ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მტვერსასრუტი | ტატო ანთაძე

სკოლის პერიოდში ფიზიკის ტურნირში ვიღებდი მონაწილეობას, სადაც ხუთწევრიანი ჯგუფები რთულ ამოცანებზე მუშაობდნენ და შედეგებს ჟიურის უზიარებდნენ. ოლიმპიადისგან განსხვავებით ბავშვებს თანამშრომლობა და ისეთ ამოცანებთან შეჭიდება უწევდათ, რომელთა ამოხსნასაც თვეები შეიძლება დასჭირდეს. კონკურსი მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა გაეგოთ სამეცნიერო პროცესის გემო: როგორ იქმნება ჰიპოთეზა, რამხელა კოლაბორაციაა საჭირო მისაღები თეორიის ფორმულირებისთვის და რამდენად შემოქმედებითი დარგია საბუნებისმეტყველო მეცნიერება.

ფინალური ტური ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში გაიმართა. ნათლად მახსოვს შთაბეჭდილება, რომელიც ფიზიკის ინსტიტუტმა ჩემზე დატოვა. უზარმაზარი შენობა პრაქტიკულად დაცარიელებული იყო, ზოგან გათბობა იყო გაფუჭებული, ზოგან წყალი არ მოდიოდა.

მსგავსი, უფრო დრამატული, სურათი დამხვდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც სავსე იყო საარქივო ოთახებით, ძველი საკვლევი აპარატურით, მაგიდებზე მიმოყრილი ჩანაწერებით. მსგავსი პოსტ-აპოკალიფსური სურათი საქართველოში და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ხშირად გვხვდება: ძველი საწარმოები, საბჭოთა აპარატურა, ბრუტალისტური შენობები, ხმაურიანი კვლევითი ხელსაწყოები... თსუ-ს მაღლივ კორპუსში 1967 წლის წარმოების მტვერსასრუტიც კი შემხვდა, აყრილ პარკეტს წმენდდა დამლაგებელი. მიუხედავად იმისა, რომ პოსტ-საბჭოთა ესთეტიკა ზოგისთვის ნოსტალგიურია, აქ ის ძალიან მძიმე რეალობაზე გველაპარაკება: მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანამ ვერ განავითარა სამეცნიერო პოტენციალი.


დებატი მეცნიერების შესახებ 

სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი მარტივ კანონზომიერებას მიჰყვება: უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში ჩადებული ინვესტიციები განხორციელდებიან კვლევაში, შემდეგ კვლევა აღწევს სამეცნიერო ჟურნალებამდე, სადაც ხდება სამეცნიერო დისკუსიის საგანი, საბოლოოდ კი - მას იყენებენ წარმოებაში ან ახალი ეკონომიკური ნაბიჯების შეფასებაში. ინტერნეტმა, თანამგზავრებმა, GPS-მა, მიკროპროცესორებმა და პრაქტიკულად ყველა მასობრივად გამოყენებულმა თანამედროვე ტექნოლოგიამ ეს გზა გაიარა. სამეცნიერო კვლევა, თითქმის ყოველთვის არის მრავალშრიანი კოლაბორაციის შედეგი, სადაც ერთი მეცნიერის მიგნება მეორეს ეხმარება და ა.შ. მაგალითად, ინტერნეტის და თანამედროვე კომპიუტერების საშენი ბლოკები ლოგიკაში და ენათმეცნიერებაში უნდა ვეძიოთ.

პანდემიის ადრეულ სტადიაზე, სამხრეთ კორეა ვირუსს გამორჩეულად კარგად გაუმკლავდა. მისი მოდელი სამაგალითოდაც ითვლებოდა, რატომ? იმიტომ, რომ კორეის კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდოლოგია იყო მეცნიერულად ინფორმირებული. სწრაფი ტესტების უპრეცედენტოდ სწრაფი წარმოებით დაწყებული, ვირუსის გავრცელების, მოსახლეობის სიმჭიდროვის დათვლით, ტრანსმისიის სისწრაფის სიმულაციებით დამთავრებული, სამხრეთ კორეამ შეძლო ვირუსზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება. ეს ეპიდემიოლოგიაში, ვირუსოლოგიაში და რელევანტურ ტექნოლოგიებში ჩადებული უზარმაზარი ინვესტიციის შედეგი იყო. შეადარეთ შეზღუდვების სამეცნიერო ლეგიტიმაცია საქართველოში, ძალიან განსხვავებულ სურათს დაინახავთ.

არსებობს დებატი იმის თაობაზე თუ რამდენად მართებულია, რომ სამეცნიერო კვლევები სახელმწიფომ დააფინანსოს. ამაზე კამათი შეიძლება. თუმცა ფაქტია, რომ იგივე აშშ-ში, ჯერ კიდევ 2004 წელს, სამეცნიერო კვლევების 2/3 ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.[1] 1995 წლამდე, კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტების 70% პენტაგონიდან, CIA-დან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან იღებდა დაფინანსებას.[2] თუმცა საქართველო პატარა, ძალიან ღარიბი ქვეყანაა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუნდაც სახელმწიფო ინვესტიციებით, ახალი ინტერნეტი შეიქმნას ან რაიმე მსგავსად რევოლუციური ტექნოლოგიური გარდატეხა მოხდეს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ სამეცნიერო საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებში ინვესტიციით, ნამდვილად შეგვიძლია ზედმეტი ხარჯების აცილება და რაც მთავარია, ადამიანთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესება. 

2019 წელს გლობალურმა ალიანსმა ჯანდაცვის და დაბინძურების შესახებ (GAHP) მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გარემოს დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით, საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა.[3] საქართველოში ყოველ ასი ათასი ადამიანიდან ასორმოცი გარემოს დაბინძურებასთან (ძირითადად ჰაერის) დაკავშირებული მიზეზების გამო კვდება. „ინსტიტუციური არასტაბილურობას და მთავრობის კონცენტრაციას მაქსიმალურ დერეგულაციაზე, დაგეგმილ გარემოს დაცვის პოლიტიკაზე უარყოფითი ეფექტი აქვს და მის იმპლემენტაციას ართულებს“.[4] 

მასშტაბური დერეგულაციის საფუძველში დევს რწმენა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, დერეგულაციასთან დაკავშირებულ უარყოფით ეფექტებს გადაწონის. თუმცა, ყურადღების მიღმა გვრჩება, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა, თანამედროვე ეკონომიკის ფუნდამენტური კომპონენტებია.

ხანგრძლივი ისტორიული ანალიზი ჯანმრთელობას და ეკონომიკურ ზრდას შორის საგულისხმო ტრენდს აჩვენებს. მაგალითად, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის 1/3 ბოლო 200 წლის მანძილზე, მოსახლეობის საჭმლის მოხმარების ცვლილების დამსახურებაა. კვლევები აჩვენებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, 50-დან 70-მდე, მშპ-ის ზრდის ტემპს ყოველწლიურად 1,4%-ით ზრდის. მექსიკაში, 1970-1995 წლებში ჯანდაცვის და ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის 1/3-ზეა პასუხისმგებელი.[5]

პოპულარული მანტრაა, რომ ბიზნესები და ადამიანები რაციონალურები არიან და ეკონომიკური საქმიანობისას, თავიანთ რაციონალურ ინტერესებს მისდევენ. მაგალითად, ბიზნესი პროდუქტის საბაზრო ფასს ადგენს, რათა ის პროდუქტი გაყიდოს და მოგება გააკეთოს.

სინამდვილეში ბიზნესები, განსაკუთრებით დიდი ბიზნესები, ოპერირებენ იმ დაშვებით, რომ მათი აქტივობის უარყოფითი გავლენა საზოგადო კეთილდღეობაზე, ანაზღაურდება სახელმწიფოს და არა ბიზნესის მიერ.

შედარებით ახალი მაგალითი: ავიღოთ, ვაშლიჯვრის მეწყერი, რომელიც რამდენიმე მეცნიერის ვარაუდით, ახალი საცხოვრებელი ფართების და  თიბისი ბანკის მასშტაბურმა მშენებლობამ გამოიწვია.[6] მეწყრის შეჩერების მიზნით, მთავრობამ ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი გაიღო. ცხადია, თიბისი ბანკს ამ ზარალის ანაზღაურებას ვერ მოვთხოვთ, რადგან მშენებლობის ნებართვა სახელმწიფომ გასცა, მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგები დიდი ხანი მიანიშნებდნენ რისკზე. ვაშლიჯვრის მეწყერი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება, როცა სახელმწიფო უარს ამბობს რელევანტური კვლევების ჩატარებაზე და პრაქტიკულად აქრობს ინსტიტუტებს, რომლებსაც კვლევების ჩატარება შეუძლიათ.

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გეოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ ნუცუბიძის პლატო მთლიანად ძველ მეწყერზეა გაშენებული.

“ამის შესახებ ჩვენ, რასაკვირველია, თავიდანვე ვიცოდით, ამიტომ ნუცუბიძის პლატოზე მშენებლობა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა წარმართულიყო. თავიდანვე ასეც იყო, მაგრამ შემდგომში, მოგეხსენებათ, თბილისი საერთოდ უპატრონოდ დარჩა”[7] - ამბობს თვალჭრელიძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, გეოლოგები საქართველოს სხვადასხვა მთავრობებს წლებია მიმართავენ ინიციატივით, რომ ნუცუბიძეზე და დანარჩენ საქართველოშიც რელევანტური გეოლოგიური კვლევები ჩატარდეს, თუმცა უშედეგოდ. თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს გეოლოგიური ინსტიტუტის მოსპობა, ერთ-ერთი მიზეზია რატომაც მსგავსი რისკების წინასწარ განსაზღვრა და უბედურების თავიდან აცილება ვერ ხერხდება.


მეცნიერული მიდგომა და საჯარო პოლიტიკა

ცოტა ხნის წინ World Experience Georgia-მ, რომელიც ენერგოპოლიტიკის საკითხებზე მუშაობს, “ენერგეტიკის ეროვნული სტრატეგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები” გამოაქვეყნა.[8] შეფასების მიხედვით, ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის გამოყოფით და “სტრატეგიაზე მომუშავე” ანალიტიკური ცენტრის შექმნით, სახელმწიფომ შეიძლება უზარმაზარი მოგება იხილოს, კერძოდ “ხარჯ-სარგებლიანობის ანალაზი აჩვენებს, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში 18-20 მილიონი ლარის დახარჯვამ შეიძლება 7-10 მილიარდი ლარის სარგებელი მოიტანოს”.

მეტად სავარაუდოა, რომ თუნდაც გეოლოგიის ინსტიტუტში ან რელევანტურ საჯარო კვლევებში ინვესტიციით, ქვეყანამ უზარმაზარი სარგებელი მიიღოს. მსგავს ინსტიტუტებში და ანალიტიკურ ცენტრებში ინვესტიცია, მოგებას დროის მოკლე პერიოდში ხშირად არ აბრუნებს. თუმცა, ლობისტების მტკიცებების საწინააღმდეგოდ, სარგებელი ხანდახან რამდენიმე წლიან პერიოდშიც აშკარაა. ამის საილუსტრაციოდ, ერთი მაგალითი მახსენდება ავსტრალიიდან.

გაეროს ქვეყნების უმეტესობამ 1997 წელს კიოტოს პროტოკოლი მიიღო, რომლის მიზანიც ემისიების შემცირება და ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების შეზღუდვა იყო. დროთა განმავლობაში პოპულარული გახდა „ნახშირბადის დაჭერის“ ტექნოლოგია, რაც ზედმეტი ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გამოთავისუფლებას ზღუდავს და დაწესდა „ნახშირბადის გადასახადი“ - დამატებითი გადასახადი  კომპანიას, იმ ზარალის პროპორციულად, რომელსაც ზედმეტი ემისია იწვევს. ავსტრალიაში ნახშირბადის გადასახადს და ნახშირბადის დაჭერის ტექნოლოგიას მთელი კომერციული სექტორი შეეწინააღმდეგა. ერთ-ერთი ხორცის მწარმოებელი კომპანია, AJ Bush and Sons ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებდა კიოტოს პროტოკოლით გათვალისწინებული რეგულაციების შემოღებას. დევიდ კასულკემ, კომპანიის იმდროინდელმა მენეჯერმა 2011 წელს განაცხადა, რომ „თუ რეგულაციას შემოიღებენ, კომპანიას ეს ყოველწლიურად დამატებით 2,5 მილიონი დოლარი დაუჯდება“.[9]

2011 წელი 10 წლის წინ იყო, ამიტომ ეკონომიკური ზარალის შეფასება ახლა უკეთ შეგვიძლია.  „ნახშირბადის გადასახადის“ ასაცილებლად, ბიზნესებს ემისიების შემცირება მოუწიათ. მაგალითად, სუპერმარკეტებში ხილისთვის განკუთვნილ მაცივრებზე თერმული ფარდების გადაფარება დაიწყეს. მარტივი მეთოდი, რომელიც გარდა იმისა, რომ ემისიებს ამცირებს, ეკონომიკურად მომგებიანიცაა და ელექტროენერგიას ზოგავს.

საინტერესოა, რომ იმავე AJ Bush and Sons-ზე 2013 წელს სტატია დაიწერა. კომპანიამ გამოთავისუფლებული მეთანის შეგროვება და მოგვიანებით ენერგიის წყაროდ გამოყენება დაიწყო, რის შედეგადაც ნახშირის მოხმარება განახევრდა. კომპანიამ გამოცვალა ბოილერები, დააყენა მზის ენერგიის პანელები და 2013 წლის ინტერვიუში, მენეჯერმა განაცხადა, რომ „საწარმოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ძიებაში, კომპანია გადასახადს ‘დადებითად’ ხედავს“.

ეკონომიკა არ დანგრეულა, როგორც ამას ლობისტები წინასწარმეტყველებდნენ. იგივე სცენარი ვიხილეთ დანარჩენ მსოფლიოში. 

ენერგიის მოხმარებისას დანახარჯების შემცირება იაფი და მარტივი ხერხია ემისიების ასარიდებლად, ენერგიის დასაზოგად და ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად. საქართველოში, მსგავს კლიმატურ სარტყელში სხვა განვითარებადი ქვეყნების იდენტურად, ენერგომოხმარება მეტწილად საცხოვრებელ ფართებზე მოდის. სრული საბოლოო ენერგიის 39,92%-ს საცხოვრებელ სახლებში მოიხმარენ. ეს ენერგია არაეფექტიანად გამოიყენება.  მაგალითად, გაეროს მიხედვით საქართველოში 1 კვადრატული მეტრის გათბობისთვის, 40-50%-ით მეტი ენერგია გამოიყენება, ვიდრე ევროპის ანალოგიური კლიმატის მქონე რეგიონებში.[10]

ენერგიის დაზოგვის და დანახარჯების შემცირების გეგმის გარეშე, ენერგეტიკული ან მდგრადი განვითარების სტრატეგიის წარმოდგენა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებისკენ საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებიც მოუწოდებენ, სტრატეგიის შემუშავება კვლევითი ინსტიტუტების და მონაცემთა აკურატული შეგროვების გარეშე წარმოუდგენელია. გარემოს დაცვის შეფასების ანგარიშებში ხშირად შეამჩნევთ აქცენტს „ინსტიტუციურ პრობლემებზე“, რისი გაგებაც ამ შემთხვევაში შეიძლება, როგორც ინსტიტუტების არარსებობა.

იდეოლოგია მეცნიერების პირისპირ 

2010 წლის 24 თებერვალს, თავისუფალ უნივერსიტეტს, კახა ბენდუქიძის მოწვევით პუტინის ყოფილი მრჩეველი, ლიბერტარიანელი ეკონომისტი ანდრეი ილარიონოვი ეწვია. ის ლექციაზე ამტკიცებდა, რომ გლობალური დათბობა „იდეოლოგიურმა ჯგუფებმა“ გამოიგონეს, რათა სახელმწიფომ თავის გავლენა გააფართოოს და ახალი რეგულაციები მოიგონოს.

ლოგიკა ასეთია - თუკი არსებობს რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრის საუკეთესო გზა კოლექტიურია ან რომელიც სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, მაშინ ის პრობლემა არ არსებობს. მეტწილად ამ ლოგიკის გამო შეუმცირა ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსება EPA-ს და  პრაქტიკულად შეაფერხა სახელმწიფო კვლევები კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე. ნაწილობრივ იმავე არგუმენტაციის საფუძველზე საქართველოში შეუმცირდა დაფინანსება კვლევით ინსტიტუტებს და ნანგრევებად იქცა ერთ დროს ცხოვრებით სავსე, აქტიური უნივერსიტეტები და ზუსტად ამიტომ წმენდს მაღლივში აყრილ პარკეტს დამლაგებელი, 1967 წელს გამოშვებული მტვერსასრუტით.

საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში დაინერგა გროტესკული მითი, რომ ძველი პროფესორები და უფროსი თაობა არიან ჰომოსოვიეტიკუსები. რატომ უნდა დავაფინანსოთ ეგ ჰომოსოვიეტიკუსი პროფესორები? კიდევ ახალი ინსტიტუტები გვჭირდება? რაც გვაქვს, კორუმპირებულია. რა თქმა უნდა, შეხედულება საბჭოთა მეცნიერების მოუქნელობაზე, ბიუროკრატიაზე და კორუფციაზე არაა მოწყვეტილი საფუძვლიანობას, თუმცა ახალ მოცემულობაშიც მეცნიერების პოლიტიკის წარსულ სისტემურ თუ ინდივიდუალურ რეაქციაზე დაფუძნება, უფრო იდეოლოგიური მიდგომის შედეგია, ვიდრე ინფორმირებული საჯარო პოლიტიკის.

აქტიური სამეცნიერო საზოგადოება ქვეყნისთვის აუცილებელია, რათა ეკონომიკაში ჩართული ყველა სექტორი გამართულად ფუნქციონირებდეს, დროულად ვაფასებდეთ გარემოზე ზემოქმედების რისკებს , ვახდენდეთ  ჯანდაცვის პოლიტიკის გაანგარიშებას და ზოგადად, ვცხოვრობდეთ ღირსეულად უკლებლივ ყველა და უკლებლივ ყველგან. სამეცნიერო საზოგადოების და კვლევითი ინსტიტუტების გამოცოცხლებას ისევე, როგორც ინფორმირებული გარემოს დაცვითი და ენერგოპოლიტიკისთვის საჭირო კვლევების და მონაცემების შეგროვებას, იდეოლოგიური ჩარჩოს ცვლილება ან მასშტაბური რევოლუცია არ სჭირდება. ბევრის გაკეთება არსებულ პირობებშიც შეიძლება.

პანდემიამ და ნამოხვანჰესის გარშემო არსებულმა სიტუაციამ, მოსახლეობას დიდი ბიძგი მისცა, რომ იფიქროს ისეთ პრობლემებზე, რომლებიც ორპარტიულ პოლიტიკას მიღმაა დარჩენილი. ენერგოპოლიტიკა, სწრაფი ურბანული განაშენიანება და გარემოს დაცვა ის საკითხებია, რომელთაც სიღრმისეული ანალიზი და შეფასება ჭირდება და ათწუთიან სატელევიზიო დებატში ვერ მოგვარდება. მეცნიერება, რომელიც საჯარო კეთილდღეობისთვის გამოიყენება, თვალშისაცემი არაა.

ახლაც, ამ სტატიის წაკითხვის საშუალებას გაძლევთ მრავალი კომპლექსური პროცესის გამართულად მუშობის სინთეზი. შენობა, რომელშიც იმყოფებით არ ინგრევა (იმედია), სტატია გახსნილი გაქვთ იმ ელექტროენერგიის საშუალებით, რომელიც  კილომეტრების დაშორებით გამომუშავდა და ჩახლართული ინფრასტრუქტურით თქვენამდე მოაღწია. ის, რაც ფონზე ხდება შეუმჩნეველია, თუმცა მის გარეშე ცხოვრება, რომელიც გვაქვს წარმოუდგენელია. და როგორც კი, სადღაც შორეულ წერტილში რაღაც დაზიანდება, შედეგებს წამშივე ვიგრძნობთ. მეცნიერება, განსაკუთრებით კი საჯარო მეცნიერება, თანამედროვე საზოგადოების საფუძველია. ტრენდი კი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ და გამოიხატება კვლევითი ინსტიტუტების მოსპობაში, ანალიტიკური ცენტრების და მონაცემების არარსებობაში, მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ სამწუხარო რეალობას, რომელშიც დღეს ვართ.



მითითებული რესურსები


[1]
National Science Foundation, Division of Science Resources Statistics U.S. R&D Continues to Rebound in 2004

[2] National Research Council 1999, Funding a Revolution: Government Support for Computing Research. Washington, DC: The National Academies

[3] Global Alliance on Health and Pollution, Global, Regional, and Country Analysis, 2019

[4] United Nations Economic Commission For Europe, Georgia, Environmental Performance Reviews – Highlights, გვ.3, 2016

[5] INVESTING IN HEALTH FOR ECONOMIC DEVELOPMENT, გვ.15-16, 2004

[6] მერაბ მეტრეველის ინტერვიუ ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, თეა გოდოლაძესთან. Palitra News, 2021

[7] ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშლიჯვრის ფერდობზე გამაგრებითი კედლის მშენებლობა საუკეთესო გამოსავალი არ არის - გააქტიურებული მეწყრის წნევამ შეიძლება დამცავი კედლის გამძლეობას გადააჭარბოს, IPN, 2021

[8] World Experience Georgia, ენერგეტიკის ეროვნული სტრატეგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები, 2020

[9] Carbon tax backlash , Beaudesert Times, 2011

[10] UNECE, Environmental Performance Reviews, Georgia, Third Review, გვ.125, 2016