გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მეთერთმეტე ჟამის მწერალი | შოთა იათაშვილი



დიმიტრი წიკლაური - “ქორების მიწა” (გამომცემლობა “ინტელექტი”), 2021

 

დიმიტრი წიკლაური ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორია, მიუხედავად იმისა, რომ იგი თანამედროვე ქართველი მწერლების სტანდარტულ წრეში არასდროს მოიაზრება და განიხილება ხოლმე. ის სისტემატურად იბეჭდება საუკეთესო ქართულ პერიოდიკაში, ბევრი წიგნიც აქვს გამოცემული (თუმცა კი ძირითადად თვითგამოცემის წესით და ეს რომანი მგონი პირველი შემთხვევაა სერიოზულ გამომცემლობასთან მისი თანამშრომლობისა), ჰყავს ერთგული მკითხველის ვიწრო წრეც, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჯერჯერობით საკმარისი არაა იმისათვის, რომ იგი მნიშვნელოვან ქართველ ავტორთა სიაში ჩაეწეროს, და ამას თავისი მიზეზები აქვს: სუბიექტურიც და ობიექტურიც. სუბიექტური თავად მისი ბუნება და მწერლობისადმი დამოკიდებულებაა. ის, რასაც თანამედროვე საგამომცემლო ბიზნესი ითხოვს: ავტორის სხვადასხვა სახის აქტიურობა, საკუთარი ტექსტების რეკლამირება, “ცნობად სახედ” ტრანსფორმირება - მისთვის სრულიად არაორგანულია. მისთვის ტექსტის საკრალური სივრცე აბსოლუტურად თვითკმარია და როგორც ავტორი არასდროს ცდილობს ტექსტის გარედან ლაპარაკს, პირიქით, მუდამ ბოლომდე ჩამალულია მასში. ობიექტური მიზეზები კი უფრო ღრმა და საინტერესოა და ამ რომანის მოკლე ანალიზიც მცდელობა იქნება მასში უკეთ გარკვევისა.

დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი საძირკველი პოეზიაა. დიდი ხანი ის მხოლოდ ლექსებს წერდა, უფრო ზუსტად კი პოემებს. იგავის ტიპის პოემები თანდათან მის მთავარ სალექსო ფორმად ჩამოყალიბდა. ეს პოემები თითქმის ყოველთვის ერთი მთავარი პროტაგონისტის ფიგურის ირგვლივ იგებოდა (“ცოდვილი გახა”, “მათხოვრის ქისა”, “მზიდავი”, “ეკლების კრეფა გვირგვინისათვის”, “შებინდების პოეტი” და სხვა), სალოსებზე, გლახაკებზე, მწირებზე, ბერებზე მონაყოლ ისტორიებს წარმოადგენდა და გამოირჩეოდა დაუჯერებელი მეტაფორული სიუხვით, პოეტური თხრობისას გაჩენილი ბუნებრივი სენტენციურებით, ვერლიბრისა და კონვენციური ლექსის ერთნაირი ოსტატობით ფლობის უნარითა და ენის სისუფთავითა და სიმდიდრით. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ეს ჟანრი ავტორმა შინაგანად მაქსიმალურად ამოწურა, ის თანდათან მოთხრობებზე გადავიდა (“ყვითელი ნიშნით აღბეჭდილნი”, “კარაბოკის ქვა”, “აგურის მეფე”, “ხომლის ჩიტები” და სხვა). ამ მოთხრობებს იგავური ხასიათი შეუნარჩუნდა, ავტორი ერთგული დარჩა იმ ენისაც, რომელიც ამ პოემებში ჩამოუყალიბდა, თუმცა რაღაც ახალიც გაჩნდა, ამ მოთხრობებს კლასიკური სათავგადასავლო პროზის თუ ზღაპრების ფაქტურა დაეტყო შიგადაშიგ და კომპოზიციურად მეტად გაიშალა. ჩანდა, რომ დიმიტრი წიკლაური თანდათან მეტი მასშტაბურობისკენ ისწრაფოდა და ადრე თუ გვიან მისი სამყარო რომანის ფორმატს მოითხოვდა. ასეც მოხდა, ოღონდ დავაზუსტებ, რომ “ქორების მიწა” არაა მისი პირველი რომანი. პირველი რომანი “ლივერპულის მოწყალება” 2014 წელს იბეჭდებოდა ჟურნალ “ლიტერატურულ პალიტრაში” და დღემდე წიგნად არც გამოსულა.

