ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

მდინარე | მედეა იმერლიშვილი

მდინარეებმა 
გამოარღვიეს ჯებირები. 
დრო იყო შეერთების, შერწყმის. 
დრო გაჩერდა. ყველაფერი იყო ადრეც, 
მოხდა ადრეც, რაც გვამღვრევს, 
რაც ჩვენს წილ მდინარეს შერთავს სხვათა მდინარეს 
და ერთმანეთში არეკლავს. 
ყველაფერი წამში იყრის თავს, 
და ეს წამი სამყაროს ღამესავით იზრდება. 
სამყაროს ღამესავით იკრებს ყველა ხმას 
და ყველა ტკივილს. 
გგონია, აღარ გათენდება, 
გგონია, მარადი ღამე ჩამოწვა და მიწა იძრა, 
და მიწაც სამყაროს უკუნეთს შეერწყა, 
და ხმა იყო ისეთი ხმამაღალი, 
ასცდა ყველა ზღვარს, ჩასცდა ქვესკნელს. 
ჩემი ტანი ძრწოდა, ჩემი მიწა ძრწოდა, 
ჩემი მდინარე სხეულის კედლების 
დალეწვას ლამობდა. სადღაც იქით, 
წყლის მეორე ნაპირზე, ღამის ნაპირზე, 
კაცი ყვავილებს რწყავდა, ფანჯრის 
რაფაზე ჩამორიგებულ 
ქოთნის ყვავილებს.