა, შემოგეჭერით.

დერეფნიდან ვხვდებით ნათელ, ფანჯრებიან სამზარეულოში. ხის ფიცრებითაა კედლები გაწყობილი, ცივა ფარღალალა ოთახში. ბამბაზიის ხალათში ჩაცმული, შუა ასაკის ქალი, ემალის წყლიან თასში დათლილ კარტოფილს ჭრის.

ეს ჩვენი სამზარეულოა. მობრძანდით, მობრძანდით, რამე გაინტერესებთ? 

არა, ნუ წუხდებით, ვათვალიერებთ ამ ბინებს და ვიხსენებთ აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის მუშა-მოსამსახურეების ისტორიას.

ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. 1928 წლიდან ცხოვრობს ჩემი ოჯახი აქ. 

სახლი-კომუნა იყო ჩვენი სახლი და იცით – თავისი მინუს-პლუსებით.

ბევრი დადებითით. გაჭირვებაში რომ ადამიანი გვერდში დაგიდგება, თან კარის მეზობელი – ასეთი იყო თავიდანვე ეს სახლი. სანამ ნათესავი გაიგებდა, ჩვენ უკვე ერთმანეთის ჭირისუფლები ვიყავით. ვიღაც სულ კარზე აკაკუნებს, ლხინშიც ერთად ვართ, ყოველდღიურობაშიც.

ეს მაცივარი ნახე, რა – „სარატოვი“.

როგორც ვიცი დედაჩემისგან, ჩემებისგან, ამ სახლის ინჟინერი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაამახინჯა პროექტი, ციხეში ჩასვეს. 12 წელიწადს იჯდა, რადგან ის არ ააშენა, რაც ჩანაფიქრში იყო და სახეზეა შედეგიც – საერთო სამზარეულოები და საპირფარეშოები გვაქვს. ისე კარგი აგებულია. მტკიცეა. 

ეგ კიდევ სანახავია, არის ამ სახლის პროექტი – აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის სახლები მარის ქუჩაზე – მარის ქუჩა ერქვა, მერე გახდა ჭავჭავაძე. დაკეტილია არქივი, თორემ ნახვა ღირს.

ეს „ბაღდატკა“ არ არის? 

კი, „ბაღდატკებია“ სუყველა კედელი, მაგრამ ჯანმრთელია, სუნთქავს. 

კი, გაჯითაა შელესელი. 

ეს კარიც დარჩენიათ იმ დროიდან, საპირფარეშოს კარი, ზედ ძველი ნიშანი ადევს, ჩარჩოც 1930-იანი წლებიდანაა, ყველაფერი. 

არ გეგონოთ, აქ ჩვენ რამე შეგვეცვალოს. ისაა, რაც ჩაგვბარდა. გვინდა, რაღაც ახალი აგვიშენონ, უკეთესი ცოტა. 

რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი არ იყო, მსგავსი სახლი-კომუნა დიდუბეშიც არის. და აქვე არაყიშვილის კუთხეშიცაა დაახლოებით ასეთივე კომუნალური სახლი. 

მაგრამ ეს მაინც ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია თავდაპირველი საბჭოური ხედვის. კომპლექსს ჰგავს, ერთი დიდი კვარტალია. 

ახლა რომ ვუყურებ, კარგად შეიძლება ამის გაკეთება. ოღონდ ისე, რომ დარჩეს ძველიც.

ის ძველი მახსოვრობაც დარჩეს. 

ფოტო: ნათია შარმიაშვილი