ასეთია დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი გზა, და მისი თუნდაც ასე მოკლედ აღწერა მე ამ შემთხვევაში აუცილებელი მომეჩვენა, ვინაიდან ეს ძალიან დაგვეხმარება “ქორების მიწის” ესთეტიკური თუ შინაარსობრივი პლასტების დანახვაში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რომანში შენარჩუნებულია გამორჩეული პოეტური ენა, სავსე მეტაფორული სიუხვით თუ ბუნებრივი სენტენციურობით. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ რომანი ვითარდება იმ გარემოში, რომელსაც წლების განმავლობაში ავტორი ქმნიდა საკუთარ პოემებში. დაწყებული ლოკაციებით (ქალაქი არაქანი, შავრას სანახები, მდინარე ქორიშა) და დამთავრებული პერსონაჟებით  (პოემების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, სალოსი მალქოზი აქაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გადმოდის და პოემების ერთი-ორი სახე აქაც გაკრთება). მართალია, რომანში ძალიან ბევრი ახალი პერსონაჟი შემოდის და სრულიად ახალი მასშტაბები იშლება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც იმ სივრციდანაა ამოზრდილი, რომლის გარეგნული იმიჯები და ენობრივი ესთეტიკაც დიმიტრი წიკლაურს უკვე ბოლომდე გაშინაგანებული აქვს.

“ქორების მიწა” ფიგურალური რომანია.

აქ ღმერთკაცების ძალა და სუნთქვა იგრძნობა (მდინარისათვის კალაპოტის შეცვლა), ბედისწერა ისეთივე აქტიურია, როგორც ანტიკურ დრამებში (შვილი მამას კლავს), პროცესები მთელ ციკლს გადის (გერას აღზევება და დაცემა, ქორების მიწაზე ქალაქის აშენება და გაპარტახება), ნაჩვენებია მეომრის ფუჭი თავგანწირვა (გაბრიელ დარბაიძე) და ხელოვანად ჩამოყალიბების ფაზები (ხატმწერი ბეზარო და პოეტი გობრონი), ანუ დიდი ვნებები ტრიალებს, თუმცა ეს არაა ფსიქოლოგიური რომანი. დიმიტრი წიკლაური ქმნის ფიგურებს და მათ ერთმანეთს აჯახებს, ერთმანეთთან ამყოფებს, მერე აშორებს, ბოლოს ისევ ერთმანეთთან კვეთს და ყველაფერ ამას განცდით, მაგრამ გარედან უყურებს.

აქ სხვადასხვანაირი ცხოვრების გზებია, ერთმანეთში საბედისწეროდ გადახლართული და ეს გზები ქმნის რომანის ქსოვილს, საიდანაც ფსიქოლოგიზმები კი არა, ფიქრები მოჟონავს

საიდანაც ზნეობრივი, ფილოსოფიურ-რელიგიური, ხელოვნების არსის გასააზრებელი საკითხებია წინა პლანზე წამოწეული. და რომანში ამ პროცესების მთავარი მამოძრავებელი ძალა სალოსი მალქოზია, საკუთარი მუდმივად წინააღმდეგობრივი ბუნებით, პარადოქსულობით და ირონიით. ალბათ თითქმის ყველანაირი პერსონაჟის შექმნაა შესაძლებელი მწერლური ნიჭითა და ფანტაზიით, კონკრეტული გამოცდილების გარეშე, მაგრამ ის, რომ სალოსის მეტყველება და ქმედებები მხოლოდ მწერლური ალღოთი ბოლომდე ზუსტად ამოიცნო - ცოტა დაუჯერებელია. ამიტომ სწორედ აქ იკითხება დიმიტრი წიკლაურის ცხოვრებისეული ხაზიც - ჩანს უშუალო კონტაქტი იმ სამყაროსთან, რომელსაც აღწერს, ჩანს, რომ სალოს მალქოზს თავისი პროტოტიპი ჰყავს, რომელიც ავტორს არაერთხელ უნახავს და რომლისთვისაც არაერთხელ მოუსმენია - წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ასეთი დამაჯერებელი ენერგეტიკა ამ პერსონაჟისგან ვერ წამოვიდოდა. 

ამ რეცენზიის დაკვირვებით მკითხველი სავარაუდოდ უკვე იგრძნობდა, თუ რაა მიზეზი იმისა, რომ დიმიტრი წიკლაური ჯერჯერობით თანამედროვე ქართველ მწერალთა ჩამონათვალში თითქმის ვერ ხვდება. მისი ტექსტები ხომ “აქტუალურ თემატიკას” არ ეხება, არც მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზეა დაწერილი, არც ტაბუებს არღვევს და არც განსაკუთრებული გამბედაობით გამოირჩევა. ისინი თითქოს “ძველია” (თუმცა არანაირად ძველმოდური) მთელი თავისი “მარადიული თემატიკით”, მაგრამ ეს ხომ ავტორის ცნობიერი არჩევანი და ესთეტიკური პოზიციაა. მას მართლაც ძველი მწერლებივით შეუძლია თუნდაც პეიზაჟების ვრცელი აღწერებით დახუნძლოს რომანი, მაგრამ ეს პეიზაჟები ისეთი მოულოდნელი და ცოცხალი მეტაფორებით დახატოს, რომ შეუძლებელი გახდეს მათი გამოტოვება, მათზე გადახტომა. ეს ჯადოსნური პეიზაჟები ხომ იმ სინათლეს აშუქებს, რაც ქმნის რომანის ატმოსფეროს და მთელ წიგნს ედება. დიმიტრი წიკლაურმა კარგად იცის, როგორ შექმნას ნაწარმოების მთლიანი იდუმალი ველი და ის ამისთვის ძველი ოსტატების მეთოდებს ახლებურად და ზუსტი გათვლით იყენებს. 

რომანში ხატმწერი ბეზარო მეთერთმეტე ტაძარს ხატავს, რაზეც მალქოზი ეუბნება, ყველანი მეთერთმეტე ჟამის შვილები ვართო. სალოსი აქ “მეთერთმეტე ჟამის იგავზე” მიანიშნებს მათეს სახარებიდან, სადაც ვენახის პატრონი სამუშაოზე სულ ბოლოს, მეთერთმეტე საათზე აყვანილ მუშაკს შრომის საზღაურს იმდენსავეს უხდის, რამდენსაც გაცილებით უფრო ადრე აყვანილებს, განთიადზე მისულთ. ეს მინიშნება ძალიან სიმბოლურია, რადგან ჩემთვის, რაღაცნაირად, თავად დიმიტრი წიკლაურია მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, უფრო ზუსტად კი მეთერთმეტე ჟამის მწერალი, რომელიც ლიტერატურის სამსახურში მაშინ ჩადგა, როცა “ძველ მწერლებს” უკვე ბევრი ჰქონდათ ნაშრომი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასაც ისევე მიეზღვება, რამდენიც იმათ, რომლებიც ძველ და დიდ ლიტერატურას ქმნიდნენ. და არა უშავს, თუ დღეს იგი “ძველებსა” და “ახლებს” შორის ჩაკარგული ჩანს, საბოლოოდ მას თავისი ერთი დინარი ამ თავისი დაგვიანებული თავდაუზოგავი შრომისათვის მაინც გადაეცემა, და გადაეცემა როგორც ძველი ეპოქებიდან წამოსულ ძალიან თანამედროვე ქართველ მწერალს.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა