გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მოგზაურობა ჯანდაბაში

ჯანდაბაშიც ორშაბათი იწყება შაბათს:

თეირანში აკლიმატიზაციის პირველი დღეები საკმაოდ რთული აღმოჩნდა მითუმეტეს, რომ უამრავი ბიუროკრატიული საკითხის მოგვარება გახდა საჭირო. ვიზას არ ვგულისხმობ... საბანკო ბარათის, ტელეფონის ჩართვას და ინტერნეტთად ნორმალური კავშირის მიღწევა ცალკე თავგადასავალია. 

სხვადასხვა გზამკვლევების და ბლოგერების გადმოცემით, აეროპორტში მსურველებისთვის ტურისტულ ბარათს გასცემენ, სადაც ქვეყანაში მოგზაურობისას ნაღდი ფულით სიარულისგან თავიდან ასარიდებლად, თანხის დარიცხვა და შემდეგ ადგილობრივი ბანკომატებიდან განაღდებაა შესაძლებელი. ოთხი-ხუთი საათი იქნებოდა საბაჟო რო გამოვიარე, მსგავსი ვერაფერი ვნახე, კაფეების გარდა უმეტესი ადგილები დაკეტილი დამხვდა და ქალაქში აღება გადავწყვიტე. სანქციების გამო ირანში სვიფტი დაბლოკილია და შესაბამისად საერთაშორისო ტრანზაქციებიც შეუძლებელია. როდესაც თეირანში ხარ ალბათ არაფერი, მაგრამ სოლფებში წასვლასაც თუ აპირებთ, ქეშით სიარული არც ისე კომფორტული უნდა იყოს. კრიმინალი თითქმის არაა, მარა მაინც პოტენციურ სამიზნედ რჩები ვიღაცისთვის და რატო გავრისკო ხანგრძილივი მოგზაურობის ბიუჯეტითმეთქი. 

მოკლედ მეორე დღესვე ბანკებში სიარული და ტურისტული ბარათის მოკითხვა დავიწყე. მათმა უმეტესობამ ვერც კი გაიგო რას ვეუბნებოდი, სანამ მელი ბანკში არ მოვხვდი. დავამტვრიე ინგლისური რაც შემეძლო, გურჯი ვარ ტურისტული ბარათი მინდამეთქი, მაგრამ არ გვაქვს, დიდი ხნის წინ გავაუქმეთ, გარდეშგარეს ბანკში მოიკითხეთო. ბევრი ძებნის და მინიშნების მიუხედავად, მაინც ვერ ვნახე. იქვე ტურიზმის ბანკში შევედი, რომელიც გარდეშგარე აღმოჩნდა, მაგრამ თურმე ასეთი ბარათი არც არასდროს ქონიათ. ბევრი რო არ გავაგრძელო ხელი მქონდა ჩაქნეული, სეფა ბანკში ცდაც რო გადავწყვიტე. დაახლოებით ექვს ლარად ჩვეულებრივი ირანული ბარათი გამიხსნეს, სულ ვაშაკიძეთი მომმართავდნენ, სახელი ეგონათ და ხუთშაბათს დამიბარეს, ორი დღე უნდაო. ხუთშაბათი და პარასკევი დასვენების დღეებია, მარა მაგას ვინ ჩიოდა. ხუთსაბათს ფერდოსის მოედანზე ზრდილობის გულისთვის გასეირნება მომიწია და როგორც იქნა შაბათს, სატესტოდ რაღაც დეპოზიტი შევიტანე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ბანკომატიდან დღიურად მხოლოდ თექვსმეტი დოლარის ექვივალენტის განაღდება შეიძლება. 

მოკლედ ისევ მეორე დღეზე, უკვე კვირაზე გადამედო ყველაფერი. ყველა ოფისი არ ახურდავებს თანხას. იგივე ბანკის ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეიძლება ცალკე შენობაში მდებარეობდეს. ჩემს შემთხვევაშიც ესე გამოდგა. სადღაც შორს გამაგზავნეს, მერე რო უკან დავბრუნებულიყავი და დეპოზიტზე შემეტანა... იქ წასვლას ფერდოსის მოედანზე და ქუჩაზე გახსნილი ბანკების მოვლა ვამჯობინე, რომლებიც ყველა კუთხეშია გახსნილი და რომლებსაც კარგად ვიცნობდი. მათმა უმეტესობამ უარი თქვა უცხოელისთვის თანხის დახურდავებაზე, თუ ირანულ პასპორტს არ წარვუდგენდი და დანარჩენმა წარმოუდგენლად დაბალი კურსი, ერთ დოლარში ასთერთმეტი ათასი რეალი შემომთავაზა, ერთერთმა ისიც მითხრა ბანკებში ძალიან დაბალი კურსია ჯიხურები ცადეო. ეგ ისედაც ვიცოდი და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავედი, სადაც დოლარს ასცხრამეტი ათასად ყიდულობდნენ. საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდათ... მხოლოდ მცირე რაოდენობის დახურდავება შეეძლოთ. და ასე ყველა ჯიხურის თუ პუნქტის მოვლით, გზად მთელი შავი ბაზრის ვალუტშიკები ავიკიდე, რომლებიც ქუჩის ჩაყოლებაზე დგანან და შენობიდან გამოსვლისთანავე გადახურდავებას გთავაზობენ. კი მიკვირდა შავი ბაზარი რა საჭიროა, თუ იქვე გახსნილ პუნქტებზე დაბალი კურსით ახურდავებენმეთქი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბანკების გარდა, ამ ჯიხურებიდანაც თანხის გაცემის რაღაც პოლიტიკა თუ გრაფიკი არსებობს. ერთ მათგანს ბოლომდე გამოვესაუბრე და ამიხსნა, რომ გარკვეულ რაოდენობაზე მეტი თანხის გაცემის უფლება არ აქვთ და მის ნაცვლად ქვითარს - შებას იძლევიან, რომლითაც ბანკში მიდიხარ და ბანკი დეპოზიტს გივსებს, მაგალითად დილას მიტანილი ქვითარი, თანხად საღამოს აისახება, მაგრამ უცხოელისთვის ეს პროცესი გაცილებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს და ამიტომ, ქეში თუ ეხლავე გინდა, ისევ შავი ბაზარი ჯობიაო. ვხვდები, რომ ინფლაციის პირობებში ქვეყნის ეკონომიკას გასამყარებლად საერთაშორისო ვალუტა ჭირდება, მაგრამ ასეთი ქცევა ოდნავ გაურკვეველია ეკონომისტმა ორი სიტყვა თუ არ დაამატა. 

იგივე ბანკში მოვბრუნდი. სამი ჩვენი ბანკირია, ქუჩაში თანხის დახურდავების იდეა არ მომწონს და სხვა გზა როგორც ჩანს არაამეთქი. დახმარება შემომთავაზა... თანამშრომელი გარეთ გააგზავნა და ბანკში შავ ბაზარზე მოვაჭრე ვალუტშიკი შემოიყვანა, რომელიც დაბალი კურსით გაცვლას მთავაზობს. ოდნავ მომატებაზე ვევაჭრები, თუმცა ბანკის კურსზე მაინც გაცილებით მაღალია და თუ არ დამთანხმდა, ქუჩის გაუგებრობაში ფულის ტრიალს, სადაც ისედაც უკვე ყველა მიცნობს, ორმოცდაათდოლარამდე წაგება მირჩევნია. 

ტელეფონის ბარათებზეც და ინტერნეტზეც მინდოდა მომეყოლა, მაგრამ ისედაც საკმაოდ გამიგრძელდა... მთავარია უსაფრთხოდ გადაადგილების ამბავი მოვაგვარე და ხვალ ან ზეგ თეირანიდან პირველი ჯანდაბისკენ დავიძრები.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა