გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #კინო

„ნახე პირველად ბაკურიანში“ - პროექტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს

„ნახე პირველად ბაკურიანში“ - ქართული კინოს ფორუმია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ერთობლივი პროექტია. საინტერესო და საჭირო წამოწყებაა. უკვე მესამე წელია ბაკურიანში, ოქტომბერში იმართება. კინოს სპეციალისტები (კინოს ჟურნალისტები, კინომცოდნეები და რეჟისორები) 4 დღით  ბაკურიანში მიდიან, სადაც მათთვის ახალი ქართული ფილმების პრემიერები ეწყობა. როგორც წესი, ეს ფილმები ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტებია, ამიტომ ეს ანგარიშის ჩაბარებას ჰგავს, რომლის ხილვის შემდეგ სურათის მთლიანობაში დანახვაა შესაძლებელი - რა ხდება დღეს ქართულ კინემატოგრაფში. ჩვენებების შემდეგ რეჟისორი და ფილმის გადამღები ჯგუფი ხვდება ფორუმის მონაწილეებს და დარბაზში შეკრებილ მაყურებელს (ფილმებზე დასწრება თავისუფალია), რასაც მოჰყვება ფილმის განხილვა. ამას გარდა, ფორუმის პროგრამაში გათვალისწინებულია პანელ-დისკუსიებიც, სადაც ქართულ კინოში მიმდინარე მნიშვნელოვანი თემების განხილვა ეწყობა.

იდეა, რომელიც ამ პროექტს უდევს საფუძვლად, ვფიქრობ ყველაზე მეტად გვაკლია ჩვენ, კინოში და კინოსათვის მომუშავე ადამიანებს - ერთიანობის განცდა, კომუნიკაცია არამარტო მდინარის ორ სხვადასხვა ნაპირას მდგომ ფლანგებთან (რეჟისორები და კინომცოდნეები), არამედ ერთმანეთშიც. ჩემთვის, ეს ფორუმი არის ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც სხვადასხვა თაობის რეჟისორებსა თუ კინომცოდნეებს, საშუალებას აძლევს ერთმანეთს მოუსმინონ. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს არც ერთი ღირებული კინოგამოცემა (ონლაინ თუ ბეჭდური), რომელიც თავის თავში გააერთიანებს კინოზე რეცენზიებს, საინტერესო წერილებსა თუ ინტერვიუებს. და თუ იწერება რაიმე, ისიც ძალიან გაბნეულია სხვადასხვა მედია საშუალებებში. ზუსტად ამიტომ მომეჩვენა, რომ ეს ფორუმი ამ პროფესიონალური „შიმშილის“ დაკმაყოფილებას ჰგავდა.

წელს მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვთავაზეს. გვაჩვენეს დიტო ცინცაძის „შინდისი“ (2008 წლის ქართულ-რუსულ ომზე გაკეთებული ფილმი), მისივე „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ (ფემინისტური კინოს მცდელობა), დიმიტრი მამულიას ვენეციის კინოფესტივალზე ნაჩვენები „ბოროტმოქმედი“ და ორი დებიუტი: უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“ და გიგა ლიკლიკაძის „ღორი“. მოულოდნელი რამ მოხდა, დებიუტანტი რეჟისორების ფილმები გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე იმ აღიარებულ რეჟისორთა ნამუშევრები, რომლებსაც ყველანი დიდი იმედით ველოდით. 

დიტო ცინცაძის „შინდისის“ თემა ისეთია, შეუძლებელია უემოციოდ დაგტოვოს. ის ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდს ასახავს, როდესაც, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სროლის შეწყვეტის ბრძანების შემდეგ, შინდისში ქართველი მეომრები ჩაცხრილეს. ფილმის სცენარისტი ირაკლი სოლომანაშვილია, ოპერატორი - კონსტანტინე ესაძე, მონტაჟი კი - ლევან კუხაშვილს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში  კრიტიკული აზრი გამოითქვა რამდენიმე გმირის (განსაკუთრებით კი რუსი სამხედროების) პლაკატურობის გამო, მიჭირს ამას დავეთანხმო. ვფიქრობ, თემის სენსიტიურობის მიუხედავად, სცენარისტმა და რეჟისორმა შეძლეს ისე გაევლოთ დანის პირზე, რომ ეს ბრძოლა ცალსახად „კეთილებსა და ბოროტებს“ შორის დაპირისპირებად არ წარმოეჩინათ, ამბავი დამაჯერებლად გადმოეცათ და დაძაბულობაც შეექმნათ. მართალია, ცალკეულ ეპიზოდებთან შეიძლება გქონდეს პრეტენზია, თუმცა არ შემიძლია არ ვახსენო გოგა პიპინაშვილისა და თამუნა აბშილავას უდაოდ კარგი შესრულება, ისევე როგორც ოპერატორისა და მემონტაჟის კარგი ნამუშევარი. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვნახე ან საერთოდ, მინახავს კი ქართულ კინოში კარგად გაკეთებული ბატალური სცენები. ზუსტად ამ ცალკეული ამონარიდების გამო, ვფიქრობ წელს, ოსკარზე წარსადგენად ეს ფილმი (მათ შორის რა თქმა უნდა თემის გამო), სწორი კანდიდატურაა. 

სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი ცინცაძის მეორე ფილმზე „ჩაისუნთქე-ამოისუნთქეზე“, რომელიც შანხაის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა. ეს იყო რეჟისორისა და სცენარისტის მცდელობა, ეჩვენებინათ ფილმი რომლის მთავარი გმირი ირინა, ციხიდან გამოდის და ცდილობს კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს ოჯახსა და საზოგადოებაში. თავისთავად, თემა საინტერესოა, თუმცა იმის გამო, რომ მისმა შემქმნელებმა ყველაფრის ერთ სრულმეტრაჟიან ფილმში მოყოლა მოინდომეს და ირინას ისედაც უამრავ შრეს, დაემატა სხვა თემებიც (ტრანსექსუალი ბიჭის ამბავი, თავისი არასამთავრობო ორგანიზაციითა და მკვლელობით, ჭიათურა - როგორც დეკორაცია), ფილმი, საბოლოო ჯამში, გადატვირთული და არაფრის მთქმელი აღმოჩნდა. ერთადერთი, რაც ფილმში ვარგოდა, სამსახიობო შესრულება იყო. განსაკუთრებით კი ირინას მეუღლის, გიორგი ნაკაშიძის თამაში, რომლის სცენების ყურებისას წამითაც არ გტოვებდა დამაჯერებლობის განცდა. 

დიმიტრი მამულიას „ბოროტმოქმედის“ პრემიერა ვენეციაში გაიმართა. სინოპსისი საინტერესოდ ჟღერდა: ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მკვლელობის თვითმხილველი აღმოჩნდება, გადაწყვეტს თავად გამოიძიოს საქმე. გამოიძიოს თუ ჩაიძიროს ამ ფენომენში, რასაც მკვლელობა ჰქვია. ცდილობს, თავად გახდეს მკვლელი. „მინდოდა ქართული მასალა ყოფილიყო, ოღონდ ყოველგვარი ეგზოტიკის გარეშე" - განაცხადა მამულიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რუსულ-ქართული კო-პროდუქციაა, ის მთლიანად საქართველოშია გადაღებული. ოდესღაც არსებული იდეა დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის" მიხედვით გაეკეთებინა ფილმი, „ბოროტმოქმედში" ტრანსფორმირდა. თუმცა ზუსტად იმის გამო, რომ კონკრეტული თემიდან და ამბიდან, რეჟისორმა გადაწყვიტა კაცობრიობისა თუ ადამიანის ბუნებაზე სრულიად „გაშალაშინებული“ კადრებით მოეყოლა, ჯამში  პრეტენზიული ფილმის გემოს გიტოვებს და ყოველ წამს გაძახებინებს - „უი, ზვიაგინცევი“, „აი, ეს ჯეილანის კადრია“, „შენც რეიგადასი გაგახსენდა ხომ?“... ჩემთვის მამულიას ფილმი კინომუზეუმში სეირნობას ჰგავდა, რომელიც ძალიან გღლიდა და გფიტავდა კიდეც. 

ტრეილერი: https://bit.ly/32AfVu1

როგორც იქნა, მივედით დებიუტანტებთან. უტა ბერიას ფილმის სიუჟეტი „უარყოფითი რიცხვები“ არასრულწლოვანთა კოლონიაში ვითარდება. ფილმის ოპერატორია ტატო კოტეტიშვილი, მსახიობები: სანდო კალანდაძე, თედო ბექაური, გიორგი ხურცილავა და გაგა შიშინაშვილი. რამდენიმე წლის წინ არასრულწლოვანთა კოლონიებში UNICEFF-ის პროექტის ფარგლებში რაგბის მწვრთნელები შევიდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი ბიჭებს თამაშს ასწავლიდნენ და თან, მათი ისტორიების ჩანაწერებს აკეთებდნენ. ზუსტად აქ გაჩნდა ფილმის შექმნის იდეა. კარგად აწყობილი სცენარი (სცენარის ავტორიც უტა ბერიაა) დრამატურგიულად გამართული ხაზი, კარგი რეჟისურა და მსახიობები - აღიარებული რეჟისორების შემდეგ, უტას ნამდვილ, უბრალო ამბავში მოგზაურობა ერთი დიდი სიამოვნება იყო. აქ, როგორც მაყურებელი ბოლომდე გრძნობდი გმირებს, გარემოს, რომელიც დეკორაციის ფუნქციას კი არ ასრულებდა (როგორც მაგალითად ჭიათურა „ჩაისუნთქე-ამოისუნთეში“) და გულწრფელად უთანაგრძნობდი მათ. ხედავდი, რომ მის შემქმნელებს რაღაც მართლა სტკიოდათ, რაღაც გულით უნდოდათ რომ მოეყოლათ. ზუსტად ის გულწრფელობა იგრძნობოდა, რაც ასე აკლდა სხვა ფილმებს. 

ტრეილერი: https://bit.ly/32GqfRb

გიგა ლიკლიკაძის „ღორი“ ცალკე ისტორიაა. ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შემთხვევით აღმოჩნდე ორი „უბედური“ ძმის ტყვე და შენმა მშობლებმა გამოსასყიდი 300 ლარის მაგივრად, ღორი შესთავაზონ გამტაცებლებს. „ღორი“ ნამდვილი „ტრეშია“. საშინელი ლექსიკითა და სრულიად აუტანელი „ჭუჭყით“. კომედიაა, რომელშიც სოციალური დრამის ელემენტები თავისით ტივტივდებიან და მოდუნების საშუალებას არ გაძლევენ. ეს ფილმი თამამი ნაბიჯია, სადაც სიცილი მომენტებში საშინელი სევდით გეცვლება და არაპროფესიონალ მსახიობთა შემყურეს, მათი გამოუცდელობა არც არასდროს გახსენდება. დარბაზიდან გამოსულს კი მისი ცალკეული ეპიზოდები პერიოდულად გიტივტივდება და სულელივით გეღიმება. აუცილებად უნდა აღინიშნოს ფილმის გამომსახველობითი მხარე და მისი ოპერატორის შალვა სოკურაშვილის კარგი შესრულება, რომელიც ფაქტობრივად ექსპრომტად, რეპეტიციების გარეშე იღებდა სცენებს.  

ფორუმის ბოლოს, გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმი „12 გაკვეთილი“ და ლაშა ოთხმეზურის „დაკარგული რვანახევარი“ ვნახეთ. „რვა ნახევარი“ მიხეილ კობახიძეზე გადაღებული ფილმია, სადაც უკვე ძალზედ მოხუცებული რეჟისორი მის ფილმებზე, ბავშვობასა და სტუდენტობის პერიოდზე საუბრობდა. მეორე დღეს, ფორუმის დასასრულს, ჯერ ისევ ბაკურიანში მყოფებმა ძალზედ სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ. ფორუმის ხმაურიანი განხილვები უეცრად სადღაც გაქრა და მეხსიერებაში, წინა დღის ნანახი სილაღე ამოტივტივდა - ჰაერში მოფარფატე ქოლგით, უცნაურად მოხტუნავე მამაკაცით და საომრად მომზადებული სასაცილო მუსიკოსებით. – „რა გავაკეთე მთელი ცხოვრების მანძილზე? - კითხულობს დოკუმენტურ ფილმში მიშა კობახიძე და თან ამატებს, - არც არაფერი, მაგრამ მაინც, რაღაცა გავაკეთე, პატარა. რომელმაც შექმნა ერთი საშუალო ზომის ფილმი. ანდა შეგიძლიათ თქვათ, ერთი პატარა, მაგრამ დასრულებული (ფილმი)... ეს იყო და ეს“.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა