ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თარგმანი

მწეველთა კომუნიზმი | მლადენ დოლარი

ეძღვნებათ დომინიკსა და ოქსანას

მლადენ დოლარი (1951) – სლოვენიელი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი, სლავოი ჟიჟეკთან და რასტკო მოჩნიკთან ერთად ლუბლიანის ფსიქოანალიტიკური სკოლის ფუძემდებელი.

ქვემო მანჰეტენის ერთ-ერთ ცათამბჯენთან ადამიანთა ჯგუფი იკრიბება. შესასვლელიდან სათანადო დისტანციას ერთგულად დარაჯობს დაცვის მკაცრი წევრი, რომელიც არწივის ბასრი მზერითა და სერიოზული საქმით დაკავებული კაცის გამომეტყველებით ზომავს, დაცულია თუ არა საჭირო მანძილი. შესასვლელთან თავმოყრილი საზოგადოება ძირითადად ამ ცათამბჯენში განლაგებული ოფისების თანამშრომლებისგან შედგება, მაგრამ მათ გარდა არიან ტურისტებიც და, როგორც ჩანს, უსახლკაროებიც. ამ მცირე თავყრილობის მიზანი მოწევაა. ჯგუფი არაერთგვაროვანია: ოფისის თანამშრომლები ოფიციალურად გამოწყობილან, ადვილია მათი წარმოდგენა ფინანსური კაპიტალის შუაგულ მორევში. მათგან განსხვავებით, ტურისტებს არაოფიციალური, ფერადი სამოსი მოსავთ; ქალაქის ღირსშესანიშნაობების თვალიერების პროცესს ცოტა ხნით მოსაწევად მოსწყდნენ. უსახლკაროებს ხალვათად აცვიათ დაჭმუჭნილი ტანსაცმელი.

გარეგნულად ყოველი ჯგუფი კლიშეების შესატყვისად გამოიყურება – ზუსტად ისე, როგორც მიიჩნევა, რომ უნდა გამოიყურებოდნენ. ჩვენ მდუმარედ ვეწევით, ერთმანეთთან მჭიდროდ მდგარნი, ღმერთმა უწყის, რომელი ძალაუფლების მიერ დაწესებული უხილავი კორდონით შემოსაზღვრულები.

ჩვენ ვიყურებით სხვადასხვა მიმართულებით, განვიცდით სირცხვილს, სულ მცირე, უხერხულობას მაინც – მოსაწევი სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ შესასვლელთან არ მდებარეობს, მაინც ყველა მხრიდან ღიაა, აქ დამალვა შეუძლებელია და გიპყრობს განცდა, რომ ვიტრინაში ხარ გამოფენილი, გამვლელები კი ეჭვნარევ და არაკეთილგანწყობილ მზერას ასობენ ახალ პარიებს. ეს არის უცხოთა შემთხვევითი თავშეყრა ხუთი წუთით – რამდენიც სიგარეტის მოწევას სჭირდება, ერთ ბანაკში იმათი დროებითი ყოფნა, ვისაც შესაძლოა, მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო.

შემდეგ ვიღაც მოულოდნელად ამბობს: „ჯერ შავებს და ებრაელებს მიადგნენ, ახლა – ჩვენ“. ეს იწვევს მყისიერ ხარხარსა და მხიარულებას და ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ლამის მეგობრები ხდებიან, ამ მოკლე დროის განმავლობაში მაინც. სიგარეტი დიდხანს არ იწვის და ჩვენი მეგობრობაც დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ სოლიდარობის ტალღა ასწრებს აზვირთებას და ადამიანები უხილავი ძაფებით უკავშირდებიან ერთმანეთს; და ეს გამორჩეული მომენტი შეკუმშული სახით აგრძელებს არსებობას მოწევის დამთავრების შემდეგაც, როცა ადამიანები განრიგის შესაბამისად სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტებიან. ეს ყველაფერი თამბაქოს კვამლივით ქრება, თუმცა ეს მოკლე დრო ტოვებს კვალს და უცნაურად გაუსხლტება დროის დიქტატსაც, ჩაგვრასაც სამუშაო ადგილებზე, ვალდებულებებსაც და განაწილებულ სოციალურ როლებსაც. და ხდება ცხადი, რომ ეს საერთო ხარხარი ჩვენი მცირე გამარჯვებაა ავადმომზირალ ბრბოზე, რომელთა რიცხვი ბევრად აღემატება მწეველთა მცირე ჯგუფისას. გამარჯვებაა იმ საგულდაგულოდ მოფიქრებულ წესებზე, რომელთა მიხედვითაც ამ ადგილას შეგვრეკეს. გაძევებულებმა და შერცხვენილებმა ცოტა ხნით მაინც თავი გამარჯვებულებად ვიგრძენით.

ეს ფრაზა მწეველის თავხედობა იყო, ან ხუმრობა. თუმცა შესაძლებელია, გავაგრძელოთ ანალოგია და მონობისა და პოგრომების გამოცდილებები მივუყენოთ მწეველის ამ ახალ გარიყულ ფიგურას. საერთოდ, მწეველებს ახასიათებთ მსგავსი გამოხტომები. მათ შორისაა ორი შავკანიანი და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ორი ებრაელი (სწორად მიხვდით: ისინი ფინანსურ კაპიტალს წარმოადგენენ, ამ შემთხვევაშიც კლიშეები მუშაობს). შავკანიანები და ებრაელები ამ ფრაზამ განსაკუთრებით გაამხიარულა და ერთ-ერთმა ებრაელმა ღიმილით დაამატა: „მთლად ჰოლოკოსტამდე საქმე ჯერ არ მისულა“.

იწყება ისტორიების მოყოლა, ზოგი ჰოლოკოსტისდროინდელ ამბებს იხსენებს, ზოგიც მარტინ ლუთერ კინგამდელ ამბებს. ხნიერი შავკანიანი მამაკაცი, ჩემი ვარაუდით, შენობის მომსახურე პერსონალი, საყოველთაო თანხმობის ფონზე ამბობს: „მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასდროს ისე ჩაგრული არ ვყოფილვარ კანის ფერის გამო, როგორც ახლა ვარ იმის გამო, რომ ვეწევი“. მას ახსოვს თანასწორობისთვის მომართულ სამოქალაქო მოძრაობამდელი დრო და ამტკიცებს, რომ, ყოველ შემთხვევაში, ნიუ-იორკში, მაშინ შავკანიანებს ისე არ უჭირდათ, როგორც ახლა მწეველებს. გარიყვის ერთი სახეობა ირეკლავს სხვებს, განსხვავებებითა და უცნაური დამთხვევებით.

უსახლკარო ჰყვება, თუ როგორ გამოეკიდა პოლიცია იმის გამო, რომ ის ეწეოდა ისეთ ადგილას, სადაც წესით, მოწევა ნებადართული უნდა იყოს – ესეც შევიწროების ახალი ნაირსახეობა. მდიდრულად გამოწყობილი ებრაელები უცბად, სხვა თვალით უწყებენ ყურებას უსახლკაროს, თითქმის თანაგრძნობით; აღიძვრება გარიყულთა საერთო ბედისწერის განცდა, რომელიც თუნდაც ცოტა ხნით ყველას აერთიანებს.

ესპანელი ტურისტები ხალისით ჰყვებიან მოწევის პარტიზანულ ტაქტიკებზე საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვის შემდგომ. მართალია, ეს აკრძალვები იქ ჯერ კიდევ ნაკლებად მკაცრია, ვიდრე აშშ-ში, მაგრამ აშშ, როგორც ყოველთვის, მოდას ამკვიდრებს, ამიტომ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მალე ყველანი აღმოვჩნდებით იქ – მწეველთა აღთქმულ მიწაზე.

მწეველებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! თუმცა ისედაც შეერთებულები ვართ. შეუძლებელი შევძელით – ჩვენი გამმიჯნავი სოციალური ბარიერები გადავლახეთ, გამოვიხმეთ ისტორიის აჩრდილები, მისი ანტაგონიზმები და ამ საფუძველზე ვიპოვეთ გადაკვეთის წერტილები, ვიგრძენით სოლიდარობა საზღვრებს მიღმა. ჩვენ ერთად ვიცინეთ და ვიმხიარულეთ (თუნდაც რამდენიმე წუთით) – ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც მანჰეტენზე ქვეითად მოსიარულეთა ნაკადისგან განცალკევებით დგას, იქ, სადაც კონცენტრირებულია ძალაუფლება, რომელიც იმორჩილებს მთელ მსოფლიოს, ფინანსური დედაქალაქის შუაგულში. და ჩვენი ერთობა დაფუძნებულია მოწევაზე, მხოლოდ მოწევაზე. და სრულიად ცხადი ხდება: მწეველები ცხოვრობენ კომუნიზმში. ისინი თავად ქმნიან კომუნიზმს იქ, სადაც გამოჩნდებიან, თუნდაც უოლ სტრიტიდან წუთის სავალზე. მწეველებმა 2011 წლამდე დიდი ხნით ადრე წამოიწყეს მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტი“, უბრალოდ ეს არავის შეუმჩნევია. ისინი არ ელოდებიან უკლასო საზოგადოების გაჩენას ოდესმე, მომავალში – ისინი მას მუდმივად ქმნიან. მოწევა სწრაფი სიამოვნებაა, რომელიც ითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებას, მისი გაურკვეველ მომავალში გადავადება შეუძლებელია. ორი მწეველი უკვე საკმარისია კომუნისტური უჯრედის ფორმირებისთვის.

როცა 2-3 მწეველი იკრიბება, მათ შორის კომუნიზმის (არაწმინდა) სული ციმციმებს. მწეველები უკვე წარმოადგენენ პარტიას, რომელში გაწევრიანებაც ძალიან ადვილია – აქ ყველას სიხარულით იღებენ, მათ შორის, არამწეველებსაც.

ეს არის პარტია, რომელიც სანთებელას გაჩხაკუნებით დაუყოვნებლივ ანგრევს იერარქიულ ბარიერებს, ისკრა (ნაპერწკალი) – სწორედ ასე ერქვა ლენინის გაზეთს და მწეველები ამ სახელწოდებას პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ – საჭიროა მხოლოდ ნაპერწკალი. ლენინი ამ სათაურში გულისხმობდა, რომ მხოლოდ ნაპერწკალია საჭირო იმისთვის, რომ აინთოს ალი მომავლისთვის. მწეველები კი კმაყოფილდებიან ნაპერწკლით და სანთებელას პატარა ალით აწმყოში, რადგან მომავალი, მათი ჩვევის გათვალისწინებით, ბუნდოვანია. ესაა კომუნიზმი მომავლის გარეშე – იმათი კომუნიზმი, ვინც შესაძლოა, ახალგაზრდა გარდაიცვალოს ფილტვების კიბოთი ანდა ინფარქტით, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ გვერდით ეფექტებზე, როგორიცაა იმპოტენცია ან დანაოჭებული კანი. ისინი იყენებენ მასობრივი განადგურების იარაღს, რომელიც მათვე სპობს, მაგრამ ისინი მშვიდი სიხარულით ეგუებიან ბედს.

მწეველების პარტიას არ აქვს პროგრამა, გარდა იმისა, რომელსაც დაუყოვნებლივი რეალიზება სჭირდება. მათი ქმედებები წინ უსწრებენ მათსავე სიტყვებს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი ერთობა მხოლოდ იმწამიერ სიამოვნებას ეფუძნება და გვერდს უვლის ყოველგვარ ინტელექტუალურ ძალისხმევას. პირიქით, არაფერი ისე არ ახალისებს აზროვნებას, როგორც ერთად მოწევა. ის წუთით მოწყვეტს ყოველდღიური ცხოვრების ალიაქოთს და მისგან დისტანცირების, მასზე დაფიქრების საშუალებას იძლევა და ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში სრულიად ახალი გეგმები ჩნდება, გიჟური იდეები თამბაქოს კვამლივით ტრიალებენ ჰაერში. ადამიანს შეუძლია იფიქროს მომავალსა და წარსულზე, რამდენიმე წუთით გათავისუფლებულს ზეწოლისა და ვალდებულებებისგან, მეგობრებისა თუ ნაცნობების წრეში მყოფს, სადაც არავინ არავის ჩაგრავს, სადაც ყველა თანასწორია. აქ, თამბაქოს კვამლში ჰყვებიან საოცარ ისტორიებს და ხუმრობენ. აქ ადამიანები პოულობენ გამოსავალს პრობლემებიდან, რომელთა გადაწყვეტას ინტელექტუალური ძალისხმევით ამაოდ ცდილობდნენ სამუშაო დროის განმავლობაში; რადგან მოსაწევად გასვლა ესაა არამწარმოებლური შესვენება წარმოების საჭიროებისგან და პრობლემის გადაწყვეტა კი სწორედ ფიქრს ითხოვს და არა – ძალისხმევას. მოწევა ეს არის გაუთვალისწინებლობების, უსასყიდლობისა და მოულოდნელი საჩუქრების დრო. მოწევა არსებითად სოციალური აქტია, მარტო მოწევას არასდროს აქვს გემო (ისევე, როგორც სექსს). რაც უფრო მეტადაა მომართული სხეულებრივი სიამოვნების მიღებაზე, მით უფრო აღაგზნებს და ამხნევებს გონებას. მოწევა უპირატესად არაქრისტიანული აქტია, რადგან ის მოწმობს სხეულისა და სულის გაყოფის შეუძლებლობას. სხეულის ჟინი ემთხვევა გონებისას და ერთი მეორეს აძლიერებს. მწეველთა პარტია იწყებს არა პროგრამით, რომელმაც მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს, არამედ უშუალო მოქმედებით – პროგრამის საძიებლად და როცა რამდენიმე მწეველი ერთად იკრიბება, პროგრამები სოკოებივით მრავლდებიან. ისინი ინტერპრეტირებენ და ცვლიან სამყაროს იმ დროში, რაც მოწევას სჭირდება.

მოწევა სოციალური აქტია, მაგრამ არასდროსაა სოციალურად ნეიტრალური.

ამ აქტის სოციალური და ისტორიული კონოტაციები მრავალი მიმართულებით იშლება და ბევრი მათგანი კომუნიზმისგან ძალიან შორს დგას. თუმცა ამჟამინდელ – მოწევის აკრძალვის პირობებში, როცა მწეველები სულ უფრო ხშირად ექვემდებარებიან პოლიტიკურ ანათემას, თამბაქოს საწინააღმდეგო მასირებული კამპანიების პირობებში, ახალი ადმინისტრაციული აკრძალვების ფონზე, რომლებიც ბიოპოლიტიკის კარიკატურას წარმოადგენენ, მოწევა იქცევა მეტაფორად, რომელიც საკუთარ პრიზმაში მინიატურული მოდელის სახით თავს უყრის სეგრეგაციის ყველა სხვა სახეობას. თავად მწეველებს აღიქვამენ, როგორც კიბოს უჯრედებს ჯანმრთელ სოციალურ სხეულზე და მოწევის სიამოვნებაც სულ უფრო ხშირად აღიქმება, როგორც არაჯანსაღი გადახრა სხეულის ნორმატიული ქცევიდან.

თავად მოწევის ნეტარება ყოველთვის იყო რაღაც, რაც აღწევდა „სიამოვნების პრინციპის მიღმა“, რაღაც ქედუხრელი და გულგრილი გადარჩენის მიზნების მიმართ. მოწევა სტიმულირებს ნეტარებას ჩვენი, სიამოვნების მიღებაზე ორიენტირებული საზოგადოების შუაგულში, მისი ჰედონისტური ბრძანებების წინააღმდეგ.

სიამოვნების მიღებისკენ სწრაფვის გზაზე მწეველი ძალიან შორს მიდის – ის უახლოვდება საზღვარს, რომლის იქითაც სიკვდილის აჩრდილი დაძრწის. ის, რასაც საზოგადოება, რომელიც სტიმულირებს სიამოვნებასა და უსაფრთხოებას, ვერ იტანს, შეიძლება ერთი სიტყვით დავახასიათოთ – ნეტარება.

დიად მწეველს, ფროიდს, კარგად ესმოდა ეს. ასევე ლაკანსაც, რომელიც მკაცრად უპირისპირებდა ერთმანეთს სიამოვნებასა და ნეტარებას (plaisir /jouissance).

მწეველთა კომუნიზმი, ცხადია, ქრება ისევე სწრაფად, როგორც აღიძვრება – თამბაქოს კვამლივით. თავდაპირველად, კვამლის ჯადოსნური ძალით „ყოველგვარი მყარი ჰაერში იფანტება“, როგორც წერდა კიდევ ერთი მწეველი, კარლ მარქსი თავის მანიფესტში. (კომუნისტური პარტიის მანიფესტის ქართულ თარგმანში ეს ციტატა შემდეგი სახით გვხვდება: „ყოველივე წოდებრივი და უძრავი ქრება“). ჯერ სოციალური ურთიერთობები შეზანზარდება და ირღვევა, ხოლო შემდეგ ჰაერში იფანტება თავად კომუნიზმის აჩრდილი, მოწევისას მცირე ხნით აღძრული. ნუთუ ყველაფერი უკვალოდ ქრება? ცხადია, არსებობს სწრაფმდინარი წამის რომანტიზებისა და მისით მოხიბვლის საფრთხე – წამისა, როდესაც ყველაფერი ერთბაშად გეჩვენება შესაძლებლად, თუნდაც კვამლის ფარდის გამჭოლ. ო, წარმავალო მშვენიერებავ, სირინოზების წამიერო სიმღერავ ამაღლებულზე. შეიძლება, იგრძნო ძლიერი ინტელექტუალური იმპულსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიო ასეთ ზედმეტად უდარდელ, თვითკმაყოფილებით სავსე სწრაფვას, რომ რაღაც ჩვეულებრივი და უბრალო მყისიერად გარდაქმნას იმად, რასაც დამანგრეველი ძალა ექნება – ოცნება ქედმაღალი, მოუმწიფებელი რევოლუციონერებისა, რომლებსაც არ აქვთ დისციპლინა, არც ყოველდღიური მუშაობა უნდათ და არც ორგანიზება შეუძლიათ. თუმცა, შეიძლება მოიქცე პირიქითაც – შეეწინააღმდეგო იმპულსს, რომელიც წინააღმდეგობას გაიძულებს, და დაინახო შესაძლებლობა.

მწეველებს, ისევე როგორც პროლეტარებს, არ აქვთ სამშობლო. მაგრამ ისინი თავად ქმნიან გათავისუფლებულ ტერიტორიებს იქ, სადაც გამოჩნდებიან. მოწევა ყოველთვის გამოხატავდა თავისუფლებას, ცვალებად თავისუფლებას სიცოცხლის გახანგრძლივების, გადარჩენის ბორკილებისგან თავის დასაღწევად. მწეველი აცხადებს: მე თავისუფალი ვარ საკუთარ ბორკილებში, მიუხედავად იმ ჩვევისა, რომელსაც თავს ვერ ვაღწევ. და ეს ბორკილები საშუალებას მაძლევს, თუნდაც ცოტათი და ცოტა ხნით გავთავისუფლდე სხვა სახის ბორკილებისგან და მზად ვარ ამისთვის ფასიც გადავიხადო. მოწევა ეს განაცხადია, უწყებაა, რომელიც შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ცინიკური, თვითნებური, აუღელვებელი, ნევროტული, ფსიქოტური, პერვერტული, ობსესიური, ძალდატანებითი, ცოდვიანი, დენდური, ბონვივანური, სასოწარკვეთილი, ანტისტრესული, აგრესიული, აროგანტული, მაცდური, კლასობრივად მიკუთვნებული, უკლასო, თანაზიარი, ანტისოციალური...

მიუხედავად იმისა, გამოჩნდება თუ არა ეს შეშლილ ფანტაზიად, მე მსურს, მოწევის აქტი შემდეგნაირად წავიკითხო: კომუნიზმს აქვს შანსი.

თარგმანი ინგლისურიდან: ვაკო ნაცვლიშვილი, გიორგი ხასაია

ავტორი : მლადენ დოლარი
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა