ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მე არ ვქმნი

პირველად გამახსენდა, უფრო სწორად, პირველად ვიპოვე მომენტი, რაღაც ვთქვა გორდონ გეკოზე. გახსოვთ „უოლ სტრიტი“? სხვების აზრი არ ვიცი, 90-იანებში, აგურისფერი პიჯაკების ხანაში, რაღაც ძალიან მომწონდა ეს კაცი. მისი სიხარბე. ცნობილი გამოსვლა სიხარბეზე. თავბრუდამხვევი, აწყვეტილი ლამაზი ცხოვრება, კაცი კოლექციონერია, ნახატებს ყიდულობს, სხვათა შორის, ოფისში ხეები უდგას. პირდაპირ საწერი მაგიდის უკან. კადრში ხშირად ხვდება.

„ვიღაცამ გამახსენა, როგორ ვამბობდი 80-იანებში, რომ სიხარბე კარგი რამეა“, – ახალ „უოლ სტრიტში“ ამბობს. „ახლა სიხარბე კანონიერია“, მერე, რამდენიღაც წლის თავზე ამბობს ციხიდან გამოსული გეკო, მეორე „უოლ სტრიტში“.

ზუსტად ვერ ვამბობ, რამდენი პროცენტით მომწონდა გორდონ გეკო. გეკო, რომელიც ამბობდა – „მე არ ვქმნი, მე ვფლობ“, და ხალხი, რომელმაც ცხოვრებას ხარისხი ვერ გაუგო, ექსტაზშია.

გეკოს მასშტაბი აქვს, გეკო ნიჭიერია, გეკოს ახალგაზრდები აინტერესებს (გეცნობათ?), პატარა ბად ფოქსებს მისით ექსტატური აღფრთოვანება სჭირთ. დიდი, მაცდუნებელი ინსტინქტი ფეთქავს ამ კაცში. ნადირობს პატარა ბად ფოქსების სულებზე. მაპატიეთ, ცოტა სხვა ქართული ანალოგისკენ გადავუხვიე.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ამ დეგენერატიზმიდან მოდის, ეს ძალიან ტიპურია. პოსტსაბჭოთა ადამიანების უზარმაზარი პროცენტი აუცილებლად სიხარბის მსხვერპლი დეგენერატი იყო.

კი, მერე ყველამ მოვიბეზრეთ ის პირველყოფილი სიხარბე. ახლა უკვე ვიცით თითქმის ყველაფერი. მაგრამ გვიანია. დიდი, დიდი ირონიაა: პატარა თმაგადაგლესილმა ბად ფოქსებმა საქართველოში თავისუფალი ბაზარი მაღალ კვარცხლბეკზე შემოდეს, მერე მოვიდა მეორე გეკო, იჩხუბეს, ერთმანეთი დაკბინეს, მაგრამ ბად ფოქსები საკუთარივე სისტემის ხრიკებით დაამარცხეს. ფული აქვს და ყიდულობს. დიდ კინემატოგრაფიულ კითხვაზე „იზ ით ლიგალ?“, პასუხია: ყველაფერი კანონიერია. ამ ათუხთუხებულ ჭაობში ძირს იმაგრებს და ხარობს „საჭირო კაცი“, ყიდულობს ნახევარ ქვეყანას – მეორე ნახევარი გაჩუქებულია, სულიერი მამების ჯიბეშია ქრთამად ჩაცურებული. ამ ქვეყანას უბრალო ფორმულა სჭირდებოდა, რომელსაც კანონის ჩარჩოები ჰქვია. განტოლების იქსში ვინც არ უნდა ჩამჯდარიყო, ხელები დამოკლებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მთავრობამ ზარდა და შექმნა მორჩილი და ხელგამოწვდილი საჭირო (არასაჭიროც, სხვათა შორის) „ადამიანების“ ერთობლიობა, დღეს სულ ესაა საზოგადოება.

„მე არ ვქმნი, მე ვფლობ“.

ისე მეც გავტოპე, რაის გეკო. გეკოს სიხარბე მარტო ფულს არ სწვდება, იქ სიცოცხლის, ცოდნის, სილამაზის ჟინზე და სიხარბეზეა ლაპარაკი. რაღაც მაცოცხლებელი და გადმომდები ხომ არის ამ პერსონაჟში. მაიკლ დუგლასია, ბოლოს და ბოლოს. თუ გეკო ხარ, ისე მაინც ქენი, რომ ბანალურ დეგენერატად არ გამოჩნდე, იყავი შემოქმედი დეგენერატი. ნუ ამოთხრი, დარგე. ნუ დაანგრევ, არქიტექტურის შედევრების დატოვება შეგიძლია ქალაქში. იგრძენი, რომ ადამიანების მოდგმას არ სძინავს, ისევ ახალი ფორმების და ახალი სიცოცხლის ძიებაშია. თუ მასშტაბურობაზე გაქვს პრეტენზია, აკეთე მასშტაბური, რისკიანი და ნიჭიერი სიგიჟეები. ჩადე ფული იმაში, რაც ხვალინდელი დღეა. ალტერნატიული ენერგეტიკა. თითქმის არავის სჯერა, რომ საქართველო რევოლუციური სიახლეების გზით წავა. მიდი, შენ დააჯერე. თუ მოწყენილი ხარ და თამაში გინდა, მაგ სამ ხეს თავი დაანებე, გონების ევოლუციის უახლესი პროდუქტები დანერგე იქ, სადაც დაიბადე.

 

 ავტორი: ქეთი ქანთარია

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა